განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015001015904
N2ბ/786-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 ივლისი, 2018 წელი ქალაქ თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი, ლევან გვარამია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სს ,,ს----------–-------------ა’’
წარმომადგენელი - ნ--------–-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - გ--------–---–------ის უფლებამონაცვლე მ-------–---–------ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - გ--------------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებბის ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ-------–---–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს ,,ს----------–-------------ას“, მ-------–---–------ის სასარგებლოდ დაეკისრა 26556 (ოცდაექვსიათას ხუთასორმოცდათექვსმეტი) ლარისა და 05 (ხუთი) გადახდა (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით ).
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე, გ--------–---–------მა ,,ს----------–-------------ის დ-------------ში“ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დამსაქმებლის ბრალით, 1990 წლის 7 თებერვალს, მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება - 80%-ით უვადოდ წაერთვა შრომის უნარი. ამ დროისათვის იგი დასაქმებული იყო მ---------------–--–-- თანამდებობაზე.
2.2. ზემოაღნიშნული საწარმოო ტრამვის გამო, გ--------–---–------ს მოპასუხე ყოველთვიურად უხდიდა სარჩოს, რომლის ოდენობაც სარჩელის შეტანამდე სამი წლის განმავლობაში განსაზღვრული იყო 318.33 ლარით. ამ დროიდან მოპასუხეს სარჩოს გადაანაგრიშება აღარ მოუხდენია. მითითებული თანხა მოსარჩელეს ერიცხებოდა გარდაცვალებამდე ყოველთვიურად.
2.3. სს ,,ს----------–-------------ა“ წარმოადგენს ,,ს----------–-------------ის დ-------------ის“ უფლებამონაცვლეს.
2.4. გ--------–---–------ი გარდაიცვალა 2016 წლის 04 დეკემბერს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელე გ--------–---–------ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა მისი შვილი, მ-------–---–------ი, 2016 წლის 04 დეკემბრამდე მისაღები სარჩოს სხვაობის მოთხოვნის ნაწილში; გარდაცვალებისას გ--------–---–------ი იყო 56 წლის.
2.5. მოპასუხე საწარმოში მ---------------–--–-- ყოველთვიური დარიცხული ხელფასის ოდენობაა 1000 ლარი.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს;
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დელიქტის განხორციელების შესახებ ფაქტობრივი გარემოება უდავო იყო, დადგენილი იყო, რომ მოპასუხე წარმოადგენდა ამ ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს და მას სარჩოს გადახდით აღიარებული ჰქონდა მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს გადახდის (ზიანის ანაზღაურების) ვალდებულება (სკ-ის 341-ე და 361-ე მუხლები), სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანს წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411-ე და 992-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხისათვის სარჩოს გაზრდის (გადაანგარიშების) მართლზომიერება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობას ზიანი მიადგა ,,ს----------–-------------ის დ-------------ის“ ხაშურის სალოკომიტივო დეპოში შრომითი მოვალეობის შესრულებისას დამსაქმებლის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად, უდავო იყო და დადასტურებული იყო საქმეში არსებული მტკიცებულებებით. ასევე უდავოდ იყო დადგენილი, რომ მოპასუხე, სს ,,ს----------–-------------ა“ წარმოადგენდა ,,ს----------–-------------ის დ-------------ის“ უფლებამონაცვლეს. დადგენილი იყო ასევე, რომ გ--------–---–------ს, საწარმოო ტრამვის გამო, 2012 წლის მაისიდან გარდაცვალებამდე მოპასუხე უხდიდა ყოველთვიურად სარჩოს 318.33 ლარის ოდენობით.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ არ არსებობდა სარჩოს გადაანგარიშების საკანონმდებლო საფუძველი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველთვიური სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების განსაზღვრის კრიტერიუმს წარმოადგენდა ხელფასის ის ოდენობა, რასაც მოსარჩელე იღებდა დამსაქმებელი დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე და რასაც მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (იხ. სუსგ: 29/09/2017წ. Nას-424-397-2017, 22/01/2016წ. Nას-789-746-2015, 23/09/2016წ. Nას-637-608-2016წ.).
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ მ---------------–--–-- ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 1000 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). ასევე დადგენილია, რომ გ--------–---–----ს საწარმოო ტრამვის გამო შრომის უნარი დაკარგული ჰქონდა 80%-ით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელესათვის (მისი უფლებამონაცვლისათვის) აენაზღაურებინა სხვაობა, მ---------------–--–-- ყოველთვიური ხელფასის (1000 ლარი ) 80 პროცენტსა და 2012 წლის მაისიდან გარდაცვალებამდე (04/12/2016 წ.) ყოველთვიურად მიღებულ სარჩოს - 318.33 ლარს შორის, რაც თვეში შეადგენდა 481,67 ლარს, ხოლო, 55 თვესა და 4 დღეზე - 26556,05 ლარს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 26556,05 ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით ), ნაცვლად მოთხოვნილი 35326 ლარისა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ გამოყენებული ნორმები არ აწესრიგებენ სარჩოს დანიშვნის წესს.
აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას არეგულირებს 408-ე მუხლის მე-2 ნაწილი და არა მისი პირველი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ დანაწესს, უშუალოდ შეეხება სხეულის დაზიანების ფაქტს და მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ადგენს კომპენსაციის პირველადი მდგომარეობის აღდგენის საშუალებას სარჩოს დანიშვნის გზით. სსკ-ის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში, თუ რა მეთოდით უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, შესაბამისად, მასზე ამავე მუხლის პირველი ნაწილის გავრცელება, როგორც განსხვავებული მოწესრიგება, დაუშვებელია. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ზოგადად მიუთითებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებაზე, ხოლო, მისი მეორე ნაწილი გამომდინარეობს პირველი ნაწილისგან და აზუსტებს მას, ანუ ადგენს სხეულის დაზიანების შემთხვევაში მდგომარეობის აღდგენის მეთოდს. ამასთან, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი ვრცელდება სახელშეკრულებო ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც არ შეიძლება გავრცელდეს ჯანმრთლობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.1. გ--------–---–------მა ,,ს----------–-------------ის დ-------------ში“ მ---------------–--–-- თანამდებობაზე მუშაობის დროს, 1990 წლის 7 თებერვალს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დამსაქმებლის ბრალით მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება და 80%-ით უვადოდ წაერთვა შრომის უნარი;
4.2. საწარმოს ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის გამო, გ--------–---–------ი სს ,,ს----------–-------------ა’’-საგან ღებულობდა სარჩოს;
სარჩოს ოდენობა სარჩელის შეტანამდე სამი წლის განმავლობაში განსაზღვრული იყო 318.33 ლარით. ამ დროიდან მოპასუხეს სარჩოს გადაანაგრიშება აღარ მოუხდენია. მითითებული თანხა მოსარჩელეს ერიცხებოდა გარდაცვალებამდე ყოველთვიურად;
4.3. გ--------–---–------ი გარდაიცვალა 2016 წლის 04 დეკემბერს; გარდაცვალების მომენტში გ--------–---–------ი იყო 56 წლის;
4.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელე გ--------–---–------ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა მისი შვილი, მ-------–---–------ი, 2016 წლის 04 დეკემბრამდე მისაღები სარჩოს სხვაობის მოთხოვნის ნაწილში;
4.5. სს ,,ს----------–-------------ა“ წარმოადგენს ,,ს----------–-------------ის დ-------------ის“ უფლებამონაცვლეს;
4.6. მოპასუხე საწარმოში მ---------------–--–-- ყოველთვიური დარიცხული ხელფასის ოდენობა შეადგენს 1000 ლარს;
4.7. მ---------------–--–-- ყოველთვიური ხელფასის (1000 ლარი) 80 პროცენტსა და 2012 წლის მაისიდან გარდაცვალებამდე (04/12/2016 წ.) ყოველთვიურად მიღებულ სარჩოს - 318.33 ლარს შორის, სხვაობა, თვეში შეადგენს 481,67 ლარს, ხოლო, 55 თვესა და 4 დღეზე - 26556,05 ლარს;
4.8. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და შესაბამის სამართლებრივ ნორმებზე მითითებით სწორად ჩათვალა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა ზიანის მიყენების შესახებ სამართლებრივი ურთიერთობიდან. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაწესზე მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ გ--------–---–------ის წინაშე ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა სს ,,ს----------–-------------ა’’.
აპელანტი სს ,,ს----------–-------------ა’’ პრეტენზიას ძირითადად ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 408.1. მუხლი.
სამოქალაქო კოდექსის 408.1. მუხლის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ დასახელებული ნორმების შინაარსი აძლევს მოსარჩელეს სამართლებრივ საფუძველს, რომ მოითხოვოს სარჩოს გადახდევინება გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, რამდენადაც ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების – საწარმოო ტრავმის არარსებობის, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელე მხარის 80%-ით შრომის უნარის დაკარგვა, შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში, მოსარჩელე მიიღებდა გაზრდილ ხელფასს საპენსიო ასაკის მიღწევამდე. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის არის თავად ის გარემოება, რომ მუშაკმა მიიღო სხეულის დაზიანება საწარმოო ტრავმის შედეგად, რასაც მოჰყვა შრომის უნარის 80%-ით შეზღუდვა. პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩოს ანაზღაურების მავლადებულებელი გარემოების დადგომა, პირს და მის რჩენაზე მყოფ პირებს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის ანაზღაურებას. ამასთან, სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის სახით. სარჩოს მიღებით ხდება პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ საწარმოო ტრავმის მიღების გამო მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმოო ტრავმის მიუღებლობის შემთხვევაში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და იგი მიიღებდა გაზრდილ ხელფასს. ამდენად, აპელანტის პრეტენზია დაუსაბუთებელია და იგი არ წარმოშობს საკმარის საფუძველს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გასაუქმებლად.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩოს გადაანგარიშების საკითხზე მსჯელობისას სწორად იხელმძღვანელა ზემოთ მოხმობილი ნორმებით, და სწორად შეაფასა, რომ მოპასუხე სს ,,ს----------–-------------ა’’ არამართლზომიერად არ ახდენდა მოსარჩელის სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებას მ---------------–--–-- გაზრდილი ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით და მოპასუხე სს ,,ს----------–-------------ის’’ მიერ, მოსარჩელისათვის მისაცემი სარჩოს ოდენობაში, მ---------------–--–-- ხელფასის გაზრდილი ოდენობის გაუთვალისწინებლობით, მოსარჩელე არასრულად იღებდა სარჩოს, რითაც მას ადგებოდა ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2012 წლის მაისიდან გარდაცვალებამდე (04/12/2016 წ.), მოსარჩელემ სარჩოს სახით ვერ მიიღო 26556,05 ლარი. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სს ,,ს----------–-----------------ვის“ ამ ოდენობით სარჩოს დაკისრების შესახებ საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით იყო საფუძვლიანი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟი წინასწარ იქნა გადახდილი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,ს----------–-------------ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გელა ქირია
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გოგიტა თოთოსაშვილი