განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3ბ/1467-17, 330310116001536387 31 იანვარი 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მარიამ ცისკაძე
მოსამართლეები - ნათია ქუთათელაძე
თამარ ონიანი
სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი
აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს ,,ბა----–-------- +’’ შპს ,,ლ----’’, გი--------------–---–ი, ეკ---------–---–ი
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს,,ბა----–--------+’’ შპს ,, ლ----’’, გი--------------–---–ი და ეკ---------–---–ის მიმართ და მოითხოვა შპს ”ბა----–--------- + -ის”, შპს ”ლ-----ის”, გი--------------–---–ის და ეკ---------–---–ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ”ბა----–--------+” სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 1------------–ს. კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრესა და დირექტორს წარმოადგენს ეკ---------–---–ი (პ/ნ 0----------).
შპს ”ლ----” სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულია 2011 წლის 06 მაისს. კომპანიის 100 %-იანი წლის მესაკუთრესა და დირექტორს წარმოადგენს გი--------------–---–ი (პ/ნ 2----------).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 15 სექტემბრის №1----------5 სამსახურებრივი ბარათით დავების დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად, 2016 წლის 01 აგვისტოს მდგომარეობით, შპს ”ლ----ს” აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 11 647.72 ლარს. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს ”ლ----ს” ქონებაზე 2015 წლის 16 იანვრის №0----- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2015 წლის 22 იანვარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2015 წლის 04 მარტს შპს ”ლ----ს” მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №0---- ბრძანება; აღნიშნული ბრძანება 2015 წლის 06 მარტს ჩაიბარა შპს ”ლ----ს” დირექტორმა გი--------------–---–მა. შპს ”ლ----ს” საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია გადამხდელის მიერ დეკლარირებული თანხების გადაუხდელობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ შპს ”ლ----ს” საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ, გამოწერილი აქვს ერთი ზედნადები, შპს ”ბა----–-------- +”-სათვის 2016 წლის 20 ივლისს მიწოდებული აქვს 12 500 ლარის ღირებულების ბაზალტის ბორდიური, ზემოაღნიშნულის საფუძველზე ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 22 ივლისს გამოიცა ბრძანება №02----- შპს ”ბა----–-------- +”-ს საკუთრებაში არსებულ შპს ”ლ----ს” საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. ამის შემდეგ შპს ”ლ----ს” მიერ მოხდა ზედნადების გაუქმება. შპს ”ლ----ს” დირექტორის მინდობილმა პირმა გე-–---------–---–მა მიუთითა, რომ ზედნადების გაუქმება გამოწვეულია ბუღალტრის მიერ დაშვებული ტექნიკური შეცდომით, რადგან შპს ”ლ----” არ ფუნქციონირებს და მას არ შეეძლო ქონების რეალიზაცია. დადგენილია, რომ შპს ”ლ----ს” დირექტორი და შპს ”ბა----–-------- +”-ის დირექტორი ეკ---------–---–ი არიან ერთი ოჯახის წევრები (მამამთილი და რძალი).
სსიპ შემოსავლების სამსახურის შედარების აქტის თანახმად 2016 წლის 06 ოქტომბრის მდგომარეობით შპს ”ლ----ს” სალდირებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა - 11 989.47 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 9363.38 ლარი, ჯარიმა- 58.04 ლარი და საურავი - 2568.05 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 სექტემბრის №2----- წერილით დგინდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით შპს ”ლ----ს” და შპს ”ბა----–-------- +”-ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის, ხოლო ეკ---------–---–ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბ--–-------------------–----–-------------------, საკადასტრო კოდი: 0----------------------; ბ--------, ფართი: 59.13 კვ. მ. აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია 2 (ორი) იპოთეკის უფლება.
იმავე წერილის თანახმად, გი--------------–---–ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. თე-----–-------------------------, საკადასტრო კოდი: 8-----------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 606.00 კვ.მ. შენობა ნაგებობების ჩამონათვალი: №1 საცხოვრებელი სახლი, 2 სართულიანი ფართი - 147.8 კვ.მ. განაშენიანების ფართი - 184 კვ.მ. №2 დამხმარე შენობა, ფართი - 23.1 კვ.მ. №3 დამხმარე შენობა, ფართი - 13.4 კვ. და უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თე----–---------------------------, საკადასტრო კოდი: 8-----------, განაშენიანების ფართი - 246 კვ.მ. აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია იპოთეკის უფლება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს 2016 წლის 24 ოქტომბრის №MIA 5------------ წერილის თანახმად, გი--------------–---–ის სახელზე რეგისტრირებულია 1984 წლის გამოშვება, ავტოსატრანსპორტო საშუალება - ”V-------, სახელმწიფო სანომრე ნიშნით - E-------.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი, მე-6 მუხლის პირველი ნაწილი, 43-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტი, 35-ე თავი, 49-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეუნქტი და 51-ე მუხლის ,,ა’’ ,,ბ’’ და ,,რ’’ ქვეპუნქტები, ასევე იმავე კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო ვალდებულების შესრულების პროცესში გადასახადის გადამხდელები, ისევე როგორც, საგადასახადო ორგანოები იმყოფებიან სამართლებრივი ბოჭვის პირობებში. აღნიშნული მიზნით მათ მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს შესაბამის კანონმდებლობასთან. კანონი კი თავის მხრივ უნდა იყოს ნათელი, არაორაზროვანი და განჭვრეტადი, ვინაიდან მოცემულ ურთიერთობაში მონაწილე ყოველი პირისათვის ნათელი იყოს განხორციელებული ოპერაციის სამართლებრივი შედეგები. ,,განჭვრეტადი და არაორაზროვანი კანონმდებლობა, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს პირის დაცვას სამართალშემფარდებლის თვითნებობისგან, მეორე მხრივ კი, ადგენს გარანტიას, რომ პირმა მიიღოს მკაფიო შეტყობინება სახელმწიფოსგან, რათა მოახერხოს ნორმის სწორი აღქმა, განსაზღვროს , რომელი ქმედებაა კანონით აკრძალული და რომელ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განჭვრიტოს საკუთარ ქმედებაში აკრძალული ქმედების ნიშნები და წარმართოს საკუთარი ქცევა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის N2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.).
ასევე პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2016 წლის 01 აგვისტოს მდგომარეობით შპს ”ლ----ს” აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 11 647.72 ლარს. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების მიზნით, შპს ”ლ----ს” ქონებაზე 2015 წლის 16 იანვარს №0----- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2015 წლის 22 იანვარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2015 წლის 04 მარტს შპს ”ლ----ს” მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №0---- ბრძანება, აღნიშნული ბრძანება, 2015 წლის 06 მარტს, ჩაიბარა შპს ”ლ----ს” დირექტორმა გი--------------–---–მა. შპს ”ლ----ს” საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია გადამხდელის მიერ დეკლარირებული თანხების გადაუხდელობით.
საგადასახადო დავალიანების არსებობის პირობებში კომპანიის საკუთრებაში უძრავი ქონება არ აღირიცხებოდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსით ზემოაღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენება გათვალისწინებულია როგორც გადასახადის გადამხდელთა ქონების მიმართ, ასევე, მესამე პირთა მიმართ, რომელთაც გააჩნიათ გადასახადის გადამხდელთა ვადამოსული დავალიანება (240-ე მუხლი). გარდა აღნიშნულისა საგადასახადო კოდექსი წინასწარ დადგენილ გარემოებათა დადასტურების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას განახორციელოს უზრუნველყოფის ღონისძიებები სხვა მესამე პირთა მიმართაც. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამდენად, მოცემული ნორმა პირთა ცრუმაგიერად ცნობის კომპეტენციას მიაკუთვნებს სასამართლოს. სასამართლოს მიერ პირთა ცრუმაგიერად ცნობის შემთხვევაში, კი საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი უზრუნველყოფს ღონისძიება ამ პირთა მიმართ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს ცრუმაგიერად ცნობის კონკრეტული წინაპირობები, რომელიც განსაზღვრულია 246-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებული ჩანაწერი არ მოიაზრებს პირთა ფიზიოლოგიურ თუ საიდენტიფიკაციო მონაცემთა შორის განსხვავებას (ასეთ შემთხვევაში სადავო გარემოებაც არ იარსებებდა), არამედ გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდინარე. ფაქტობრივად არსებულ ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას. ამრიგად განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას. მოცემული სახის რეგულაცია იძლევა ფართო შეფასების არეალს, ვინაიდან არ არის დაკონკრეტებული თუ რა გარემოებათა პირობებში, რომელი ქმედება შეიძლება შეფასდეს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებად. კანონი არ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს დაინტერესებულ პირთა მიერ კანონისმიერი თუ უკანონო გზებით. ასეთ პირობებში, კი გადამხდელთა მიერ კანონით ნებადართული ქმედება უფლებამოსილ პირთა მიერ შესაძლებელია შეფასდეს, როგორც უკანონო. ეს კი გადასახადის გადამხდელთ ჩააყენებს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პიროებებში, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას. ვარაუდის საფუძველზე სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია პირთა ცრუმაგიერად ცნობა, რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გამოიწვიოს პირთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე ,,ხადარკოვსკი და ლებედევი რუსეთის წინააღმდეგ“).
პირველი ინსტანიის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, თითქოს მოპასუხეებს გააჩნდათ საერთო მიზანი - საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდება; ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, შპს ”ლ----ს” მიერ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის არსებობის პირობებში, საგადასახადო ზედნადების გამოწერა და შემდგომ აღნიშნულის გაუქმება, ვერ იქნება განხილული საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისგან თავის არიდებად. მოცემული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ რეალურად ოპერაციის განხორციელებას - ქონების რეალიზაციას, რაც შესაძლებელია საგადასახადო ორგანოს მიერ შეფასებულიყო ქონების გარიდებად, ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად უსაფუძვლოა მითითება მასზედ, რომ საწარმომ თავი აარიდა უზრუნველყოფის ღონისძიებას. განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება უმთავრესი - საერთო კანონსაწინააღმდეგო მიზანი უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდება. შესაბამისად, სახეზე არ არის საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დეფინიციით გათვალისწინებული წინაპირობები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად ასევე იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-17 მუხლებით, ასევე იმავე კოდექსის 102-ე მუხლით და 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და იქვე მიუთითა, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე და აღნიშნულიდან გამომდინარე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა და მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელი, შესაბამისად იგი შეიცავს გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს, ხოლო შპს ,,ბა----–-------- +"-ს, შპს ,,ლ----“-ს, გი--------------–---–ი და ეკ---------–---–ი წარმოადგენენ ცრუმაგიერ პირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე.
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თითქოს სახეზე არის პირთა გამიჯვნის შეუძლებლობა, რადგანაც სახეზე არ არის ურთიერთდამოკიდებულება, ხოლო ის, რომ საწარმოებს ყავთ ერთიდაიგივე მიმწოდებლები და საწარმო ახორციელებს იმავე საქმიანობას იმავე მისამართზე, აღნიშნული არ წარმოადგენს გაუმიჯნავობის დადგენის საფუძველს.
აპელანტმა მოცემული სააპელაციო საჩივრის დასასაბუთებლად გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლი და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ფიზიკური პირები წარმოადგენენ ერთმანეთის ნათესავებს და პროცესზე მოპასუხის მიერ დაფიქსირებული პოზიციიდან და სასამართლო გადაწყვეტილებიდანაც ჩანს, რომ კონკრეტული პირები წარმოადგენენ ნათესავობის მეორე შტოს და ამასთან, მათ შორის ურთიერთობა იყო მჭიდრო, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ კონკრეტული სავაჭრო ფართის დათმობა მოხდა უსასყიდლოდ.
აპელანტი ასევე არ ეთანხმება ორი საწარმოს მიერ ერთიდაიგივე მისამართზე ერთიდაიმავე საქმიანობის წარმოებას იმ პირობებში, როდესაც საწარმოს ერთპიროვნულ პარტნიორ/დირექტორები არიან ურთიერთდამოკიდებული პირები, ხოლო სავაჭრო ობიექტი ერთი საწარმოს დირექტორ/დამფუძნებლის მიერ მეორეს მიქირავდა უსასყიდლოდ, რაზეც მითითება პროცესზე თავად მხარის და მოწმის მიერ გაკეთდა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საწარმოს ყავდა ერთიდაიგივე მიმწოდებლებიც, მართალია აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს მიერ აღინიშნა: რადგანაც მიწოდება ხორციელდებოდა სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით, შესაძლოა აღნიშნული არ ახდენს ზეგავლენას საკითხის გადაწყვეტაზე; თუმცა აღნიშნულ მოსაზრებას აპელანტი არ ეთანხმება, რადგან კონკრეტული სამი გარემოება - იმავე მისამართზე იმავე საქმიანობის წარმოება, როდესაც საწარმოებს ყავთ ერთიდაიგივე კონტრაჰენტები და დამატებით კონკრეტული საწარმოები წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს, ხოლო ერთი საწარმო მეორე საწარმოს ერთპიროვნულ დირექტორ/პარტნიორს არ უხდის ქონების ქირას ნათესაური კავშირის გამო - ცალსახად ქმნის პრაქტიკული გაუმიჯნავობის დადგენის სამართლებრივ საფუძველს, რაც გამყარებულია სათანადო მტკიცებულებებით.
აპელანტი აღნიშნავს, იმისათვის რომ ნათლად წარმოჩინდეს კონკრეტულ შემთხვევაში საზოგადოებისა და მისი ერთადერთი პარტნიორ/დირექტორის გაუმიჯნავობა და შესაბამისად ცრუმაგირობა, ამისათვის გაანალიზებული უნდა იქნას შემდეგი საკითხი: როდესაც "ინვესტორი" აფუძნებს საზოგადოებას, იგი საზოგადოებაში განხორციელებული ინვესტიციით და მის ირგვლივ ჩამოყალიბებული სამართლებრივი ფიქციით - პირის იურიდიული სტატუსით იზღუდავს პასუხისმგებლობას. სამართლებრივი ფიქცია მიმართულია პარტნიორის ინტერესის, გამიჯნული პასუხისმგებლობის დასაცავად, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად საზოგადოების სამართლებრივი სტატუსი გამყარებული უნდა იყოს რეალური შინაარსით. გამიჯნული პასუხისმგებლობის რეალურ შინაარსში რა თქმა უნდა იგულიხმება ის გარემოება, რომ საზოგადოების დირექტორი საზოგადოების ქონებას არ უნდა იყენებდეს როგორც საკუთარს. ერთ-ერთი მიდგომის შესაბამისად თუ როგორი სიმკვეთრით მჟღავნდება ქონების გამიჯვნის საკითხი, არის ერთერთი განმსაზღვრელი საზოგადოებისა და მისი პარტნიორის გამიჯნული პასუხისმგებლობის დასადგენად. კონკრეტულ შემთხვევაში შპს ,,ბა----–-------- +"-ს, შპს ,,ლ----“-ს, გი--------------–---–ი და ეკ---------–---–ი შორის გამიჯნულობა არ არსებობს, რადგანაც საზოგადოებას არ გააჩნია ადეკვატური ქონება/კაპიტალი, ხოლო არაადეკვატური კაპიტალიზაცია, როგორც საზოგადოების სტატუსის ბოროტად გამოყენება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 06 მაისის N-ას-1158-1104-2014 და ამავე თარიღის Nას-1307-1245-2014 გადაწყვეტილებით შეფასებულია, როგორც კორპორაციული ფორმალობის დარღვევა, რაც იწვევს პარტნიორის და საზოგადოების პასუხისმგებლობის გაუმიჯნავობას, რომელიც ასევე მოიცავს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებულ პირველ ალტერნატივას. აპელანტი განმარტავს, რომ კომპანიის მიერ მიღებული იქნა ამდაგვარი აქტივი (საგადასახადო ვალდებულების პროპორციული მოგება) საქმიანობის ეტაპზე, თუმცა მისი ხელმძღვანელების მიერ აღნიშნული გარიდებული იქნა კომპანიიდან.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ შპს „ლ-----ს“ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ გამოწერილი აქვს ერთი ზედნადები, შპს „ბა----–-------- +სთვის“ 2016 წლის 20 ივლისს მიწოდებული აქვს 12500 ლარის ღირებულების ბაზალტის ბორდიური (ზედნადების N 0---------).
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების და დასაბუთების გარეშე ცრუმაგიერობის დავის ფარგლებში მიიჩნია/დაადგინა, რომ კონკრეტული ქონება, რომელიც საჯარო რეესტრში ირიცხება კონკრეტული პირის საკუთრებად და მის მიმართ სასამართლო ან სხვა სახის დავა არ არსებობს, წარმოადგენს სხვა პირის საკუთრებას, რომელიც არ ირიცხება ამ ქონების მესაკუთრედ.
შპს „ბა----–-------- +“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 02 თებერვალს, რომლის დირექტორი და 100% წილის მფლობელია ეკ---------–---–ი. საწარმოს იურიდიული მისამართია თბილისი, ისანი- სამგორის რაიონი, ბე------------–----–------------------------. შპს „ბა----–-------- +“ და შპს „ლ-----ს“ საქმიანობის სფეროა სამშენებლო სამუშაოების წარმოება, საშენი მასალების წარმოება. აქვე აღსანიშნავია, რომ შპს „ლ-----ს“ წარმომადგენელი გე-–---------–---–ი და შპს „ბა----–-------- +“ დირექტორი ეკ---------–---–ი არიან მეუღლეები.
საჩივრის ავტორი მიუთითებს, ზემოთქმული ცალსახად ადასტურებს გარემოებას, რომ შპს „ბა----–-------- +ის“ მიმართ გარდაუვალი იყო საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებები და თავდაპირველად უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით შეიქმნა შპს „ლ----“, რომელმაც ასევე მოახდინა საგადასახადო დავალიანების იმავე სქემით დაგროვება; ამასთან, ამ კომპანიების ერთპიროვნული პარტნიორ/დირექტორების სამართლებრივი სტატუსი გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით, რასაც ადასტურებს გარემოება, რომ იმ პირობებში, როდესაც მათ არ უფიქსირდებათ არანაირი შემოსავლები, ხოლო კომპანიას ერიცხებოდა საგადასახადო ვალდებულება მიღებული შემოსავლების გამო, აღნიშნული პირების მიერ შეძენილი იქნა გარკვეული ქონება.
უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით აპელანტი აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის მხარემ უნდა მიუთითოს ისეთი ობიექტური გარემოებები, რაც მომავალში ხელს შეუშლის გადაწყვეტილების აღსრულებას; ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ვინაიდან საქმე ეხება სამომავლო მოვლენებს, რაც წარსულში არსებული მოვლენებისგან განსხვავებით, შესაძლოა კონკრეტული მტკიცებულებების გზით ვერ დადასტურდეს, სასამართლოს კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი, რაც უნდა ეყრდნობოდეს წარსულში თუ აწმყოში უკვე არსებულ ფაქტებს და პირის კეთილსინდისიერებას; კონკრეტულ შემთხვევაში ის, რომ სახეზე არის არაკეთილსინდისიერი გადახადის გადამხდელი ცალსახაა; ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე კონკრეტულ პირებს კვლავაც შეუძლიათ ქონების გასხვისება და სასამართლო პროცესებისათვის პრაქტიკული მნიშვნელობის დაკარგვა, შესაბამისად კვლავ არსებობს უზრუნვეყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.
სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შეფასებისა შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
სააპელაციო პალატა სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
შპს ”ბა----–--------+” სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 1------------–ს. კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრესა და დირექტორს წარმოადგენს ეკ---------–---–ი (პ/ნ 0----------) (ტ.1. ს.ფ. 24-25);
შპს ”ლ----” სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულია 2011 წლის 06 მაისს. კომპანიის 100 %-იანი წლის მესაკუთრესა და დირექტორს წარმოადგენს გი--------------–---–ი (პ/ნ 2----------); (ტ.1. ს.ფ. 26-27);
2016 წლის 15 სექტემბრის №1----------5 სამსახურებრივი ბარათით დავების დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად, 2016 წლის 01 აგვისტოს მდგომარეობით, შპს ”ლ----ს” აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 11 647.72 ლარს. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს ”ლ----ს” ქონებაზე 2015 წლის 16 იანვრის №0----- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2015 წლის 22 იანვარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2015 წლის 04 მარტს შპს ”ლ----ს” მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №0---- ბრძანება; აღნიშნული ბრძანება 2015 წლის 06 მარტს ჩაიბარა შპს ”ლ----ს” დირექტორმა გი--------------–---–მა. შპს ”ლ----ს” საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია გადამხდელის მიერ დეკლარირებული თანხების გადაუხდელობით (ტ.1. ს.ფ. 16-17);
შპს ”ლ----ს” საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ, გამოწერილი აქვს ერთი ზედნადები, შპს ”ბა----–-------- +”-სათვის 2016 წლის 20 ივლისს მიწოდებული აქვს 12 500 ლარის ღირებულების ბაზალტის ბორდიური, ზემოაღნიშნულის საფუძველზე ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 22 ივლისს გამოიცა ბრძანება №02----- შპს ”ბა----–-------- +”-ს საკუთრებაში არსებულ შპს ”ლ----ს” საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. ამის შემდეგ შპს ”ლ----ს” მიერ მოხდა ზედნადების გაუქმება. შპს ”ლ----ს” დირექტორის მინდობილმა პირმა გე-–---------–---–მა მიუთითა, რომ ზედნადების გაუქმება გამოწვეულია ბუღალტრის მიერ დაშვებული ტექნიკური შეცდომით, რადგან შპს ”ლ----” არ ფუნქციონირებს და მას არ შეეძლო ქონების რეალიზაცია. დადგენილია, რომ შპს ”ლ----ს” დირექტორი და შპს ”ბა----–-------- +”-ის დირექტორი ეკ---------–---–ი არიან ერთი ოჯახის წევრები (მამამთილი და რძალი) (ტ.1. ს.ფ. 23);
სსიპ შემოსავლების სამსახურის შედარების აქტის თანახმად 2016 წლის 06 ოქტომბრის მდგომარეობით შპს ”ლ----ს” სალდირებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა - 11 989.47 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 9363.38 ლარი, ჯარიმა- 58.04 ლარი და საურავი - 2568.05 ლარი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 სექტემბრის №2----- წერილით დგინდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით შპს ”ლ----ს” და შპს ”ბა----–-------- +”-ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის, ხოლო ეკ---------–---–ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბ--–-------------------–----–-------------------, საკადასტრო კოდი: 0----------------------; ბ--------, ფართი: 59.13 კვ. მ. აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია 2 (ორი) იპოთეკის უფლება.
იმავე წერილის თანახმად, გი--------------–---–ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. თე-----–-------------------------, საკადასტრო კოდი: 8-----------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 606.00 კვ.მ. შენობა ნაგებობების ჩამონათვალი: №1 საცხოვრებელი სახლი, 2 სართულიანი ფართი - 147.8 კვ.მ. განაშენიანების ფართი - 184 კვ.მ. №2 დამხმარე შენობა, ფართი - 23.1 კვ.მ. №3 დამხმარე შენობა, ფართი - 13.4 კვ. და უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თე----–---------------------------, საკადასტრო კოდი: 8-----------, განაშენიანების ფართი - 246 კვ.მ. აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია იპოთეკის უფლება (ტ.1. ს.ფ. 18-19);
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს 2016 წლის 24 ოქტომბრის №MIA 5------------ წერილის თანახმად, გი--------------–---–ის სახელზე რეგისტრირებულია 1984 წლის გამოშვება, ავტოსატრანსპორტო საშუალება - ”V-------, სახელმწიფო სანომრე ნიშნით - E------- (ტ.1. ს.ფ. 68);
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. იმავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. მოცემული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად მოცემული ნორმების საკანონმდებლო მიზნის - უზრუნველყოფილ იქნას აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულება - გათვალისწინებით უნდა დაადგინოს და საგადასახადო ორგანომ უნდა დაამტკიცოს მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ჯაჭვის არსებობა, რაც დაადასტურებს რეალური და ცრუმაგიერი პირების განსხვავების შეუძლებლობასა და ცრუმაგიერი პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად შექმნასა თუ გამოყენებას. ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, თუმცა განსხვავების შეუძლებლობა გაგებულ უნდა იქნას არა ფორმალურად, რადგან სახეზეა ორი ან მეტი სხვადასხვა სუბიექტი, რომელთა ფორმალური ნიშნით განსხვავება ყოველთვის შესაძლებელი იქნება, არამედ შინაარსობრივად, კერძოდ, განმსაზღვრელია აღნიშნულ სუბიექტებს შორის არსებული კავშირისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მიზნის დადგენა, რადგან ცრუმაგიერი პირები ერთსა და იმავე პირებს წარმოადგენენ საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების თვალსაზრისით და მათი ეკონომიკური ინტერესები ერთი და იგივეა. სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საგადასახადო მიზნებისათვის ცრუმაგიერი მფლობელობის დადგენის ფაქტი არ ვრცელდება მხოლოდ იურიდიულ პირებზე, იგი შეეხება როგორც ინდივიდუალურ მეწარმეს, ისე ფიზიკურ პირს, განმსაზღვრელია ერთ-ერთი პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, საგადასახადო ვალდებულების არსებობა და ამ ვალდებულების შესრულების თავიდან აცილების მიზნით, სხვა პირთან ერთად საერთო ეკონომიკური ინტერესითა და მიზნით მოქმედების ფაქტი. ამასთან, ვინაიდან ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, აღნიშნული გარემოება დადგინდეს კანონით განსაზღვრული ყველა დანაწესის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით; ამასთანავე, ყურადღება უნდა მიექცეს მათ შორის განხორციელებულ ოპერაციებს, მათ შორის, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გადაცემას.
სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, თითქოს მოპასუხეებს გააჩნდათ საერთო მიზანი - საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდება; სააპელაციო პალატა იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებას იმის შესახებ, შპს ”ლ----ს” საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის არსებობის პირობებში, საგადასახადო ზედნადების გამოწერა და შემდგომ აღნიშნულის გაუქმება, ვერ იქნება განხილული საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისგან თავის არიდებად.
სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, მოცემული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ რეალურად ოპერაციის განხორციელებას - ქონების რეალიზაციას, რაც შესაძლებელია საგადასახადო ორგანოს მიერ შეფასებულიყო ქონების გარიდებად, ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად უსაფუძვლოა მითითება მასზედ, რომ საწარმომ თავი აარიდა უზრუნველყოფის ღონისძიებას.
სააპელაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება უმთავრესი - საერთო კანონსაწინააღმდეგო მიზანი უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდება; ამდენად სახეზე არ არის საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დეფინიციით გათვალისწინებული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი.
2. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32), , თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა).
თავმჯდომარე: მარიამ ცისკაძე
მოსამართლეები: ნათია ქუთათელაძე
თამარ ონიანი