განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002413530
საქმე №1ბ/1090-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორ მ----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ო-----------------------–-----ს, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის,პირადი №0----------- ნასამართლობის არმქონის (გაქარწყლებულის), საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ-------–--–----–--------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.------–--–--------–----------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენით ო---------–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ო---------–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 მარტიდან.
ო---------–----ს მსაჯვრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, მათ შორის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2011 წლიდან - 2015 წლამდე, ო---------–----- ცხოვრობდა ქ.------–--–----–--------------------ში, ძმისცოლ - გ---–---------------თან და ძმისშვილ - ა-–-------–----თან ერთად, რა დროსაც ხსენებულ პირებთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2017 წლის 30 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი ო---------–----- მივიდა გ---–---------------ის სახლთან, რა დროსაც არასრულწლოვანი ძმისშვილის ა-–-------–----ის თანდასწრებით, უმიზეზოდ დაუწყო ყვირილი მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და ლანძღავდა უშვერი სიტყვებით. ამასთან, ო---------–-----, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით 2015 წლის აგვისტოდან, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვან ძმისშვილს ა-–-------–----ს, ასევე, ამ უკანასკნელის თანდასწრებით, მის დედას - გ---–---------------ს სისტემატურად ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც დაზარალებულები გ---–---------------ი და ა-–-------–----ი განიცდიდნენ ტანჯვას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორ მ----------------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ო---------–-----სთვის უფრო მკაცრი სასჯელის - 1(ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა ფორმალურად აღიარა დანაშაული და არ ქონია მის გულწრფელ მონანიებას ადგილი, რომ პირველი ბრალდების წაყენების მომენტიდან, არაერთხელ იქნა დაფიქსირებული მის მიერ ბრალის არ აღიარება პირველ წარდგენის, წინასასამართლო და არსებითი განხილვის სხდომებზე, ხოლო უკანასკნელ არსებითი განხილვის სხდომაზე ფორმალურად აღიარა ჩადენილი დანაშაული, რაც წინააღმდეგობრივია აღიარებისა და გულწრფელი მონანიების ინსტიტუტის არსისა, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია კანონით გათვალისწინებული შეღავათების მიღებასთან.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ო---------–-----ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. ო---------–-----ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა დაკითხვისა და გამოკითხვის ოქმებით, 2017 წლის 16 აპრილისა და 2017 წლის 31 ოქტომბრის შემაკავებელ ორდერებით და გადაწყვეტილებით შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №003495618 დასკვნითა და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
რაც შეეხება ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორ მ----------------ის მოთხოვნას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანისა და მსჯავრდებულ ო---------–-----სთვის უფრო მკაცრი სასჯელის - 1(ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე, რომ ო---------–----- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ამასთან იგი დღეის მდგომარეობით არ არის ნასამართლევი და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ო---------–-----ს მიმართ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის დამძიმების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორ მ----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ო---------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ო---------–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 მარტიდან.
მსჯავრდებულ ო---------–-----ს ყოფაქცევაზე კონტროლი, საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდგომ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ო---------–----ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი