განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018002197543
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-751-2018 24 აგვისტო, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ნ------ ლ----------ი
მოწინააღმდეგე მხარე - მ---- ბ--–-------ე
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ---- ბ--–-------ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხე ნ------ ლ----------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელე მ---- ბ--–-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, ზ. გ-------------ს პირველი შეს. N3 (ყოფ. რ---------–ის გამზ. N-----; გ-----ს ქ. N----) ბინა N5, საკადასტრო კოდი: 0------------------ და აღნიშნული უძრავი ქონება მოსარჩელეს (მოპასუხეები გამოსახლებულ იქნეს) გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. საჯარო რეესტრში ს/კოდით 0------------------ რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. ქუთაისი, ზ. გ-------------ს პირველი შეს. N3 (ყოფ. რ---------–ის გამზ. N-----; გ-----ს ქ. N----) ბინა N5-ში, წარმოადგენს მოსარჩელე მ---- ბ--–-------ის საკუთრებას. 2.2. მოსარჩელე მ---- ბ--–-------ის კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს ნ------ ლ----------ი და ციცანა ჯიტავა, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება. 2.3. 2018 წლის 10 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ---- ბ--–-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეების - ნ------ ლ----------ის და ციცანა ჯიტავას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელე მ---- ბ--–-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, ზ. გ-------------ს პირველი შეს. N3 (ყოფ. რ---------–ის გამზ. N-----; გ-----ს ქ. N----) ბინა N5, საკადასტრო კოდი: 0------------------ და აღნიშნული უძრავი ქონება მოსარჩელეს (მოპასუხეები გამოსახლებულ იქნეს) გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. მოპასუხე ნ------ ლ----------ს და ციცანა ჯიტავას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 120 (ასოცი) ლარის გადახდა. 2.4. 2018 წლის 10 აპრილის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2018 წლის 20 აპრილს პირადად ჩაბარდა ციცანა ჯიტავას და იგი არ გაუსაჩივრებია და შევიდა კანონიერ ძალაში. 2.5. 2018 წლის 27 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა მოპასუხე ნ------ ლ----------მა და 2018 წლის 10 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. 2.6. 2018 წლის 24 მაისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გაუქმდა 2018 წლის 10 აპრილის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ნ------ ლ----------ის ნაწილში და განახლდა საქმის წარმოება მის მიმართ. 2.7. მოსარჩელე მ---- ბ--–-------ეს არ ეძლევა მისი საკუთრებით სარგებლობის უფლება. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.8. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. 2.9. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. 2.10. მოსარჩელე მ---- ბ--–-------ის საკუთრებაში კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე. 2.11. სადავო ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს. 2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 2.13. მოსარჩელე მ---- ბ--–-------ემ იშუამდგომლა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა. სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, შეაფასა შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნ------ ლ----------მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლო 3.1.2 ნაწილში ფაქტობრივ გარემოებად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ თითქოს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს საცხოვრებელ ბინას. სასამართლომ საერთოდ არ მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ აპელანტი იძულებით გადაადგილებული პირია და დევნილთა შესახებ კანონის მიხედვით ვინაიდან დევნილის მოწმობით მიწერილია სადაო უძრავ ქონებაში, ითვლება მართლზომიერ მფობელად. სამართლებრივი საფუძვლები 3.2. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა კერძოდ. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ კანონის მე-14 მუხლი განსაზღვრავს დევნილთა გამოსახლების წესს და ეტაპებს. ამავე კანში განმარტებულია რომ დევნილთა ბაზაში რეგისტრირებული დევნილი მისამართი ითვლება მართლზომიერ მფლობელად. შესაბამისად, იმისათვის რომ ვინდიკაციული სარჩელი დაკმაყოფილდეს, აუცილებელია დადსტურებულ იქნეს მფლობელობის არასამართლებრივი კავშირი ქონებასთან, რაც საერთოდ არ იქნა განხილული. 3.3. სასამართლომ გამოიყენა კანონი, მაგრამ არასწორი განმარტება მისცა მას კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 170, 172 მუხლები. 170-ე მუხლი პირდაპირ მიუთითებს რომ მესაკუთრე შეიძლება შეიზღუდოს კანონისმიერი ბოჭვის ფარგლებში, რაც სახეზეა, ვინაიდან აპელანტი დევნილთა შესახებ კანონის მიხედვით მართლზომიერი მფოლებელია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ №0------------------ საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება ეკუთვნის მ---- ბ--–-------ეს. 4.2. ნ------ ლ----------ს სადავო ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. სამართლებრივი დასაბუთება 4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.3.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო დაებრუნებინა მესაკუთრისათვის კუთვნილი ქონება. 4.4. პალატა არ ეთანხმება აპელანტს, რომ იგი სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელია. 4.4.1. საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტი იძულებით გადაადგილებული პირია. 4.4.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად... დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე დევნილს არ ასახლებენ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობიდან. 4.4.3. კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. 4.4.4. კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, კი თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. 4.5. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 27 ოქტომბრის განკარგულებიდან დგინდება, რომ სადავო უძრავი ქონება 2017 წლის 27 ოქტომბრამდე აპელანტს ეკუთვნოდა. 4.5.1. ამის შესაბამისად, იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იყო, მის მიმართ სახელმწიფოს საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება მოხსნილი ჰქონდა და მისი გამოსახლების დამაბრკოლებელი გარემოებები აღარ არსებობდა. 4.5.2. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.6. გარდა ამისა, ზემოხსენებული კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობი ის საცხოვრებელი ფართობია, სადაც დევნილი/დევნილი ოჯახი მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია ან რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. 4.6.1. აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია არც-ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ: ან 2017 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ სადავო უძრავ ქონებას იგი მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე ფლობდა; ან კანონის ამოქმედებამდე განასახლა სახელმწიფომ, რომელიც მონაცემთა ბაზაში აღრიცხული იყო, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რომელშიც სამინისტრო ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ანაზღაურებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური (მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის) მომსახურების ხარჯებს და რომელიც სახელმწიფო ან კერძო საკუთრება იყო. 4.6.2. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფაქტების თაობაზე მას არც კი მიუთითებია. 4.7. ამრიგად, საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად მიიღო გადაწყვეტილება სადავო ქონების აპელანტის მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ. 4.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხს ამ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იხილავს. 4.8.1. საქმის მასალებით დგინდება, რომ სარჩელით მ---- ბ--–-------ეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება მოთხოვნილი ჰქონდა. 4.8.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის თანახმად, მისი მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, თუმცა ეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ აისახა. 4.8.3. მოსარჩელეს საქალაქო სასამართლოსათვის დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა არ მოუთხოვია და არც გადაწყვეტილება გაუსაჩივრებია. 4.8.4. სააპელაციო სასამართლოს აღსასრულებელი გადაწყვეტილება არ გამოუტანია. 4.8.5. ამ ვითარებაში პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ვერ მიაქცევს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი. მ---- ბ--–-------ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. ნ------ ლ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. მ---- ბ--–-------ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
5. განჩინება, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
6. განჩინება, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე