განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002433562
საქმე №1/ბ-889-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 სექტემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მეია მელქაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ო--------------ის,მსჯავრდებულ: კ-----–---------ის,ადვოკატ: ი--------------–---–ის
მონაწილეობით,ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ-----–---------ის მიმართ, დაბადებულის 1-----–-–-----------------–ს, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის და მცხოვრების: ა---------------------------–----------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განაჩენით კ-----–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადათ განესაზღვრა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
კ-----–---------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნების თანდასწრებით.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 9 მარტს დაახლოებით 11 საათზე, ქალაქ ა---––---–----–--------–-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ქ----------------–---ს მამობილმა კ-----–---------ემ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, თმებიდან მოქაჩა, წააქცია ძირს და გაახოხა ნოხზე. ქ----------------–---ს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ არ იქნა გათვალისწინებული დაზარალებულის მდგომარეობა, რომ მამობილის მხრიდან მისთვის მიყნებული დამამაცირებელი მოპყრობის გამო, იგი იმყოფება სტრესისა და მუდმივი ძალადობრივი ზემოქმედების მოლოდინის მდგომარეობაში. განაჩენი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელიც კი არის.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა კ-----–---------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. კ-----–---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ქ----------------–---ის, ი-------–---------ის, ა-------------ის, მ-------------–---ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ქ----------------–---ის სხეულის დაზიანების შესახებ, ქ----------------–---ის ჩვენების ადგილზე შესამოწმებლად ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ფოტოილუსტრაციით, ქ----------------–---ის დაზარალებულის სახით გამოკითხვის ოქმებით და დაზარალებულად ცნობის დადგენილებით, კ-----–---------ის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების დოკუმენტით, არასრულწლოვნების დაბადების მოწმობის ასლებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილი დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც პრეტენზია არ გააჩნია მის მიმართ (დაცვის მხარის განმარტებით, ხოლო ბრალდების მხარეს საწინააღმდეგო პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს) პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ კ-----–---------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ კ-----–---------ეს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ამიტომ მისთვის, პირობითი მსჯავრის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
კ-----–---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადათ განესაზღვროს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
მსჯავრდებულ კ-----–---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ უძრავ ქონებას მდებარე ა----------–--–----------–--–------------------------------------- (განჩინება N12/029-17წ., 18.04.18 წ.) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან, ერთი თვის ვადაში სრულად.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი