განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700062976
საქმე №1/ა.გ-438-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
რევაზ ნადარაია
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ--------- ა-–----–---–-ს (პ/ნ 2----------) შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით:
რ--------- ა-–----–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 1 000(ათასი) ლარი.
რ--------- ა-–----–---–- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამოერთვა ამავე კანონის მესამე მუხლით გათვალისწინებული თანამდებობების დაკავების და საქმიანობის უფლება (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის; პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება) 03 (სამი) წლის ვადით.
თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით:
რ--------- ა-–----–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათი.
რ--------- ა-–----–---–- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2018 წლის 4 ივლისს მსჯავრდებულმა რ--------- ა-–----–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ რ--------- ა-–----–---–-ს, შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გ--- შ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით, რ--------- ა-–----–---–- მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 1 000 (ათასი) ლარი. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით, მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180(ას ოთხმოცი) საათი.
ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, (იხ. გადაწყვეტილება) მსჯავრდებული რ--------- ა-–----–---–- უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
რაც შეეხება მსჯავრდებულ რ--------- ა-–----–---–-სათვის დანიშნულ სასჯელს, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი, კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 07 ივნისის N5---- ცნობის თანახმად ზ/აღნიშნული თანხა დაფარულია და გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 (ასოთხმოცი) საათის ოდენობით, ქ-------------–----------–--ს ბიუროს 2016 წლის 16 სექტემბერის შეტყობინების თანახმად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დაასრულა 2016 წლის 15 სექტემბერს, შესაბამისად პალატა არ მსჯელობს ზემოაღნიშნული სასჯელებისაგან განთავისუფლების თაობაზე.
ამასთავე რ--------- ა-–----–---–- უნდა გაუუქმდეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებრივი შეზღუდვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ რ--------- ა-–----–---–-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ--------- ა-–----–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ რ--------- ა-–----–---–-ს მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი გაუქმდეს და გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
ასევე გაუქმდეს, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამორთმეული უფლებების ნაწილში, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებული რ--------- ა-–----–---–- 03 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის; პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
მსჯავრდებულ რ--------- ა-–----–---–-ს მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენი გაუქმდეს და გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
ასევე გაუქმდეს, თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამორთმეული უფლებების ნაწილში, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებული რ--------- ა-–----–---–- 03 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის; პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ისაევი
მოსამართლეები: გ.ჯეირანაშვილი
რ.ნადარაია