განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700066636
საქმე №1/ა.გ- 537-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ა----- ს---–-------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 05 თებერვლის განაჩენით დაკმაყოფილდა თბილისის ი-------------ის რაიონული პროკურატურის ს---–------------------------------------ შუამდგომლობა, დამტკიცდა ს---–-------------------------------------ა და ბრალდებულ ა----- ს---–-------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ა----- ს---–-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ა----- ს---–-------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2018 წლის 19 სექტემბერს მსჯავრდებულმა ა----- ს---–-------მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ა----- ს---–-------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გ----–----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 05 თებერვლის განაჩენით ა----- ს---–-------ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, (იხ. გადაწყვეტილება) მსჯავრდებული ა----- ს---–-------ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. რაც შეეხება მსჯავრდებულ ა----- ს---–-------ისათვის დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ თბ--–----------------–--------------------------–-–-----------–-----–-ს თანახმად - თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.02.2016 წლის N1/536-16 განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით გადარიცხული სახელმწფო ბიუჯეტში 2016 წლის 18 მარტს, შესაბამისად პალატა არ მსჯელობს ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან მსჯავრდებულის განთავისუფლების შესახებ.
ა----- ს---–-------ს უნდა გაუუქმდეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებრივი შეზღუდვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ ა----- ს---–-------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა----- ს---–-------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებული ა----- ს---–-------ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 05 თებერვლის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამორთმეული უფლებების ნაწილში, რომლის საფუძველზეც ა----- ს---–-------ს ჩამორთმეული ჰქონდა 3 წლის ვადით შემდეგი უფლებები: ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე