განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210116001502531
საქმე №2ბ/2253-17
განჩინება
საქართველოს სახელით
11 იანვარი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ხათუნა არევაძე
სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - თ-----------
წარმომადგენელი - ლ----------------------
მოწინააღმდეგე მხარე - დ-------------------–-
წარმომადგენელი - ე---------------------
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თ-----------ს სარჩელი მოპასუხე დ-------------------–-ს მიმართ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2015 წლის 1 ოქტომბერს, დ-------------------–-, ნ--------------------, გ------------------ და თ-----------ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თ-----------მ დ-------------------–-სგან ისესხა 6000 აშშ დოლარი, ნ----------------------- 3000 აშშ დოლარი, გ--------------------- 1500 აშშ დოლარი, სულ 10500 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, ყოველთვიურად 3.37 %-ს დარიცხვით, პირგასამტეხლო განისაზღვრა 0.11 % ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ---------------- კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ზ-------------------------------------, ფართი 41.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 4------------------.
2.2. 2016 წლის 26 ივლისს, ნოტარიუსმა დ-------------------- გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა 6000 აშშ დოლარი, 4 თვის სარგებელი 808.80 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო- 759 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი- 100 ლარი.
2.3. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თ-----------ს დ-------------------–-სათვის გადახდილი აქვს 600 აშშ დოლარი ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის სახით.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.4. მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ მან მოპასუხე დ-------------------–- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხადა ვალდებულების ნაწილი- 1500 აშშ დოლარის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა შესაბამისი წერილობითი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეს ნამდვილად გადაუხადა 1500 აშშ დოლარი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილები, რითაც იგი ცდილობს დაასაბუთოს თანხის გადახდის ფაქტი, არ შეიძლება მიჩნეული იქნას ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან იგი შედგენილი და ხელმოწერილია მხოლოდ თ-----------ს მიერ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. დადგენილია, რომ 2015 წლის 1 ოქტომბერს დ-------------------–-, ნ--------------------, გ------------------ და თ-----------ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად თ-----------მ დ-------------------–-სგან ისესხა 6000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით, ყოველთვიურად 3.37 %-ს დარიცხვით, პირგასამტეხლო განისაზღვრა 0.11 % ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ---------------- კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ზ-------------------------------------, ფართი 41.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 4------------------.
2016 წლის 26 ივლისს, ნოტარიუსმა დ-------------------- დ-------------------–-ს განცხადების საფუძველზე გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა 6000 აშშ დოლარი, 4 თვის სარგებელი 808.80 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო- 759 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი- 100 ლარი. ასევე დადგენილია, რომ თ-----------ს დ-------------------–-სათვის გადახდილი აქვს 600 აშშ დოლარი პროცენტის სახით.
მოსარჩელემ ვერ დაადასტურა შესაბამისი მტკიცებულებებით, რომ მან მოპასუხეს გადაუხადა სესხის ძირითადი თანხიდან 1500 აშშ დოლარი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია თ-----------ს მოთხოვნა შემცირდეს ნოტარიუს დ-------------------- მიერ 2016 წლის 26 ივლისს გაცემული № 1-------- სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული აღსასრულებელი ფულადი ვალდებულება სესხის ძირი თანხის ნაწილში- 1500 აშშ დოლარის ოდენობით,2.6. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა.
მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს პროცენტული განაკვეთი არის მაღალი და იგი უნდა შემცირდეს 0,11%-დან 0,05%-მდე. ამასთან, სასამართლო პირგასამტეხლოს შეუსაბამო ოდენობასთან მიმართებაში ითვალისწინებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს. პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის პრევენცია და მინიმალური ზიანის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში კრედიტორმა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებიდან მალევე, გონივრულ ვადაში მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად და წარადგინა სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად, ამასთან მზარდ მოთხოვნასთან მიმართებაში აღმასრულებელი სააღსრულებო წარმოებას ახორციელებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს აღსრულების დაწყების დროის გათვალისწინებით ვერ ჩათვლის შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ, რის გამოც, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლო განისაზღვრა 0,11%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რის გამოც, აპელანტს დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 759 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლომ მხარის მოთხოვნის მიუხედავად, არ შეამცირა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც არამართებულია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. განსახილველ დავაში, წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული პრეტენზიების ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია სახეზეა თუ არა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, რასთან დაკავშირებითაც, პალატა განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
ამასთან, პალატა ითვალისწინებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზე, რომ კრედიტორმა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებიდან მალევე, გონივრულ ვადაში მიმართა ნოტარიუს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად და წარადგინა სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად, ამასთან მზარდ მოთხოვნასთან მიმართებაში აღმასრულებელი სააღსრულებო წარმოებას ახორციელებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. თ-----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები ხათუნა არევაძე
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი