განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120210018002325021
N2ბ/3961-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქ თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ქირია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ზ----- ყ------–---–ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ც---- მ---------ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს----------–---------’’ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით, სს „ს----------–---------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ზ----- ყ------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ახალციხე, ქ--------------- N---ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი N6----------- და უძრავი ნივთი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს – სს „ს----------–---------“. შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. სს „ს----------–--------მა“ საჯარო აუქციონზე შეიძინა ზ----- ყ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, ახალციხე, ქ--------- ქ. N--, საკადასტრო კოდი 6-----------;
2.2. წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ახალციხე, ქ--------- ქ-----ში, საკადასტრო კოდი 6----------- მდებარე უძრავი ქონება არის სს ,,ს----------–---------ს’’ საკუთრება;
2.3. დადგენილია, რომ მოპასუხე ზ----- ყ------–---–ი ფლობს, ახალციხე, ქ--------- ქ. N---ში, საკადასტრო კოდი 6----------- მდებარე უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.4. სასამართლომ არ მიიჩნია დადასტურებულად ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსრჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება სადავო უძრავი ქონების გამოსყიდვის ან/და დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელემ სადავოდ გახადა, მოპასუხე მხარემ კი ვერ შეძლო რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსთვის წარდგენა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3065 მუხლის მე- 6 ნაწილის დანაწესზე, რომლის მიხედვით, აუქციონზე გაყიდული უძრავი ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტისათვის ამ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 31.10.2016წ. №A---------------- განკარგულების საფუძველზე, უძრავი ნივთის აუქციონზე გაყიდვის შემდეგ, მისი მესაკუთრე გახდა სს „ს----------–---------“.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლებითაც დატვირთული იყო უძრავი ნივთი და რომლებიც რეგისტრირებულია აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ.
2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 156-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სადავო ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა და მასზე ყოველგვარი უფლება დაკარგა აუქციონის შემდეგ. სკ-ის 3065 მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, აღნიშნული უფლებები გადავიდა სადავო უძრავი ქონების ახალ მესაკუთრეზე - სს „ს----------–--------ზე“.
2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად და განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. უფლების მართლზომიერად განხორციელება ნიშნავს სასამართლო დავაში მონაწილე პირთა უფლების თანაზომიერად დაცვას. დავის გადაწყვეტისას სამართლის ნორმათა შეფასებას ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის კანონით დაცული უფლება.
2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით სადავო ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა და ასეთად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სს „ს----------–---------“.
2.9. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის დანაწესის მიხედვით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
2.10. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი სარჩელი იყო ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენდა სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ეს იყო სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებდა, როცა შელახული იყო ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთ იყო. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობდა.
სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდებოდა სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდებოდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
2.11. სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილი იყო, რომ ახალციხე, ქ--------------- N---ში, მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი 6-----------, 08.11.2016 წლიდან, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო სს „ს----------–---------ს“ სახელზე.
2.12. სს „ს----------–---------ს“ კუთვნილ ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა მოპასუხე - ზ----- ყ------–---–ი.
2.13. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ნივთზე სს „ს----------–---------“ გააჩნდა საკუთრების უფლება და იგი არ იყო შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს.
2.14. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება, მოსარჩელე აღრიცხულია სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობდა მოპასუხის, სადავო ბინის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევის საფუძველი. ხოლო, სხვა დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ მას ჰქონდა სადავო ნივთის ფლობის უფლება მოპოვებული, საქმის მასალებით არ დგინდებოდა. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდებოდა, რომ დღეის მდგომარეობით, მოპასუხეს აღნიშნული ნივთის მართლზომიერად ფლობის უფლება გადაეცა მესაკუთრისგან და იყო ნაწარმოები თვით მესაკუთრის მფლობელობიდან (მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ნივთი მოპასუხისათვის მიქირავებით, ან განათხოვრებით).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისთვის ჩაბარების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილებულიყო.
2.15. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხე უკანონოდ ფლობდა სადავო ფართს და არ ათავისუფლებდა მას ნებაყოფლობით. აპელანტის განმარტებით, მასსა და სს ,,ს----------–---------’’ შორის არსებობდა შეთანხმება, რომ მოსარჩელეს არ მოეხდინა უძრავი ქონების რეალიზაცია, მოპასუხის მიერ მისი შემდგომში გამოსყიდვის პირობით. გამოსყიდვამდე, კი მოსარჩელე მისცემდა უფლებას მოპასუხეს ესარგებლა სადავო საცხოვრებელი სახლით. შესაბამსიად, მოპასუხე მხარის მხრიდან, რაიმე უკანონო ქმედებას, ადგილი არ ჰქონდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.1. 08.11.2016 წელს მომზადებული ამონაწერით, უძრავი ქონება, მდებარე ქ. ახალციხე, ქ--------- ქ.N--, საკადასტრო კოდი 6-----------, წარმოადგენს სს ,,ს----------–---------ს’’ საკუთრებას. უფლების წარმოშობის საფუძველია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურის თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება NA----------------, დამოწმების თარიღი: 31/10/2016. ხოლო, უფლების რეგისტრაციის თარიღია - 08/11/2016 წ. (იხ. ტომი 1; ს.ფ. 16-17; საჯარო რეესტრის ამონაწერი);
4.2. დადგენილია და სადავო არ არის, რომ სს ,,ს----------–---------ს’’ საკუთრებაში არსებულ, ქ. ახალციხე, ქ--------- ქ.N---ში, მდებარე უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით N6-----------, ფლობს ზ----- ყ------–---–ი;
4.3. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, სს ,,ს----------–---------ს’’ მოთხოვნას წარმოადგენს, მის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების ზ----- ყ------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში დაბრუნება. ამდენად, დავის საგანს წარმოადგენს მესაკუთრის პრეტენზია არამართლზომიერი მფლობელის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ს----------–---------’’ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების უკანონოდ მოპოვების ფაქტი მოპასუხეს შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის გზით არ დაუდასტურებია (სადავოდ არ გაუხდია სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი - აუქციონის შედეგები, სარჩელის ან/და შეგებებული სარჩელის შეტანის გზით). ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია, თუმცა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მან ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
ამ კუთხით პალატა მიუთითებს, რომ მართალია სადავო არ არის ის გარემოება, რომ სს „ს----------–--------მა“ საჯარო აუქციონზე შეიძინა ზ----- ყ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, ახალციხე, ქ--------- ქ. N--, საკადასტრო კოდი 6-----------, თუმცა, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოდავე მხარეთა შორის არსებობდა რაიმე შეთანხმება უძრავი ქონების გამოსყიდვის ან/და დროებით მოპასუხის სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი სსსკ-ის 4.1. და 102-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ განახორციელა მტკიცების ტვირთის რეალიზება. მხოლოდ მხარის ახსნა - განმატების საფუძველზე ამ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევა დაუშვებელია, თუ მას უარყოფს მოწინააღმდეგე მხარე თავის ახსნა განმარტებით. სხვა სახის მტკიცებულება კი, ამ გარემოების დასადასტურებლად აპელანტ მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოდავე მხარეებს შორის, ბინის მფლობელობის საკითხზე არსებობდა შეთანხმება დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ, რაც თავისი შინაარსით წარმოადგენს თხოვებას, (სსკ-ის 615-ე მუხლი: თხოვების ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის), მიუხედავად აღნიშნაულისა, მოპასუხე ვერ იქნება სადავო ბინის მართლზომიერ მფლობელად, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეთა შეთანხმება თხოვების შესახებ ბინის მართლზომიერ მფლობელობას წარმოშობს იმ დრომდე, ვიდრე მესაკუთრე არ გამოავლენს ნებას მფლობელობის შეწყვეტის შესახებ (სსკ-ის 621-ე მუხლი: 1. მონათხოვრე მოვალეა თხოვების ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნათხოვარი ნივთი უკან დააბრუნოს. 2. თუ ხელშეკრულებით ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ გამნათხოვრებელს შეუძლია ნივთი დაიბრუნოს გამიზნული სარგებლობისათვის საჭირო დროის გასვლის შემდეგ; ხოლო, თუკი მიზანი არ არის განსაზღვრული, მაშინ მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი დაბრუნება). სარჩელის აღძვრით მესაკუთრის მიერ გამოვლენილი ნების საფუძველზე კი შეწყდა მხარეთა შორის წარმოშობილი ის სამართლებრივი ურთიერთობა (თხოვება, ასეთის დადასტურების შემთხვევაში), რაც განაპირობებდა მოპასუხის მხრიდან სადავო ბინის მფლობელობის მართლზომიერებას.
4.4. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან, გამოიკვეთა სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, ნივთის მისთვის გადაცემა მოეთხოვა. (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-1032-952-2017 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას სასამართლო შემოიფარგლება იმ გარემოების გამორკვევით, გააჩნია თუ არა მოსარჩელეს საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე. შესაბამისად, ამგვარი წარმოების ფარგლებში მესაკუთრის მიერ საკუთრების მოპოვების კანონიერების შემოწმება (მოპასუხის მხრიდან შეგებებული სარჩელის შეტანის გარეშე) სასამართლოს კომპეტენციას სცდება.
4.5. ამდენად, ვინაიდან სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები, რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სს ,,ს----------–---------ს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო, ზ----- ყ------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამთხოვილი უნდა ყოფილიყო ქ. ახალციხე, ქ--------------- N---ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი N6----------- და თავისუფალ მდგომარეობაში გადასცემოდა სს ,,ს----------–---------’’.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 160.00 ლარის ოდენობით წინასწარ იქნა გადახდილი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ----- ყ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გელა ქირია