განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001834238
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/6413-17
31 მაისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი - თ-----------–-----
წარმომადგენელი - მ--------------–----
მოწინააღმდეგე მხარე - კ--------–-------
წარმომადგენელი - ც--------------------
დავის საგანი - ალიმენტის გადახდის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - თ-----------–------ სარჩელი მოპასუხე კ--------–-------- მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კ--------–-------ს არასრულწლოვანი შვილების გ------- და მ------ ს---–----------- სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა სარჩელის აღძვრიდან ყოველთვიურად 115 ლარის გადახდა თითოეულზე.
2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. მოსარჩელე თ-----------–-----სა და მოპასუხე კ--------–-------ს საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და არ ეწევიან საერთო მეურნეობას.
2.2. არასრულწლოვანი გ------- ს---–------- და მ------ ს---–------- ცხოვრობენ მოსარჩელესთან თ-----------–-----სთან ერთად. არასრულწლოვანი ბავშვები ირიცხებიან სსიპ ქ-------–----------- საჯარო სკოლაში.
არასრულწლოვანი გ------- ს---–------- დადის ქართული ხალხური ცეკვის სტუდია ,,ა-------–--–-“. ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 40 (ორმოცი) ლარს.
გ------- ს---–-------- და მ------ ს---–-------- ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
2.3. მოსარჩელე თ-----------–----- შრომისუნარიანია. იგი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი.
2.4. მოპასუხე კ--------–------- შრომისუნარიანია. იგი ცხოვრობს მარტო მისამართზე თბილისი, ც------------------------------.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.6. თ-----------–----- და კ--------–------- დაქორწინდნენ 2007 წლის 12 აპრილს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–----------- გ------- ს---–------- და 2----–-–----------- მ------ ს---–-------.
2.7. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, თ-----------–-----ს 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით არ უფიქსირდება მიღებული შემოსავლები.
2.8. მოპასუხე კ--------–------- ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და იღებს მონაწილეობას სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. მისი შემოსავალი თვეში საშუალოდ შეადგენს 300-400 ლარს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით კ--------–-------- კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2016 წლის მაისის თვეში - 400 ლარს, ივლისის თვეში - 400 ლარს, 2017 წლის აპრილის თვეში - 975 ლარს, მაისის თვეში - 437.5 ლარს, 2016 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შესაბამისად, ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 22 050 ლარს, დასაბეგრი შემოსავალი - 10 980 ლარს, ხოლო კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი - 2 196 ლარს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.2 სასამართლომ მიუთითა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. მხარეები ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ და არ ეწევიან საერთო მეურნეობას. შვილები ცხოვრობენ დედასთან, რომელიც თავის მხრივ ცხოვრობს მშობლებთან. მოსარჩელეს არ უფიქსირდება შემოსავალი. ბავშვები დადიან საჯარო სკოლაში და გ------- ს---–------- ასევე დადის ცეკვის სტუდიაში, სადაც გადასახადი შეადგენს 40 ლარს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე მოპასუხე მხარის შემოსავლებზე და იმ გარემოებაზე, რომ იგი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. შესაბამისად, მხარის შემოსავლების სამსახურის წინაშე ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. ის გარემოება, რომ მოპასუხე იხდის გადასახადებს, მეტყველებს მის ქონებრივ შესაძლებლობაზე და არა გადახდისუუნარობაზე, რაც ვერ გახდება ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს.
კ--------–------- თავისი მატერიალური შემოსავლისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით არ არის თანახმა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტის თანხა. ის შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება და მომავალშიც დაეხმარება შვილებს. სასამართლომ მიუთითა ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციაზე და ასევე განმარტა, რომ მშობლებს თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას.
სასამართლომ გაიზიარა მოტივაცია ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 19.09.2017წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2017 წლის მარტის თვისათვის - 240.5 ლარს, აპრილის თვისათვის - 242.1 ლარს, მაისის თვისათვის - 245.5 ლარს, ივნისის თვისათვის - 247 ლარს, ივლისის თვისათვის - 236,9 ლარს, აგვისტოს თვისათვის 237.3 ლარს და სექტემბრის თვისათვის - 239.3 ლარს. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. ამდენად, შრომისუნსრიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილები რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
3.1. აპელანტს მიაჩნია, რომ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა არ შეესაბამება ბავშვების არსებობისათვის აუცილებელ მინიმუმსაც კი. მოპასუხე არის მეწარმე და გააჩნია შესაბამისი შემოსავლები. მას არ აქვს სხვა ვალდებულებები და არ უწევს სხვა პირების რჩენა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. არასრულწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილების უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ იგი უზრუნველყოფილ იქნეს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. აღნიშნული კი, ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე კ--------–------- დასაქმებულია და ეწევა სამეწარმეო საქმიანობას.
პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ მისი შემოსავლები ძალიან მცირეა და ვერ შეძლებს თანხის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამასთან, სამეწარმეო საქმიანობა მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მესამე პირების მიმართ რაიმე ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს აუცილებელი საარსებო მინიმუმის გარეშე. მხარის შემოსავლების სამსახურის წინაშე არსებულ ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სახელმწიფო დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობა თითოეულ ბავშვზე 115 ლარის ოდენობით უნდა შეიცვალოს და განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ-----------–------ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, საქართველოს სსკ-ის 38-39-ე, 41-ე და 53-ე მუხლების შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს კ--------–-------ს უნდა დაეკისროს 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ-----------–------ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 და 1.3 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
2.1. დაეკისროს მოპასუხე კ--------–-------ს (პირადი N-----------) არასრულწლოვანი შვილის გ------- ს---–-------- (დაბადებული 2----–-–-----------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 09 მარტიდან) ყოველთვიურად 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა.
2.2. დაეკისროს მოპასუხე კ--------–-------ს (პირადი N-----------) არასრულწლოვანი შვილის მ------ ს---–-------- (დაბადებული 2----–-–-----------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 09 მარტიდან) ყოველთვიურად 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.
4. კ--------–-------ს დაეკისროს 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გელა ქირია