განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018002146964
საქმე №2/ბ-852-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი: ა-–---- ჩ---------
მოწინააღმდეგე მხარე: ი---- ა-------------
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების სრულად გაუქმება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2017 წლის 27 ოქტომბერს, ი---- ა-------------მ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხედ დაასახელა ა-–---- ჩ--------- და მოპასუხეზე, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 8000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.
2018 წლის 07 ივნისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ი---- ა-------------მ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, ა-–---- ჩ---------- საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, ა-–---- ჩ---------ს ზეპირი გარიგების საფუძველზე ასესხა 12 000 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა, როდესაც ქ.ქუთაისში მდებარე უძრავი ქონებიდან მის კუთვნილ წილს გამოყოფდა, საჯარო რეესტრში საკუთრებაში დაირეგისტრირებდა და შემდგომში გაასხვისებდა.
2015 წელს მოპასუხემ, ნაწილ-ნაწილ, წინასწარ გადასცა 4000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 8000 აშშ დოლარი, უნდა დაებრუნებინა უძრავი ქონების რეალიზაციის შემდეგ.
ვინაიდან, მოპასუხესთან აკავშირებდა კარგი პირადი ურთიერთობა, მის გულწრფელობაში ეჭვი არასდროს შეუტანია.
2016 წელს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ა-–---- ჩ---------მ დაირეგისტრირა უძრავი ქონება და კიდევაც გაყიდა, ხოლო ვალის აღიარების მიუხედავად, მის დაბრუნებას თავს არიდებს.
რადაგანაც, საჯარო რეესტრის მონაცემებით, მოპასუხის სახელზე არანაირი ქონება არ ირიცხება, გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, მისი ვარაუდით, შეეცდება პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა კი, გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
აღნიშნულის გამო ითხოვს, მოპასუხის ანგარიშებზე ყადაღის დადებას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განჩინებით, ი---- ა-------------- განცხადება დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ა-–---- ჩ---------- (პ/ნ 6----------) საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 8000 აშშ დოლარის ფარგლებში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალება. ის წარმოადგენს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიას და ემსახურება ამ უკანასკნელთა დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განმცხადებლის სასარჩელო მოთხოვნაა 8000 აშშ დოლარის დაკისრება, შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შედეგის მიმართ გააჩნია დაცვის ღირსი ინტერესი.
მოსარჩელის მიერ, სასამართლოში სარჩელის აღძვრა უკვე ადასტურებს მხარეთა შორის დავის და მოპასუხისათვის იმ რისკის არსებობას, რასაც სარჩელის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების გამოტანა ჰქვია. არსებობს რა სარჩელის დაკმაყოფილების ვარაუდი, მოპასუხემ შესაძლოა მის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შედეგებიდან თავის დაღწევის მიზნით მიმართოს ისეთ ღონისძიებებს, რაც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის ასეთი გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ა-–---- ჩ---------მ და მისი გაუქმება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინებით, ყადაღა დაედო ,,საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე საარსებო მინიმუმს, ასევე, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ასაკით პენსიას და ქუთაისის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, მუდმივად სამკურნალო დაწესებულებაში ტრანსპორტირებისა და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, მუნიციპალური ბიუჯეტიდან დარიცხულ მიზნობრივ დახმარებას 100 ლარის ოდენობით, რაც დაუსაბუთებლად ზღუდავს მის კანონიერ ინტერესს და აკარგვინებს საარსებო თანხებთან ხელმისაწვდომობას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით, ა-–---- ჩ---------- საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ი---- ა-------------- სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ა-–---- ჩ---------- (პ/ნ 6----------) ფულად სახსრებზე, საქართველოში აკრედიტებულ ყველა ბანკში არსებულ პირად ანგარიშებზე სასარჩელო მოთხოვნის 8000 აშშ დოლარის ფარგლებში, მხოლოდ ჩარიცხული თანხის 50%-ის ფარგლებში, ასევე, გარდა სახელმწიფოს მიერ გასაცემი სოციალური დახმარების თანხებისა;
ა-–---- ჩ---------- საჩივარი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განჩინებაზე, მისი ნაწილობრივ დაუკმაყოფილებლობის გამო, საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია მხარეთა თანასწორობის პრინციპზე. ამ პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა ორივე ურთიერთდაპირისპირებული მხარის ინტერესების თანაბრად გათვალისწინება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს. სასამართლო ვალდებულია დაიცვას ბალანსი კრედიტორის კანონიერ მოთხოვნასა და მოვალის ასევე კანონიერ ინტერესს შორის, არ შეზღუდოს იმაზე მეტად, ვიდრე ეს კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლადაა აუცილებელი.
უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ან პირიქით, კრედიტორის საკუთარი უფლებაში სასამართლოს გზით ეფექტიანად აღდგენის შესაძლებლობის შეზღუდვა.
სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა წარმოადგინა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 05 ივლისის წერილი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ,,მედიკამენტებით დახმარების“ პროგრამის ფარგლებში მიზნობრივი დახმარების სახით ყოველთვიურად 100 ლარის დარიცხვის შესახებ და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, არ იკვეთება საშიშროება, რომ სასარჩელო მოთხოვნის თავიდან დაღწევის მიზნით, მოპასუხე განახორციელებს ისეთი ქმედებას, რაც შესაძლებლობას მისცემს მას, თავი აარიდოს სამომავლო გადაწყვეტილების აღსრულებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ა-–---- ჩ---------- საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებულ განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
დადგენილია, რომ 2017 წლის 27 ოქტომბერს, ი---- ა-------------მ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხედ დაასახელა ა-–---- ჩ--------- და მოპასუხეზე, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 8000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განჩინებით, ი---- ა-------------- განცხადება დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ა-–---- ჩ---------- (პ/ნ 6----------) საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 8000 აშშ დოლარის ფარგლებში.
დადგენილია, რომ აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ა-–---- ჩ---------მ, მისი სრულად გაუქმება და ი---- ა-------------- განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით, ა-–---- ჩ---------- საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ი---- ა-------------- სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ა-–---- ჩ---------- (პ/ნ 6----------) ფულად სახსრებზე, საქართველოში აკრედიტებულ ყველა ბანკში არსებულ პირად ანგარიშებზე სასარჩელო მოთხოვნის 8000 აშშ დოლარის ფარგლებში, მხოლოდ ჩარიცხული თანხის 50%-ის ფარგლებში, ასევე გარდა სახელმწიფოს მიერ გასაცემი სოციალური დახმარების თანხებისა, ხოლო დაუკმაყოფილებელ ნაწილში საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლოს განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
ამ მუხლის დისპოზიციის თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს აღძრულ ან აღსაძრავ სარჩელთან. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს შეუშლის ან მხარეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.
სარჩელის უზრუნველყოფა თავისი არსით ემსახურება სწორედ მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებების და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის სწრაფ და ეფექტურ უზრუნველყოფას სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ანუ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198.2.”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს, ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ სასარჩელო მოთხოვნაა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 8000 აშშ დოლარის მოპასუხეზე დაკისრება.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (სსკ-ის 623-ე, 624-ე, 626-ე მუხლები) და სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივა.
გარემოება, რომელზედაც მოსარჩელე ამყარებს ვარაუდს, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღსრულებლობის თვალსაზრისით, არის ის, რომ მოპასუხის სახელზე არანაირი ქონება არ ირიცხება, ხოლო, გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ არსებობს ვარაუდი, რომ მოპასუხე შეეცდება პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას და საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის განკარგავას.
ასეთ ვითარებაში, პალატას მიაჩნია, რომ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება, არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, არამედ მოპასუხის ნებაზე, განახორციელოს გარკვეული მოქმედება, დაკისრებული თანხა გადასცეს მოსარჩელეს. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა მოპასუხის ქონებაზე იძულებითი აღსრულება.
ამდენად, თუკი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ეს გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, ამასთან მის აღსრულებამდე მოპასუხეს აღარ აღმოაჩნდება გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო ფულადი თანხა, ცხადია გაართულებს, ან შეუძლებელს გახდის ი---- ა-------------- სასარგებლოდ მის აღსრულებას.
შესაბამისად, მოსარჩელის მსჯელობა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფა აუცილებელია-დასაბუთებულია.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თობაზე, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შემთხვევაში, კანონი ასევე იცავს მოპასუხის ინტერესებსაც. მართალია, ეს ღონისძიება თავისი სამართლებრივი თვალსაზრისით მოპასუხის უფლებისა თუ ინტერესის შევიწროებას გულისხმობს, თუმცა იგი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მოპასუხის უფლებების უპირობოდ შემზღუდველი ღონისძიება. ამიტომ, სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველთა შეჯერების შედეგად უნდა იმსჯელოს, სარჩელის უზრუნველყოფის საგანი, არის თუ არა ადექვატური დავის საგანზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის. ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით.
გარდა ამისა, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, მხარეები არ უნდა აღმოჩნდნენ ისეთ სამართლებრივ ვითარებაში, რომ ნაცვლად მათი დარღვეული უფლებების რეალური აღდგენისა და ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიისა, უზრუნველყოფის ღონისძიებამ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი.
განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სრულად გაუქმება იმ მიზეზით, რომ ყადაღა დაედო საარსებო მინიმუმს, ასაკით პენსიას და მუნიციპალური ბიუჯეტიდან დარიცხულ მიზნობრივ დახმარებას 100 ლარის ოდენობით, რაც დაუსაბუთებლად ზღუდავდა მის კანონიერ ინტერესს და აკარგვინებდა საარსებო თანხებთან ხელმისაწვდომობას.
როგორც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით ირკვევა, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა საჩივარში მითითებული პრეტენზიები და მოპასუხის საჩივარი დააკმაყოფილა იმგვარად, რომ ყადაღა დაედო ა-–---- ჩ---------- (პ/ნ 6----------) ფულად სახსრებზე, საქართველოში აკრედიტებულ ყველა ბანკში არსებულ პირად ანგარიშებზე სასარჩელო მოთხოვნის 8000 აშშ დოლარის ფარგლებში, მხოლოდ ჩარიცხული თანხის 50%-ის ფარგლებში, ასევე ყადაღა არ იქნა გავრცელებული სახელმწიფოს მიერ გასაცემ სოციალური დახმარების თანხებზე.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ აღარ არსებობს საჩივრის ავტორის მიერ მითითებული საფრთხეები, რომელიც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს მას და შეუზღუდავს სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროების დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ თანხებთან ხელმისაწვდომობის უფლებას.
გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით დაცულია მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსი, რაც გამორიცხავს უზრუნველყოფის ღონისძიების მთლიანად გაუქმების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმებით დასაბუთებული განჩინება გამოიტანა, აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, ა-–---- ჩ---------- საჩივრის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–---- ჩ---------- საჩივარი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განჩინების სრულად გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე