განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310018002305533
საქმე N3ბ/1906-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ხ---- ჯ-------ი;
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი - ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი - ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ 2017 წლის 14 ოქტომბერს შედგენილი ოჯახის დეკლარაციის ბათილად ცნობა.
1.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი - ნაძალადევის სერვის ცენტრის 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზე ხ---- ჯ-------ის ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 77 220 ერთეული;
1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 31 იანვრის №------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.4. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, ხ---- ჯ-------ის ოჯახის (საიდენტიფიკაციო კოდი: №------------) სოციალური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულის განსაზღვრის თაობაზე, სადაც გათვალისწინებული იქნება ხ---- ჯ-------ის და ხ----- ჯ-------ის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი;
1.5. დაეკისროს მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უკანონოდ შეწყვეტილი (მიუღებელი) საარსებო შემწეობის თანხის ანაზღაურება, 2017 წლის 13 ნოემბრიდან (სარეიტინგო ქულის - 77 220 ერთეულის მინიჭების თარიღი) ოჯახის საარსებო შემწეობის აღდგენის დღემდე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ხ---- ჯ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 31 იანვრის №------- გადაწყვეტილება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი - ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ 2017 წლის 14 ოქტომბერს შედგენილი ოჯახის დეკლარაცია და ამავე ცენტრის 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება, ხ---- ჯ-------ის ოჯახისათვის (ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი: №------------) სარეიტინგო ქულის 77 220 ერთეულით განსაზღვრის (მინიჭების) შესახებ. დაევალა მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი - ნაძალადევის სერვის ცენტრს, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ხ---- ჯ-------ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში. ხ---- ჯ-------ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. ხ---- ჯ-------ის ოჯახი 2007 წლიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა მონაცემების ერთიან ბაზაში. 2017 წლის აპრილის ჩათვლით, ოჯახი შედგებოდა 4 წევრისაგან, კერძოდ: ხ----- ჯ-------ი, საბრი ჯ-------ი, ხ---- ჯ-------ი, დ---- ჯ-------ი. მითითებული პერიოდისათვის ოჯახი იყო საარსებო შემწეობის მიმღები.
დადგენილია, რომ 2014 წლის 05 თებერვალს შევსებული ოჯახის დეკლარაციის გათვალისწინებით, ოჯახს სარეიტინგო ქულა მიენიჭა 1000 ერთეული.
ხ---- ჯ-------ის ოჯახზე 2017 წლის 17 აპრილს შეივსო „ოქმი ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“, მიზეზით: ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი და ამავდროულად მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ოჯახს აეკრძალა რეგისტრაციის უფლება.
ხ---- ჯ-------ის ოჯახს, ერთი წლის განმავლობაში ხელახალი რეგისტრაციის უფლების შეზღუდვა გაუუქმდა 2017 წლის 22 აგვისტოს №-------- გადაწყვეტილებით. (ს.ფ. 12).
4.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილის პირის მიერ 2017 წლის 14 ოქტომბერს შეივსო ოჯახის დეკლარაცია, რომლის თანახმად, დ---- ჯ-------ის ოჯახი (საიდენტიფიკაციო კოდი: 0-----------) ფლობს და ცხოვრობს ქ. თბილისში, თ---ის მე-- მ/რ, მე-- კვ. მე--- კორპ. ბინა----ში მდებარე ხუთოთახიან, 95 კვ.მ. ფართში, სადაც იატაკი არის პარკეტის; საკუთრებაში არ გააჩნიათ არავითარი უძრავი ქონება; ოჯახში არიან: ხ----- ჯ-------ი, ხ---- ჯ-------ი და დ---- ჯ-------ი. ოჯახის უფროსი არის ხ----- ჯ-------ი; ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით, ხ----- ჯ-------ს არ შეუძლია დაუხმარებლად გადაადგილება და/ან საჭიროებს მომვლელს, ხ---- ჯ-------ი არის სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი; დ---- ჯ-------ი არ მიეკუთვნება არცერთ ჩამოთვლილ კატეგორიას (სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი; დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს; ორსული (20 და მეტი კვირის); მეძუძური დედა (ერთ წლამდე ბავშვით); სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას); ამასთან, ოჯახის სამივე წევრი არის მარტოხელა არამომუშავე პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები, ხოლო დ---- ჯ-------ი ასევე არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (II ჯგუფი); ხ----- ჯ-------ს ჰყავს 3 სრულწლოვანი შვილი, რომლებიც მათთან არ ცხოვრობენ; ხ----- ჯ-------ი არის წერა-კითხვის უცოდინარი, ხ---- ჯ-------ს მიღებული აქვს საშუალო განათლება, ხოლო დ---- ჯ-------ს - არასრული საშუალო განათლება; ხ----- ჯ-------ის შემოსავალი შეადგენს 180 ლარს (სახელმწიფო პენსია) და 7 ლარს (სხვა სოციალური დახმარება), ხ---- ჯ-------ის - 180 ლარს (სახელმწიფო პენსია) და 7 ლარს (სხვა სოციალური დახმარება), ხოლო დ---- ჯ-------ის შემოსავალია 100 ლარი (სოციალური პაკეტი); ოჯახს არ გააჩნია მიწა და სხვა ქონება, ასევე, არ ჰყავთ ზრდასრული შინაური ფრინველი ან პირუტყვი, არ ფლობენ მუშა მდგომარეობაში მყოფ მოძრავ ქონებას (უცხოური (არასაბჭოთა) მსუბუქი, სამგზავრო ან/და სატვირთო ავტომობილი; ტრაქტორი, კომბაინი ან/და თესლის ჩამყრელი აპარატი); ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადაიხადეს 310 ლარი, ბუნებრივი გაზისათვის - 204 ლარი, წყლისათვის - 100,45 ლარი და დასუფთავებაში - 80 ლარი (ს.ფ. 16-23).
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილის პირის მიერ 2017 წლის 14 ოქტომბერს შევსებული ოჯახის დეკლარაციის საფუძველზე, ოჯახის სარეიტინგო ქულა 2017 წლის 13 ნოემბერს განისაზღვრა 77 220 ერთეულით. მისი გათვალისწინებით, ოჯახმა ვერ მოიპოვა ფულადი სოციალური დახმარების - საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება.
4.3. თენგიზ პოლოევმა 2018 წლის 30 იანვრის №---- განცხადებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარადგინა ხ---- ჯ-------ის ადმინისტრაციული საჩივარი, ამავე სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (გლდანი- ნაძალადევი) უფლებამოსილი წარმომადგენელის მიერ 2017 წლის 14 ოქტომბერს შევსებული ოჯახის დეკლარაციაში მონაცემების კორექტირების მოთხოვნით; კერძოდ, მითითებულ ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირდეს: ხ---- ჯ-------ის მდგომარეობა - იგი არის მნიშვნელოვნად გამოხატული (მეორე ჯგუფის) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და ასევე, შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრისის იატაკი არის ბეტონი (ს.ფ. 65).
საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს მიერ 1999 წლის 08 სექტემბერს გაცემული საპენსიო მოწმობის თანახმად, ხ---- ჯ-------ს მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი (მეორე ჯგუფი), უვადოდ. ხ----- ჯ-------ი წარმოადგენს პოლიტ.რეპრესირებულ პირს. (ს.ფ.26).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 31 იანვრის №------- გადაწყვეტილებით, ხ---- ჯ-------ს უარი ეთქვა მონაცემების კორექტირების საკითხის განხილვაზე, კორექტირებისათვის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის გამო (ს.ფ. 14---).
4.4 ხ---- ჯ-------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2015 წლის 13 თებერვალს გაცემული ცნობით დგინდება, რომ მისი ძირითადი დაავადება არის არტერიული ჰიპერტენზია, თანმხლები დაავადება - წელის მიელორადიკულოპათია; გართულებები - გულის უკმარისობა, დისცირკულატორული ენცეფალოპათია; ავადმყოფობის მიმდინარეობა - ქრონიკული. ხ---- ჯ-------ი არის შრომისუუნარო (ს.ფ. 33).
ხ----- ჯ-------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2015 წლის 13 თებერვალს გაცემული ცნობით დგინდება, რომ მისი ძირითადი დაავადება არის არტერიული ჰიპერტენზია, თანმხლები დაავადება - პოლიოსცეოართროზი, კატარაქტა, ქრონიკული ქოლეცისტიტი; გართულებები - ცერებრული უკმარისობა, ონიქომიკოზი; ავადმყოფობის მიმდინარეობა - ქრონიკული (ს.ფ. 31).
4. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების (შემდგომში - „ოჯახი" ან „შინამეურნეობა") კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით.
სასამართლომ განმარტა, რომ ოჯახის სარეიტინგო ქულის გამოთვლისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება თითოეულ სიდიდეს, კოეფიციენტს და შესაბამისად, იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომელსაც ენიჭება კონკრეტული სიდიდე და კოეფიციენტი. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უფლებამოსილი პირის მეშვეობით ზუსტად ასახოს განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა/ფიზიკური მდგომარეობა, მისი სტატუსი და სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სხვა მონაცემები, მათ შორის, საცხოვრისის მდგომარეობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისეთი მცდარი და დაუზუსტებელი მონაცემის ასახვა, რომელიც საბოლოო შედეგზე - სარეიტინგო ქულაზე მოახდენს ზეგავლენას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით მონაცემთა ბაზაში შესატანი მონაცემების კორექტირების შესაძლებლობა გააჩნია ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებიდან მომდევნო 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში ან დაინტერესებული მხარის მიმართვის შემთხვევაში, თუ ეს მიმართვა გაკეთებულია აქტის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი, სააგენტო უფლებამოსილია, მონაცემთა კორექტირების მიზნით, საკუთარი ინიციატივით განახორციელოს რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება 90 დღიანი ვადის გასვლის გამო მონაცემთა კორექტირების საკითხის შეუძლებლობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნა:
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში.
6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს იმ განმარტებას, რომ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა გამოსცეს ახალი აქტი.
საჩივრის ავტორის განმარტებით, ხ---- ჯ-------ის ოჯახში 2017 წლის 14 ოქტომბერს განხორციელდა ვიზიტი სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ. ოჯახის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, შეივსო ოჯახის დეკლარაცია. დეკლარირებულ ინფორმაციას, როგორც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი დ---- ჯ-------ი გაეცნო, დაეთანხმა და დაადასტურა ხელმოწერით.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი კორექტირებისთვის განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2018 წლის 14 იანვარს. განმარტავს, რომ აღნიშნულ პერიოდამდე მხარეს უნდა მიემართა სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულისთვის მონაცემების კორექტირების მოთხოვნით და წარედგინათ მათ სასარგებლოდ არსებული დოკუმენტური მტკიცებულებები, რაც არ განხორციელებულა. წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულის გამოთვლა ხორციელდება ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული) მონაცემების საფუძველზე და მიაჩნია, რომ არ არსებობს ოჯახის ხელახლა შესწავლის საფუძველი.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
უპირველესად, პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გასაჩივრებულია ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად პალატა მსჯელობს მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილზე.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ - ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ წესზე, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ხ---- ჯ-------ის ოჯახის დეკლარაციის შედგენა განახორციელა გამოკითხვის პროცესში ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის - დ---- ჯ-------ის მიერ დადასტურებული იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც ოჯახის ერთ - ერთი წევრი - ხ---- ჯ-------ი სადავოდ ხდის, კერძოდ, ინფორმაციას მისი საცხოვრებელი ფართის მდგომარეობისა და უშუალოდ ხ---- ჯ-------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
დადგენილია, რომ 2017 წლის 14 ოქტომბერს შევსებულ ოჯახის დეკლარაციაში საცხოვრისის ფართად მითითებულია 95 კვ.მ, სადაც იატაკი არის პარკეტის, ხოლო ხ---- ჯ-------ის სპეციალურ სტატუსად და კატეგორიად მხოლოდ - „მარტოხელა არამომუშავე პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები“.
განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 14 ოქტომბერს შევსებული ოჯახის დეკლარაცია და მის საფუძველზე 2017 წლის 13 ნოემბერს მინიჭებული ოჯახის სარეიტინგო ქულა 2018 წლის 30 იანვარს სადავო გახადა ზემდგომ თანამდებობის პირთან - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელთან და მოითხოვა მითითებულ ოჯახის დეკლარაციაში მონაცემების კორექტირება. ასევე, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 31 იანვრის №------- გადაწყვეტილებით ხ---- ჯ-------ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, კანონით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო.
პალატა მიუთითებს, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ წესის მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ან რეგისტრაციის მაძიებელი ოჯახის იმ მონაცემების კორექტირება, რომელთა შეცვლაც გამოიწვევს სარეიტინგო ქულის ცვლილებას, შესაძლებელია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებიდან, მომდევნო 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში. ამ კორექტირებასთან დაკავშირებით, სააგენტოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში დაშვებული შეცდომის (ხარვეზის) გამოსწორების მიზნით, შესაბამისი ცვლილების/დამატების შეტანა შესაძლებელია ამავე პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, ან დაინტერესებული მხარის მიმართვის შემთხვევაში, თუ ეს მიმართვა გაკეთებულია აქტის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, კორექტირება დასაშვებია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების საფუძველზე.
აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით მონაცემთა ბაზაში შესატანი მონაცემების კორექტირების შესაძლებლობა გააჩნია ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებიდან მომდევნო 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში ან დაინტერესებული მხარის მიმართვის შემთხვევაში, თუ ეს მიმართვა გაკეთებულია აქტის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი, სააგენტო უფლებამოსილია, მონაცემთა კორექტირების მიზნით, საკუთარი ინიციატივით განახორციელოს რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება 90 დღიანი ვადის გასვლის გამო მონაცემთა კორექტირების საკითხის შეუძლებლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საპროცესო ვალდებულებაზე და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ანალოგიური შინაარსის დებულებებია წარმოდგენილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლში, რომელიც ადგენს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლო მითითებული საპროცესო ნორმების პრინციპებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს საქმის განხილვის პროცესში ენიჭება არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის ან წარმოდგენილი ფაქტების უარმყოფელი გარემოებების წარმოუდგენლობის პირობებში გადაწყვეტილებით მიღებული უარყოფითი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო და ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება;
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -