განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210116001402726
საქმე №2ბ/7231-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
აპელანტი: შპს „პ------–---------------ო“
წარმომადგენელი - ვ------- ჯ----ია
მოწინააღმდეგე მხარე - ა-----– მ---------–---–ი, მ--- მ---------–---–ი
წარმომადგენელი - ა-–---------- შ--–-----–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,პ------–---------------ოს“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს ა-----– მ---------–---–სა და მ--- მ---------–---–ს მოსარჩელე შპს,,პ------–---------------ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2332,44 ლარის გადახდა;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2016 წლის 19 აპრილს, შპს ,,პ------–---------------ოსა“ და მოპასუხე მ--- მ---------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ აიღო ვალდებულება სოლიდარულად გადაეხადა მოსარჩელისთვის ა-----– მ---------–---–ის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ნაწილი - 8252,50 ლარი, არაუგვიანეს 2016 წლის 20 აგვისტომდე.
სასამართლო დაეყრდნო - 2016 წლის 19 აპრილის ხელშეკრულება (ს.ფ. 18);
2.2. შპს ,,პ------–---------------ოში“ ა-----– მ---------–---–ს 2016 წლის 6 მარტიდან 2016 წლის 19 აპრილამდე ჩაუტარდა სამედიცინო მომსახურება;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 14-17);
- გაწეული სამედიცინო მომსახურების ფასების კალკულაცია (ს.ფ. 78-87);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.3. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მიერ ანაზღაურდა პაციენტის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ნაწილი 15 000 ლარი. მოპასუხემ გადაიხადა ასევე მკურნალობის ხარჯების ნაწილი - 4650 ლარისა და 900 ლარის ოდენობით, ჯამში 5 550 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- თანხის გადახდის ქვითრები (ს.ფ. 92-109);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.4. საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო მომსახურების ფასების კალკულაციის მიხედვით მომსახურების ღირებულება განსაზღვრულია შემდეგი სახით: გამოკვლევები - 1316,24 ლარი, მკურნალობა - 10125,20 ლარი, ხელფასი - 11 441 ლარი, არაპირდაპირი ხარჯი - 11 421 ლარი, მოგება/ზარალი - 5500,94 ლარი, შესაბამისად ხარჯი მოგების გარეშე განსაზღვრულია 28 802,50 ლარით. ამავე კალკულაციით განსაზღვრულია საყოველთაო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა 15 000 ლარი და პაციენტის მიერ გადასახდელი თანხა 13 802,50 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სამედიცინო მომსახურების ფასების კალკულაცია (ს.ფ. 78-87).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.5. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა- განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 19 აპრილის ხელშეკრულება გაფორმებულია კანონით დადგენილი წესების დაცვით.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება არის ფორმადაუცველი, რადგან მასზე ხელი არ აქვთ მოწერილი არც ძირითად მოვალეს და არც კომპანიის უფლებამოსილ პირს.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ 2016 წლის 19 აპრილის ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერა ეკუთვნის მ--- მ---------–---–ს და არა პაციენტ ა-----– მ---------–---–ს.
მხარეთა შორის ასევე არ არის სადავო, რომ პაციენტ ა-----– მ---------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში მოთავსებისას იყო მძიმე, მას არ შეეძლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხელი მოეწერა შესაბამის ხელშეკრულებაზე.
“პაციენტის უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, ინფორმირებულ თანხმობას წარმოადგენს პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების შემთხვევაში − პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ამა თუ იმ სამედიცინო მომსახურების გაწევაზე მას შემდეგ, რაც მას მიეწოდა ამავე პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია.
ამავე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, პაციენტს წარმოადგენს ნებისმიერი პირი, რომელიც მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს, საჭიროებს ან აპირებს ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებით. “ე” პუნქტის თანახმად, პაციენტის ნათესავს წარმოადგენს პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რიგითობის მიხედვით აქვს უპირატესი უფლება მონაწილეობა მიიღოს პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების აღმოჩენასთან ან მის სიკვდილთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში. “ვ” პუნქტის თანახმად, პაციენტის კანონიერ წარმომადგენელ პირს წარმოადგენს პაციენტის მეურვე ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ ა-----– მ---------–---–ის მეუღლეს წარმოადგენს მ--- მ---------–---–ი, რომელიც იყო უფლებამოსილი ხელი მოეწერა შესაბამის ხელშეკრულებაზე.
შეთანხმება ხელმოწერილია მოპასუხისა და შპს ,,პ------–ი ს------------ო“-ს დირექტორის დ----- ო–------–-ს მიერ, რაც ადასტურებს, რომ ის დაეთანხმა ა-----– მ---------–---–ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებიდან 8252,50 ლარის გადახდის ვალდებულებას. მოპასუხემ ვერ დაადასტურა იმ გარემოების არსებობა, რომ გარიგების დადება განხორციელდა ნების ნაკლის საფუძველზე, რის გამოც ის არ ასახავს მის რეალურ ნებასა და მხარესთან მის შეთანხმებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ა-----– მ---------–---–მა უშუალოდ არ მოაწერა ხელი მოსარჩელესთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, იგი შესრულებულია კანონით დადგენილი წესით მისი მეუღლის მ--- მ---------–---–ის მიერ, რომელიც უფლებამოსილი იყო ა-----– მ---------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ხელი მოეწერა შესაბამის ხელშეკრულებაზე.
2.6. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული დავის ფარგლებში, სადავო საკითხს წარმოდგენს სამედიცინო მომსახურების ღირებულების მოცულობა. მოსარჩელეს ამ გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს სამედიცინო მომსახურეობის ფასების კალკულაცია.
მოპასუხე აღნიშნავს, რომ კალკულაციაში მითითებული ,,არაპირდაპირი ხარჯი“ ბუნდოვიანია, რადგან კონკრეტულად არ არის მითითებული თუ რა სახის მომსახურება გაეწია აღნიშნული ხარჯის სანაცვლოდ, დარჩენილი თანხები კი მათ სრულად გადაიხდეს.
სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ხაზი გაუსვას ამ მიმართულებით მოსარჩელის მტკიცების ნაკლზე, რაც გამოიხატა მოთხოვნის დამაფუძნებელი ფაქტების გადმოუცემლობაში და მის დაუდასტურებლობაში. ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მიუთითებს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე და მომსახურების ღირებულებაზე, უნდა გადმოსცეს და დაამტკიცოს მოსარჩელემ. ის ფაქტობრივი გარემოებები, თუ რას შეადგენს ,,არაპირდაპირი ხარჯები“, მოსარჩელემ სსსკ-ის მე-4 და
102-ე მუხლის დაცვით ვერ გადმოსცა და დაადასტურა, რაც სსკ-ის 629-ე მუხლის თანახმად, გადამწყვეტია შეთანხმებული საზღაურის გადახდისათვის.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არაპირდაპირი ხარჯების ცნება განმარტებულია საგადასახადო კოდექსით და შესაბამისად, ბუნდოვანება აღნიშნულ თანხების ოდენობაში არ არსებობს.
2.7. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესის ფუნდამენტური პრინციპი - მხარეთა შეჯიბრებითობა ემყარება მხარეთა თანაბარ უფლებასა და შესაძლებლობას, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი). დასახელებული პრინციპს მოიცავს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც გარანტირებულია „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
არაერთ საქმეში სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ: „სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს უფლებას მხარეთა შეჯიბრობითობაზე, რომლის თანახმად მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით“ (იხ. საქმეები Milatova and Others v. The Czech Republic, 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება, no. 61811/00, §59; Nideröst-Huber v. Switzerland, 1997 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, Reports of Judgments and Decisions 1997-I, გვ. 108, §24, და K.S. v. Finland, 2001 წლის 31 მაისის გადაწყვტილება no. 29346/95, § 21).
საქმეში ჰუდაკოვა და სხვები სლოვაკიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ: „სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ- ერთი ელემენტი, მხარეთა თანასწორობის პრინციპი, მოიცავს მხარეთა უფლებას, ჰქონდეთ გონივრული შესაძლებლობა, წარადგინონ თავიანთი საქმე სასამართლოს წინაშე ისეთ პირობებში, რომლებიც არ ჩააყენებს მათ არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში მეორე მხარესთან შედარებით“ (იხ. საქმე Hudakova and Others v. Slovakia, 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, no. 23083/05, § 25). იმავე საქმეში ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ „მოთხოვნა, სამართალწარმოების მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია და კომენტარი გააკეთონ წარდგენილ მტკიცებულებებსა და მოსაზრებებზე, მოქმედებს როგორც პირველ ინსტანციაში, ისე გასაჩივრების დროს, იმის მუხედავად, გასაჩივრების დროს არის თუ არა წარმოდგენილი ახალი მოსაზრებები. ყველა მხარისათვის მოსაზრებების გაცნობის მოთხოვნა გამომდინარეობს საჭიროებიდან, რომ მხარეებს ჰქონდეთ რწმენა მართლმსაჯულების განხორციელებისა და რომ მათ უარი არ ეთქვათ შესაძლებლობაზე გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები იმ საკითხებზე, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე“ (იხ. საქმე Hudakova and Others v. Slovakia, 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, no.23083/05, § 29).
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ მის მიერ მომსახურების ფასების კალკულაციაში მითითებული 11 421 ლარის ოდენობის არაპირდაპირი ხარჯი გამოწვეული იყო ნარდობის ხელშეკრულებისა და 2016 წლის 19 აპრილის შეთანხებით გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ, პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის საფუძველზე, ამიტომაც, სარჩელი აღნიშნული თანხის ნაწილში დაუსაბუთებულია.
საწინააღმდეგოს არსებობის შემთხვევაშიც კი, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხეთათვის ,,არაპიდაპირი ხარჯის“ დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური;
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით განმარტებულია არაპირდაპირი გადასახადის ცნება, რომლის თანახმადაც არაპირდაპირი გადასახადია – გადასახადი (დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი, იმპორტის გადასახადი), რომელიც დგინდება მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა სადავო ფაქტი იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება დღგ-ს თანხის, ან აქციზისა და იმპორტის გადასახადის გადახდაზე.
ამდენად, მოსარჩელემ ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ მის მიერ მომსახურების ფასების კალკულაციაში მითითებული 11 421 ლარის ოდენობის არაპირდაპირი ხარჯი გამოწვეული იყო ნარდობის ხელშეკრულებისა და 2016 წლის 19 აპრილის შეთანხებით გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ, პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის საფუძველზე, ხოლო საწინააღმდეგოს არსებობის პირობებშიც არაპირდაპირი ხარჯი (დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი, იმპორტის გადასახადი) 11 421 ლარი არ შედიოდა მხარეთა მიერ შეთანხმებულ მომსახურების ფასში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოთ დასახელებული ნორმის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სრულად აანაზღაუროს სარჩელით მოთხოვნილი მომსახურების ღირებულება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებითად დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს ,,პ------–---------------ომ“ აიღო ვალდებულება ა-----– მ---------–---–ისათვის გაეწია სამედიცინო მომსახურება, ხოლო მოპასუხეებს კი უნდა გადაეხადათ შესრულებული სამუშაოს საფასური. სადავო არ არის, რომ შპს ,,პ------– ს------------ოში“ მოპასუხე ა-----– მ---------–---–ს 2016 წელს ჩაუტარდა მკურნალობის კურსი.
მოსარჩელემ წარმოადგინა სამედიცინო მომსახურების ფასების კალკულაცია რომლის მიხედვით, მომსახურების ღირებულება განსაზღვრულია შემდეგი სახით: გამოკვლევები - 1316,24 ლარი, მკურნალობა - 10125,20 ლარი, ხელფასი - 11 441 ლარი, არაპირდაპირი ხარჯი - 11 421 ლარი, მოგება/ზარალი - 5500,94 ლარი, შესაბამისად ხარჯი მოგების გარეშე განსაზღვრულია 28 802,50 ლარით.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ მომსახურების ფასების კალკულაციაში მითითებული 11 421 ლარის არაპირდაპირი ხარჯი გამოწვეული იყო ნარდობის ხელშეკრულებისა და 2016 წლის 19 აპრილის შეთანხებით გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ, პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის საფუძველზე.
ამასთან, დადგენილი იქნა რომ საწინააღმდეგოს არსებობის პირობებშიც არაპირდაპირი ხარჯი (დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი, იმპორტის გადასახადი) 11 421 ლარი არ შედიოდა მხარეთა მიერ შეთანხმებულ მომსახურების ფასში.
სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებებს, რომ 4 650 ლარი შეადგენს პაციენტის მიერ გადახდილ თანხას, დ--–-----------–----–-------- მოსარჩელისათვის ჩარიცხა 900 ლარი, ხოლო 15 000 ლარი საყოველთაო პროგრამით ანაზღაურებული თანხაა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სამეციდიცინო მომსახურების ღირებულება ნაცვლად 28 802,50 ლარისა შეადგენდა 22 882,44 ლარს, ხოლო გადახდილი და ანაზღაურებული თანხების გათვალისწინებით მოპასუხეთა მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 2332,44 ლარს (22882,44-15 000-4650-900).
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილზე რომლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხეს ვალდებულება, გადაეხადა ა-----– მ---------–---–ისათვის გაწეული მკურნალობის ხარჯი, სრულად არ შეუსრულებია.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 19 აპრილის ხელშეკრულება გაფორმებულია კანონით დადგენილი წესების დაცვით.
2.9. სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, მოპასუხეებმა იკისრეს სამედიცინო მომსახურების ღირებულების სოლიდარულად გადახდის ვალდებულება.
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ განმარტა, რომ სახეზეა მოვალეთა სიმრავლე სოლიდარულ პასუხისმგებლობაში, რაც გამოიხატება შემდეგში: ერთი მხარეზეა რამდენიმე (ორი) მოვალე, ხოლო მეორე მხარეზე კრედიტორი, რომლის წინაშე ვალდებულნი არიან მოვალეები; ორივე მოვალე ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ვალდებულების მთლიან შესრულებაში, ხოლო კრედიტორს აქვს მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, მოპასუხეთა ვალდებულება ერთმანეთთან დაკავშირებულია იმგვარად, რომ ქმნის სოლიდარულ ვალდებულებას. სოლიდარული ვალდებულების არსი გულისხმობს, რომ კრედიტორის ერთჯერადი მოთხოვნის უფლებას უპირისპირდება მოვალეთა მთლიანი შესრულების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სასამართლომ მიუთითა, რომ სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება წარმოშობილია ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, ა-----– და მ--- მ---------–---–ებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად შპს „პ------–---------------ოს“ სასარგებლოდ 2332,44 ლარის გადახდა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება არის ბუნდოვანი და რომ გაწეულ სამედიცინო მომსახურების ღირებულებას უნდა გამოაკლდეს არაპირდაპირი ხარჯი. მოსარჩელემ მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო მომსახურების კალკულაცია შეიცავდა სრულ ინფორმაციას გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ, მათ შორის მასში სრულად იყო ასახული პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების ოდენობა, რომლის საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, უფრო მეტიც მოპასუხეს არაპირდაპირი ხარჯების შემცირების ან სრულად გამოკლების შესახებ არც წერილობითი და არც ზეპირსიტყვიერად არ მიუთითებია.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელის წინაშე იკისრეს 8252 ლარის გადახდა, რომ აღნიშნული საფასური წარმოადგენდა გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგად გადასახდელი საფასურის დარჩენილ ნაწილს. მოპასუხე მხარემ მოსარჩელის წინაშე წერილობით აღიარა ფულადი ვალდებულების ოდენობა და იკისრა ვალდებულების შესრულება შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში, სასამართლო კი უხეშად ჩერია მხარეთა შორის დადებულ შეთანხმებაში და მხარეთა ნების დამოუკიდებლად განსაზღვრა მხარეთ შეთანხმების პირობები.
აპელანტის განმარტებით, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: სამართლებრივად სწორად დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო სასამართლოს მართებულად დაედგინა საქმისათვის საჭირო მნიშვნელოვანი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მათვის, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
აპელანტი განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადების ნება, როგორც იურიდიული კატეგორია სამართლებრივი ურთიერთობის წარმომშობი ინსტრუმენტია (სკ-ის 50-ე მუხლი), რომელიც იურიდიულ ძალას მას შემდეგ იღებს როცა ის ადრესატს მიუვა. ცალმხრივი ნებისაგან განსხვავებით ორმხრივი, მრავალმხრივი გარიგებისას უნდა არსებობდეს ორი ან მეტი პირის მიერ კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით გამოვლენილი ნების თანხვედრა ხელშეკრულების არსებითი პირობების თაობაზე და მიუხედავად იმისა, რეალური თუ კონსესუალური ხასიათისაა გარიგება, ორივე შემთხვევაში გადამწყვეტი ნების ფორმირებაა.
აპელანტი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონნით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის თანახმდ, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლი ადგენს სოლიდარული ვალდებლების წარმოშობას, რომელიც წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლზე, რომელიც იცნობს ვალის არსებობის აღიარების ინსტიტუტს. სასამართლო თეორიაში გაბატონებული შეხედულება ერთმანეთისგან განასხვავებს მარტივ, კაუზალურ და აბსტრაქტულ აღიარებას, მათი საერთო ნიშანი ისაა, რომ ისინი ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, თუმცა იურიდიული თვალსაზრისით გააჩნიათ განსხვავებული ნიშან-თვისებები. მარტივი აღიარება სახეზეა მაშინ, როდესაც მოვალე ცალმხრივად ადასტურებს არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას და გაცნობიერებულად გამოთქვამს მზაობას, შეასრულოს იგი (დაპირება). კაუზალური ვალის აღიარება ასევე მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისაკენ და ბუნებრივია უნდა შეიცავდეს დაპირების ელემენტებს, ამასთან იგი შეიძლება არ იყოს ცალმხრივი (მხარეთა ორმხრივი შეთანხმება არსებული ვალდებულების შესრულების დამატებით ვადაზე, სხვა შესრულების მიღებაზე და სხვა). ხოლო აბსტრაქტული აღიარება მისი აბსტრაქტული ბუნებით განსხვავდება, იგი თავად წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას და დამოუკიდებელ ვალდებულებას წარმოშობს.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი განმარტავს, რომ მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება რის საფუძველზედაც მოპასუხემ აღიარა, თანხის გადახდის ვალდებულება და ამავე შეთანხმებით განისაზღვრა მათი მხრიდან მოსარჩელის სასარგებლოდ შესასრულებელი ვალდებულების შესრულების პირობები, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელის წინაშე სოლიდარულად იკისრეს 8252 ლარის გადახდა, რომ აღნიშნული საფასური წარმოადგენდა გაწეული სამედიცინო მომსახურეობის შედეგად გადასახდელი საფასურის დარჩენილ ნაწილს (რომელიც მოიცავდა, როგორც პირდაპირ ისე არაპირდაპირ ხარჯებს).
აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლო უხეშად ჩაერია მხარეთა შორის დადებულ შეთანხმებაში და მხარეთა ნების დამოუკიდებლად განსაზღვრა მხარეთა შეთანხმების პირობები, კერძოდ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ არაპირდაპირი ხარჯი არ მოიცავდა შეთანხმების საგანს, რითაც უხეშად დაირღვია მთელი რიგი ფუნდამეტური სამართლებრივი პრინციპები.
აპელანტის მითითებით, სსსკ-ის მე-4 მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე, რა დროსაც მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომელიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი განმარტავს, რომ დავის არსისა და სასარჩელო მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დააფუძნა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო რამდენიმე განკუთვნად მტკიცებულებას (მხრეთა შორის არსებული შეთანხმება ვალის აღიარების შესახებ, სამედიცინო მომსახურების მომსახურების ფასების კალკულაცია, ცნობა ჯამრთელობის და ფულადი ვალდებულების არსებობის შესახებ) საიდანაც ერთ-ერთ მტკიცებულების წარმოდგენაც ქმნიდა სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. მოპასუხეებს კი მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საწინააღმდეგო სახის რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, უფრო მეტიც მოპასუხეს არაპირდიპირი ხარჯების შემცირების ან სრულად გამოკლების შესახებ არც წერილობით და ზეპირსიტყვიერად არ მიუთითებია. ამდენად, სასამართლოს მითითითება მოსარჩელე მხარის მტკიცების ნაკლთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე, რომ საწარმოს მიერ მესამე პირის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობა მოიცავს პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს. კერძოდ არაპირდაპირი ხარჯებია: ადმინისტრაციის, დამხმარე პერსონალის, ფსიქოლოგების, სხვა ექიმ სპეციალისტების ხელფასები, ელექტრო ენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის და დაწესებულების სხვა ხარჯები ( მაგალითად თეთრეულის რეცხვა, საკანცელარიო ხარჯები, ინტერნეტი ცვეთა და სხვა). შესაბამისად, სასამართლომ 1) არასწორი, მცადრი მოსაზრება წარმოადგინა არაპირდაპირი ხარჯების ცნებასთან დაკავშირებით და მე-2) უსაფუძვლოდ მიუთითა იმ გარემოების შესახებ, რომ გაწეული სამედიცინო მომსახურეობის შესახებ მხარეთა შორის არსებული შეთანხმება არ მოიცავდა საწარმოს არაპირდაპირ ხარჯებს.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტი განმარტავს, რომ უდავოდ დადასტურებული ფაქტია, რომ მოპასუხეს გაეწია ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურეობა, განხორციელდა პაციენტის მძიმე დიაგნოზიდან გამომდინარე რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია და მომსახურეობის განხორციელებისას საწარმომ სხვა აუცილებელ ხარჯებთან ერთად გასწია არაპირდიპირი ხარჯებიც, მათ შორის ელექტროენერგიის, წყლის და სხვა საჭირო ხარჯები.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ საქმის განხილვისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და უსაფუძვლოდ უთხრა მოსარჩელეს უარი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.- 2.9. პუნქტები).
4.2. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
4.3. უდავოა, რომ ა-----– მ---------–---–ს შპს ,,პ------–---------------ოში“ ჩაუტარდა სამედიცინო მომსახურება 2016 წლის 6 მარტიდან - 2016 წლის 19 აპრილამდე.
- ა-----– მ---------–---–ს საყოველთაო დაზღვევის მიერ აუნაზღაურდა სამედიცინო მომსახურების ღირებულების ნაწილი 15 000 ლარის ოდენობით. ასევე, ა-----– მ---------–---–მა აანაზღაურა მკურნალობის ხარჯების ნაწილი - 4650 ლარი და 900 ლარი ოდენობით, სულ 5550 ლარის ოდენობით.
- შპს ,,პ------– ს------------ოსა“ და მოპასუხე მ--- მ---------–---–ს შორის 2016 წლის 19 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად მ--- მ---------–---–მა აიღო ვალდებულება სოლდარულად ა-----– მ---------–---–ის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ნაწილი 8252,50 მოსარჩელისთვის გადაეხადა არაუგვიანეს 2016 წლის 20 აგვიოსტომდე
4.4. ასევე უდავოა, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს ,,კ-–-----------------------ოს'' კალკულაციით დასტურდება, რომ ა-----– მ---------–---–ს მომსახურების ღირებულება განსაზღვრულია შემდეგი სახით: გამოკვლევები - 1316,24 ლარი, მკურნალობა - 10125,20 ლარი, ხელფასი - 11 441 ლარი, არაპირდაპირი ხარჯი - 11 421 ლარი, მოგება/ზარალი - 5500,94 ლარი, შესაბამისად ხარჯი მოგების გარეშე განსაზღვრულია 28 802,50 ლარით. აღნიშნული კალკულაციით განსაზღვრულია საყოველთაო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა 15 000 ლარი და პაციენტის მიერ გადასახდელი თანხა 13 802,50 ლარი.
4.5. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 4650 ლარი შეადგენდა პაციენტის მიერ გადახდილ თანხას, ხოლო დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ ჩარიცხულ იქნა 900 ლარი და საყოველთაო პროგრამით ანაზღაურებულა 15 000 ლარი.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, შპს ,,პ------–---------------ო’’ მოითხოვდა ა-----– მ---------–---–ისთვისა და მ--- მ---------–---–ისთვის გაწეული სამედიცინო სამსახურის ღირებულების, 8252.50 ლარის გადახდის დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1. მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო, 103.1. მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ შპს ,,პ------–---------------ოს’’ მიერ გაწეული იქნა 28 802.50 ლარის ოდენობის სამედიცინო მომსახურება, აკისრია მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულებას.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,პ------–მა ს------------ომ’’ სადავო გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა კალკულაცია, რომლის თანახმად, შპს ,,პ------–---------------ოს’’ მიერ გაწეულმა სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ 28 802.50, საიდანაც პაციენტს გადასახდელი დარჩა 8 252.50 (ტომი 1; ს.ფ. 78-87). წარმოდგენილი სამედიცინო მომსახურების ფასების კალკულაციის თანახმად, მომსახურების ღირებულება განსაზღვრულია შემდეგი სახით: გამოკვლევები - 1316,24 ლარი, მკურნალობა - 10125,20 ლარი, ხელფასი - 11 441 ლარი, არაპირდაპირი ხარჯი - 11 421 ლარი, მოგება/ზარალი - 5500,94 ლარი, შესაბამისად ხარჯი მოგების გარეშე განსაზღვრულია 28 802,50 ლარით. აპელანტმა ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ მომსახურების ფასების კალკულაციაში მითითებული 11 421 ლარის არაპირდაპირი ხარჯი გამოწვეული იყო 2016 წლის 19 აპრილის შეთანხებით გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ, პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის საფუძველზე. მხარეთა მიერ შეთანხმებულ მომსახურების ფასში არ შედიოდა არაპირდაპირი ხარჯი 11 421 ლარის ოდენობით.
ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შპს ,,პ------–---------------ოს’’ გაწეულმა მომსახურებამ შეადგინა 22 882.44 ლარი (39 804.38-11 421=28 383.38-5500.94=22 882.44), ხოლო ანაზღაურებული თანხების ოდენობა შეადგენს 20 550 ლარს.
5920 ლარის ოდენობით მომსახურების გაწევის ფაქტს პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა ამ ოდენობით მომსახურების გაწევის ფაქტი.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხოლო, 316.1. მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მოპასუხეებს მართებულად დაეკისრათ 2332,44 ლარის ანაზღაურება და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 236,90 ლარის ოდენობით რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „პ------–---------------ოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. შპს „პ------–---------------ოს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია 236,90 ლარის ოდენობით.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე