განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.09.2018
საქმის ნომერი
080210018002521880
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210018002521880

საქმე 2/ბ-835-18 წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

19 სექტემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნ--- კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე): დ----- რი----------–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): ნ--- ახ--–------ი, ა------ ახ--–------ი

დავის საგანი: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული

განჩინების დასკვნებზე მითითება

2018 წლის 02 ივლისს, დ----- რი----------–მა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხედ დაასახელა ნ--- ახ--–------ი, ა------ ახ--–------ი და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 14 ივლისს, მოპასუხეებთან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე გადაეცა 3000-3000 აშშ დოლარი და კრედიტორების სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

2018 წლის 28 მაისს, მოპასუხეთა მოთხოვნით, გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცლები, რომლითაც თითოეულმა კრედიტორმა მოითხოვა სესხის ძირი თანხის 3000 აშშ დოლარის, პროცენტის 505,50 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 2870 აშშ დოლარის დაკისრება.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცელში, ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა არასწორად არის მითითებული, ხოლო პირგასამტეხლო-0.1% შეუსაბამოდ მაღალია, რაც უნდა შემცირდეს 0.02%-მდე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის განჩინებით, დ----- რი----------–ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

სასამართლომ მიუთითა:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186.1-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს, თუ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის.

ამავე კოდექსის 187.1. მუხლის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარი მოტივირებულია იმით, რომ სარჩელი ამ სასამართლოს განსჯადი არ არის, მოსამართლე ვალდებულია მიუთითოს თავის განჩინებაში, თუ რომელ სასამართლოს მიმართოს მოსარჩელემ.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება.

სააღსრულებო ფურცლის თანახმად, კრედიტორია ნ--- და ა------ ახ--–------ები, ხოლო მოვალე/მსეხებელი- დ----- რი----------–ი.

შესაბამისად, სარჩელი უნდა აღიძრას განსჯადობის საერთო წესის, კერძოდ მოპასუხის მისამართის-ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით.

სასარჩელო განცხადებით ირკვევა, რომ მოპასუხედ დასახელებული ნ--- ახ--–------ის და ა------ ახ--–------ის ძირითადი მისამართი და ფაქტობრივი ადგილსამყოფელია ქ. თ---–------------------------.

ამდენად, აღნიშნული სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოა, არა ქუთაისის საქალაქო სასამართლო, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლო, რის გამოც სარჩელს მიღებაზე უნდა ეთქვას უარი.

მოსარჩელეს განემარტა, რომ უფლება აქვს, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის მისამართის, ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991–ე მუხლის თანახმად, სასამართლომ გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის (№2146-18) განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა დ----- რი----------–ის წარმომადგენელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის განსახილველად მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მათ მიერ გასაჩივრებული იქნა, ნოტარიუს მ.ჯ----–---–-- მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლები, რომლის სანოტარო ბიუროც მდებარეობს ქ.ქუთაისში. ასევე, სააღსრულებო წარმოება დაწყებულია კერძო აღმასრულებლის მიერ, რომლის სააღსრულებო ბიუროც ასევე მდებარეობს ქ.ქუთაისში. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებიც შედგენილია ქ.ქუთაისში მდებარე სანოტარო ბიუროში.

გარდა ამისა, მოპასუხეების ფაქტობრივ საცხოვრებელს წარმოადგენს ქ.ქ----------–--------------------, რომელიც მათთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი.

შესაბამისად, განსჯად სასამართლოს წარმოადგენს ქუთაისის საქალაქო სასამართლო, რომელმაც არასწორად უთხრა უარი სარჩელის მიღებაზე.

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2018 წლის 02 ივლისს, დ----- რი----------–მა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხედ დაასახელა ნ--- ახ--–------ი, ა------ ახ--–------ი და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება მოითხოვა.

დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის განჩინებით, განსჯადობის წესის დარღვევის გამო, დ----- რი----------–ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე და იმავდროულად გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა დ----- რი----------–ის წარმომადგენელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის განსახილველად მიღება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში, სადავოა განსჯადობის საკითხი, ასევე სარჩელის მიღებაზე უარის თქმის განჩინების კანონიერება.

სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით პალატა მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

სარჩელში, მოპასუხედ დასახელებული ნ--- და ა------ ახ--–------ების საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ქ.თ---–---------------------, ხოლო დავის საგანს წარმოადგენს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს შემცირება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ხსენებული მუხლი წარმოადგენს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას, განსაზღვრავს საერთო განსჯადობას და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

ვინაიდან, სარჩელით დავის საგანს წარმოადგენს პირგასამტეხლოს შემცირება, ამასთან, სარჩელში მოსარჩელემ, თავად დააფიქსირა მოპასუხის მისამართი ქ.თბილისი, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ თუკი მოპასუხის ფაქტობრივ ადგილსამყოფელად- საცხოვრებელ ადგილად ჩაითვლება ქ. თბილისი, ასეთ შემთხვევაში, სსკ-ის მე-15 მუხლით დადგენილი საერთო განსჯადობის წესის შესაბამისად, განსჯად სასამართლოდ თბილისის საქალაქო სასამართლო მიიჩნევა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმის თაობაზე, რომ რადგანაც, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შედგენილია ქ. ქუთაისში მდებარე სანოტარო ბიუროში, ასევე სააღსრულებო წარმოება დაწყებულია ქ.ქუთაისის სანოტარო ბიუროში და იპოთეკის საგანი მდებარეობს ქ.ქუთაისში, განსჯად სასამართლოდ უნდა ჩაითვალოს ქუთაისის საქალაქო სასამართლო-გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან, საპროცესო კანონმდებლობით პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე წარმოებულ დავაზე, კერძო საჩივარში მითითებული საფუძვლებით განსჯადობის განსაკუთრებული წესი დადგენილი არ არის, რაც გამორიცხავს დ. რი----------–ის მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობას.

მიუხედავად ამ მსჯელობისა, პალატა დამატებით აღნიშნავს:

საქართველოს საქმოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი.

მოცემულ შემთხვევაში, ირკვევა, რომ დ----- რი----------–ის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება, მოპასუხედ დასახელებულ ა------ და ნ--- ახ--–------ებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, გაეგზავნათ სარჩელში მითითებულ მისამართზე, ქ. თ---–-------------------ში.

საფოსტო შეტყობინებების მიხედვით, სასამართლოს გზავნილი მოპასუხეებს ვერ ჩაბარდათ იმ მიზეზით, რომ ,,მდგმურის განცხადებით, ადრესატები არ იმყოფებიან მისამართზე, ისინი ცხოვრობენ ქ.ქუთაისში“.

დ----- რი----------–ის მიერ წარმომადგენილ კერძო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ მოპასუხეების ფაქტობრივ საცხოვრებელს წარმოადგენს ქ.ქ----------–--------------------, რომელიც მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი.

ამდენად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეთა ფაქტობრივი ადგილსამყოფელი (საცხოვრებელი ადგილი) არის ქ. ქუთაისი, რაც სარჩელში არასწორად იქნა მითითებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 178.1 „ბ“ მუხლების თანახმად, სარჩელი უნდა პასუხობდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით, კერძოდ სარჩელში უნდა აღინიშნოს... მოპასუხის...ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი)...

ამავე კოდექსის 186-ე მუხლის ”თ” ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით...

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახამად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

იმის გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორმა თავად აღნიშნა, რომ სარჩელში მოპასუხეების, ა------ და ნ--- ახ--–------ების საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი) არასწორად მიუთითა ქ. თბილისი და რეალურად ქ. ქუთაისია, ადასტურებს, რომ სარჩელის შედგენისას დარღვეული იქნა სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, რაც ამავე კოდექსის 186-ე მუხლის ”თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.3-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა, მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია გასაჩივრებულ განჩინებაში სარჩელის მიღებაზე უარი დასაბუთებულია, მხოლოდ განსჯადობის წესის დაუცველობის მიზეზით, ხოლო სასამართლოს შეფასება არ მიუცია საფოსტო უკუგზავნილისათვის, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მოპასუხის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არასწორად იყო მითითებული, თუმცა ამ ფაქტს არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა არ გამოუწვევია, რაც ვერ გახდება მისი გაუქმების საფუძველი.

ვინაიდან, სარჩელს მიღებაზე ეთქვა უარი, სსსკ-ის 1991 მუხლის შესაბამისად, განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა სარჩელის უზრუნველოფის ღონისძიება-დასაბუთებულია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები, რის გამოც, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის განჩინება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

სამოქალაქო საპროცესო კოდქსის 46.1 „ვ“ მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. დ----- რი----------–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის განჩინება;

3. კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნ--- კალანდაძე