განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310018002296496
საქმე N3ბ/1938-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;
წარმომადგენელი - ს----- ბ-------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ---- მ–------ე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა - ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე - საბურთალოს სერვის ცენტრის 2017 წლის 21 დეკემბრის №------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.2. სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს მოსარჩელე ნ---- მ–------ის სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურება 2018 წლის 1 იანვრიდან, 2018 წლის 1 მაისამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურების საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ნ---- მ–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა - ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე - საბურთალოს სერვის ცენტრის 2017 წლის 21 დეკემბრის №------ გადაწყვეტილება. სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე ნ---- მ–------ის სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურება 2018 წლის 1 იანვრიდან, 2018 წლის 1 მაისამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. მოსარჩელე ნ---- მ–------ე, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით აღრიცხვაზე იმყოფებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე - საბურთალოს სერვის ცენტრში და იღებდა შესაბამის სახელმწიფო გასაცემელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. (ს.ფ. 51).
2017 წლის 29 დეკემბერს, ერთი მხრივ, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, სსიპ ქალაქ თბილისის №--- საჯარო სკოლას და მოსარჩელე ნ---- მ–------ეს შორის, დაიდო შრომითი ხელშეკრულება მანდატურის მომსახურებასთან დაკავშირებით. (ს.ფ. 45-49).
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ---- მ–------ე ახორციელებდა საჯარო საქმიანობას და გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მისთვის სახელმწიფო გასაცემლის 2018 წლის 1 იანვრიდან შეწყვეტის შესახებ. (ს.ფ.15)
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ნორმის სიტყვა-სიტყვითი, სისტემური და ლოგიკური განმარტების მეთოდით შეფასების შედეგად მოცემულ შემთხვევაში, სოციალური პაკეტის შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში საქმიანობა იმ შემთხვევაში იქნება, თუ პირი ანაზღაურებად, შრომით საქმიანობას არ ეწევა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
სასამართლომ განმარტა, რომ მანდატური ანაზღაურებად შრომით - სამართლებრივ ურთიერთობაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან - საჯარო სკოლასთან იმყოფება, რის გამოც მისი საქმიანობა, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის მიზნებისათვის, არ უნდა იქნეს მიჩნეული საჯარო საქმიანობად, რომელიც სოციალური პაკეტის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე ნ---- მ–------ეს სოციალური პაკეტი შეუწყდა საჯარო საქმიანობის საფუძვლით იმ პირობებში, როდესაც იგი „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ საჯარო საქმიანობას არ ეწეოდა.
იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ ბათილად ცნო „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე - საბურთალოს სერვის ცენტრის 2017 წლის 21 დეკემბრის №------ გადაწყვეტილება, ასვე საფუძვლიანად მიიჩნია მოთხოვნა - სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, მოსარჩელე ნ---- მ–------ის სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის (2018 წლის 1 იანვრიდან, 2018 წლის 1 მაისამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით) ანაზღაურების დავალების თაობაზე.
6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნა:
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
7.1. სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან სოციალური მომსახურების სააგენტოს მიეწოდება ინფორმაცია საჯარო სამსახურსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან დასაქმებული ფიზიკური პირების შესახებ, ამ ინფორმაციაში არ არის გამიჯნული მუშაობის პერიოდში გასაცემლების მიღების შეღავათის მქონე დაწესებულებები და მათი საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო პროფილი.
აპელანტი აღნიშნავს, რომ საჯარო სკოლებში მომუშავე მანდატურების დამსაქმებელი არის სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, შესაბამისად, მათზე ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთათვის დადგენილი სახელმწიფო გასაცემლით უზრუნველყოფის შემზღუდავი პირობები.
წარმომადგენელი აპელირებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე სადაც მითითებულია, რომ ზოგადად ამოწურვადი რესურსები, მათ შორის სახელმწიფო სახსრების დაზოგვა წარმოადგენს მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს, სადაც სახელმწიფო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, საკუთარი შეხედულებით მოახდინოს ამ სახსრების განკარგვა. ამოწურვადი სახელმწიფო რესურსები, როგორიცაა სახელმწიფო ბიუჯეტი, უნდა მოხმარდეს სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილებით ადამიანის უფლებათა გარკვეულ დაკმაყოფილებას.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სოციალური დახმარების ერთ - ერთი სახეა საარსებო შემწეობა. ამავე მუხლის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
პალატა მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).
პალატა ყურადღებას ამახვილებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის პირველ პუნქტზე და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ კანონის შესაბამისად, სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძველია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა.
პალატა აქვე მიუთითებს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს შეზღუდვებს სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა.
განსახილველ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ნ---- მ–------ე, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით აღრიცხვაზე იმყოფებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე - საბურთალოს სერვის ცენტრში და იღებდა შესაბამის სახელმწიფო გასაცემელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.
ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, სსიპ ქალაქ თბილისის №--- საჯარო სკოლას და ნ---- მ–------ეს შორის, დაიდო შრომითი ხელშეკრულება მანდატურის მომსახურებასთან დაკავშირებით, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიიჩნია, რომ ნ---- მ–------ე ახორციელებდა საჯარო საქმიანობას და გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისთვის სახელმწიფო გასაცემლის 2018 წლის 1 იანვრიდან შეწყვეტის შესახებ.
პალატა აღნიშნავს, რომ „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა - პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებებისა და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებლებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, რომლის შესახებაც ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, შეთანხმებული ფორმატით.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მითითებული ნორმის სიტყვა - სიტყვითი, სისტემური და ლოგიკური განმარტების მეთოდით შეფასების შედეგად სოციალური პაკეტის შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში საქმიანობა იმ შემთხვევაში იქნება, თუ პირი ანაზღაურებად, შრომით საქმიანობას არ ეწევა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
პალატა მიუთითებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და მე-31 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს (შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური), რომლის ამოცანაა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მანდატურის შრომითი - სამართლებრივი ურთიერთობა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან - საჯარო სკოლასთან, წარმოიშობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების - საჯარო სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული, სათანადო სამართლებრივი აქტის საფუძველზე და მისი საქმიანობის სფეროს, სწორედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში - საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა წარმოადგენს. შესაბამისად, მანდატური, ანაზღაურებად შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან - საჯარო სკოლასთან იმყოფება, რის გამოც მისი საქმიანობა, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის მიზნებისათვის, არ უნდა იქნეს მიჩნეული საჯარო საქმიანობად, რომელიც სოციალური პაკეტის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველია.
ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ აპელანტის იმ განმარტებას, რომ საჯარო სკოლებში მომუშავე მანდატურების დამსაქმებელი არის სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, შესაბამისად მათზე ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთათვის დადგენილი სახელმწიფო გასაცემლით უზრუნველყოფის შემზღუდავი პირობები.
პალატა ეთანხემება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, ნ---- მ–------ეს სოციალური პაკეტი შეუწყდა საჯარო საქმიანობის საფუძვლით იმ პირობებში, როდესაც იგი „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ საჯარო საქმიანობას არ ეწეოდა.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საპროცესო ვალდებულებაზე და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ანალოგიური შინაარსის დებულებებია წარმოდგენილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლში, რომელიც ადგენს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლო მითითებული საპროცესო ნორმების პრინციპებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს საქმის განხილვის პროცესში ენიჭება არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის ან წარმოდგენილი ფაქტების უარმყოფელი გარემოებების წარმოუდგენლობის პირობებში გადაწყვეტილებით მიღებული უარყოფითი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო და ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შედეგად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
9. პროცესის ხარჯები:
9.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 24-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -