განაჩენი

სისხლის სამართლის 07.09.2018
საქმის ნომერი
200100117002160774
ინსტანცია
თარიღი
07.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100117002160774

საქმე №1ბ/616-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: შ-------------

ადვოკატის: ნ-----–-----–--–---–ის

მსჯავრდებულის: ი-–-----------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ი-–-----------–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი #2----------), საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ--–----------------------–--–----------–-, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გამოძიებაში ი-–-----------–---–ს ბრალად წარდგენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის;

 

აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 11 თებერვალს, თ--–----------------------–--–----------–-, საავტომობილო გზაზე, პირადი წყენის გამო, ი-–-----------–---–მა ქვა ჩაარტყა ხ-----------------–---–ს თავის არეში, რის შედეგადაც ხ-----------------–---–მა შუბლ-თხემ-საფეთქლის არეში მიიღო ტრავმა და განუვითარდა ქრონიკული სუბდურალური ჰემატომა, რაც წარმოადგენს სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენით:

ი-–-----------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

ი-–-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 170 (ასსამოცდაათი) საათის ვადით.

 

ი-–-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდა.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ------------მ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს ი-–-----------–---–ის მიმართ გამოტანილი, თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ი-–-----------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებელ შ------------- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი ი-–-----------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“.

 

სააპელაციო პალატა, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი), რომლის მიხედვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ, თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ. გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, - მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ხ-----------------–---–ის, ასევე, მოწმეების, - ე-–-------------–---–ის, თ---------------–---–ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით - უტყუარად დასტურდება, რომ ი-–-----------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე პრეიუდიციად მიღებული ზემოხსენებული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ი-–-----------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ხ-----------------–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 11 თებერვალს, დილის საათებში, მეუღლესთან ერთად ავტომანქანით იმყოფებოდა სოფელ ლ----------ში. მას დაუძახეს ბიჭებმა, რომ ავტომანქანა გაეჩერებინა, რის გამოც გაჩერდა. გაჩერების შემდეგ მასთან მივიდა ოთხი ბიჭი, მათ შორის ი-–-----------–---–ი, რომელმაც უთხრა, მანქანიდან გადმოსულიყო. გადმოსვლის შემდეგ ი-–-----------–---–მა ჰკითხა, თუ რა უთხრა მის (ი----------–---–--) რძალს, რაზეც უპასუხა, რომ მას (დაზარალებულს) არაფერი არ ჰქონდა ნათქვამი მისი რძლისათვის. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნულის შემდეგ ი-–-----------–---–მა მაშინვე ქვა ჩაარტყა თავში ორჯერ და თავი გაუტეხა, მუშტიც ჩაარტყა, მაგრამ რამდენჯერ, არ ახსოვს. ი-–-----------–---–ის დარტყმის შედეგად ტკივილი განიცადა. შემდეგ ბ-----------–------- გვერდში წიხლი დაარტყა, შემდეგ ე-–--------–---–- მივიდა. სამივე ურტყამდა. ბოლოს, ლ--------–--------–მა შუბლში რაღაც ჩაარტყა, ზუსტად არ იცის ლ----- ხელში რა ეჭირა, მაგრამ ამ უკანასკნელმა შუბლი გაუტეხა. სახეში მუშტებს ურტყამდნენ ბ----–-----ი, ე-–--------–---–ი და ხ--–--------–ი. მისი მეუღლე ეხვეწებოდა, რომ მისთვის (დაზარალებულისთვის) თავი დაენებებინათ, მაგრამ სანამ კარგად არ დაასისხლიანეს, თავი არ დაანებეს. შემდეგ, სისხლიანი სახე მოიბანა და სახლში წავიდა. ათი დღე ლოგინიდან ვერ დგებოდა. ცემის დასრულების შემდეგ ე-–--------–---–მა მიაძახა, სადაც გინდა, იქ გვიჩივლეო. შემთხვევის შემდეგ მის მიმართ არანაირ მუქარას არ ჰქონია ადგილი, ვერც ექნებოდა, რადგან თვითონ გარეთ არ გასულა. სამი თვე უგონოდ იყო. გურჯაანში როდის მკურნალობდა, ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ, სანამ თბილისში დაწვებოდა, ერთი კვირით ადრე გურჯაანში იწვა. მომხდარიდან თბილისში, საავადმყოფოში დაწოლამდე მუდმივად განიცდიდა თავის ტკივილს. მომხდარიდან ათი დღის განმავლობაში იწვა. ცემის დაწყებიდან ერთი წუთის შემდეგ მისი მეუღლე მანქანიდან ჩავიდა და მან გააშველა. შემთხვევის დღიდან - თერთმეტი თებერვლიდან სამ მაისამდე სამედიცინო დაწესებულებისათვის არ მიუმართავს, რადგან ,,კუჭაშლილობა“ ჰქონდა, თავისით მკურნალობდა. გენერალურ პროკურორსაც მაისში მიმართეს, რადგან დაემუქრნენ, მუქარა გამოიხატა იმაში, რომ ე-–--------–---–მა ცემის ბოლოს მიაძახა: ,,წადი და სადაც გინდა მიჩივლე“-ო. ჩხუბის დროს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ თუ არა, არ ახსოვს. 2015 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებში მეზობლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ფიჩხის შესაგროვებლად ტყეში ნამდვილად იმყოფებოდა, მაგრამ იქ ხე არავის დასცემია თავში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებულის მეუღლე ე-–-------------–---–ი, რომლის განმარტებით, შემთხვევის დღეს, ის (მოწმე) და მისი მეუღლე (დაზარალებული) სახლიდან გავიდნენ მანქანით. უბანში დახვდნენ მეზობლის ბიჭები - ი-–-----------–---–ი, ბ---- ე-–--------–---–-, ლ----- ხ--–--------–ი და ბ----- ბ----–-----ი. მათ სტვენა დაიწყეს და უთხრეს, მანქანა გაეჩერებინათ. ი-–-----------–---–მა მის (მოწმის) მეუღლეს უთხრა, რომ მანქანიდან გადასულიყო. ი-–-----------–---–მა მის (მოწმის) მეუღლეს უთხრა, - ჩემს რძალს რა უთხარი, უპატრონო ხომ არ გეგონაო, მეუღლემ უთხრა, არაფერი არ მითქვამსო. მოწმის განმარტებით, დაინახა, რომ ი-–-----------–---–ს ხელში ქვა ეჭირა და მის (მოწმის) მეუღლეს თავში ჩაარტყა, რის გამოც სისხლი წამოუვიდა. შემდეგ მიცვივდნენ სხვებიც და მის მეუღლეს ცემა დაუწყეს. ბ-----------–------- მის (მოწმის) მეუღლეს ,,ბათინკიანი“ წიხლი ამოარტა ნაწლავებში, რის გამოც მისი მეუღლე მაშინვე ჩაიკეცა. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ხ--–--------–ი თავიდან იდგა მოშორებით, შემდეგ კი მივიდა მის მეუღლესთან და შუბლის არეში ჩაარტყა, რის გამოც ამ უკანასკნელს მაშინვე წამოუვიდა სისხლი. მოწმემ აღნიშნა, რომ ხ--–--------–ს ხელში რა ეჭირა, არ იცის. ოთხივე ურტყამდა. შემდეგ ბ-----მ ბიჭებს მოახსენა, ეყოფაო და წავიდნენ. ბიჭები იმუქრებოდნენ, ბ----ს ძმა პოლიციაში მუშაობს და ის ადიდგულებდა ალბათ, ბ-----ს გამგეობაში ჰყავდა და ასე შემდეგ. ზუსტი სიტყვები არ ახსოვს, თუმცა ახსოვს, რომ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. მუქარის გამო არ მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს. სასწრაფოც არ გამოიძახეს, რადგან სასწარფო რომ გამოეძახათ, პოლიციაც მივიდოდა. სამი თვის განმავლობაში მისი (მოწმის) მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა.

 

მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულის შვილის, თ---------------–---–ის განმარტებით, შემთხვევის დღეს სახლში დაბრუნებულმა ნახა, რომ მამამისი - ხ-----------------–---–ი იყო ნაცემი. როგორც შემდგომ გაიგო, იგი დედამისის თანდასწრებით უცემია მათივე თანასოფლელ ოთხ პირს. მისივე განმარტებით, ლ-------------–-–---–ის ოჯახს დაკრძალვასთან დაკავშირებით იგი, მამამისთან - ხ-----------------–---–თან ერთად ეხმარებოდა, მათ შორის წასულები იყვნენ ტყეში შეშის მოსატანად, რა დროსაც მამამისს არანაირი დაზიანებები არ მიუღია. ის გარემოება, რომ 2016 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ხ-----------------–---–ს ცემისგან სახე ჰქონდა დალურჯებული დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ხ------- ღ------–---–მა. მოწმე ლ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის დეკემბრის თვეში გარდაცვლილი იყო პაპამისი, რომლის დაკრძალვასთან დაკავშირებით ეხმარებოდნენ მეზობლები, მათ თანასოფლელებმა სახლში შეშა მიუტანეს. ტყიდან დაბრუნების შემდეგ ხ-----------------–---–ისთვის არანაირი დაზიანება არ შეუმჩნევია, რადგან იგი ახლოდან არ უნახავს. ხ-----------------–---–ი ნახა მეორე დღეს, მაგრამ არც მაშინ შეუმჩნევია მისთვის დაზიანება. მოწმის სახით დაკითხულმა გ--–-----------–---–მა განმარტა, რომ 2015 წლის დეკემბრის ბოლოს, ლ-------------–-–---–ის გასვენების დღეებში, მათ შორის გასვენების მეორე დღეს, ხ-----------------–---–ი იყო იქ, რომლისთვისაც არანაირი დაზიანება არ შეუმჩნევია.

 

მოწმე გ--–----------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წლის დეკემბერში, თანასოფლელ ლ-------------–-–---–ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისი ავტომანქანით, ბ----- ბ----–-----თან, დ-------------–---–თან, ხ-----------------–---–თან და თ---------------–---–თან ერთად წასულები იყვნენ ტყეში შეშის მოსატანად, სადაც შეშის ჭრის დროს, ხ-----------------–---–ს თავში დაეცა ხე, რის გამოც იგი წაიქცა და თავიდან სისხლი წამოუვიდა. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დ-------------–---–მა და ბ-----------–-------, რომლებმაც დამატებით განმარტეს, რომ ხის დაცემის შემდეგ ხ-----------------–---–მა გონება დაკარგა. მოწმე ბ-----------–------- ასევე განმარტა, რომ 2016 წლის თებერვალში, ი-–-----------–---–თან ერთად იმყოფებოდა სოფელ ლ----------ში, „ბირჟაზე“, სადაც ხ-----------------–---–მა გაიარა მანქანით. ი-–-----------–---–მა დაუძახა და გააჩერა. ამის შემდეგ ხ-----------------–---–ის მიმართულებით წავიდა ი-–-----------–---–ი, რომელსაც ასევე გაჰყვა თვითონ. მიახლოებისას ი-–-----------–---–მა ხ-----------------–---–ს ჰკითხა, რატომ მიაყენა მის რძალს შეურაცხყოფა, რის შემდეგაც შეაგინა და სახეში მხოლოდ ერთხელ გაშლილი ხელი გაარტყა. შემდეგ ხ-----------------–---–ი ავტომანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მოწმის განმარტებით, ი-–-----------–---–ს ხელში რაიმე საგანი არ ჭერია. ხ-----------------–---–ისთვის გარდა ი-–-----------–---–ისა, სხვას არ დაურტყამს.

 

მოწმე თ--------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ მამამისის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისი თანასოფლელები, მათ შორის ხ-----------------–---–ი, წასული იყვნენ ტყეში შეშის მოსატანად. დაბრუნებისას ერთ-ერთმა უთხრა, რომ ხ-----------------–---–ს ტყეში თავში დაეცა ხე, რის შემდეგაც მან ნახა იგი პირადად და თავზე ეტყობოდა დაზიანება. მოწმემ აღნიშნა, რომ ხ-----------------–---–ს შეშის დაცლაში მონაწილეობა არ მიუღია. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ტყიდან დაბრუნების დროს ლ--------------–---–ი წასული იყო სოფელ ყ--------–-ში ხორცის მოსატანად და იგი ხ-----------------–---–ს ვერ შეხვდებოდა, რადგან სოფელ ყ--------–იდან დაბრუნდა გვიან. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შეშის მოტანის დროს, მას გ--–-----------–---–ი ადგილზე არ უნახავს. მოწმე ზ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის თებერვალში, იმყოფებოდა თ--–----------------------–--–----------–-, „ბირჟაზე“, რა დროსაც ხ-----------------–---–მა ავტომანქანით ჩამოიარა, რომელსაც დაუძახა ი-–-----------–---–მა, რათა გაეჩერებინა ავტომანქანა და გადმოსულიყო. ხ-----------------–---–მა ავტომანქანა გააჩერა და გადმოვიდა, ხოლო ი-–-----------–---–ი მიუახლოვდა მას და ჰკითხა, მის რძალს რატომ ეპატიჟებოდა თელავში, რაც ხ-----------------–---–მა უარყო, ხოლო ი-–-----------–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაშლილი ხელი ერთხელ გაარტყა სახეში. მოწმის განმარტებით, ი-–-----------–---–ს ხელში არაფერი ჭერია. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ადგილზე, გარდა ი-–-----------–---–ისა, იყვნენ ბ---- ბ----–-----ი, ბ---- წიკლაური და ბ---- ე-–--------–---–-, რომლებსაც ხ-----------------–---–ისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმე ბ----------–---–-----მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის შემდეგ ხ-----------------–---–ი ავტომანქანის საჭესთან დაჯდა და წავიდა, მანვე განმარტა, რომ სამი-ოთხი დღის შემდეგ ხ-----------------–---–ს სოფელში ხედავდა.

 

სააპელაციო პალატა დაზარალებულის და ზემოხსენებული მოწმეების, რომელთაგან ორი დაზარალებულის ოჯახის წევრია, ჩვენებების შეფასებისას ყურადღებას მიაქცევს მათი ჩვენებების გულწრფელობას და მიუკერძოებლობას, ასევე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციის უტყუარობას, დამაჯერებლობას, თავსებადობას და შესაბამისობას ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულთან, ასევე იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის, - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, საკანონმდებლო კონსტრუქციაზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. მოცემული დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია, ანუ მისი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა. შესაბამისად, ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში, მძიმე შედეგში ან შედეგის საფრთხეში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს ან შედეგის საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი კი არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის ქმედება წარმოდგენდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის ერთ-ერთ (და არა ერთადერთ) აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა. ბრალის ფორმის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული მხოლოდ განზრახია.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა ი-–-----------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება პირდაპირი განზრახვით, რა დროსაც მსჯავრდებულს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მისი მოქმედების შესაძლო შედეგს – დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და სურდა ეს შედეგი. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ის მნიშვნელოვანი გარემოება, არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი ი-–-----------–---–ის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ შემთხევა მოხდა 2016 წლის 11 თებერვალს, ხოლო დაზრალებულმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2016 წლის 3 მაისს, ანუ თითქმის სამი თვის შემდეგ. ხსენებული მიზეზის გამო, შემთხვევიდან სამედიცინო დაწესებულებისათვის მიმართვამდე დროის შუალედის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მოვლენათა განვითარების ჯაჭვში რაიმე გარეშე ფაქტორის ჩარევას პალატა არ გამორიცხავს. ამასთანავე, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, - პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა არაერთმა ნეიტრალურმა მოწმემ განმარტა, რომ 2015 წლის დეკემბერში თანასოფლელ ლ-------------–-–---–ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მეზობლები წასულები იყვნენ ტყეში შეშის მოსატანად, სადაც შეშის ჭრის დროს ხ-----------------–---–ს თავში დაეცა ხე, რის გამოც იგი წაიქცა და თავიდან სისხლი წამოუვიდა. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატა მიიჩნევს, რომ სადავოა და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით არ არის დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, კონკრეტულად რა ვითარებაში მიიღო ხ-----------------–---–მა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანებები და აღნიშნული დაზიანებები მიზეზობრივ კავშირშია თუ არა ი-–-----------–---–ის ქმედებასა და დამდგარ შედეგს - არსებულ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებს შორის. თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 11 თერბერვალს, თ--–----------------------–--–----------–- ი-–-----------–---–მა ხ-----------------–---–ის მიმართ განახორციელა სხვაგვარი ძალადობა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დანაშაულებრივ და შესაბამისად, დასჯად ქმედებად ცხადდება ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია). საქართველოს სსკ–ის 125–ე მუხლის დისპოზიციის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, ძალადობრივ ქმედებას ცემის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე მსხვერპლს სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას აყენებს, ხოლო სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში, მაგ: ხელის ერთ დარტყმაში, თმით თრევაში და ა.შ. მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია ფიზიკური ტკივილის გამოწვევა, ამასთან, სავალდებულოა მიზეზობრივი კავშირის დადგენა ძალადობრივ მოქმედებასა და დამდგარ შედეგს - ფიზიკურ ტკივილს შორის. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე ი-–-----------–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი-–-----------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია). პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტირებულ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა მოხდეს ი-–-----------–---–ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით და აღნიშნავს, რომ, ვინაიდან ი-–-----------–---–ის მიერ ქმედება ჩადენილია 2016 წლის 11 თებერვალს და სისხლის სამართლის კოდექსის 2016 წლის 14 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას - ამკაცრებს სასჯელს, შესაბამისად, ახალ კანონს უკუძალა ვერ მიენიჭება და ი-–-----------–---–ის ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მეორე და მესამე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე) უნდა განისაზღვროს ქმედების ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ი-–-----------–---–ისათვის დანიშნულ სასჯელს, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. სასჯელის დანიშვნისას პალატა იმავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის საზოგადოებრივ საშიშროებას და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ი-–-----------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი ი-–-----------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ------------- სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი ი-–-----------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ი-–-----------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით);

 

ი-–-----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170 (ას სამოცდაათი) საათის ვადით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ი-–-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, ი-–-----------–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ ლევან ხ--–--------–ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი 5-----------.;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე