განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.09.2018
საქმის ნომერი
330210018002282843
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
18.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002282843

საქმე №2ბ/2865-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაია სულხანიშვილი

სხდომის მდივანი _ მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი – ია კ-------–--ე

წარმომადგენელი - მ------------–----ა

 

მოწინააღმდეგე მხარე - ი-----–- კ-------–--ე

წარმომადგენელი - ხ--------------–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყევტილება - თბილისის საქალაქო სასამართოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, დამატებით ხარჯებში მონაწილეობა

 

1. აპელანტის მოთხოვნა

გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ია კ-------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ი-----–- კ-------–--ეს (პირადი N0----------) დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, ლ--- კ-------–--ის (დაბადებული: 2010 წლის 20 თებერვალს, პირადი N01---------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 31 იანვრიდან, მის სრულწლოვანებამდე. მოპასუხე ი-----–- კ-------–--ეს (პირადი N0----------) დაეკისრა დამატებითი ხარჯის სახით, არასრულწლოვანი შვილის, ლ--- კ-------–--ის (დაბადებული: 2010 წლის 20 თებერვალს, პირადი N01---------) სასარგებლოდ ყოველთვიური სწავლის საფასურის 125 (ას ოცდახუთი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 31 იანვრიდან, სკოლის დამთავრებამდე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1 ია კ-------–--ე და ი-----–- კ-------–--ე ქორწინებაში იმყოფებიან 2009 წლიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2010 წლის 20 თებერვალს, შეეძინათ შვილი, ლ--- კ-------–--ე;

 

2.2. ია კ-------–--ე და მოპასუხე ი-----–- კ-------–--ე რამდენიმე წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. მოსარჩელე ია კ-------–--ე ცხოვრობს არასრულწლოვან ლ--- კ-------–--ესთან ერთად ქირით და ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 300 (სამასი) ლარს;

 

2.3. არასრულწლოვანი ლ--- კ-------–--ე სწავლობს შპს სკოლა -ლიცეუმ ,,ც------“ - ში. მისი ყოველთვიური სწავლის საფასური შეადგენს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს;

 

2.4. მოპასუხე ი-----–- კ-------–--ე იმყოფება ქორწინებაში სხვა პირთან;

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.5 სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ია კ-------–--ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 26.3 ლარს, თებერვლის თვეში - 512.5 ლარს, მარტის თვეში - 512.5 ლარს, აპრილის თვეში - 512.5 ლარს, მაისის თვეში - 512.5 ლარს, ივნისის თვეში - 512.5 ლარს, ივლისის თვეში - 512.5 ლარს, აგვისტოს თვეში - 512.5 ლარს, სექტემბრის თვეში - 512.5 ლარს, ოქტომბრის თვეში - 512.5 ლარს, ნოემბრის თვეში - 500 ლარს და დეკემბრის თვეში - 1000 ლარს;

 

2.6 მოპასუხე ი-----–- კ-------–--ე დასაქმებულია შპს ,,ჯ-----------------ში“ ექსპედიტორის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 875 ლარს. მოპასუხის ხელზე მისაღები თანხა შეადგენს 700 (შვიდასი) ლარს;

 

2.7 სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ი-----–- კ-------–--ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 500 ლარს, თებერვლის თვეში - 656.3 ლარს, მარტის თვეში - 1375 ლარს, აპრილის თვეში - 187.5 ლარს, მაისის თვეში - 687.5 ლარს, ივნისის თვეში - 875 ლარს, ივლისის თვეში - 1625 ლარს, აგვისტოს თვეში - 250 ლარს, სექტემბრის თვეში - 625 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1250 ლარს, ნოემბრის თვეში - 1062.5 ლარს და დეკემბრის თვეში - 2125 ლარს;

 

2.8 მოპასუხე ი-----–- კ-------–--ის მშობლების საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას, რომელიც მდებარეობს მათივე საცხოვრებელ კორპუსში, აქირავებენ და ქირის სახით იღებენ თანხას 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.9 სასამართომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ია კ-------–--ემ, ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, 2010 წლის 20 თებერვალს დაბადებული ლ--- კ-------–--ე.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლზე, რომლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სასამართლოს განმარტებით, „ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

სასამართლოს მითითებით, „ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ლ--- კ-------–--ე ცხოვრობდა მოსარჩელესთან ია კ-------–--ესთან ერთად. მოსარჩელე ყოველთვიურად იხდიდა ქირის სახით 300 (სამასი) ლარს. საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე დასაქმებული იყო და სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მონაცემებით, ჰქონდა ყოველთვიური მატერიალური შემოსავალი, თუმცა აღნიშნული საკმარისი არ იყო არასრულწლოვანი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი ლ--- კ-------–--ე სწავლობა შპს სკოლა-ლიცეუმ ,,ც------“-ში. მისი ყოველთვიური სწავლის საფასური შეადგენდა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. მოპასუხე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია სხვა პირთან. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოპასუხე ი-----–- კ-------–--ე დასაქმებული იყო შპს ,,ჯ-----------------ში“ ექსპედიტორის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 875 ლარს. მოპასუხის ხელზე მისაღები თანხა შეადგენდა 700 (შვიდასი) ლარს. სტაბილური შემოსავალი უფიქსირდებოდა მოპასუხეს სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით.

 

სასამართლოს განმარტებით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ი-----–- კ-------–--ე თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით, თანახმა იყო არასრულწლოვანი ლ--- კ-------–--ის სასარგებლოდ გადაეხადა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ლარი. მოპასუხემ აღნიშნა, რომ იგი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ეხმარებოდა არასრულწლოვან შვილს და ასევე მონაწილეობას იღებდა მისთვის სწავლის საფასურის გადახდაში. სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისათვის აუცილებელ ხარჯს. სასამართლომ აღნიშნა, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნებოდა თვეში 150 (ასორმოცდაათი) ლარი.

 

მოსარჩელემ მოითხოვა დამატებითი ხარჯის სახით, ყოველთვიურად არასრულწლოვანი შვილის, ლ--- კ-------–--ის სწავლის საფასურის, 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

 

სასამართლომ განმარტა, რომ დამატებითი ხარჯის სახით მოთხოვნილი თანხა ან უკვე გაღებული ხარჯის ანაზღაურებას უნდა ემსახურებოდეს, ან დადგენილი უნდა იყოს მისი აუცილებელობა კონკრეტული ოდენობით, ასევე, კონკრეტული მიზნებისათვის. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, დადასტურებული იყო, რომ არასრულწლოვანი ლ--- კ-------–--ე სწავლობდა შპს სკოლა-ლიცეუმ ,,ც------“-ში. მისი ყოველთვიური სწავლის საფასური შეადგენდა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს.

 

სასამართლომ შენიშნა, რომ მოპასუხე, სასარჩელო მოთხოვნას, დამატებითი ხარჯებში მონაწილეობის შესახებ, დაეთანხმა ნაწილობრივ და მიუთითა, რომ ბავშვის სწავლის ყოველთვიურ საფასურის ნახევარს - 125 (ას ოცდახუთი) ლარს გადაიხდიდა. სასამართლომ განუმარტა ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე და თანაბრად უზრუნველყონ იგი მატერიალური სახსრებით, რაც გამიზნულია არასრულწლოვანი ბავშვის სწავლა-განვითარებისათვის. სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, დამატებით ხარჯის სახით, არასრულწლოვანი ლ--- კ-------–--ის სწავლის გადასახდელი თანხის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო თვეში 125 (ას ოცდახუთი) ლარით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად 150 ლარი. სასამართლოს მხირდან არასწორად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ მშობლებს ზუსტად თანაბრად ევალებათ ბავშვის სარჩენი და დამატებითი ხარჯების გაწევა. აპელანტი უთითებს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლზე, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს რომ ალიმენტი უნდა განისაზღვროს მშობლების მატერიალური მდგომარეობის მიხედვით. სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიჩნია, რომ ბავშვის სარჩენად საჭიროა 300 ლარი, ხოლო სწავლის საფასურად 250 ლარი. აპელანტი უთითებს, რომ მოსარჩელის ხელფასი დაბეგვრის შემდეგ არის 400 ლარი, მოსარჩელე იხდის ბინის ქირას 300 ლარს, ანუ მისი რეალური შემოსავალია 100 ლარი. მოპასუხის დაბეგრილი ხელფასი არის 700 ლარი, აქვს ბინის გაქირავდებიდან შემოსავალი 250 ლარი, ანუ ჯამში 950 ლარი. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხის ხელფასი 875 ლარია. 2017 წელს მოპასუხის დასაბეგრი შემოსავალი იყო: იანვარში-500 ლარი, თებერვალში- 656.3 ლარი, მარტში - 1375 ლარი, აპრილში 187.5 ლარი, მაისში 687.5 ლარი, ივნისში- 875 ლარი, ივლისში 1625 ლარი, აგვისტოში - 250 ლარი, სექტემბერში - 625 ლარი, ოქტომბერში- 1250 ლარი, ნოემბერში- 1062.5 ლარი, დეკემბერში- 2125 ლარი. საშუალო არითმეტიკული ხელფასი არის 934.9 ლარი.დაბეგვრის შემდეგ 747,92 ლარი. აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოპასუხის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთბა სხვა პირთან. აპელანტის მოსაზრებით დაუსაბუთებელია, თუ რატომ მიიჩნია სასამართლომ, რომ ბავშვის დედას და მამას ზუსტი მათემატიკური თნასწორობით აკისრიათ შვილის სარჩენი ხარჯები, როცა დედის შემოსავალი მხოლოდ 100 ლარია და მამის 997.92 ლარი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ია კ-------–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ია კ-------–--ე და ი-----–- კ-------–--ე ქორწინებაში იმყოფებიან 2009 წლიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2010 წლის 20 თებერვალს, შეეძინათ შვილი, ლ--- კ-------–--ე; ია კ-------–--ე და მოპასუხე ი-----–- კ-------–--ე რამდენიმე წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. მოსარჩელე ია კ-------–--ე ცხოვრობს არასრულწლოვან ლ--- კ-------–--ესთან ერთად ქირით და ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 300 (სამასი) ლარს; არასრულწლოვანი ლ--- კ-------–--ე სწავლობს შპს სკოლა -ლიცეუმ ,,ც------“ - ში. მისი ყოველთვიური სწავლის საფასური შეადგენს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს; მოპასუხე ი-----–- კ-------–--ე ქორწინებაში იმყოფება სხვა პირთან; სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ია კ-------–--ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 26.3 ლარს, თებერვლის თვეში - 512.5 ლარს, მარტის თვეში - 512.5 ლარს, აპრილის თვეში - 512.5 ლარს, მაისის თვეში - 512.5 ლარს, ივნისის თვეში - 512.5 ლარს, ივლისის თვეში - 512.5 ლარს, აგვისტოს თვეში - 512.5 ლარს, სექტემბრის თვეში - 512.5 ლარს, ოქტომბრის თვეში - 512.5 ლარს, ნოემბრის თვეში - 500 ლარს და დეკემბრის თვეში - 1000 ლარს; მოპასუხე ი-----–- კ-------–--ე დასაქმებულია შპს ,,ჯ-----------------ში“ ექსპედიტორის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 875 ლარს. მოპასუხის ხელზე მისაღები თანხა შეადგენს 700 (შვიდასი) ლარს; სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ი-----–- კ-------–--ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 500 ლარს, თებერვლის თვეში - 656.3 ლარს, მარტის თვეში - 1375 ლარს, აპრილის თვეში - 187.5 ლარს, მაისის თვეში - 687.5 ლარს, ივნისის თვეში - 875 ლარს, ივლისის თვეში - 1625 ლარს, აგვისტოს თვეში - 250 ლარს, სექტემბრის თვეში - 625 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1250 ლარს, ნოემბრის თვეში - 1062.5 ლარს და დეკემბრის თვეში - 2125 ლარს.

 

4.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს მოპასუხის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და წარსულში მიუღებელი ალიმენტის მოპასუხისთვის დაკისრების მართლზომიერების საკითხის დადასტურება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნის პირველ ნაწილში მოსარჩელემ დასძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით, ხოლო მეორე შემთხვევაში მან სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მოთხოვნის მართლზომიერებაში დაარწმუნებდა.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული ყოველთვიურად გადასახადი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 180 ლარით. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს ბავშვის რჩენის ვალდებულება აქვთ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. პალატა შენიშნავს, რომ „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ამავე კონვენციის მე-18 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ბავშვის უპირატესი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის საგანს. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები მიიღოს. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება მის მშობლებს ეკისრებათ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-58-49-2011).

 

პალატა შენიშნავს, რომ ქართული კანონმდებლობითა და სასამართლო პრაქტიკით ბავშვის მოვლისთვის გაწეული ხარჯის გადანაწილების კონკრეტული ფორმულა არ არსებობს. სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ბავშვი დედასთან ცხოვრობს, მშობლებს შორის ბავშვის მოვლის ხარჯი პროპორციულად არ უნდა გადანაწილდეს. ეს დასკვნა სიტუაციის ობიექტური და სამართლიანი შეფასებიდან გამომდინარეობს. ზოგადი პრინციპის თანახმად, ივარაუდება, რომ დედას, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს, მისი აღზრდისთვის მეტი ხარჯის გაწევა უწევს, ვიდრე მამას, რომელიც მხოლოდ ალიმენტს იხდის. შესაბამისად, მიუხედავად საკანონმდებლო დანაწესისა, რომლის თანახმად ბავშვის რჩენის ვალდებულება მშობლებს თანაბრად ეკისრებათ, ალიმენტის განსაზღვრისას სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის, თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს. ამასთანავე, ალიმენტის გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით დგინდება. შესაბამისად, სასამართლოსთვის შეფასების მთავარ საგანს არასრულწლოვნის რეალური საჭიროებები და მოპასუხის გაუმჯობესებული მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს. როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა ბავშვსა და მის ინტერესებზე ზრუნვა. სახელმწიფო ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა. როგორც აღინიშნა, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე _ ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის შეცვლა არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ია კ-------–--ე ცხოვრობს არასრულწლოვან ლ--- კ-------–--ესთან ერთად ქირით და ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 300 ლარს, ამავდროულად, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ლ--- კ-------–--ე სწავლობს შპს ,,სკოლა ლიცეუმ ც------“-ში და მისი ყოველთვიური სწავლის საფასური შეადგენს 250 ლარს. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ი-----–- კ-------–--ე ქორწინებაში იმყოფება სხვა პირთან, ამასთან, დადგენილია ისიც, რომ ი-----–- კ-------–--ის ყოველთვიური შემოსავალი შეადგეს 700 ლარს. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც აუცილებელია მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ას-1011-931-2017.). საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროისთვის არასრულწლოვანი 8 წლის არის, იგი სწავლოს სკოლა-ლიცეუმში, რომლის სწავლის გადასახადიც თვეში 250 ლარს შეადგენს, ბინის ქირა კი, სადაც იგი დედასთან ერთად ცხოვრობს, 300 ლარია. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება და არც მხარეთა ახსნა-განმარტებით მტკიცდება, რომ ლ--- კ-------–--ის გარდა, ია კ-------–--ის კმაყოფაზე სხვა პირებიც იმყოფებიან, ხოლო საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხე ი-----–- კ-------–--ე ქორწინებაში იმყოფება სხვა პირთან. პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ არასრულწლოვნის სწავლის საფასურის ნაწილში ხარჯები მშობლებს შორის თანაბარი ოდენობით უნდა გადანაწილდეს, თუმცა აქვე პალატა შენიშნავს, რომ, როგორც უკვე აღინიშნა, ალიმენტის ოდენობის დაანგარიშებას, უპირატესად, ბავშვის საჭიროებანი განაპირობებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი მოსარჩელეზეა გადატანილი, მამა აქტიურად არ/ვერ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას, გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით, გარკვეულწილად იზღუდება, მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით უზრუნველყოს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობა 180 ლარით უნდა განისაზღვროს. სასამართლოს აზრით, ალიმენტის განსაზღვრა აღნიშნულ ოდენობამდე ადექვატურია და წარმოადგენს იმ გონივრულ ოდენობას, რომელიც არასრულწლოვნის განათლებისთვის და მის ნორმალურ პირობებში ცხოვრებისთვის გაწეული ხარჯების საკომპენსაციოდ არის საჭირო. შესაბამისად, არასრულწლოვნის საჭიროებებისათვის დანახარჯების მშობლებს შორის პროპორციულად განაწილების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–- კ-------–--ისთვის ალიმენტის სახით 180 ლარის დაკისრება გონივრული და მიზანშეწონილია.

 

4.3. სააპელაციო სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტმა დაამტკიცა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაუმტკიცა სასამართლოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რის გამოც პალატა თვლის, რომ აპელანტის მოთხოვნა საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ია კ-------–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და ი-----–- კ-------–--ეს არასრულწლოვან ლ--- კ-------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 180 (ას ოთხმოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 31 იანვრიდან, მის სრულწლოვანებამდე.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ია კ-------–--ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც ი-----–- კ-------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 150 ლარი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ია კ-------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და მოპასუხე ი-----–- კ-------–--ისთვის ალიმენტის გადახდის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. ია კ-------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. მოპასუხე ი-----–- კ-------–--ეს (პირადი N0----------) დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, ლ--- კ-------–--ის (დაბადებული: 2010 წლის 20 თებერვალს, პირადი N01---------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 180 (ას ოთხმოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 31 იანვრიდან, მის სრულწლოვანებამდე.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარცეს უცვლელი.

 

6. ი-----–- კ-------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს 150 ლარი.

 

7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

8. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: მაია სულხანიშვილი