განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.09.2018
საქმის ნომერი
010210118001997747
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210118001997747

საქმე #2/ბ-801-18

ganCineba

საქართველოს სახელით

26 სექტემბერი 2018 წ. ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე): შპს ,,U---”

წარმომადგენელი: ლ---- მ-----–--ე

მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე): სს ,,ვ-----– პ--------–---- ჯ--------“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინება

დავის საგანი: დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება

სააპელაციო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2017 წლის 05 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს ,,ვ-----– პ--------–---- ჯ--------ს“ წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,U---” და იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიერ, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, სს ,,ვ-----– პ--------–---- ჯ--------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა;

მოპასუხე შპს ,,U---’’-ს, მოსარჩელე სს ,,ვ-----– პ--------–---- ჯ--------ს’’ სასარგებლოდ დაეკისრა 16 100 ლარის გადახდა;

მოპასუხე შპს ,,U---’’-ს, მოსარჩელე სს ,,ვ-----– პ--------–---- ჯ--------ს’’ სასარგებლოდ დაეკისრა, მოსარჩელის მიერ, წინასწარ გადახდილი სახ.ბაჟის 483 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

2018 წლის 23 მაისს, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხე შპს ,,U---’’-ს წარმომადგენელმა, მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ, მისთვის ცნობილი არ ყოფილა სასამართლოში მიმდინარე დავის შესახებ.

2018 წლის 15 მაისს, შპს ,,U---’’-ს დირექტორი დაბარებული იქნა ა------- და გ------- ს----------–---- ბიუროში, სადაც მას ჩაბარდა წინადადება სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე. სწორედ აღნიშნული დოკუმენტიდან გახდა მისთვის ცნობილი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

იმაზე მითითებით, რომ შპს ,,U---’’-ს სასამართლო გზავნილი (სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად) არ ჩაბარებია სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, აღნიშნული წარმოადგენდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.

საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა, როგორც მოსარჩელის განცხადების, ისე, საქმეში განთავსებული საფოსტო შეტყობინებით ირკვევა, რომ ფოსტის კურიერის მიერ, ხ--–----------------------------–-–----------ში მიტანილი გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ ,,ადრესატი გადასულია ბ------–---------------------------–--–-------ში“.

ე.ი. მოსარჩელე მხარეს და სასამართლოს ეცნობა მოპასუხის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი. გარდა ამისა, სარჩელში დაფიქსირებული იყო მათი ელექტრონული ფოსტის მისამართი, თუმცა სასამართლოს, არც კი უცდია, მისთვის ცნობილ ალტერნატიულ მისამართზე ან ელექტრონულ ფოსტაზე გზავნილების ჩაბარება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით, შპს ,,U---’’-ს წარმომადგენლის საჩივარი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და არ იქნა მიღებული განსახილველად.

სასამართლომ მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხე შპს ,,U---’’-ს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართებზე. მიუხედავად ამისა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეს არ ჩაბარდა, რის გამოც, ამავე სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით, შპს ,,U---’’-ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის №2-2504/17 დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსი ეცნობა შეტყობინების საჯაროდ გავრცელების გზით და სსკ-ის 78-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხისათვის ჩაბარებულად ჩაითვალა მეშვიდე დღეს ანუ 2018 წლის 08 თებერვალს.

გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სს ,,ვ-----– პ--------–---- ჯ--------ს’’ წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, 2017 წლის 21 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2018 წლის 26 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

ამდენად, 2018 წლის 23 მაისს საჩივრის წარდგენისას, მოპასუხე შპს ,,U---’’-ს მიერ გაშვებული იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების 10 დღიანი ვადა, რაც დაუშვებლობის გამო საჩივრის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს ,,U---’’-ს წარმომადგენელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სასამართლომ, ისე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილების საჯაროდ გავრცელების შესახებ განჩინება, რომ მათ, დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ, მხოლოდ ერთხელ, რითაც დარღვეული იქნა სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

აღნიშნული ადასტურებს, რომ საჩივარი წარდგენილი არ ყოფილა 10 დღიანი ვადის დარღვევით და დასაშვებია.

შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად.

 

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების

დასაბუთება

სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ შპს ,,U---’’-ს წარმომადგენლის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2017 წლის 05 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს ,,ვ-----– პ--------–---- ჯ--------ს“ წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,U---” და იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება მოითხოვა.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიერ, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, სს ,,ვ-----– პ--------–---- ჯ--------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა;

მოპასუხე შპს ,,U---’’-ს, მოსარჩელე სს ,,ვ-----– პ--------–---- ჯ--------ს’’ სასარგებლოდ დაეკისრა 16 100 ლარის გადახდა;

მოპასუხე შპს ,,U---’’-ს, მოსარჩელე სს ,,ვ-----– პ--------–---- ჯ--------ს’’ სასარგებლოდ დაეკისრა, მოსარჩელის მიერ, წინასწარ გადახდილი სახ.ბაჟის 483 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

დადგენილია, რომ 2018 წლის 23 მაისს, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხე შპს ,,U---’’-ს წარმომადგენელმა, მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით, შპს ,,U---’’-ს წარმომადგენლის საჩივარი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და არ იქნა მიღებული განსახილველად.

დადგენილია, რომ აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს ,,U---’’-ს წარმომადგენელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად, საქმის იმავე სასამართლოსათვის დაუბრუნება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში სადავოა, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შპს ,,U---’’-ს საჩივრის დასაშვებობის საკითხი, რომლითაც მხარე სადავოდ ხდის სასამართლოში, მის წინააღმდეგ მიმდინარე სარჩელზე საქმის წარმოებისას, მისი მოწვევის, (კერძოდ, შესაგებლის წარმოდგენის მიზნით, სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების) წესის დარღვევას.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2017 წლის 21 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, მოპასუხე შპს ,,U---’’-ს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე, ხ--–----------------------------–-–----------ში, თუმცა იმ მიზეზით, რომ ადრესატს იგი ვერ ჩაბარდა (ს.ფ.86-87), სასამართლოს მიერ გამოყენებული იქნა საჯარო შეტყობინების გავრცელების წესი და 2017 წლის 21 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2018 წლის 01 თებერვალს გამოქვეყნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში თვალსაჩინო ადგილას და განთავსდა ამავე სასამართლოს ვებგვერდზე (ს.ფ.96-97).

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ 2017 წლის 21 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78.2-ე მუხლის შესაბამისად, მხარისათვის ჩაბარებულად ითვლებოდა 2018 წლის 08 თებერვალს, საიდანაც გასულია სსკ-ის 237-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 10 დღიანი ვადა.

ამ გარემოების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი დაუშვებელია - დასაბუთებულია.

მიუხედავად ზემოაღნიშნული მსჯელობისა, პალატა დამატებით განმარტავს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის ეს ჩანაწერი თავისთავად გულისხმობს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას (სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში), რასაც მხარე (მოსარჩელე, განმცხადებელი) მოითხოვს.

ამავე კოდექსით გათვალისწინებულია მხარის გამოუცხადებლობის ან მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივრის წარდგენა, თუ გასული არ არის ამავე კოდექსის 237-ე მუხლით დადგენილი 10 დღიანი ვადა.

ასეთი ვადის გასვლის შემთხვევაში, საპროცესო კანონმდებლობით დასაშვებია გადაწყვეტილების ბათილობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადების წარდგენა, თუ მხარე დაასაბუთებს, რომ ადგილი ჰქონდა სსკ-ის 422.1 „ბ“ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, კერძოდ: „ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომდგენლი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-427, 429-431 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადების წარდგენის ვადა, ფორმა (განცხადების შინაარსი), დასაშვებობის შემოწმებისა და განხილვის წესი.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, შპს ,,U---’’-ს „საჩივარი“ იმ საფუძვლით ცნო დაუშვებლად, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული. რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-426-ე მუხლებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების დასაშვებობის კრიტერიუმებს, ეს საკითხები სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა.

ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამ გადაწყვეტილებაზე შეტანილი „საჩივარი“ თავისი პროცესუალური ბუნებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებას წარმოადგენს, რომლის დასაშვებობის შემოწმება და განხილვა-გადაწყვეტა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს კომპეტენციაა.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-426-ე მუხლების თანახმად, შპს ,,U---’’-ს განცხადება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დასაშვებობის შემოწმების საპროცესო ეტაპიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ,,U---’’-ს (წარმომადგენელი-ლ---- მ-----–--ე) კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინება;

3. შპს ,,U---’’-ს განცხადება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დასაშვებობის შემოწმების საპროცესო ეტაპიდან, განსახილველად დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

4. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ნანა კალანდაძე