განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100118002460977- 1ბ/093-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
26 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული:მ-----------------–------------------------------------------------- დაბადებული 1----–-–------------------, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ირანის ისლამური რესპუბლიკა, ქ--–---------–----------------------------------------–------------------–----------------------------
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 6 თვე;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი,სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ--------------------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-------------------მ და ითხოვა მსჯავრდებულ მო-----------------------ს დანიშნული სასჯელი 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი;
ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
1.1.2018 წლის 6 მარტს დაახლოებით 14:29 საათზე ქ-------–--–-----–---------------------------ს მიმდებარედ მ-------------------------- მართავდა ,,ნისანის’’ მარკის ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-16 პუნქტის მოთხოვნა და უკუსვლით მოძრაობისას შეეჯახა ქვეით ლა------------–---–-. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ლ--------------–---–-ა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მ--------------------------ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კერძოდ: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ცნობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართულ სქემით, დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტით, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N560/სტ დასკვნით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N442/ა დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის N002099918 დასკვნით, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის მ--------------------------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება;
მოცემულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი საშიშროება, ხოლო დამატებითი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. დანაშაულის საგანს წარმოადგენს ავტომობილი, დანაშაულის ობიექტური მხარე კი მოიცავს: ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, მძიმე შედეგს, კერძოდ ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ანდა ერთი ან მეტი ადამიანის სიკვდილს, წესების დარღვევის ფაქტს და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირს. დანაშაულის შემადგენლობა შეიძლება განხორციელდეს როგორც მოქმედებით, ასევე უმოქმედებით. სუბიექტურ მხრივ აღნიშნული დანაშაული გაუფრთხილებელია და შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც თვითიმედოვნებით, ისე დაუდევრობით.
პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადასტურებულია, რომ 2018 წლის 6 მარტს დაახლოებით 14:29 საათზე ქ-------–--–-----–---------------------------ს მიმდებარედ მ-------------------------- მართავდა ,,ნისანის’’მარკის ავტომობილს, მან ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-16 პუნქტის მოთხოვნა და უკუსვლით მოძრაობისას შეეჯახა ქვეით ლა------------–---–-. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ლ--------------–---–-ა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, შედეგად ავტოსაგზაო შემთხვევა და ამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოქალაქის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ფაქტი.
პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ--------------------------ს ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მო-----------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო მ--------------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დადგენილა.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მ--------------------------სათვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია. ამასთან პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და სხვა გარემოებებთან ერთად ყურადღებას მიაპყრობს ბრალდებულის ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ,,განსაკუთრებით მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს”.
მოცემულ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მსჯავრდებულის მხრიდან იგრძნობოდა სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ, არ აღმოუჩინა მინიმალურად საჭირო და აუცილებელი მატერიალური დახმარება, რის გამოც ამ უკანასკნელს აქვს საფუძვლიანი პრეტენზია მის მიმართ. მიუხედავად იმისა რომ მსჯავრდებულს მიეცა საკმარისი დრო შეძლებისდაგვარად, ნაწილ-ნაწილ მაინც აენაზღაურებინა მატერიალური ზიანი დაზარალებულისათვის, მან არც ეს შესაძლებლობა გამოიყენა, შემოიფარგლა მხოლოდ ყოველთვიურად 500 ლარის გადახდის შეთავაზებით, თუმცა ამ შეთავაზების შესასრულებლად რაიმე ქმედითი ზომები არ მიუღია და სასამართლოს მიერ სწორედ საამისოდ მიცემულ დროში ვერ შეძლო თუნდაც პირველადი სახით 500 ლარის გადახდა.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები კერძოდ, მსჯავრდებული აღიარებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო რაიმე დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა. გათვალისწინებული იქნა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მ--------------------------ს ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რაც დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთასთან. ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ მ--------------------------სათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი, მ--------------------------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ მ--------------------------ს (-------------------------------- ინტერესების დამცველი ადვოკატ გიორგი მდინარაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3.მ-------------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
4.მო-----------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 ივლისიდან.
5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ--------------------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია;
6.განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი