განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002360926
საქმე №1ბ/874-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მზია ლომთათიძემ
ქ------- სუპატაშვილის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - ან-------–---–ის
ადვოკატ - იზ---–-------–---–---–ის
მსჯავრდებულ - კა--------------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ კა--------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის იზ---–-------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
კა--------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 29 სექტემბერს, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, განქორწინებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, რ------------------–--–----------–---------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენით კა--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა კა--------------ს დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 08 მარტიდან.
კა--------------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,რაც გამოიხატა შემდეგში:
2014 წლიდან თა-----------–--ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა კა--------------თან, რომელთანაც ჰყავს 2 წლის შვილი, ნა----–----------ი. 2017 წლის იანვრის თვეში ოჯახური უთანხმოების ნიადაგზე ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, რის შემდგომ შეთანხმდნენ ბავშვის ნახვის პირობებთან დაკავშირებით. 2018 წლის 02 მარტს, დაახლოებით 17:30 საათზე ქ. რ-------------–----------–--------ზე მდებარე სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის შენობაში შეხვდნენ ერთმანეთს თა-----------–--ე და მისი ყოფილი მეუღლე, კა--------------ი ამ უკანასკნელის განცხადების საფუძველზე, სადაც იმასთან დაკავშირებით, თუ ბავშვი ვისთან უნდა ყოფილიყო, მოუხდათ სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც კა--------------მა თა-----------–--ეს თავში ხელის დარტყმით და ფეხით ქვემო კიდურის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
კა--------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2014 წლიდან თა-----------–--ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა კა--------------თან, რომელთანაც ჰყავს 2 წლის შვილი, ნა----–----------ი. 2017 წლის იანვრის თვეში ოჯახური უთანხმოების ნიადაგზე ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, რის შემდგომ შეთანხმდნენ ბავშვის ნახვის პირობებთან დაკავშირებით. 2018 წლის 02 მარტს, დაახლოებით 17:30 საათზე ქ. რ-------------–----------–--------ზე მდებარე სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის შენობაში შეხვდნენ ერთმანეთს თა-----------–--ე და მისი ყოფილი მეუღლე, კა--------------ი ამ უკანასკნელის განცხადების საფუძველზე, სადაც იმასთან დაკავშირებით, თუ ბავშვი ვისთან უნდა ყოფილიყო, მოუხდათ სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც კა--------------მა თა-----------–--ეს ფეხით ქვემო კიდურის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კა--------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა იზ---–-------–---–---–მა, რომელმაც წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რუსთავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენის გაუქმება და კა--------------ის გამართლება, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს, რადგან კა--------------ს მეუღლესთან ჰქონდა უთანხმოება და თა-----------–--ის მიმართ შემაკავებელი ორდერები იყო გამოწერილი, სწორედ შემაკავებელი ორდერები იყო საფუძველი იმისა, რომ მეუღლესთან მიახლოებას ერიდებოდა და შვილისადმი არასათანადო მოპყრობის გამო მიმართა სოციალურ სამსახურს, რათა გაერკვია ბავშვზე ხდებოდა თუ არა ძალადობა. თა-----------–--ე და კა--------------ი კამათობდნენ ბავშვის მოვლის საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც სოციალური სამსახურის თანამშრომელმა ქე-----------–---–მა სთხოვა მათ შესულიყვნენ ცალკე ოთახში და მშვიდ გარემოში გადაეწყვიტათ საკითხი, კამათი უყურადღებოდ დარჩენილი ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაგრძელდა, რა დროსაც კ---ბერ სარალიძემ თა-----------–--ეს განუცხადა, რომ ბავშვს თავისთან წაიყვანდა და სასამართლოს მეშვეობით ედავა, აღნიშნულზე განაწყენებული თა-----------–--ე ოთახიდან ყვირილით გავარდა, თითქოს მას ფიზიკური დაზიანება მიაყენა ყოფილმა მეუღლემ, ტყუილით გაბრაზებულმა კა--------------მა კი ხმამაღალი საუბარი დაიწყო, გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია, რა დროსაც თა-----------–--ემ მათ წარუდგინა შემაკავებელი ორდერები და კა--------------ზე გამოიცა ახალი შემაკავებელი ორდერი და დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით. დაზარალებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ძალიან პატარა ხელჩანთით ყოველთვის თან ატარებს შემაკავებელ ორდერებს და კომუნალური გადასახადების ქვითრებს, ადვოკატის შეკითხვაზე შეეძლო თუ არა აღნიშნული დოკუმენტების მოცემულ მომენტში წარმოდგენა, თა-----------–--ემ უპასუხა, რომ თან არ ჰქონდა, ეს გარემოება ბადებს ეჭვს, რომ დაზარალებულს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი ყოფილი მეუღლის პასუხისგებაში მიცემის საკითხი; სასამართლო პროცესზე დაკითხული იქნენ სოციალური სამსახურის თანამშრომლები: ქე-----------–---–ი, ივ---------–---–ი და პა-----–------–--ე, რომელთა ჩვენებით დადგენილია, რომ თა-----------–--ესა და კა--------------ს შორის კამათი შვილის საკითხთან დაკავშირებით იყო, რომ დედა სათანადოდ ვერ უვლიდა შვილს და კ. გა-----ი ითხოვდა ბავშვის მოვლის საკითხის შემოწმებას, ოთახიდან გამოსულმა დაზარალებულმა განაცხადა, რომ ყოფილმა მეუღლემ დაარტყა, რაც ვერცერთი თანამშრომლის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, ვინაიდან ისინი არ არიან ცემის ფაქტის თვითმხილველნი, ხოლო, 2018 წლის 6 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად თა-----------–--ეს ობიექტური შემოწმებით ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშანი არ აღენიშნება. გამომძიებელმა ნო------–----------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე ბრალდებული კა--------------ი გამოცხადდა პოლიციის სამმართველოში, სადაც იგი გამოკითხეს და დააკავეს, კა--------------ი იმედოვნებდა, რომ სიმართლე დადგინდებოდა, მაგრამ ამაოდ, იგი მსჯავრდებულის სკამზე აღმოჩნდა.
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხა----------------მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა რუსთავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მოსაზრებას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ მეუღლის მიმართ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, კერძოდ, პალატა მხედველობაში იღებს შემდეგს:
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ის 1261 მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. ძალადობა კი გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.
პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, ვინაიდან დაზარალებულმა თა-----------–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა, რომ კა--------------მა მას ფეხი მოარტყა ფეხის უკანა მხარეს, რა დროსაც მან განიცადა ტკივილი, კერძოდ:
დაზარალებულმა თა-----------–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ კა--------------ი მისი ყოფილი მეუღლეა, ჰყავთ საერთო შვილი. განქორწინების შემდეგ ბავშვი დედასთან ცხოვრობს, მამას კი შეთანხმების საფუძველზე მიჰყავს. თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა კა--------------ი ბავშვს არ აბრუნდებდა დედასთან. კა--------------ს სურდა თა-----------–--ისათვის მეურვეობა ჩამოერთმიათ, მან განცხადებით მიმართა სოციალურ სააგენტოს თითქოს დედა ძალადობდა ბავშვზე და ვითარების გასარკვევად დაბარებულნი იყვნენ სოციალურ სააგენტოში, სადაც კა--------------მა თა-----------–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, როცა ისინი მოსალაპარაკებლად ოთახში მარტო იმყოფებოდნენ. კა--------------ი მას უყვიროდა, შემდეგ ხელი გაარტყა, რაც თა-----------–--ემ აიცილა და ოდნავ მოხვდა შუბლის არეში, შემდეგ კა--------------მა ფეხი მოარტყა ფეხის უკანა მხარეს, რა დროსაც თა-----------–--ემ განიცადა ტკივილი. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ დარტყმის ფაქტს არცერთი სოციალური მუშაკი არ შესწრებია, ყვირილზე ერთ-ერთი თანამშრომელი მივიდა და კა--------------ს სიმშვიდისკენ მოუწოდა; პოლიციას მან შეატყობინა და როდესაც ისინი მივიდნენ კ--- მათაც აყენებდა შეურაცხყოფას. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ კა--------------ი მზრუნველი მამაა, მისი ოჯახის წევრებთან ნორმალური ურთიერთობა აქვს.
მართალია კა--------------ის მიერ თა-----------–--ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმე არ არსებობს, მაგრამ მათ შორის კონფლიქტის არსებობას და კა--------------ის აგრესიული ქცევას, რაც ბავშვის თანდასწრებით ხდებოდა, ადასტურებენ სოციალური სააგენტოს და პოლიციის თანამშრომლები, კერძოდ:
მოწმე ლე-–-------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს ქ-------------–------–---–---------------ში, უფროსის მოადგილედ. სააგენტოში შევიდა შეტყობინება, რომ დედის მხრიდან ბავშვის მიმართ ძალადობას ჰქონდა ადგილი და ეს საქმე სოციალურ მუშაკს ქე-----------–---–ს დააწერა შესასრულებლად. იგი შეხვდა ბავშვის მშობლებს და ცდილობდა ვითარებაში გარკვევას. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა 2018 წლის 2 მარტს მიმდინარეობდა სოციალური მუშაკებისთვის განკუთვნილ საერთო სამუშაო ოთახში. კა--------------ი ხმამაღლა საუბრობდა, ჩხუბობდა, ყველას მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდა, თანამშრომლების მიმართ ჰქონდა ღირსების შემლახავი დამოკიდებულება, ამ ყველაფერს ესწრებოდა ბავშვიც, რომელიც ტიროდა. მითითებაზე, რომ ბავშვი ტიროდა და შეეწყვიტა ჩხუბი, მან ჩართო მობილური ტელეფონის ფანარი და ხან ბავშვს ანათებდა თვალში, ხან მას, ცრემლები სად მოდისო. ეს უსიამოვნო ვითარება დაახლოებით 2-3 საათის მანძილზე გაგრძელდა. ყველა მოუწოდებდა მათ სიმშვიდისკენ. რაღაც პერიოდში ფსიქოლოგის ოთახში შევიდნენ, რომ ქ-------ი ცალკე გასაუბრებოდა, მალევე ოთახიდან თ-----ს ყვირილი გაიგონა, იგი გამოვარდა და ყვიროდა დამარტყაო. თავად ოთხში არ იმყოფებოდა და არ დაუნახავს ნამდვილად დაარტყა თუ არა კა--------------მა დაზარალებულს. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ამბამდე ერთი თვით ადრე იგი მუშაობდა ამ ოჯახთან, მათ დავა ყველაფერზე ჰქონდათ, მთავარი ბრალდება ის იყო, რომ დედა ძალადობდა ბავშვზე. კ---ბერი ამბობდა, რომ ბავშვს დედამ დაარტყა და შუბლის არეში ჰქონდა სილურჯე, მაგრამ ეს ძალადობა არ დასტურდებოდა. დაზარალებულის მხრიდან ძალადობის პროვოცირებას ადგილი არ ჰქონია.
მოწმე ქე-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტოში. კა--------------მა მიმართა მათ სამსახურს, რომ მისი ყოფილი მეუღლე, თა-----------–--ე ძალადობდა მცირეწლოვან ბავშვზე და ვითარებაში გარკვევის მიზნით დაიწყო საქმის შესწავლა. შემთხვევის დღეს ორივე მხარე დაიბარა სააგენტოში, სადაც კა--------------ი თ-----ს და ყველა სოციალურ მუშაკს ესაუბრებოდა ხმამაღალი ტონით. კ---ს რამდენჯერმე სთხოვეს, რომ დამშვიდებულიყო და ბავშვის თვალწინ მორიდებოდა კონფლიქტს, თუმცა არ ითვალისწინებდა. როდესაც ისინი ფსიქოლოგის ოთახში შეიყვანეს, კა--------------ი მალევე გამოვიდა, ხოლო თ----- ამბობდა დამარტყაო. მას დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ოჯახთან მუშაობის დროს ბავშვზე ძალადობრივი ქმედებები დედის მხრიდან არ გამოკვეთილა. დედა-შვილს შორის ძალიან პოზიტიური დამოკიდებულებაა. თ----- ამბობდა, რომ დაშორების შემდეგ ყოფილი მეუღლე ემუქრებოდა, რომ ბავშვს მაინც წაართმევდა.
მოწმე ივ---------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტოში სოციალური მუშაკის თანამდებობაზე. მიმდინარე წლის 2 მარტს, დაახლოებით 17 საათიდან 17:30 საათამდე იდგა დერეფანში, რა დროსაც ოთახის კარი გაიღო და დაინახა, რომ მამაკაცი ჩამოდიოდა ბავშვთან ერთად, ხოლო მეუღლე სთხოვდა, რომ დაბრუნებულიყო. მამაკაცი აგრესიული იყო როგორც მეუღლის, ისე თანამშრომლების მიმართ. ამ კონფლიქტურ სიტუაციას ბავშვი მოარიდეს და როდესაც მამაკაცი და ქალბატონი ოთახში მარტო დარჩნენ, ქალბატონი გამოვარდა ოთახიდან და ამბობდა დამარტყაო.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს სოციალური მომსახურების სააგენტოს იურისტმა პა-----–------–--ემ.
მოწმე ამ----------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს საპატრულო პოლიციაში, პატრულ-ინსპექტორად. 2018 წლის 2 მარტს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და მიიღო შეტყობინება, რომ ც----------–--------ზე მდებარე სოციალური სამსახურის შენობაში ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს. შემთხვევის ადგილზე დახვდა კა--------------ი, მისი მეუღლე და სოციალური მუშაკები. კა--------------ი შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს, მას მოუწოდებდნენ რომ დამშვიდებულიყო და ამაზე უფრო გამოხატავდა აგრესიას, მათაც მიაყენა შეურაცხყოფა, ამის გამო დააკავეს ადმინისტრაციული წესით და გამოიცა შემაკავებელი ორდერი.
ანალოგიური შინაარსის ჩვენებები მისცეს სასამართლოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა: რო-------------ემ და თა-------------–---–მა.
2018 წლის 6 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: თა-----------–--ეს ობიექტური შემოწმებით ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ 2017 წლის 25 იანვარს, 2017 წლის 4 ოქტომბერს და 2018 წლის 2 მარტს კა--------------ის მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერები, მისი ყოფილი მეუღლის - თა-----------–--ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე.
სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ დაზარალებულ თა-----------–--ეს თან ჰქონდა შემაკავებელი ორდერები, რასაც მისი განმარტებით ყოველთვის თან ატარებს, თუმცა აღნიშნული არ ჰქონდა სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს, რაც ბადებს ეჭვს, რომ დაზარალებულს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი ყოფილი მეუღლის პასუხისგებაში მიცემის საკითხი. დაცვის მხარის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ დაცვის ვარაუდს და არ დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ კა--------------მა განცხადებით მიმართა სოციალურ სააგენტოს თითქოს დედა ძალადობდა ბავშვზე და ვითარების გასარკვევად დაბარებულნი იყვნენ სოციალურ სააგენტოში, შესაბამისად ის ფაქტი, რომ დაზარალებულს თან ჰქონდა შემაკავებელი ორდერები, არ შეიძლება გახდეს დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი. პალატა ასევე მხედველობაში იღებს, რომ სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა, რომლებიც კა--------------სა და თა-----------–--ეს შორის მომხდარ კონფლიქტს შეესწრნენ განმარტეს, რომ თა-----------–--ისა და კა--------------ის ცალკე ოთახში შეყვანა განაპირობა კა--------------ის აგრესიულმა ქცევამ. კა--------------ის აგრესიულ და შეურაცხმყოფელ ქცევაზე ისაუბრეს ასევე პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც კა--------------ი მათდამი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს ადმინისტრაციული წესით და გამოიცა შემაკავებელი ორდერი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ კა--------------მა თა-----------–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პალატის აზრით, არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს კა--------------ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კა--------------ისათვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კა--------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის იზ---–-------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
კა--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა კა--------------ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 08 მარტიდან.
კა--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთმტკიცება: საინფორმაციო პორტალ „ი----------------დან“ მოწოდებული ინფორმაცია (ვიდეომასალა) ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე