განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №120310017002163761
საქმე N3ბ/1820-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოპასუხე) - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - გ------- ჩ------ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჯ--- შ-----ე;
წარმომადგენელი - ა---------– თ--–--–---–ი;
მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
მესამე პირები (ასკ 16.2.) - ბ------ შ-----ე, ე------ შ-----ე, რ----–- შ-----ე;
წარმომადგენელი - ჯ--- შ-----ე;
დავის საგანი - საცხოვრებლით უზრუნველყოფის დავალდებულება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება;
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. სასამართლომ დაავალდებულოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრო, რათა მოხდეს მოსარჩელის ჯ--- შ-----ის როგორც ეკომიგრანტის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა.
1.2. მოპასუხე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს მოსარჩელის დაზიანებულ სახლს მიანიჭოს დაზიანების კატეგორია.
2. მოპასუხეების პოზიცია პოზიცია:
2.1. მოპასუხე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა ჯ--- შ-----ის სახლს ვერ მიანიჭებს კატეგორიას, რადგან სახლი, სადაც ჯ--- შ-----ის ოჯახი ცხოვრობდა, სიძველისგან დაინგრა და არა მეწყრის გამო. სახლი, რომელიც იყო მეწყრულ ზონაში, იყო მშენებარე, რომელშიც ჯ--- შ-----ის ოჯახს არასოდეს უცხოვრია.
2.2. მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ჯ--- შ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ემსჯელა მოსარჩელე ჯ--- შ-----ის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის მინიჭებასთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილებით მოპასუხე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა ჯ--- შ-----ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის გადახდა;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. მოსარჩელე ჯ--- შ-----ეს და მისი ოჯახის წევრებს, მესამე პირებს ბ------ შ-----ეს, ე------ შ-----ეს, რ----–- შ-----ეს ადიგენის რაიონის სოფელ ზ-------ში თანასაკუთრებაში აქვთ სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი, დაზუსტებულ ფართობი 4000.00 კვ.მ. ს.კ. 6-----------. (ტომი 1, ს.ფ.11-12).
4.2. მოსარჩელე ჯ--- შ-----ე და მისი ოჯახის წევრები, 2004 წლამდე ცხოვრობდნენ ადიგენის რაიონის სოფ. ზ-------ში, სადაც საკუთრების უფლებით ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი (4000.00 კვ.მ. ს.კ. 6-----------.), 2004 წელს მეწყრის შედეგად დაენგრათ საცხოვრებელი სახლი, საცხოვრებელ სახლში ცხოვრება აღარ შეიძლებოდა და ოჯახთან ერთად დატოვა საცხოვრებელი ადგილი, დროებით საცხოვრებლად გადავიდნენ წ--–-ის რაიონში. მას ან მისი ოჯახის წევრებს წ--–-ის რაიონში საცხოვრებელი სახლი არ გააჩნიათ. (ტომი 1, ს.ფ.178-188).
4.3. მოსარჩელე ჯ--- შ-----ემ 2016 წლის 20 ივნისს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს, რომ მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების შესაბამისად, როგორც ეკომიგრანტისათვის, გადაეცათ მისთვის საცხოვრებელი სახლი. (ტომი 1, ს.ფ.16-17).
4.4. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ მოსარჩელე ჯ--- შ-----ეს საცხოვრებელი სახლით დახმარებაზე უარი უთხრა იმ საფუძვლით რომ, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას მისი სახლისთვის დაზიანების კატეგორია არ მიუნიჭებია. (ტომი 1, ს.ფ.16-17).
4.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 24 ივნისის N-------------- წერილით ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზ------- ე-----–--ეს ეცნობა, რომ სამინისტრო ვერ განიხილავდა დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების საკითხს, თუ მიწოდებული არ იქნებოდა შემდეგი ინფორმაცია:
1. დაზარალების ახალი კატეგორიების მიხედვით (თანდართული ფორმების შესაბამისად), სადაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დაზარალების ფორმის კატეგორიის განმარტებას და გრაფებს „ოჯახის შემადგენლობა” და „პირადი ნომერი".
2. დაზიანებული სახლის ფოტომასალა, ოთხივე მხრიდან გადაღებული, სადაც ნათლად და სრულად გამოჩნდება საცხოვრებელი სახლი, სურათებს უნდა ეწეროს მეპატრონის სახელი და გვარი, რაც დადასტურებული იქნება ოფიციალური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
3. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულ ოჯახთან ერთად საცხოვრებელ სახლში ფიქსირდება სხვა ოჯახი, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოთ ცნობის სახით.
4. ასევე უნდა მიეწოდოს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, ფლობენ თუ არა აღნიშნული ოჯახის წევრები სხვა საცხოვრებელ ფართს(გარდა სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლისა).
5. ასევე მოითხოვა აღნიშნული ინფორმაციის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დადგენილი დაზარალების კატეგორიების ფორმით მიწოდება. (ს.ფ. ტომი 1, 65-66).
4.6. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2017 წლის 29 ივნისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აცნობა, რომ ადიგენის რაიონის სოფელ ზ-------ში ბ------ შ-----ის ოჯახს 2004 წლის შემდეგ აღარ უცხოვრია; როგორც გეოლოგიური დასკვნიდან ირკვევა, მას 2006 წელს აუშენებია ერთსართულიანი სახლი, რომელიც მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო მიუტოვებია და ამჟამად სახლის არსებობის არანაირი კვალი არ ჩანს. ბ------ შ-----ის ოჯახს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაირი საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია და ის თავისი ოჯახით გადასულია წ--–-ის რაიონში.(ტომი 1, ს.ფ.68-69).
4.7. ჯ--- შ-----ის და მისი ოჯახის წევრების, მესამე პირების ბ------ შ-----ის, ე------ შ-----ის და რ----–- შ-----ის საკარმიდამო ნაკვეთი, ფართობით დაახლებით 4000მ2 (კოორდ:3-----; 4------), ს.კ. 6-----------.), მდებარე ადიგენის რაიონის სოფელ ზ-------ში, არის მეწყრული, სამოსახლოდ გამოუსადეგარია და იქ საცხოვრებელი სახლის აშენება მიზანშეუწონელია მეწყერული პირობების და მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო. (ტომი 1, ს.ფ. 104-117).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ აღნიშნა, რომ სტიქიით დაზარალებული ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის განხილვისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, აუცილებელი პირობაა, რომ შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ შევსებულ იქნას ამავე ბრძანებით დამტკიცებული დაზარალების კატეგორიის განმსაზღვრელი აქტის ფორმა, რომლის შევსების შემდგომ ეს უკანასკნელი წარუდგენს მოცემულ აქტს სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს. მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ დეპარტამენტი უფლებამოსილია განახორციელოს ბრძანების მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დაზარალებული ოჯახის განაცხადის განხილვა, დამუშავება, შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება·
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სხდომაზე დაკითხული გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების განმარტებაზე, სადაც მიუთითებენ, რომ საკარმიდამო ნაკვეთი, ფართობით დაახლებით 4000მ2 (კოორდ:3-----; 4------), ს.კ. 6-----------.), მდებარე ადიგენის რაიონის სოფელ ზ-------ში, არის მეწყრული, სამოსახლოდ გამოუსადეგარია და იქ საცხოვრებელი სახლის აშენება მიზანშეუწონელია მეწყერული პირობების და მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უარი ჯ--- შ-----ის მიმართ არის დასაბუთებული, ვინაიდან განაცხადს არ ერთვის დაზარალებული ოჯახის კატეგორიის ფორმა, რის საფუძველზეც სამინისტროსათვის შესაძლებელი იქნებოდა მინისტრის N779 ბრძანების შესაბამისად დახმარება გაეწია დაზარალებული ოჯახისათვის. შესაბამისად, ჯ--- შ-----ის სარჩელი ამ ნაწილში სასამართლომ მიიჩნია დაუსაბუთებლად.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ--- შ-----ეს არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი და ცხოვრობს ოჯახთან ერთად ქირით და მოსარჩელეს ადგება ზიანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯ--- შ-----ის სარჩელი ამ ნაწილში მიიჩნია დასაბუთებულად და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით იმსჯელოს ჯ--- შ-----ის საცხოვრებელი სახლის კატეგორიის მინიჭებასთან დაკავშირებით.
6. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო მოთხოვნა:
7.1. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
8. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
8.1. სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ჯ--- შ-----ეს 2004 წელს დაენგრა სახლი მეწყრული პროცესების შედეგად და ოჯახთან ერთად მოუწია საცხოვრებელი ადგილის - ადიგენის დატოვება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ აპელანტი აღნიშნავს, რომ მეწყერი ამ ტერიტორიის მიმდებარედ დაახლოებით 150 მეტრის მოშორებით, მოგვიანებით განვითარდა, კერძოდ 2012 წლის შემდეგ პერიოდში. რაც შეეხება ჯ--- შ-----ეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, ადიგენის მუნიციპალიტეტს მიმართა 2016 წელს. ამ დროისათვის აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი ან ნანგრევი არ არსებობდა.
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს შეფასებას მოწმეთა ჩვენებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოწმეები შ----- გ-----ე და გ---–----- შ-----ე წარმოადგენენ ჯ--- შ-----ის ახლო ნათესავებს. წარმომადგენლის განმარტებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზვავი ან ზვავსაშიშროება არასდროს ყოფილა. ამასთან, სოფელ ზ-------ში მეწყრულ პროცესებს არ გამოუწვევია არც ერთი სახლის ნგრევა. ამდენად, მეწყრული პროცესები სოფელ ზ-------ში ჯ--- შ-----ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ აღმოსავლეთით მოგვიანებით განვითარდა, იმ პერიოდში, როდესაც მათი სახლი აღარ არსებობდა. ჯ--- შ-----ის სახლი სიძველისგან შეიძლება ყოფილიყო დაზიანებული. 2016 წლამდე ჯ--- შ-----ეს ან მისი ოჯახის წევრს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისთვის არ მიუმართავს იმ მოთხოვნით, რომ მეწყრული პროცესები ანგრევდა მის სახლს, რათა რაიმე დახმარება გაეწია ადიგენის გამგეობას.
9. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
უპირველესად, პალატა აღნიშნავს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ გასაჩივრებულია ჯ--- შ-----ის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის მინიჭებასთან დაკავშირებით მსჯელობის დავალების ნაწილში, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი - აპელანტის განცხადება). ამდენად პალატა მსჯელობს მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილზე.
პალატა აქვე აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტის კუთხით, ანუ სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მისი გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლა უკავშირდება მხოლოდდამხოლოდ სახელმწიფო ბაჟის მხარისათვის არასწორად დაკისრებას.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, ხოლო სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ჯ--- შ-----ის მიერ 2017 წლის 20 ივნისს შევსებულ იქნა მითითებული ბრძანებით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა, დანართი N2, სადაც დააფიქსირა, რომ მისი ოჯახი (შედგება 9 სულისაგან) წარმოადგენს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახს. მისი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ადიგენის რაიონის სოფელ ზ-------ში, რომ სახლი მდებარეობს ზვავსაშიშ ზონაში, საცხოვრებლად საშიშია და უვარგისია, ამჟამად ცხოვრობს წ--–-აში.
პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების პირველი მუხლზე, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყრის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.
ამავე ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად: კონკრეტული დაზარალებულის განაცხადების განხილვაზე, მათთვის საცხოვრებელი სახლის შეთავაზებაზე, მათი განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთრებაში გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე–5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია მე-7 პუნქტის თანახმად: დეპარტამენტი ახდენს საცხოვრებელი სახლების მიღების მსურველთა განაცხადების მიღებას. განაცხადის შევსება ხდება დაზარალებულის მიერ სამინისტროს შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ, როგორც სამინისტროს თანამშრომელი, ასევე დაზარალებული პირი. საცხოვრებელი სახლის მიღების მიზნით, დაზარალებულის მიერ ივსება ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი N2 –" საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2017 წლის 21 ივნისს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაგზავნილ იქნა წერილი, რომლითაც მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების შესაბამისად, გაეგზავნათ დანართი N2–ში მითითებული ინფორმაცია და ამავე ბრძანებით დამტკიცებული სტიქიით დაზარალების კატეგორიის ფორმით (დანართი N1) მოეწოდებინათ დანართ #2-ში მითითებული ოჯახის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია: ა) დაზარალების ახალი კატეგორიების მიხედვით (თანდართული ფორმის შესაბამისად), სადაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დაზარალებულის ფორმის კატეგორიის განმარტებას და გრაფებს "ოჯახის შემადგენლობა" და "პირადი ნომერი". ბ) დაზიანებული სახლის ფოტო მასალა, ოთხივე მხრიდან გადაღებული, სადაც ნათლად და სრულად ჩანს საცხოვრებელი სახლი, სურათებს უნდა ეწეროს მეპატრონის სახელი და გვარი, რაც დადასტურებული იქნება ოფიციალური პირის ხელმოწერით და ბეჭდით. ასევე აღნიშნული წერილით განემარტათ, რომ აღნიშნული ინფორმაციის მინისტრის N779 ბრძანებით დადგენილი დაზარალებულის კატეგორიების ფორმით მიუწოდებლობის შემთხვევაში სამინისტრო ვერ განიხილავდა ოჯახების საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების საკითხს.
დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელე ჯ--- შ-----ე წარმოადგენს ეკომიგრანტს -სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირს.
პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების განმარტებას და მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯ--- შ-----ის სახლს ვერ მიანიჭებდნენ კატეგორიას, რადგან სახლი, სადაც ჯ--- შ-----ის ოჯახი ცხოვრობდა, სიძველისგან დაინგრა და არა მეწყრის გამო. სახლი, რომელიც იყო მეწყრულ ზონაში, იყო მშენებარე, სადაც ჯ--- შ-----ის ოჯახს არასოდეს უცხოვრია. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის დროს საპირისპირო დაადსატურეს ჯ--- შ-----ის თანასოფლელებმა, რომლებმაც განმარტეს, რომ ჯ--- შ-----ის ოჯახი ცხოვრობდა სოფელ ზ-------ში დამეწყრილ ტერიტორიაზე. ჯ--- შ-----ის ოჯახის სახლი მეწყერისგან დაზიანდა, იქ ცხოვრება უკვე შეუძლებელი იყო და დროებით საცხოვრებლად წ--–-აში გადავიდნენ.
პალატა განსახილველ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნევს, რომ ჯ--- შ-----ეს არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი და ცხოვრობს ოჯახთან ერთად ქირით და მოსარჩელეს ადგება ზიანი. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ჯ--- შ-----ის სარჩელი ამ ნაწილში დასაბუთებულია.
ამდენად პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მიერ მითითებულ იმ მოსაზრებას, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეწყერი ან აღნიშნულის საშიშროება არასდროს ყოფილა. ვინაიდან. როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილია ვიზუალური საინჟირნო-გეოდინამიკური დასკვნა, რომლის თანახმად ჯ--- შ-----ის და მისი ოჯახის წევრების, მესამე პირების ბ------ შ-----ის, ე------ შ-----ის და რ----–- შ-----ის საკარმიდამო ნაკვეთი, ფართობით დაახლებით 4000მ2 (კოორდ:3-----; 4------), ს.კ. 6-----------.), მდებარე ადიგენის რაიონის სოფელ ზ-------ში, არის მეწყერული, სამოსახლოდ გამოუსადეგარია და იქ საცხოვრებელი სახლის აშენება მიზანშეუწონელია მეწყერული პირობების და მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო.
ამასთან, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლზე და სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის პირობებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს, ხოლო მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მათ მიერ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ სისწორეს და შესაბამისად, მათი მოთხოვნის კანონიერებას.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებას, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის საკითხზე მსჯელობისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღნიშნულ ნაწილში გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივი საფუძვლები.
პალატა განმარტავს, რომ წინამდებარე დავა თავისი შინაარსით წარმოადგენს სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით დავას; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით კი მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 100 ლარის ანაზღაურება დაეკისრა მოპასუხე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას, მაშინ როცა სარჩელზე ბაჟი საერთოდ არ უნდა გადახდილიყო. ამდენად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე შეცდომით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
10. პროცესის ხარჯები:
10.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 100 (ასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება დაეკისრა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას ჯ--- შ-----ის სასარგებლოდ და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ--- შ-----ეს უკან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (2017 წლის 18 სექტემბერს, სს ,,თიბისი ბანკში’’ ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი
3. დანარჩენ ნაწილში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -