განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.09.2018
საქმის ნომერი
330310018002289722
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310018002289722

საქმე №3ბ/1794-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - გ----- მ--------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება;

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ----- მ--------ის სასარგებლოდ წარმოშობილი სახელფასო დავალიანების 1244.77 ლარის ანაზღაურება.

 

1.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისროს დაყოვნებული ხელფასის 0,07% გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

გ----- მ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 4 ივლისის ცნობის თანახმად, გ----- მ--------ის მიმართ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ირიცხება 1998, 1999, 2000 წლებში მიუღებელი დავალიანება რომელიც შეადგენს 1244.77 ლარს (ს.ფ.14).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფო ცალსახად განსაზღვრავდა საჯარო მოსამსახურეთა უფლებას მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან, კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელი იყო. სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედებული კანონი აღარ ითვალისწინებს აღნიშნულ დანაწესს და შესაბამისად, აღნიშნული რეგულაცია აღარ არსებობს.

 

პირველი ინსტაციის სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში არ იქნა წარდგენილი ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გ----- მ--------ეს მიმართული ჰქონდა მოპასუხე მხარისათვის 2017 წლის 1 ივლისამდე მისი 1998-1999--000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით და რომ მან თავისი უფლების რეალიზაცია განახორციელა. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-- ნაწილზე, რომლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.

 

6. გ----- მ--------ის სააპელაციო მოთხოვნა:

 

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.

 

6.1. გ----- მ--------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ხანდაზმულობის ვადის გასვლის ფაქტი და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მას. აპელირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-129-ე მუხლებზე, ასევე ამავე კოდექსის 130-ე მუხლზე და განმარტავს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სადავო ურთიერთობის დროს მომწესრიგებელი ნორმები და არა სარჩელის წარდგენის დროს არსებული საკანონმდებლო რეგულაცია.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-- ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ და მე-- ნაწილებზე და მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ -სამართლებრივ და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის ძირითადი არსი უკავშირდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის არასწორ გამოყენებას, ანუ არასწორ სამართლებრივ შეფასებას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს, მიუთითებს მათზე, ხოლო სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

პალატას დადგენილად მიაჩნია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით - სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად ის წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და შრომით - სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“.

 

სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. ”სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, მუშაკის შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე, ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმა მოსარჩელეს, როგორც მოთხოვნის უფლების მქონე პირს, ანიჭებს შესაძლებლობას მოითხოვოს სახელმწიფოსგან მიუღებელი შრომითი გასამრჯელო - ხელფასი.

 

პალატა განმარტავს, რომ სადავო პერიოდში ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული შრომითი ურთიერთობები. აღნიშნული კანონის 37-ე მუხლი წარმოადგენს იმ მავალდებულებელ სამართლებრივ საფუძველს, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, სწორედ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება წარმოადგენდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველს.

 

განსახილველ შემთხვევაში გ----- მ--------ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 1998-1999--000 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება, რაც შეადგენს 1244.77 ლარს. ასევე მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაყოვნებული ხელფასის 0,07% გადახდის დაკისრება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის 24 მაისის N------ წერილით, გ----- მ--------ეს ეცნობა, რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად შესაბამისი ასიგნებები არ არის გამოყოფილი, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა.

 

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-- ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2017 წლის 4 ივლისის M---------------- ცნობით, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ გ----- მ--------ის მიმართ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ირიცხება 1998, 1999, 2000 წლებში მიუღებელი დავალიანება (ხელფასი, კვება, პრემია) რომელიც შეადგენს 1244.77 ლარს.

 

სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება. ამავე ნორმის დანაწესით, იგი არ შეიცავს საჯარო მოსამსახურისათვის განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველზე. კერძოდ, საქმის განმხილველმა სასამართლომ განმარტა, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფო ცალსახად განსაზღვრავდა საჯარო მოსამსახურეთა უფლებას მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელი იყო. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედებული კანონი აღარ ითვალისწინებს აღნიშნული დანაწესს და შესაბამისად აღნიშნული რეგულაცია აღარ არსებობს.

 

დღეს მოქმედ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ზემოაღნიშნული ჩანაწერის არარსებობის მიუხედავად, პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას, რადგან ახალი კანონით გაუარესდა პირთა მდგომარეობა - მოითხოვონ წარსული პერიოდის დავალიანების ანაზღაურება, ხოლო ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ამგვარ კანონს უკუძალა ვერ მიენიჭება. ამდენად, პირს მაინც აქვს უფლება მოითხოვოს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. გარდა ამისა, დავალიანების ანაზღაურების შესაძლებლობის ძველ კანონში პირდაპირ მიუთითებლობა ისედაც ვერ დააბრკოლებდა პირის უფლებას მოეთხოვა ასეთი ანაზღაურების დაკისრება, რადგან ამგვარი რამ დაარღვევდა კონსტიტუციურ პრინციპს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების თაობაზე.

 

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მსჯელობას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის შემოღებით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ამა თუ იმ ვადის გასვლით, მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, მოეხდინა მისი მოთხოვნის იძულებით აღსრულება. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-- ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2017 წლის 4 ივლისის M---------------- ცნობაზე, რომლითაც გ----- მ--------ეს ეცნობა, რომ მისი 1998, 1999, 2000 წლების სახელფასო დავალიანება ხელზე გასაცემი თანხა შეადგენს სულ -1244,77 ლარს. აღნიშნული წერილი, პალატის მოსაზრებით, ცალსახად წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დავალიანების აღიარებს.

 

პალატა განმარტავს, რომ მართალია საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-- ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2017 წლის 4 ივლისის M---------------- ცნობით დავალიანების აღიარება მოხდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-- და მე-3 ნაწილები ცალსახად ადგენენ, რომ თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც.

 

პალატა განმარტავს, რომ ვალდებული პირის მიერ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალის აღიარების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან იწყება და მოვალეს უფლება არ აქვს უარი განაცხადოს ვალდებულების შესრულებაზე. განსახილველ შემთხვევაში, ვალი აღიარებულია 2017 წლის 4 ივლისს, რა დროიდანაც ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო თავიდან, ხოლო სარჩელი აღძრულია 2018 წლის 5 თებერვალას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

 

პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-- ნაწილის თანახმად, ვალდებული პირის მიერ ხანდაზმული მოთხოვნის შესრულების შემდეგ მას არა აქვს უფლება, მოითხოვოს შესრულების დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. აღნიშნული დანაწესი სწორედ სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პრინციპიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმადაც, ხანდაზმული მოთხოვნა, მართალია, განუხორციელებადია, მაგრამ ის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ გარკვეულ გარემოებათა არსებობისას შესრულებადი რჩება. ხანდაზმულობის ვადის გასვლისას 144-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დადგენილი შედეგები მაშინაც დგება, როდესაც ვალდებული პირი აღიარებს ვალს და კრედიტორი ვალდებულების უზრუნველსაყოფად განახორციელებს შესაბამის ქმედებას ან გამოიყენებს ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებებს.

 

რაც შეეხება მოთხოვნას, დაყოვნებული ხელფასის 0,07% გადახდის დაკისრებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის, პალატა განმარტავს შემდეგს:

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით, ხოლო საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

ამდენად, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი არ კრძალავს შრომის კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენებას საჯარო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობერბში, არც რაიმე განსხვავებულ წესს ადგენს ამ თვალსაზრისით და უდავოა, რომ ამ ნაწილში საქართველოს შრომის კოდექსი ვრცელდება მოცემულ სადავო ურთიერთობაზე; იქედან გამომდინარე, რომ სარჩელი საფუძვლიანია 1998, 1999, 2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, იმავე სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე, საფუძვლიანია მოთხოვნა ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტ გ----- მ--------ის სააპელაციო მოთხოვნა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ წარმოშობილი სახელფასო დავალიანების - 1244.77 ლარის ანაზღაურებისა და ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. გ----- მ--------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. გ----- მ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს გ----- მ--------ის სასარგებლოდ მისთვის 1998, 1999, 2000 წლების სახელფასო დავალიანების - 1244.77 ლარის ანაზღაურება. ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს გ----- მ--------ის სასარგებლოდ დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის სრულად მიღებამდე.

 

5. მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -