განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2018
საქმის ნომერი
330100117001974079
ინსტანცია
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100117001974079

საქმე №1ბ/273-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 ოქტომბერი 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: მ--------–-----ის

მსჯავრდებულის: გ------------–---–ის

ადვოკატის: ნ---------–-----ის და მ--------------ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- გ-------ს ძე ე---–---–ის მიმართ, დაბადებული 1------–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, არასრული უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისში, ჯ---------------------------------ში), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის განაჩენით, გ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თვისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 9 მაისიდან.

გ------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 9 მაისს, 03:45 საათზე, თბილისში, ჯ-------ის ქუჩის N------------ის, მ--- სადარბაზოს შესასვლელთან დაკავებულ იქნა გ------------–---–ი, რომელმაც ძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ნივთების ფარულად დაუფლების მიზნით, დააზიანა - თბილისში, ხ----–--–-------------- კორპუსთან მდგარი „მ---------------------ის“ მარკის მიკროავტობუსის, სარეგისტრაციო ნომრით L------, წინა მარცხენა საქარე მინა, ასევე მარჯვენა წინა და უკანა კარი, უკანა მარჯვენა კარის ბერკეტი და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ფარულად დაეუფლა მიკროავტობუსში არსებულ სხვადასხვა სახის სარემონტო მასალას და ინვენტარს, კერძოდ, 108 ავზ სამშენებლო ქაფს, 12 ქილა ხის წებოს, 108 ცალ ქაღალდის სამღებრო წებოვან ლენტს, 150 ცალ ზუმფარა (სახეხი) ბადეს, 140 ცალ კუთხსახეხის საჭრელ დისკოს, 21 ცალ სამღებრო ლილვაკს, 276 ცალ სამღებრო ფუნჯს, ოთხ ქილა იატაკის ლაქს, 140 ბოთლ საღებავის უნივერსალური ფერის მიმცემ პასტას, 33ქილა და სათლ საღებავს, რითაც დაზარალებულს, იურიდიულ პირს - სარემონტო საშუალებების კომპანია შპს „მ---–--------–----ს“ მიაყენა 3234 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ------------–---–ის გამართლება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მისი ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით..

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში დაუსაბუთებელია. გ------------–---–მა გულწრფელად აღიარა მის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტი, თუმცა განაცხადა, რომ ქმედება არ ჩაუდენია სხვა პირთან ერთად. განაჩენი დაეყრდნო მხოლოდ მოწმე ვ--–-----------–---–ის ჩვენებას, რომელიც ზერელე და ბუნდოვანია პიროვნებების აღწერის ნაწილში.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ამ არგუმენტაციას, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ვ--–-----------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ, 2017 წლის 9 მაისს, ღამის საათებში, საცხოვრებელი სახლის აივნიდან შენიშნა ორი პიროვნება, რომელთა ქცევაც საეჭვოდ მიიჩნია, ვინაიდან სწრაფად ცდილობდნენ მიკროავტობუსიდან მსუბუქ ავტომანქანაში ყუთების გადატანას, თან ემალებოდნენ გამვლელ მანქანებს. აღნიშნულის შესახებ განაცხადა „112“-ში. იმ დროს, როდესაც ორივე მამაკაცი ჩაჯდა ავტომანქანაში და ადგილიდან დაიძვრნენ, დაინახა საპატრულო პოლიცია, რომლის ერთ-ერთ თანამშრომელს სატელეფონო საუბრისას, მიუთითა ხ----–--–ის ქუჩის საპირისპირო მიმართულებით, ჯ-------ის ქუჩისკენ, საითაც დაიძრა ბრალდებულის ავტომანქანა. მისივე ჩვენებით, ორი პიროვნებიდან ერთი იყო სრული, ხოლო მეორე შედარებით სუსტი აღნაგობის. დანამდვილებით შეუძლია იმის თქმა, რომ მიკროავტობუსიდან სხვადასხვა ნივთის დაუფლება ხდებოდა ორი პიროვნების მიერ.

პალატა მიიჩნევს, რომ მოწმემ ჩვენება მისცა სასამართლოს პიროვნებების იმ აღწერილობით, როგორც მან დაინახა და აღიქვა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს არა მათ დეტალურ აღწერილობას, მით უმეტეს, როდესაც მსჯავრდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არამედ იმას, რომ მოწმემ დანამდვილებით შენიშნა ორი პირი.

გარდა ამისა, სასამართლოში დაიკითხა ორი პირდაპირი მოწმე, რომლებმაც უშუალოდ, დანაშაულის ჩადენისთანავე წაასწრეს ორ პიროვნებას, რაზეც დაცვის მხარე ყურადღებას არ ამახვილებს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ბ------- ჯ-----–---–მა განმარტა, რომ მეწყვილე დ----- ბ----------ესთან ერთად, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიღებულ იქნა შეტყობინება ხ----–--–ის ქუჩაზე ჩადენილი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. ისინი გაემართნენ ინიციატორის მიერ მითითებულ მისამართზე, რომლისგანაც ცნობილი იყო, რომ ორი პიროვნება მიკროავტობუსიდან მსუბუქ ავტომანქანაში საეჭვოდ ალაგებდა რაღაც ნივთებს. ადგილზე მისვლისას, დაინახეს ხ----–--–ის ქუჩაზე გაჩერებული მიკროავტობუსი, რომლის კარიც იყო დაზიანებული, ფანჯარა ჩამტვრეული, ხოლო მანქანაში ელაგა სამშენებლო მასალები. ინიციატორის მითითებით, გაემართნენ ჯ-------ის ქუჩის მიმართულებით, სადაც შენიშნეს ვერცხლისფერი „ს--------ს“ მარკის მანქანა, რომლის საბარგულიც იყო ახდილი, ხოლო მუქ ტანსაცმელში ჩაცმულ პიროვნებას ხელში ეჭირა ყუთები, ბიდონი, რომელმაც მათ დანახვაზე, დაყარა აღნიშნული ნივთები, გაიქცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სადარბაზოს სარდაფიდან შემოესმა ხმაური, სადაც შენიშნა შიგნით მყოფი ბრალდებული გ------- ე---–---–ი, რომელმაც აღიარა მიკროავტობუსიდან სამშენებლო მასალების ქურდობის ფაქტი, თუმცა აცხადებდა, რომ იგი მოქმედებდა მარტო, თანამზრახველის გარეშე.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე დ----- ბ----------ემ.

გარდა ამისა, ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებებთან სრულ შესაბამისობაშია სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 9 მაისს, 02:50 საათიდან - 03:35 საათის დროის მონაკვეთში, წინა ნაწილით გაჩერებული მოთეთრო ფერის მიკროავტობუსთან მიდის ორი პიროვნება და მიკროავტობუსის მარჯვენა წინა და უკანა კარზე ახდენენ ფიზიკურ ზემოქმედებას, ასევე, ზემოქმედებენ ფიზიკურად წინა მარცხენა კარზე, რის შემდეგაც მიკროავტობუსს აგორებენ წინ, აღებენ მიკროავტობუსის უკანა სალონის კარს და საბარგო ნაწილიდან გადმოაქვთ ნივთები, რომლებიც მიაქვთ მიკროავტობუსის უკანა ნაწილიდან მოშორებით. ვიდეოჩანაწერში რამდენჯერმე გაიარა მაშუქებანთებულმა ავტომანქანამ, რა დროსაც მითითებული ორი პირი ავტომანქანის მაშუქების შემჩნევის დროს იმალებიან და ავტომანქანების გავლის შემდგომ, კვლავ მიდიან მიკროავტობუსის უკანა ნაწილთან, რა დროსაც სალონიდან გადმოაქვთ ნივთები, რომლებიც ასევე მიაქვთ მიკროავტობუსის უკანა ნაწილიდან მოშორებით.

ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებები პირდაპირ ადასტურებენ მსჯავრდებულ გ------------–---–ის მიერ სხვა პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ქურდობის ჩადენის ფაქტს. დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი დასაბუთებული და დამაჯერებელი არგუმენტაცია, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა ამ მტკიცებულებების უტყუარობასა და სანდოობას. შესაბამისად, არ არსებობს მსჯავრდებულის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების საფუძველი.

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ------------–---–ის მიერ ჩადენილ ქმედებას და მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღღმა დასტურდება, რომ გ------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ გ------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. გ------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თვისუფლების აღკვეთა.

4. მსჯავრდებულ გ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 9 მაისიდან.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გ------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია.

6. ნივთმტკიცებები:

- „ს--------ს“ მარკის ავტომანქანა, სარეგისტრაციო ნომრით L--------, რაც იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის ავტოსადგომზე და მასში მოთავსებული ფარულად დაუფლებული ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს.

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორი ცალი ხელის კვალი, გადატანილი CD დისკზე, სამშენებლო კომპანია „ე--------------–--------იდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, მოთავსებული DVD დისკზე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოდან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი, განთავსებული DVD დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი