განაჩენი

სისხლის სამართლის 18.09.2018
საქმის ნომერი
010141318700063144
ინსტანცია
თარიღი
18.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700063144

საქმე №1/ა.გ- 442-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

რევაზ ნადარაია

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------- გ--–--–---–-ს (პ/ნ 0----------) შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორ ქ----------–-----სა და ბრალდებულ გ------- გ--–--–---–ს შორის;

 

გ------- გ--–--–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ოდენობით.

 

გ------- გ--–--–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მოთხოვნათა საფუძველზე, 03(სამი) წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის; პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2018 წლის 6 ივლისს მსჯავრდებულმა გ------- გ--–--–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ------- გ--–--–---–-ს შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გ----–----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

მოცემულ შემთხვევაში, თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის განაჩენით, გ------- გ--–--–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ოდენობით.

 

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, (იხ. გადაწყვეტილება) მსჯავრდებული გ------- გ--–--–---–- უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ------- გ--–--–---–-სათვის დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ კ---------------–------------ს 18/04/2017 წლის შეტყობინების მიხედვით, მსჯავრდებულმა გ------- გ--–--–---–მა სრულად მოიხადა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათი და მის მიმართ კ---------------–------------ში საქმის წარმოება დასრულდა 2017 წლის 13 აპრილს, შესაბამისად პალატა არ მსჯელობს ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ.

 

გ------- გ--–--–---–ს უნდა გაუუქმდეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებრივი შეზღუდვა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ გ------- გ--–--–---–-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ------- გ--–--–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებული გ------- გ--–--–---–- გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის განაჩენი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამორთმეული უფლებების ნაწილში, რომლის საფუძველზეც გ------- გ--–--–---–ს ჩამორთმეული ჰქონდა 3 (სამი) წლის ვადით შემდეგი უფლებები: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის; პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ისაევი

 

მოსამართლეები: გ.ჯეირანაშვილი

 

რ.ნადარაია