განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.09.2018
საქმის ნომერი
330210016001515113
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001515113

საქმე №2ბ/1480-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე- დიანა ბერეკაშვილი

 

სხდომის მდივანი –ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი - შ-- ,,ე-–----------–----ი’’

წარმომადგენელი - დ---------------, გ------------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - შ-- ,,G-----’’

წარმომადგენელი - ზ-------------–-–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფარგლებში -- უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. შ-- „ე-–----------–----ს“ და შ-- „G-----“-ს შორის 2014 წლის 10 მარტს გაფორმდა სავაჭრო ფართის ქირავნობის ხელშეკრულება და შ-- „G-----“-ს სარგებლობაში გადაეცა თბილისში, თ-------------------ში (საკადასტრო კოდი N0---------------) 41 კვ.მ. ფართი, შენობა 1 (9/3) II სართული N19. (იხ. ს.ფ. 52.ტომი 2.)

 

2. იჯარის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის და 2.3. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ანგარიშსწორების წესი განისაზღვრება 10 აშშ დოლარით დღგ-ს ჩათვლით შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში გადახდის მომენტისთვის, ქირის ოდენობა და გადახდის გრაფიკი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. შ-- „G-----“ აღებული ფართით სარგებლობისთვის შ-- „ე-–----------–----ს“ წინასწარ, არაუგვიანეს ყოველი თვის 5 რიცხვის ჩათვლით უხდის გრაფიკით გათვალისწინებულ თანხას. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 2015 წლის 1 თებერვლამდე; (იხ. ს.ფ. 52.ტომი 2.)

 

3. 2014 წლის 10 მარტის შეთანხმებით შ-- „ე-–----------–----ი“ და შ-- „G-----“ შეთანხმდნენ, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 10 მარტის ხელშეკრულების თანახმად, ქირის ოდენობა განისაზღვრება თვეში 533 აშშ დოლარით დღგ-ს ჩათვლით და გადახდა იწარმოებს გრაფიკის მიხედვით. ხოლო გრაფიკის მიხედვით, ქირა შეღავათის გათვალისწინებით მარტის თვისთვის შეადგენს 255,26 აშშ დოლარს, დანარჩენი თვეებისთვის - 410 აშშ დოლარს, ხოლო ბოლო თვეს - 2015 წლის იანვრის თვისთვის -

533 აშშ დოლარს. (იხ. ს.ფ. 55.ტომი 2.)

 

4 2013 წლის 27 მარტს შ-- „ე-–----------–----სა“ და შ-- „G-----“-ს შორის გაფორმებული სავაჭრო ფართის ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადაეცა მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე კომერციული ფართი, რომლის საფასურს შ-- „G-----“ არ უხდის მოსარჩელეს აღნიშნული ფართით სარგებლობის პერიოდში. (იხ. ს.ფ. 72.ტომი 2. )

 

5 2013 წლის 27 მარტის ქირავნობის ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე არ გადაიხდიდა 23,64 კვ.მ. ფართის ქირას, რაც თვეში შეადგენდა 47,28 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქირავნობის საფასურში გაწეული შეღავათის სახით, შ-- „ე-–----------–----ს“ შ-- „G-----“-სთვის ხანძრით მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით გადახდილი აქვს 541,44 ლარი. 2014 წლის 10 მარტის ხელშეკრულებით და ამავე რიცხვის წერილობითი შეთანხმებით, მხარეებმა დაადგინეს, რომ გადასახდელი ყოველთვიური ქირიდან შ-- „G-----“ გადაიხდიდა არა 533 აშშ დოლარს, არამედ 410 აშშ დოლარს. ამდენად, სხვაობა - 123 აშშ დოლარი იყო შ-- „ე-–----------–----ის“ მიერ გაწეული შეღავათი, მოპასუხისთვის მიყენებული ზიანის ნაწილობრივი კომპენსაცია. ამგვარი შეღავათი შეადგენს 1211 აშშ დოლარს (2900,23 ექვივალენტით ლარში). (იხ. ს.ფ. 72.ტომი 2. )

 

6. 2013 წლის 27 მარტის ხელშეკრულებით გაწეული შეღავათები ჯამური თანხა შედაგენს 541.44 ლარს ხოლო 2014 წლის 10 მარტის --- 2900.23 ლარს (იხ დაზუსტებული სარჩელი ს.ფ.38; ტომი2. სააპელაციო საჩივარი ს.ფ.48 ტომი.3)

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 დეკემბრის კანონიერ ზალაში შესული გადაწყვეტიელბით დაკმაყოფილდა შ-- ,,G-----’’-ს სარჩელი და შ-- „ე-–----------–----ს“ დაეკისრა შ-- ,,G-----’’-ს სასარგებლოდ ხანძრის შედეგად მიყენებული ზაინის ანაზღაურება 9 900 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება აღსრულებულია და გადაწყვეტილებით დადგენილი თახხა მიიღო შ-- ,,G-----’’-მ (იხ. ს.ფ.59. ტომი.2. მხარეთა ახსნა-განმარტება)

 

8. შ-- ,,ე-–----------–----მა’’ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა:

 

8.1 შ-- „G-----“-სთვის მოსარჩელე შ-- „ე-–----------–----ის“ სასარგებლოდ გადაუხდელი იჯარის თანხის, პირგასამტეხლოს და კომუნალური მომსახურების ხარჯის დაკისრება;

 

8.2. შ-- „G-----“-სთვის მოსარჩელე შ-- „ე-–----------–----ის“ სასარგებლოდ უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე 3441,67 ლარის გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, ქირავნობის ხელშეკრულების წერილობითი შეთანხმებით, მხარეებმა დაადგინეს, რომ გადასახდელი ყოველთვიური ქირიდან შ-- „G-----“ გადაიხდიდა არა 533 აშშ დოლარს, არამედ 410 აშშ დოლარს. ამდენად, სხვაობა - 123 აშშ დოლარი იყო შ-- „ე-–----------–----ის“ მიერ გაწეული შეღავათი, მოპასუხისთვის მიყენებული ზიანის ნაწილობრივი კომპენსაცია. ამგვარი შეღავათი შეადგენს 1211 აშშ დოლარს (2900,23 ეკვივალენტით ლარში).

 

შ-- „ე-–----------–----ი“ კვლავ აპირებდა მოპასუხესთან მსგავსი შეღავათით ქირავნობის ურთიერთობის გაგრძელებას, მაგრამ შ-- „G-----“-მ აღძრა სარჩელი მის წინააღდეგ ხანძრით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე და შ-- „ე-–----------–----ს“ დაეკისრა თანხის გადახდა. შესაბამისად, ქირის შეღავათის სახით მოპასუხისთვის ზიანის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა - 3441,67 ლარი (541.44+2900.23) არის მოსარჩელის მიერ უსაფუძვლოდ გადახდილი თანხა, რაც უნდა დააბრუნოს შ-- „G-----“-

 

9. მოპასუხე შ-- ,,G-----’’-მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შ-- „G-----“-ს არ დაურღვევია 2014 წლის 10 მარტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღსანიშნავია ერთეული შემთხვევა, როდესაც დააგვიანა საიჯარო ქირის გადახდა, რასაც არ ჰქონია პერმანენტული ხასიათი, ქირა გადახდილი იქნა სრულად, მხოლოდ რამდენიმედღიანი დაგვიანების გათვალისწინებით. შ-- „G-----“ ასევე პერმანენტულად იხდიდა 2014 წლის 1 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საიჯარო თანხებს.

 

მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ შ-- „ე-–----------–----ი“ ცდილობს არარსებული ფაქტები თავისი ინტერპრეტაციით წარმოაჩინოს, 2014 წლის 10 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებაში ნათლად წერია, რომ საიჯარო ფართის ღირებულება 1კვ.მ ფართზე შეადგენს 10 აშშ დოლარს, საიჯარო ფართი შეადგენს 41 კვ.მ., შესაბამისად, საიჯარო ფართის მთლიანი ღირებულება შეადგენს 410 აშშ დოლარს. ხელშეკრულებაში ასევე წერია, რომ გადახდის გრაფიკი მოცემულია დანართში, სადაც მითითებულია, რომ ყოველთვიურად გადასახდელი საიჯარო ქირის ოდენობა შეადგენს 410 აშშ დოლარს. შესაბამისად, გაუგებარია, რა 533 აშშ დოლარზე საუბროს შ-- „ე-–----------–----ი“. მოსარჩელე ასევე ითხოვს 1211 აშშ დოლარის დაკისრებას, ზიანის ანაზღაურების სახით ნებაყოფლობით გადახდის გამო. ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შ-- „G-----“ სასამართლოში წლებია დავობს შ-- „ე-–----------–----ის“ მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით და დავა არ დასრულებულა. მოსარჩელე დროის გაყვანის მიზნით ცდილობს არ აანაზღაუროს ზიანი და იმაზე საუბარი, რომ ოდესმე შ-- „ე-–----------–----ს“ რაიმე ნება გააჩნდა ზიანის ანაზღაურებისა, უსაფუძვლოა.

 

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით შ-- ,,ე-–----------–----ის’’სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

10.1. მოპასუხე შ-- ,,G-----’’-ს მოსარჩელე შ-- ,,ე-–----------–----ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 10 მარტის სავაჭრო ფართის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქირის დავალიანების 1371,96 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა; ქირის დავალიანებაზე დარიცხული პირგასამტეხლოს 102,34 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა; კომუნალური მომსახურების საფასურის 68,19 ლარის გადახდა. შ-- ,,G-----’’-ს დაეკისრა ასევე 2014 წლის 01 ივნისის საწყობის ფართის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდიანრე ქირის დავალიანების 256 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა; ქირის დავალიანების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს 20,76 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა; კომუნალური მომსახურების საფასურის 106,24 ლარის გადახდა.

 

10.2. შ-- ,,ე-–----------–----ის’’სარჩელი უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის 3441,67 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ნაწილობრივ, (გადაწყვეტილების 1.3.1. პუნქტი) გაასაჩივრა შ-- ,,ე-–----------–----მა’’ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის 3441,67 ლარის დაკისრების თაობაზე.

 

12. აპელანტის განმარტებით:

 

12.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.4 პუნქტით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენიალდ, რომ 2013 წლის 27 მარტის ქირავნობის ხელშეკრულების 2.1 პუნქტით გათვალისწინებული ქირის საფასური, რომელიც დამქირავებელს არ გადაუხდია (451.44 ლარი) წარმოადგენდა შ-- ,,ე-–----------–----ის’’ მიერ გაწეულ შეღავათს და შ-- ,,G-----’’-ს მიერ ხანძრის შედეგად განცდილი ზარალის ნაწილობრივ კომპენსაციას. ამ შემთხვევაში, ქირის შეღავათის თანხას, შ-- ,,ე-–----------–----ი’’ ბუღალტერიაში ასახავდა როგორც მიუღებელ შემოსავალს და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს (მოგება, დღგ) იხდიდა ქირის სრული ოდენობიდან-47,28 ლარიდან. ამასთან, შ-- ,,G-----’’-მ სარჩელი აღძრა შ-- ,,ე-–----------–----ის’’ წინააღმდეგ ხანძრით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 05 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რაც უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 06 დეკემბრის განჩინებით, შ-- ,,ე-–----------–----ს’’ შ-- ,,G-----’’-მ სასარგებლოდ დაეკისრა 9900 ლარის გადახდა. ამიტომ ქირის შეღავათის სახით, შ-- ,,ე-–----------–----ის’’ მიერ შ-- ,,G-----’’-სათვის ზიანის ასანაზღაურებლად ნებაყოფილობით გადახდილი თანხა- 541,44 ლარი წარმოადგენს შ-- ,,ე-–----------–----ის’’ მიერ უსაფუძვლოდ გადახდილ თანხას, რაც შ-- ,,G-----’’-მ უნდა დააბრუნოს.

 

12.2 სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად, რომ 2014 წლის 10 მარტის ქირავნობის ხელშეკრულებისა და მისი დანართი შეთანხმების მიხედვით , სხვაობა ქირის სახით განსაზღვრულ თანხას- 533 აშშ დოლარსა და ფაქტობრივად გადასახდელ თანხას - 410 აშშ დოლარს შორის-123 აშშ დოლარი წარმოადგენდა ხანძრით მიყენებული ზარალის ნაწილობრივ კომპენსაციას. ხსენებული 123 აშშ დოალრი იყო შ-- ,,ე-–----------–----ის’’ მიერ გაწეული შეღავათი, რომელიც წარმოადგენდა შ-- ,,G-----’’-სათვის ხანძრით მიყენებული ზიანის ნაწილობრივ კომეპნსაციას. ამის შესახებ ქირავნობის ხელშეკრულების დანართში ნათლად არის მითითებული. კერძოდ, აღნიშნულია ქირის ყოველთვიური ოდენობის, შეთანხმებით გაწეული შეღავათისა და ფაქტობრივად დარჩენილი გადასახდელი ქირის ოდენობის თაობაზე. ამ ხელშეკრულებით, მოპასუხისათვის გაწეულმა ამგვარმა შეღავათმა შეადგინა 1211 აშშ დოლარი. (გაცვლითი კურსით 2900.23 ლარი )

 

12.3 გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.4 პუნქტში სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ შ-- ,,G-----’’-მ 3441.67 ლარის ოდენობის თანხა დაზოგა ვალის პატიების საფუძველზე , რის გამოც შ-- ,,ე-–----------–----ი’’ არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს მოპასუხისაგან ამ თანხის დაბრუნება. სსკ 448-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის პატიება ორმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე უნდა განხორციელდეს. ამასთან, ვალის პატიება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კრედიტორის მხრიდან, რომელმაც არაორაზროვნად უნდა შესთავაზოს მოვალეს აღნიშნული. ამდენად, ვალის მპატიებელი უნდა იყოს კრედიტორი და არა მოვალე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ განმარტა, რომ სადავო თანხის - 3441,67 ლარის ნაწილში შ-- ,,ე-–----------–----მა’’ მოახდინა შ-- ,,G-----’’-ს ვალის პატიება. არადა ვითარება არის პირიქით, ვინაიდან ქირის თანხის შეღავათის გაწევით შ-- ,,ე-–----------–----ი’’, როგორც მოვალე , შ-- ,,G-----’’-ს, როგორც კრედიტორს, სთავაზობდა ხანძრით მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებას. ამასთან, თავის მხრივ , შ-- ,,G-----’’-ს გააჩნდა ქირის გადახდის ვალდებულება საიჯარო პერიოდზე. მხარეები შეთანხმდნენ ,რომ შ-- ,,ე-–----------–----ი’’ შ-- ,,G-----’’-ს არ გადაახდევინებდა ქირის ნაწილს, რაც ჩაითვლებოდა შ-- ,,ე-–----------–----ის’’ მიერ შ-- ,,G-----’’-თვის ზიანის ანაზღაურებად შესაბამისი ოდენობით. შესაბამისად, მოცემულ ურთიერთობაში შ-- ,,ე-–----------–----ი ‘’ ვალის მპატიებელი კრედიტორი ვერ იქნებოდა. ამიტომ ეს ურთიერთობა შეიძლება შეფასდეს მხოლოდ, როგორც ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა გათვალისწინებული სსკ 442-ე მუხლით. შესაბამისად, არასწორია სასამართლოს განმარტება, რომ შ-- ,,G-----’’-მ სადავო 3441,67 ლარის ოდენობის თანხა დაზოგა ვალის პატიების საფუძველზე, ვინაიდან, ჯერ ერთი, როგორც აღინიშნა, სადავო ურთიერთობა არ არის ვალის პატიება და მეორეც, ვალის პატიებაც რომ იყოს, შეუძლებელია, რომ უსაფუძვლოდ დაზოგვა განხორციელდეს ვალის პატიების საფუძველზე, რამეთუ ვალის პატიება წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობას, ხოლო უსაფუძვლო გამდიდრება- არასახელშეკრულებო კანონისმიერ ურთიერთობას, რაც ურთიერთგამომრიცხავი ურთიერთობებია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

13. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

14. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

15. პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს მხარეებს შორის 2013 წლის 27 მარტისა და 2014 წლის 10 მარტის ქირავნობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ქირის ნაწილისა და ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის თაობაზე მხარეთა შეთანხმების არსებობის დადგენა. აპელანტის განმარტებით მათ გადაიხადეს სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული და ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი 9 900 ლარის ოდენობით, საიდანაც 3441.67 ლარის გადახდის ვალდებულება არ არსებობდა, ვინაიდან ეს თანხა დაზარალებულს უკვე მიღებული ჰქონდა დაზოგვით, ქირაზე გაწეული შეღავათის სახით. ამდენად, პლატას მიაჩნია რომ, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის დაბრუნებაზე ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლს.

 

16. სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება, გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო, არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. აღნიშნული ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც, ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (შდრ. საქმე №ას-440-440-2018 სუსგ №ას-360-342-2015, 03.06.2015). უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე”... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას„ (შდრ. სუსგ-ები # ას-1193-1122-2015, 31.05.2016; #ას-74-71-2016, 25.05.2016; 225-215-2016, 25.05.2016, #ას-184-171-2015, 20.05.2016). უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან. ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად, კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება; მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა.

 

17. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ და მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის შესაბამისად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ამდენად, განსახილველი ნორმის თანახმად, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისას უნდა არსებობდეს ორი აუცილებელი წინაპირობა: ორივე პირი ერთმანეთისათვის ერთდროულად კრედიტორიც უნდა იყოს და მოვალეც, ე.ი. ორივეს ერთმანეთის მიმართ უნდა ეკისრებოდეს ვალდებულების შესრულება და ასევე დამდგარი უნდა იყოს ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. აღნიშნული ნორმის თანახმად, ეს ორი წინაპირობა უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ განხორციელდეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. გაქვითვა წარმოადგენს პირის მატერიალურ-სამართლებრივ აღმჭურველ უფლებას და ამ უფლების რეალიზაციას ერთ-ერთი მხარე მეორე მხარისათვის შეტყობინებით ახდენს. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი მიუთითებს, რომ შ-- ,,ე-–----------–----სა’’ და შ-- ”G-----”-ს შორის ადგილი ჰქონდა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვას, ვინაიდან ქირის თანხის შეღავათის გაწევით შ-- ,,ე-–----------–----ი’’, როგორც მოვალე , შ-- ,,G-----’’-ს, როგორც კრედიტორს, სთავაზობდა ხანძრით მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებას. ამასთან, თავის მხრივ , შ-- ,,G-----’’-ს გააჩნდა ქირის გადახდის ვალდებულება საიჯარო პერიოდზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. პალატა მოიხმობს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.

 

აპელანტის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ მხარეთა შორის ადგილი ჰქონდა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვას. შ-- ,,ე-–----------–----ის’’ მიერ წარმოდგენილი 2013 წლის 27 მარტისა (ტ. II, ს.ფ 72) და 2014 წლის 10 მარტის (ტ. II, ს.ფ 52-54) ხელშეკრულებებით დგინდება, რომ შ-- ,,ე-–----------–----მა’’ შ-- ”G-----” -ს მართლაც გაუწია გარკვეული სახის შეღავათები, კერძოდ, 2013 წლის 27 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათი - სულ 541.44 ლარი (ტ. II, ს.ფ 72) და 2014 წლის 10 მარტის ხელშკრულებით გათვალისწინებული შეღავათი - სულ 2900, 23 ლარი (ტ. II, ს.ფ 52-54) თუმცა აპელანტის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მხარეთა შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ შემცირებული ქირის ოდენობა , ჯამში 3441, 67 ლარი ჩათვლილიყო შ-- ,,ე-–----------–----ის’’ მიერ შ-- ”G-----”-სათვის ასანაზღაურებელი ზიანის, სულ 9 900 ლარი (ტ. II, ს.ფ 59-71) ანგარიშში. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სსკ 442-ე მუხლით გათვალისწინებულ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვას. მართალია, შ-- ,,ე-–----------–----ის’’ მხრიდან ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის შეღავათების გაწევას, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის ოდენობა - 533 აშშ დოლარი შემცირდა 123 აშშ დოლარით, თუმცა ეს შესაძლოა მიჩნეულ იქნეს მხარეთა დამოუკიდებელ შეთანხმებად სავაჭრო ფართის ქირის ოდენობის შემცირების , როგორც ხელშეკრულების არსებითი პირობის შეცვლის თაობაზე, რაც შესაძლოა განპირობებული იყო სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის სავაჭრო ფართისათვის ხანძრით მიყენებული დაზიანებითა და ამით გამოწვეული ღირებულების შემცირებით და სხვ . სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა შ-- ,,ე-–----------–----ისა’’ და შ-- ,,G-----’’-ს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ შემცირებული ქირის ოდენობა ჩათვლილიყო ხანძრით მიყენებული ზიანის - 9 900 ლარის ანგარიშში. მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება სსკ 442-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის არსებობა და შესაბამისად მოპასუხის გამდიდრება მატერიალურ სიკეთეთა გადანაცვლების უსაფუძვლობის გამო.

 

18. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

19 . სასამართლო ხარჯები: აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შ-- ,,ე-–----------–----ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია

 

სხდომის თავმჯდომარე: /დიანა ბერეკაშვილი/