განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017002127141
საქმე N3ბ/1908-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - თ------ ქ-------;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 29 მარტის ოქმი, ოჯახის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 08 სექტემბრის N-------- გადაწყვეტილება;
1.3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ აღადგინოს თ------ ქ-------ს რეგისტრაცია ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში’’ შეწყვეტამდე არსებული მდგომარეობით;
1.4. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლის შემდეგ თ------ ქ-------სათვის შეწყვეტილი საარსებო შემწეობის თანხის ანაზღაურება 2017 წლის 29 მარტიდან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში’’ აღდგენის დღემდე;
1.5. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თ------ ქ-------სათვის მიყენებული ზიანის 5800 ლარის ანაზღაურება, ხარჯის, რომელიც გაწია გერმანიაში კლინიკამდე ორმხრივი ფრენისათვის და ცხოვრებისათვის.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებლებს და განმარტეს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით თ------ ქ-------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის - სოციალური აგენტის მიერ 2017 წლის 16 იანვარს შემოწმდა თ------ ქ-------ს ოჯახი და შეივსო „ოჯახის დეკლარაცია“. ოჯახის უფლებამოსილ პირთან - თ------ ქ-------სთან გასაუბრების შედეგად „ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირდა, რომ მისი ოჯახი შედგება ერთი წევრისაგან და იგი ცხოვრობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისში, გ-–-----ს მე-- მ/რ, კორპ.---, ბინა---. თ------ ქ-------ს საცხოვრისი შეადგენს 32 კვ.მ-ს და მისი იატაკი ძირითადად არის პარკეტის. მას არ გააჩნია არცერთი ჩამოთვლილი (ავტოფარეხი, მარანი/სამზადი, დაუმთავრებელი სახლი ან სხვა ნაგებობა, სამეურნეო ნაგებობები (სახელოსნო, ბოსელი, ნალია და სხვა), სარდაფი, კომერციული ფართი) უძრავი ქონება. ძირითადი საცხოვრებელის გარდა ფლობს 60,06 კვ.მ. ფართის ბინას/სახლს/აგარაკს. ამავე დეკლარაციაში ფიზიკური მდგომარეობის გრაფაში დაფიქსირდა, რომ თ------ ქ------- არ მიეკუთვნება არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას („სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი“, „დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია/და ან საჭიროებს მომვლელს“, და ა.შ.), ხოლო სპეციალური სტატუსისა და კატეგორიის გრაფაში - თ------ ქ------- არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (II ჯგუფი), მარტოხელა არამომუშავე პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები. თ------ ქ-------ს ჰყავს ერთი სრულწლოვანი შვილი, რომელიც არ ცხოვრობს მის ოჯახში. მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, მის შემოსავალს შეადგენს: სახელმწიფო პენსია - 180 ლარის ოდენობით, ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 60 ლარი და სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალი - 370 ლარი. ოჯახი ფლობს 0,0276 სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, არ ფლობს მუშა მდგომარეობაში მყოფ მოძრავ ქონებას და არ ჰყავს ზრდასრული შინაური ფრინველი ან პირუტყვი. წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში არ მოუხმარია ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი. აღნიშნულ დეკლარაციაში ასახულ ინფორმაციას გაეცნო, დაეთანხმა და ხელმოწერით დაადასტურა თ------ ქ-------მ.
სააგენტოს უფლებამოსილმა პირის ოჯახის შეფასებით ოჯახის მიწოდებული ინფორმაცია არის სანდო, ხოლო ოჯახი შეფასდა როგორც „ღატაკი“.
„ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე თ------ ქ-------ს ოჯახს 2017 წლის 25 თებერვალს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 1000 ერთეულით. ოჯახი 2016 წლის თებერვლიდან საარსებო შემწეობას ყოველ თვე იღებდა 60 ლარს, ხოლო 2017 წლის 01 მარტს მიიღო - 120 ლარი.
4.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური აგენტის მიერ 2017 წლის 16 იანვარს თ------ ქ-------ს ოჯახის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 0-----------) სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის - თ------ ქ-------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას - არასწორი ინფორმაციის მიწოდებას. კერძოდ, საცხოვრებელი სახლის საერთო ფართობი ნაცვლად 61 კვ.მ-ისა, „ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირდა 32 კვ.მ., ხოლო სარდაფი საერთოდ არ არის მითითებული. შესაბამისად, 2017 წლის 29 მარტს განხორციელდა მისი ოჯახისთვის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის გაუქმება და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ხელახალი რეგისტრაციის აკრძალვა.
4.3. თ------ ქ-------მ 2017 წლის 16 აგვისტოს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ 2017 წლის 29 მარტს შევსებული „ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ ოქმის ბათილად ცნობა. აღნიშნული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა განხორციელდა მხარეების - თ------ ქ-------სა და თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (გ-–------ნაძალადევი) მონაწილეობით.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 08 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ------ ქ-------ს ადმინისტრაციული საჩივარი. კერძოდ, თ------ ქ-------ს უარი ეთქვა სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ 2017 წლის 29 მარტს შევსებული „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ ოქმის ბათილად ცნობაზე. ამავე გადაწყვეტილებით თ------ ქ-------ს ოჯახს მოეხსნა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვა.
4.4. „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ „სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიერ 2017 წლის 03 თებერვლის №- სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება - გერმანიის ქალაქ მ-------ის კლინიკაში მოქალაქე თ------ ქ-------ს სამედიცინო მომსახურების - 14600 ლარის (5000 ევროს ექვივალენტით) დაფინანსების შესახებ.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, 2017 წლის 06 აპრილს რეფერალური კომისიის მიერ გამოყოფილი თანხა სრულად (5637,06 ევრო) გადარიცხა თ------ ქ-------ს 2017 წლის 16 იანვრის №---- განცხადებით წარდგენილ საბანკო რეკვიზიტებზე, რაც დაფიქსირებული იყო „მ----------ას“ სატიტულო ფურცელზე დაფიქსირებული კლინიკის (,,ლ---------------–----- ს----–--------–-----“) კალკულაციაზე. გადარიცხული თანხის იდენტიფიცირების მიზნით პაციენტს ხელზე გადაეცა გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - სავალუტო საგადახდო დავალება.
რეფერალური კომისიის მიერ გამოყოფილი თანხა დაწესებულებამ („მ----------ა“) 2017 წლის 12 აპრილს უკან დააბრუნა, ვინაიდან დაწესებულებაში მისულმა პაციენტმა თ------ ქ-------მ უარი განაცხადა მისთვის არასასურველი ექიმის მიერ სამედიცინო დახმარების გაწევაზე და მოითხოვა თანხის პირადად მისთვის გადაცემა .
4.5. თ------ ქ------- 2017 წლის 10 აპრილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრა მ-------ის მიმართულებით, საიდანაც საქართველოში, ქ. თბილისში დაბრუნდა 2017 წლის 09 ივლისს. მითითებული მიმართულებებით მგზავრობის მიზნით მან ელექტრონულ ბილეთებში გადაიხადა 1315,00 ლარი.
თ------ ქ-------მ მ-------ში მდებარე სასტუმროში „ც-------- ჰ-------–ში“ ნაღდი ანგარიშსწორების გზით 2017 წლის 10 აპრილიდან 14 აპრილამდე პერიოდში გადაიხადა 290 ევრო, 2017 წლის 14-15 აპრილს - 59 ევრო, ხოლო სასტუმრო „ა---–-----ში“ 2017 წლის 15 აპრილიდან 21 აპრილამდე - დღეში 40 ევრო და ასევე, 17 აპრილს – 19,43 ევრო.
4.6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის 29 მაისის №-------- და 10 ოქტომბრის №-------- წერილებით თ------ ქ-------ს ეცნობა, რომ „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისია“ მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა 2017 წელს, ვინაიდან ამავე კომისიის 2017 წლის 03 თებერვლის №- სხდომაზე დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა დაფინანსების წლიური ლიმიტის სრული მოცულობით.
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს, ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას არასწორი და/ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში, შეუწყვიტოს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში ან უარი უთხრას მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე ან აუკრძალოს ოჯახს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. რეგისტრაციის შეწყვეტის/რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, ოჯახის განაცხადი ავტომატურ რეჟიმში ძალას კარგავს მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და აღნიშნა, რომ ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით დადგინდა ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ „ოჯახის დეკლარაციის“ შევსებისას არასწორი ინფორმაციის მიწოდება სოციალური აგენტისათვის, აღნიშნული წარმოადგენდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტისა და ერთი წლის განმავლობაში რეგისტრაციის აკრძალვის საფუძველს. ასევე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რამდენადაც საქმეში არსებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად არ გამოვლინდა 2017 წლის 29 მარტს შევსებული „ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები, სასარჩელო მოთხოვნები - დაევალოს მოპასუხეს საქმის გარემოებების შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი თ------ ქ-------ს მიმართ სოციალური დახმარების აღდგენისა და 2017 წლის 29 მარტიდან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის აღდგენის დღემდე, უსაფუძვლოდ შეწყვეტილი სოციალური დახმარების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქმის განმხილველმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების ერთ -ერთ სავალდებულო პირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ე.ი. მის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, რაც სათანადო წესით უნდა იყოს დადასტურებული. ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის კი კუმულატიურად უნდა არსებობდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა. ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით სასამართლომ დადასტურებულად ვერ მიიჩნია სამინისტროს ქმედების უკანონობის ფაქტი. ასევე განმარტა, რომ შეუძლებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი მის ქმედებასა და მოსარჩელის თ------ ქ-------ს მიერ განცდილ მატერიალურ ზიანს შორის.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალოს თ------ ქ-------სათვის მიყენებული ზიანი - ხარჯი, რომელიც გაწია გერმანიაში კლინიკამდე ორმხრივი ფრენისათვის და ცხოვრებისათვის - 5800 ლარის ანაზღაურება, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან გერმანიის ქალაქ მ-------ის კლინიკაში მისულმა თ------ ქ-------მ უარი თქვა მისთვის არასასურველი ექიმის მიერ სამედიცინო დახმარების გაწევაზე და მოითხოვა თანხის პირადად მისთვის გადაცემა, ამ დაწესებულებამ რეფერალური კომისიის მიერ გამოყოფილი თანხა 2017 წლის 12 აპრილს უკან დააბრუნა, რის გამოც მოსარჩელემ ფაქტობრივად ვერ შეძლო მისთვის გამოყოფილი თანხით სარგებლობა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ მიუთითა და ვერ წარადგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც იგი დაადასტურებდა სასარჩელო მოთხოვნის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობას.
6. თ------ ქ-------ს სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
6.1. თ------ ქ-------ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასებისა და შემდგომ მათთვის სოციალური დახმარების დასანიშნად გამოიყენება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით, "სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე" და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანებით "მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე" განსაზღვრული ნორმები. აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლს შედეგს 2017 წლის 29 მარტის ოქმისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 08 სექტემბრის N-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე, ასევე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეში არ იკვეთება მოპასუხის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქმედების უკანონობის ფაქტი და რომ შეუძლებელია დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მის ქმედებასა და მისთვის მიყენებულ ზიანს შორის, ვინაიდან აპელანტის მოსაზრებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ძირითადი მიზანი მოსახლეობის სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენის მხარდაჭერა, მოქალაქეთათვის გაწეული მომსახურების ხარისხის ამაღლება, სერვისის დახვეწა, უფრო მოქნილი, მარტივი და სწრაფ, მოსახლეობისთვის ადვილად ხელმისაწვდომ მექანიზმზე გადაყვანაა.
სააპელაციო საჩივარში აპელანტი მიუთითებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, მათ შორისაა რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა. განმარტავს, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2017 წლის 3 თებერვალს N- სხდომაზე სოციალური მომსახურების სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება მისი წერილის საფუძველზე დაეფინანსებინა საზღვარგარეთ მკურნალობა და საკურნალოდ გამოყოფილი იქნა 14600 ლარი, რომელიც გადაირიცხა ფირმა "მ----------აში". აპელანტის განმარტებით, გერმანიაში ჩასვლის შემდგომ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისთვის განკუთვნილი თანხა არ იყო ჩარიცხული, რის გამოც აღმოჩნდა მკურნალობის გარეშე. მიიჩნევს, რომ სააგენტოს მხრიდან ადგილი ჰქონდა არამართლზომიერ ქმედებას, კერძოდ სხვა კლინიკაში გადაირიცხა თანხა, რის გამოც ვერ შეძლო რეფერალური დახმარების - მისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა. მიუთითებს, რომ გერმანიაში მგზავრობის უზრუნველსაყოფად მოუხდა თანხის სესხად აღება, რამაც კიდევ უფრო გააუარესა მისი ფინანსური მდგომარეობა. მიაჩნია, რომ აღნიშნული არამართლზომიერი ქმედებით სააგენტომ მიაყენა ზიანი.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.
აღნიშნული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე, რომლის მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ადგენს, რომ მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას.
პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებაზე, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაცია და/ან სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის დადგენა ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ. ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც. ოჯახის დეკლარაცია ივსება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახში ვიზიტის დროს.
ამავე წესის მე-- მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოჯახის დეკლარაციის შევსების დაწყებამდე, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა განუმარტოს უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომ ინტერვიუირების შედეგად დეკლარირებული ინფორმაცია ექვემდებარება გადამოწმებას და არასწორი ან ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, ოჯახს შეიძლება შეუწყდეს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში. რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში ოჯახის განაცხადი მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად ძალას კარგავს ავტომატურად, ხოლო ოჯახი კარგავს უფლებას, განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ოჯახის დეკლარაციის შევსებამდე, სააგენტოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოიძიოს ოჯახის შესახებ მისთვის საჭირო ინფორმაცია ნებისმიერი წყაროდან (მაგ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ამ ოჯახის შემადგენლობის, უძრავი ქონების – მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესახებ) და ინტერვიუირების პროცესში შეადაროს იგი ოჯახის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. შეუსაბამობის შემთხვევაში მიუთითოს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს ინფორმაციის უზუსტობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თ------ ქ-------მ 2017 წლის 16 იანვარს სოციალურ აგენტს „ოჯახის დეკლარაციის“ შევსებისას მიაწოდა არასრულყოფილი ინფორმაცია საკუთრებასა და მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით, კერძოდ, არ მიუთითა საცხოვრისის ზუსტი მონაცემები, ფართის ოდენობა და ასევე, სარდაფი. აღნიშნული სადავოდ არ გაუხდია თავად მოსარჩელეს იმ დროს, როდესაც „ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირებული არასწორი მონაცემების სინამდვილეს იგი ადასტურებდა ამავე „ოჯახის დეკლარაციაზე“ ხელმოწერით.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს, ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას არასწორი და/ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში, შეუწყვიტოს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში ან უარი უთხრას მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე ან აუკრძალოს ოჯახს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. რეგისტრაციის შეწყვეტის/რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, ოჯახის განაცხადი ავტომატურ რეჟიმში ძალას კარგავს მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად.
პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ „ოჯახის დეკლარაციის“ შევსების დროს სააგენტოს უფლებამოსილი პირი სარეიტინგო ქულის მინიჭების დროს დაეყრდნო მხოლოდ განმცხადებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც არ იყო სრულყოფილი. ასევე დადგენილია, რომ შევსებული „ოჯახის დეკლარაციის“ მონაცემებზე დაყრდნობით მინიჭებული სარეიტინგო ქულის განსაზღვრის შემდეგ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა დამატებით მოიძია მოსარჩელის ოჯახის შესახებ ობიექტური ინფორმაცია და სუბიექტურ ინფორმაციასთან შედარებისას დაადგინა რიგი ცვლილებები. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სოციალურმა აგენტმა 2017 წლის 29 მარტს განახორციელა თ------ ქ-------ს ოჯახში ვიზიტი და გამოავლინა, რომ 2017 წლის 16 იანვრის „ოჯახის დეკლარაციაში“: A7 გრაფაშ „ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა უძრავ ქონებას ფლობთ“ ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ოჯახს არ გააჩნია არცერთი ჩამოთვლილი (ავტოფარეხი, მარანი/სამზადი, დაუმთავრებელი სახლი ან სხვა ნაგებობა, სამეურნეო ნაგებობები (სახელოსნო, ბოსელი, ნალია და სხვა), სარდაფი, კომერციული ფართი) უძრავი ქონება; ასევე, A8 გრაფაში „რამდენია შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართობი“ მითითებულია 32 კვ.მ. ნაცვლად მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირებული 61 კვ.მ-ისა. შესაბამისად, 2017 წლის 29 მარტს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლების მიერ შედგა ოქმი „ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს პოზიცია და მართებულად აღნიშნა, რომ ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით დგინდება ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ „ოჯახის დეკლარაციის“ შევსებისას არასწორი ინფორმაციის მიწოდება სოციალური აგენტისათვის, აღნიშნული წარმოადგენდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტისა და ერთი წლის განმავლობაში რეგისტრაციის აკრძალვის საფუძველს.
7.2. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 08 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილება, რომლითაც თ------ ქ-------ს ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს აღნიშნულ ნაწილშიც და განმარტავს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რამდენადაც საქმეში არსებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად არ გამოვლინდა 2017 წლის 29 მარტს შევსებული „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი. უფრო მეტიც, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ გაითვალისწინა, რომ თ------ ქ------- არის 73 წლის, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერი, რომლის შემოსავალსაც წარმოადგენდა პენსია 180 ლარი და საარსებო შემწეობა - შეწყვეტამდე 60 ლარი, ასევე, აქვს მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები, ხოლო ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტამდე ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრებოდა 1000 ერთეულით და მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული თ------ ქ-------ს ოჯახს მოეხსნას „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვა, რის შემდგომაც პირველადი განაცხადის საფუძველზე, მის ოჯახს მიეცემა ბაზაში ხელახალი რეგისტრაციის უფლება.
ამდენად, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები, სასარჩელო მოთხოვნები - დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალურ მომსახურების სააგენტოს საქმის გარემოებების შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი თ------ ქ-------ს მიმართ სოციალური დახმარების აღდგენისა და 2017 წლის 29 მარტიდან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის აღდგენის დღემდე, უსაფუძვლოდ შეწყვეტილი სოციალური დახმარების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.
პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამრიგად, ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ე.ი. მის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, რაც სათანადო წესით უნდა იყოს დადასტურებული. ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის კი კუმულატიურად უნდა არსებობდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა.
მხარის მოთხოვნაზე მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალოს თ------ ქ-------სათვის მიყენებული ზიანი - ხარჯი, რომელიც გაწია გერმანიაში კლინიკამდე ორმხრივი ფრენისათვის და ცხოვრებისათვის - 5800 ლარის ანაზღაურება, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქმედების უკანონობის ფაქტი, შეუძლებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი მის ქმედებასა და მოსარჩელის თ------ ქ-------ს მიერ განცდილ მატერიალურ ზიანს შორის. ამასთან, თ------ ქ-------მ მ-------ში მგზავრობისა და ცხოვრებისათვის გაწია შესაბამისი ფინანსები, მაგრამ ვინაიდან გერმანიის ქალაქ მ-------ის კლინიკაში მისულმა თ------ ქ-------მ უარი თქვა მისთვის არასასურველი ექიმის მიერ სამედიცინო დახმარების გაწევაზე და მოითხოვა თანხის პირადად მისთვის გადაცემა, ამ დაწესებულებამ რეფერალური კომისიის მიერ გამოყოფილი თანხა 2017 წლის 12 აპრილს უკან დააბრუნა, რის გამოც მოსარჩელემ ფაქტობრივად ვერ შეძლო მისთვის გამოყოფილი თანხით სარგებლობა.
პალატას მიაჩნია, რომ თ------ ქ-------მ ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე სააპელაციო სასამართლოში, ვერ წარმოადგინა და ვერ მიუთითა მტკიცებულება, რომლითაც იგი დაადასტურებდა სასარჩელო მოთხოვნის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მხარე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი მოთხოვნა და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ თ------ ქ-------მ ვერ დაასაბუთა მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ------ ქ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება;
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე
შოთა გეწაძე -