განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210116001659996
საქმე №2ბ/6348-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
8 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
აპელანტი: შპს ,,ე----- კ-------- +“
წარმომადგენელი - ნ----- ვ-------–---–ი, გ------- ზ-----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - გ------- ჟ----–---–---ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილები გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ე----- კ--------+“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე გ------- ჟ----–---–---ს მოსარჩელე შპს ,,ე----- კ-------- +ის” სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 19 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის გადახდა - 1 458 აშშ დოლარის ოდენობით ექვივალენტი ლარში. მოპასუხე გ------- ჟ----–---–---ს მოსარჩელე შპს ,,ე----- კ-------- +ის” სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 19 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის გადახდა - 297.92 აშშ დოლარის ოდენობით ექვივალენტი ლარში. მოპასუხე გ------- ჟ----–---–---ს მოსარჩელე შპს ,,ე----- კ--------+ის” სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 19 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა - 100 აშშ დოლარის ოდენობით ექვივალენტი ლარში.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2015 წლის 19 მაისს, შპს ,,ე----- კ-------- +-სა” და გ------- ჟ----–---–---ს შორის გაფორმდა საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N1--------, რომლის საფუძველზეც, სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით, მოსარჩელემ გ------- ჟ----–---–---ს თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი - 2 000 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ს-----------------ი. მხარეები ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე სესხის 0,2%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 15-23)
2.2. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, შპს ,,ე----- კ-------- +-სა” და გ------- ჟ----–---–---ს შორის გირავნობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, გირავნობით დაიტვირთა გ------- ჟ----–---–---ის კუთვნილი ავტომანქანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გირავნობის მოწმობა (ს.ფ. 26)
2.3. 2016 წლის 24 თებერვალს, შპს „ე----- კ-------- + -მა“ წერილობით მიმართა გ------- ჟ----–---–---ს და ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ფაქტი აცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ე----- კ--------+-ის“ წერილი (იხ. ს.ფ. 24)
2.4. მოპასუხე გ------- ჟ----–---–---ის მიერ 2015 წლის 19 მაისის, საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ნაწილობრივ შესრულდა. მის მიერ გადახდილია გრაფიკით გათვალისწინებული 4 თვის გადასახდელი თანხა 904 აშშ დოლარის ოდენობით. 2015 წლის 19 ოქტომბრიდან სესხი იმყოფება ვადაგადაცილევაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. ს.ფ.24)
2.5. შპს „ე----- კ-------- + -მა“ 2016 წლის 14 აპრილს, სააღსრულებო მომსახურების გაწევის მიზნით მიმართა კერძო აღმასრულებელს. მომსახურების საფასურად განისაზღვრა 200 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 27-31).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. სასამართლომ მიუთითა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოპასუხემ სარჩელი ცნო 2015 წლის 19 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან მოთხოვილი ძირითადი დავალიანების 1458 აშშ დოლარის ნაწილში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ე----- კ--------ის + -ის“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია.
2.7. რაც შეეხება, საპროცენტო სარგებელს, სასამართლომ მიუთითა, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სახელმძღვანელო დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 5%. მართალია, ამ შეთავაზებას გ------- ჟ----–---–---იც დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც შპს „ე----- კ--------+“ მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესი საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ- ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე”. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 60%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2015 წლის 19 მაისის ხელშეკრულების დებულება (2.4. პუნქტი), რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (აღნიშნული დასაბუთება სრულად შეესაბამება საქართელოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, იხ. სუსგ, საქმე №663 -629-2015, 28.07.2015 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ მხარეებს შორის ყოველთვიურ საპროცენტო განაკვეთად სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათალისწინებით, გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია, წლიურ საპროცენტო განაკვეთად უნდა განისაზღვროს ძირითადი თანხის 18% (ყოველთვიური 1,5%), რის გამოც, გ------- ჟ----–---–---ს შპს „ე----- კ--------+-ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შემცირებული საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, 297.92 აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხის მიერ უკვე გადახდილი 4 თვის საპროცენტო სარგებლის გათვალისწინებთ.
2.8. რაც შეეხება, პირგასამტეხლოს სასამართლომ მიუთითა, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსი 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა 2015 წლის 19 მაისის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს შპს „ე----- კ-------- +-ს“ გამოიყენოს მის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. პირგასამტეხლოს თავისებურებიდან გამომდინარე, რომელიც მისი ოდენობის ზრდით ხასიათდება, სამოქალაქო კოდექსი უტოვებს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, რათა არ მოხდეს კ--------ორის უსაფუძვლოდ გამდიდრება, რაც თავის მხრივ დაარღვევს მხარეთა შორის არსებულ დაბალანსებულ ურთიერთობას.
მოცემულ საქმესთან მიმართებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლოს მოცულობა - 629,30 აშშ დოლარი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირრებულიყო 100 აშშ დოლარამდე.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, ავტოლომბარდებში კ--------ის საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 3%-დან 5%-მდე, ყოველთვიურად. მოსამართლემ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი (ყოველთვიური 5%-ის ოდენობით) ეწინააღმდეგება ზნეობრივ ღირებულებებს და რომ კომპანია მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, ვინაიდან არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი. სხდომაზე შესაბამისი მტკიცებულებები არ გაგვაჩნდა, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენდა სადავო საკითხს, თავად მოპასუხეს იგი არც შესაგებელში გაუხდია სადავო და არც საქმის ზეპირი განხილვისას. ფაქტი, რომ ამგვარ საპროცენტო განაკვეთზე მოპასუხემ თანხმობა განაცხადა, ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და გადახდებსაც ახორციელებდა (ჟ----–---–---ის მხრიდან განხორციელებულია გადახდები ხელშეკრულების გრაფიკიდან გამომდინარე 4 თვის განმავლობაში), აპრიორი მიუთითებს ზემოხსენებულზე.
აპელანტი განმარტავს, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს ელექტრონულად გაეცნო (საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში) 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საქმეზე №2/39744-16.
აპელანტი განმარტავს, რომ მათ მიერ წარმოდგენილია მასალა, სარეკლამო ბროშურები, რაც მოწმობს იმაზე რომ საქართველოში არსებული უამრავი ავტოლომბარდია, რომელსაც საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიური 5% აქვს და ასევე 5%-დანაც და ჩვენი საქმიანობა არ წარმოადგენს ბაზარზე გამონაკლისს, შესაბამისად გაურკვეველია ეს განმარტება და ისიც თუ რაში გამოიხატება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, თუ კრედიტორი მსესხებელთან შეთანხმებული პირობებით ითხოვს ვალის დაბრუნებას და ამ უკანასკნელის მიერ ვალდებულების დარღვევით მას ისედაც ზიანი მიადგა. აქვე, მოსამართლე აღნიშნავს რომ სარგებლის მართლზომიერება მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, თუმცა ეს ფაქტი ჩვენს გაკვირვებას იწვევს რამდენადაც სხდომაზე ხელშეკრულებით და კანონის შესაბამისად მოსარჩელემ წარმოადგინა მისი პოზიცია და შესაბამისი მტკიცებულებები.
აპელანტის განმარტებით, გაურკვეველია ასევე, რა საფუძვლით და რაზე დაყრდნობით შეამცირა მოსამართლემ საპროცენტო განაკვეთი სწორედ 1.5 %-მდე.
აპელანტი განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთი წლიური 60%-ის ოდენობით არამცთუ არ მოდის კანონთან წინააღმდეგობაში არამედ სრულიად მის ფარგლებშია მოქცეული, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს. აქედან გამომდინარე, ზნეობრივ ღირებულებებზე ვერ იქნება საუბარი იქ სადაც კანონით პირდაპირ არის მოწესრიგებული ეს საკითხი.
სასამართლომ მიუთითა, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს და აქვე აღნიშნავს რომ მოსარჩელეს მისი მოთხოვნის შესაძლებლობას აძლევს მსესხებელთან დადებული ხელშეკრულება, იქვე განმარტავს რომ პირგასამტეხლოს თავისებურებიდან გამომდინარე, რომელიც მისი ოდენობის ზრდით ხასიათდება, სსკ უტოვებს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, რათა არ მოხდეს კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრება. აპელანტის მოსაზრებით, საერთოდ გაუგებარია როგორ შეიძლება ამის ეჭვი გაჩნდეს როდესაც სახეზეა ხელშეკრულება და კონკრეტულ ვადაგადაცილებაში კონკრეტულ ფიქსირებულ თანხას ითხოვს მოსარჩელე. სარგებელს, რაც კრედიტორს უნდა მიეღო რომ შესრულებულიყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ვერ მიიღო, ხოლო ამისათვის ითხოვს ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირგასამტეხლოს, რომელსაც სარჩელის წარდგენის დღისთვის თავადვე უმცირებს მოპასუხეს და ნაცვლად 0.3 % ითხოვს 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აქვე იკვეთება მოსარჩელის მხრიდან მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხის მიმართ თანაგრძნობის და შესაძლებელი შეღავათის გაკეთების სურვილი. პირგასამტეხლო რომელიც მოსარჩელემ მოითხოვა თანაც შემცირებული სახით, არანაირად არ წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის დარღვევას ან თუნდაც ზნეობრივი ნორმის დაუცველობას.
შესაბამისად, აპელანტი ითხოვს სააპელაციო სასამართლომ განიხილოს საქმე და ხელშეკრულების საფუძველზე ჩვენს მიერ სარჩელით მოთხოვნილი სარგებელი - 1 093.50 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლო - 629.30 აშშ დოლარის ოდენობით დააკისროს გ------- ჟ----–---–---ს გადასახდელად.
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. კერძოდ სსკ-ის 625-ე მუხლი, სადაც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული რომ " მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს". რასაც აშკარად ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც საგრძნობლად შემცირებულია და თითქმის აღარაფერია დარჩენილი კანონის ფარგლებში მოთხოვნილი სარგებლის წილიდან, რითაც შელახულია მოსარჩელე მხარის კანონიერი ინტერესი. აპელანტი განმარტავს, რომ მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, ასევე პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევაშიც.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
4.2. უდავოა, რომ 2015 წლის 19 მაისს, შპს ,,ე----- კ-------- +-სა” და გ------- ჟ----–---–---ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N1--------, რომლის საფუძველზეც, სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით, მოსარჩელემ გ------- ჟ----–---–---ს თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი - 2 000 აშშ დოლარის ოდენობით.
სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ს-----------------ი. მხარეები ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე სესხის 0,2%-ის ოდენობით.
4.3. ასევე უდავოა, რომ სესხის უზრუნველყოფის მიზნით, შპს ,,ე----- კ--------+-სა” და გ------- ჟ----–---–---ს შორის გირავნობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, გირავნობით დაიტვირთა გ------- ჟ----–---–---ის კუთვნილი ავტომანქანა.
4.4. დადგენილია, რომ მოპასუხე გ------- ჟ----–---–---ის მიერ 2015 წლის 19 მაისის, საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ნაწილობრივ შესრულდა. მის მიერ გადახდილია გრაფიკით გათვალისწინებული 4 თვის გადასახდელი თანხა 904 აშშ დოლარის ოდენობით. 2015 წლის 19 ოქტომბრიდან სესხი იმყოფება ვადაგადაცილებაში.
4.5. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
4.6. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან სწორად მოხდა სარგებლის დაკისრება და პირგასამტეხლოს შემცირება გონივრულ ოდენობამდე.
განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.
პალატა სრულად ეთანხმება მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და შეფასებებს და მიუთითებს მათზე. პალატა დამატებით განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის აპელირებას, რომ უზნეო და არაკეთილსინდისიერი ვერ იქნება რეგულირებული სფერო/ბაზრის მონაწილე, ის ვინც არ სცდება ბაზარზე დამკვიდრებულ და აღიარებულ კანონით რეგულირებულ ფარგლებს, რომ ეს საკითხი არ საჭიროებდა სამართლებრივ მსჯელობას. პალატა სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას სარგებლის დაკისრებასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 5%. მართალია, ამ შეთავაზებას გ------- ჟ----–---–---იც დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც შპს „ე----- კ--------+“ მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ- ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე”. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღადმოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 60%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2015 წლის 19 მაისის ხელშეკრულების დებულება (2.4. პუნქტი), რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (აღნიშნული დასაბუთება სრულად შეესაბამება საქართელოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, იხ. სუსგ, საქმე №663 -629-2015, 28.07.2015 წელი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
მოქმედი სამოქალაქო კოდექსით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ უნდა იქნას გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს სუბიექტური შეხედულებით ნებისმიერ დროს შეუძლია შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. პალატა განმარტავს, რომ შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. აქვე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლო მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სწორად შეამცირა იგი 100 აშშ დოლარამდე. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა - წარმოადგენს პირგასამატეხლოს არაგონივრულად მაღალ ოდენობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით, რის გამოც არ არსებობს აპელანტის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი. აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-462-462-2018, 22.06.2018).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 179.95 ლარის ოდენობით რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ე----- კ--------+“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე