განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.05.2018
საქმის ნომერი
010310018002638583
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
16.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310018002638583

საქმე N3/ბ-103-18წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 მაისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

 

აპელანტი _ აჭარის ა/რ ფინანსთა დაეკონომიკის სამინისტრო

 

მოწინააღმდეგე მხარე _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისია

 

მესამე პირები - თ------ კ---–--–--ე, ზ-------- კ---–--–--ე

 

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 15 მარტის №3 ოქმისა და 2016 წლის 23 მარტის №17029 საკუთრების უფლების მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა თ------ კ---–--–--ისა და ზ-------- კ---–--–--ისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მ------------ში მდებარე შენობა-ნაგებობების ნანგრევებზე და მასზე დამაგრებულ 4639 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში; ასევე, 2016 წლის 15 მარტის №3 ოქმისა და 2016 წლის 23 მარტის №17029 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 15 ივლისის №12 ოქმისა და №65 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

მოსარჩელის მითითებით, თ------ კ---–--–--ისა და ზ-------- კ---–--–--ისათვის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკვევა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2014 წლის 30 მაისის №5 ოქმის №3 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა თ------ კ---–--–--ის მოთხოვნა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, ვინაიდან ჩათვალა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბიკის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას. სასამართლოს გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 30 მაისის №5 სხდომის ოქმის №3 გადაწყვეტილება და კომისიას დაევალა, გამოეცა ახალი აქტი თ------ კ---–--–--ის 2009 წლის 6 აპრილის განცხადებასთან დაკავშირებით. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2016 წლის 15 მარტის №3 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, საკუთრების უფლება უღიარა თ------ და ზ-------- კ---–--–--ეებს ქობულეთში, სოფელ მ------------ში მდებარე შენობა-ნაგებობის ნანგრევებზე და მასზე დამაგრებულ 4639 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და 2016 წლის 23 მარტს გადასცა №17029 საკუთრების უფლების მოწმობა. 2016 წლის 7 აპრილს აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარედგინა თ------ კ---–--–--ის განცხადება (რეგ.№2038), რომლითაც მოითხოვდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილში სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების გაუქმებას. სამინისტრომ მიიჩნია, რომ არ დგინდებოდა თ------ კ---–--–--ის და ზ-------- კ---–--–--ის მიერ სოფელ მ------------ში მდებარე შენობა-ნაგებობის ნანგრევების და 4639 კვ.მ. მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, შესაბამისად, მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აღნიშნულის გამო, სამინისტრომ 2016 წლის 04 ივლისის №01-10/2784 წერილით თხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომ შეესწავლა მის მიერ 2016 წლის 23 მარტს გაცემული №17029 საკუთრების უფლების მოწმობის და გადაწყვეტილების (საოქმო) მიღების კანონიერება. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2016 წლის 14 ივლისს აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო მოქალაქე ა------ ტ----ის განცხადება (რეგ.№4527), რომლის შინაარსიდან ირკვევა, რომ ის შენობის ნანგრევები, რომლის საფუძველზეც კომისიამ თ------ და ზ-------- კ---–--–--ეებს უღიარა საკუთრების უფლება, წარმოადგენდა სახელმწიფოს შენობას, რომელიც გამოიყენებოდა ჩაის მკრეფავ მეჩაიეთა დასასვენებლად, წვიმიან ამინდში (მოსაცდელი) და ასევე, მოკრეფილი ჩის ფოთლის დროებით შესანახად და რომ შენობა არ ყოფილა თ------ და ზ-------- კ---–--–--ეების მიერ აშენებული. განმცხადებელი ასევე აცხადებდა, რომ ქ. ქობულეთში მცხოვრებმა თ------ კ---–--–--ემ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელც მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ მ------------ში, დაიკავა 2011 წელს. ა------ ტ----ის განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტები სამინისტრომ 2016 წლის 22 ივლისის №01-10/3022 3 წერილით გადააგზავნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. სამინისტრომ მიიღო ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 13 სექტემბრის №01-38/476 წერილი, რომელზე თანდართული კომისიის 2016 წლის 15 ივლისის №12 ოქმის N65 გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ თ------ და ზ-------- კ---–--–--ისათვის გაცემული №17029 საკუთრების უფლების მოწმობა დარჩა ძალაში.

 

მოსარჩელის მითითებით, თ------ და ზ-------- კ---–--–--ეები იყვნენ თუ არა სადავო უძრავი ქონების თვითნებური დამკავებლები, ეს პირველ რიგში უნდა დადგენილიყო იმით, მიწის ნაკვეთზე განლაგებულია თუ არა საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული). სამინისტროს მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ეს იმ შენობის ნანგრევებია, სადაც განლაგებული იყო ჩაის შესანახი ფარდული და იქ არასოდეს არ ყოფილა თ------ და ზ-------- კ---–--–--ეების საცხოვრებელი სახლი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით აღიარების კომისიას დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ მიეღო ახალი გადაწყვეტილება. ნაცვლად ასეთი გამოკვლევისა, კომისიამ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მითითებით, განმცხადებლებს უღიარა საკუთრების უფლება. კომისიის მიერ ადრე უარი ეთქვათ თ------ და ზ-------- კ---–--–--ეებს საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება აღიარებას არ ექვემდებარებოდა, ხოლო სასამართლომ ჩათვალა, უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრაცია არ იყო დამაბრკოლებელი გარემოება, მასზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარებისათვის. შესაბამისად, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ გულისხმობდა, რომ კომისიას არ უნდა შეესწავლა თ------ და ზ-------- კ---–--–--ეების მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი და მასთან დაკავშირებული გარემოებები. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ თ------ და ზ-------- კ---–--–--ეების განცხადების განხილვის დროს დარღვია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლების ანალიზთან დაკავშირებით. ამასთან, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მიიწვია ყველა დაინტერესებული მხარე, კერძოდ ა------ ტ----ე.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 17 თებერვლის №01- 22/579 მიმართვის საფუძველზე, უძრავი ქონება - 25232 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქობულეთი, სოფელი ა-–------ი, დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის №151 განკარგულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, მათ შორის ქობულეთი, სოფელი ა-–------ში მდებარე 25232 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 20.36.01.012). 2009 წლის 10 მარტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომლითაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, მათ შორის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-–------ში მდებარე 25232 კვ.მ. სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 20.36.01.012). შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.

 

2009 წლის 6 აპრილს თ------ კ---–--–--ემ განცხადებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ქობულეთში, სოფელ მ------------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ამონაწერი საკომლო წიგნიდან, CD დისკი, მოწმეების - გ----- გ--------ის და ჭ------ ვ------–--ის სანოტარო წესით დამოწმებული ერთობლივი განცხადება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 30 მაისის №5 სხდომის №3 საოქმო გადაწყვეტილებით თ------ კ---–--–--ეს უარი ეთქვა სოფელ მ------------ში მდებარე 4639,0 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ მოტივით, რომ №20.36.01.012 საკადასტრო კოდით ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად იყო რეგისტრირებული.

 

თ------ კ---–--–--ემ სარჩელი შეიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 30 მაისის №5 სხდომის ოქმის №3 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დავალება, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის და გამოკვლევის საფუძველზე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ------ კ---–--–--ის 2009 წლის 6 აპრილის განცხადებასთან დაკავშირებით.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე №3- 313/14წ. №010310014572549) დაკმაყოფილდა თ------ კ---–--–--ის სარჩელი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 30 მაისის №5 სხდომის ოქმის №3 გადაწყვეტილება და მოპასუხეს, ქობულეთის მუნიციპლიტეტის საკრებულო საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ------ კ---–--–--ის 2009 წლის 06 აპრილის განცხადებასთან დაკავშირებით.

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ კანონიერ ძალაში შესული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების შესაბამისად, თავიდან განიხილა თ------ კ---–--–--ის განცხადება და 2016 წლის 15 მარტის №3 საოქმო გადაწყვეტილებით დააკამყოფილა თ------ და ზ-------- კ---–--–--ეების მოთხოვნა და აღიარა მათი საკუთრების უფლება, სოფელ მ------------ში მდებარე 4639,0 კვ.მ. სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე, ხოლო 2016 წლის 23 მარტს მათ სახელზე გასცა №17029 საკუთრების მოწმობა.

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2016 წლის 23 მარტს გაცემული №17029 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, თ------ კ---–--–--ემ 2016 წლის 24 მარტს განცხადებით (№11871502) მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული ქონების რეგისტრაცია, მაგრამ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 29 მარტის №882016178784-03 გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან აღმოჩნდა ზედდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად უკვე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ:20.36.01.012).

 

2016 წლის 7 აპრილს აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარედგინა თ------ კ---–--–--ის განცხადება (რეგ.№2038), რომლითაც მოითხოვდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილში სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების გაუქმებას. სამინისტრომ ჩათვალა, რომ არ დგინდებოდა თ------ კ---–--–--ის და ზ-------- კ---–--–--ის მიერ სოფელ მ------------ში მდებარე შენობა-ნაგებობის ნანგრევების და 4639 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. სამინისტრომ ასევე მიიჩნია, რომ თ------ კ---–--–--ის და ზ-------- კ---–--–--ის მოთხოვნა, მისი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, სამინისტრომ 2016 წლის 4 ივლისის №01-10/2784 წერილით მოთხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, შეესწავლა მის მიერ 2016 წლის 23 მარტს გაცემული №17029 საკუთრების უფლების მოწმობის და მის საფუძვლად მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების (ოქმი) კანონიერება.

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2016 წლის 15 ივლისს განიხილა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნა და №12 ოქმით მიიღო №65 გადაწყვეტილება კომისიის 2016 წლის 23 მარტის №17029 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

საქალაქო სასამართლოს მითითებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავს იმ ორგანოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს, აგრეთვე, ამ პროცესში მონაწილე მხარეთა უფლებამოვალეობებს.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიის შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მე-17 მუხლის საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ კანონიერ ძალაში შესული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების შესაბამისად, თავიდან განიხილა თ------ და ზ-------- კ---–--–--ეების განცხადება, 2016 წლის 15 მარტის №3 საოქმო გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა თ------ და ზ-------- კ---–--–--ეების მოთხოვნა და აღიარა მათი საკუთრების უფლება სოფელ მ------------ში მდებარე 4639,0 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე, ხოლო 23 მარტს მათ სახელზე გასცა №17029 საკუთრების მოწმობა.

 

მოსარჩელე მხარე თავის სარჩელს აფუძნებდა იმ გარემოებაზე, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ არასწორად გაიგო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება, როგორც თ------ და ზ-------- კ---–--–--ეებისათვის საკუთრების უპირობოდ აღიარების მავალდებულებელი აქტი და საკუთრების უფლების აღიარებისათვის აუცილებელი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, თ------ და ზ-------- კ---–--–--ეების საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. კერძოდ, სამინისტროსთვის მოქალაქე ა------ ტ----ის 2016 წლის 14 ივლისის განცხადებით (რეგ.№4527) გახდა ცნობილი, რომ ის შენობის ნანგრევები, რომლის საფუძველზეც კომისიამ თ------ და ზ-------- კ---–--–--ეებს უღიარა საკუთრების უფლება, წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ აგებულ შენობას, ხოლო თ------ და ზ-------- კ---–--–--ეები იყვნენ თუ არა მიწის ნაკვეთის თვითნებური დამკავებლები, მოქმედი კანონმდებლბოის შესაბამისად, ეს პირველ რიგში უნდა დადგენილიყო სწორედ იმით, მიწის ნაკვეთზე განლაგებული იყო თუ არა მათი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული). საქმეში არსებული მასალებით ვერ დგინდებოდა, რომ იმ შენობა-ნაგებობის ნანგრევები, რომელზეც კომისიამ აღიარა თ------ და ზ-------- კ---–--–--ეების საკუთრება, იყო მათი საცხოვრებელი სახლი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მიწის ნაკვეთზე თ------ და ზ-------- კ---–--–--ეების საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 15 მარტის №3 საოქმო გადაწყვეტილება, წარმოადგენს აღმჭურველ სამართლებრივ აქტს, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით გასაჩივრებული აქტი დაინტერესებულ მხარეს - თ------ და ზ-------- კ---–--–--ეებს ანიჭებს საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის „კანონიერების პრინციპი“, რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. ამ მნიშვნელოვან პრინციპს უპირისპირდება კანონმდებლის მიერ აღიარებული ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი“. ორივე პრინციპი კონსტიტუციური რანგისაა და გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან. ამდენად, შეუძლებელია ცალსახად პრობლემის გადაწყვეტა. ადმინისტრაციული წარმოებისა და ადმინისტრაციული სასამართალწარმოების ამოცანაა კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მოახდინონ ამ ორი პრინციპის შეპირისპირება და თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - „კანონიერი ნდობის ინსტიტუტის“ გამოყენების შესაძლებლობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უშვებს კანონიერი და უკანონო აქტების და მათ საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების მიმართ, შესაბამისი სავალდებულო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში; კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან, სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა.

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონწინააღმდეგობასთან დაკავშირებით, არ იყო გამყარებული როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი დასაბუთებით.

 

ფაქტობრივი გარემოებების მხრივ, სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ სოფელ მ------------ში მდებარე 4639,0 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის ნანგრევი წარმოადგენს ჩაის ფარდულის ნარჩენებს, ხოლო საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ეს გარემოება არ გამოიკვლია.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ადმინისტრაციულ ორგანოს ასეთი გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია, არც მიუთითებია სასამართლოსათვის სხვა მტკიცებულების არსებობაზე და მტკიცება მხოლოდ ვარაუდზე იყო აგებული, რაც თავის მხრივ მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარდგენილ, მოქალაქე ა------ ტ----ის განცხადებას ემყარებოდა. მე-3 პირის, თ------ კ---–--–--ის განმარტებით, ა------ ტ----ე მას წლების განმავლობაში უყენებდა პრეტენზიას მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით და ამან განაპირობა მისი არასწორი განცხადება. მისივე განმარტებით, კოლმეურნეობების არსებობის პერიოდში, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მართლაც ყოფილა ჩაის ფარდული, თუმცა ის შემდეგ დაიშალა, ხოლო 2006 წელს მის მიერ იქნა იქ აგებული შენობა, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო ისიც დაიშალა და მისი ნანგრევებია დარჩენილი. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე თ------ და ზ-------- კ---–--–--ეების შენობა-ნაგებობის, ხოლო შემდეგ ამ შენობის ნანგრევების არსებებობის ფაქტი, სადავო ან საეჭვო არ გაუხდია არც საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის შესახებ 2014 წლის 30 მაისის №5 სხდომის ოქმის №3 გადაწყვეტილების და არც თ------ და ზ-------- კ---–--–--ეების საკუთრების უფლების აღიარების შესახებ 2016 წლის 15 მარტის №3 საოქმო გადაწყვეტილების მიღების დროს. საქმის სასამართლო განხილვის დროსაც დაადასტურა კომისიის წარმოამდგენელმა, რომ ორივე შემთხვევაში კომისიის წევრების ადგილზე გასვლითა და დათვალიერებით იქნა დადასტურებული ეს ფაქტობრივი გარემოება. კომისიის ორივე საოქმო გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული, რომ კომისიის წევრები ადგილზე იყვნენ გასული და დათვალიერებული იქნა საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, რითაც პირველ შემთხვევაში დადგინდა გადახურულ მდგომარეობაში შენობის არსებობა, რაც კომისიისთვის წარდგენილ აზომვით ნახაზზეც არის დატანილი, ხოლო მეორე შემთხვევაში დადასტურდა შენობის ნანგრევების არსებობა, რომელიც კომისიის განმარტებით, ჩაის ფარდულის ნანგრევებს არ წარმოადგენდა, არამედ იყო თ------ და ზ-------- კ---–--–--ეების შენობის ნანგრევები.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არ გააჩნდა თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის მითითებული ფაქტობრივი გარემოება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

სასამართლოს მითითებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მ------------ში მდებარე 4639,0 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, თ------ და ზ-------- კ---–--–--ეების საკუთრების უფლების აღიარებისას დაეყრდნო იმ მოცემულობას, რომ მასზე განთავსებული იყო ამ პირების კუთვნილი დანგრეული შენობა-ნაგებობა, რაც დასახელებული ნორმის შესაბამისად წარმოადგენდა საკმარის საფუძველს მიწის ნაკვეთი მიჩნეული ყოფილიყო, როგორც თვითნებურად დაკავებული.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებიი კანონშესაბამისი იყო. სასამართლომ ასევე მიუთითა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა თ------ კ---–--–--ის სარჩელი, კანონშეუსაბამოდ იქნა შეფასებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 30 მაისის №5 სხდომის №3 საოქმო გადაწყვეტილება, თ------ და ზ-------- კ---–--–--ეზე სოფელ მ------------ში მდებარე 4639,0 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის შესახებ, მხოლოდ იმ მოტივით, რომ №20.36.01.012 საკადასტრო კოდით ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად იყო რეგისტრირებული. კომისიას თ------ და ზ-------- კ---–--–--ეებისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი არ უთქვამს მიწის ნაკვეთზე მათი ფაქტობრივი მფლობელობის დაუდგენლობის, ან შენობის სხვისი კუთვნილების გამო. მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში აღრიცხვასთან დაკავშირებით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების აღრიცხვა არ ნიშნავს სახელმწიფოს მიერ მის განკარგვას და ამის შედეგად მიწის ნაკვეთის სამართლებრივი სტატუსი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებთან მიმართებაში არ იცვლება.

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ------ კ---–--–--ის მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის საკუთრებას, თუმცა იგი ვერ ჩაითვლებოდა განკარგულ მიწის ნაკვეთად, ვინაიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით იქმნება, რის გამოც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეფასება და დასკვნა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომისია აღნიშნული გარემოების გამო მოკლებულია უფლებამოსილებას აღიაროს საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიც უკვე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას, არ შეიძლება გაზიარებული იქნას, რამდენადაც ასეთი სამართლებრივი დასკვნა წინააღმდეგობაშია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ წესთან და ამავე კანონის მიზნებთან.“ სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, სწორედ ამ დასკვნის გათვალისწინებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ თ------ და ზ-------- კ---–--–--ეების განცხადების თავიდან განხილვა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისია ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით გაკეთებული აღნიშნული შეფასება და რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მ------------ში მდებარე 4639,0 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად დარეგისტრირება, ხელს არ უშლიდა მასზე საკუთრების უფლების აღიარებას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით იყო გამოცემული და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

 

აპელანტმა მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ, სრულიად უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა სამინისტროს შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვაზე, მაშინ როდესაც მოწმეები საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს დაამტკიცებდნენ. კერძოდ, მოწმეები გასცემდნენ შემდეგ კითხვებზე პასუხს: აქვთ თუ არა თ------ და ზ-------- კ---–--–--ეებს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, თუ აქვთ დაკავებული რომელი წლიდან. არის თუ არა განლაგებული მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის ნანგრევები და ადრე რა ფუნქცია ქონდა აღნიშნულ შენობა-ნაგებობას. მოწმეებს კიდევ შეუძლიათ დაადასტურონ ან უარყონ სხვა ისეთი გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია მოცემულ საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისათვის. უფრო მეტიც, ერთ-ერთი დასაკითხი მოწმის ა------ ტ----ის 2016 წლის 14 ივლისის N4527 განცხადებით, უდაოდ დგინდებოდა, რომ სადაო ქონებაზე არსებული შენობის ნანგრევები, რომლის საფუძველზეც კომისიამ თ------ და ზ-------- კ---–--–--ეებს საკუთრების უფლება უღიარა, წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ აშენებულ შენობას, რომელიც გამოიყენებოდა ჩაის მკრეფავ მეჩაიეთა დასასვენებლად წვიმიან ამინდში (მოსაცდელი) და ასევე მოკრეფილი ჩის ფოთლის დროებით შესანახად. შესაბამისად, განმცხადებელი აცხადებს, რომ აღნიშნული შენობა არასდროს არ ყოფილა თ------ და ზ-------- კ---–--–--ეების მიერ აშენებული. განმცხადებელი ასევე აცხადებს, რომ ქ. ქობულეთში, მცხოვრებმა თ------ კ---–--–--ემ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტიის სოფელ მ------------ში, დაიკავა 2011 წელს. განმცხადებელი აცხადებს, რომ მოწმეები, რომლის ჩვენებების საფუძველზეც კომისიამ უღიარა თ------ და ზ-------- კ---–--–--ეს სადაო მიწის ნაკვეთზე საკუთრება, არ შეიძლება ცოდნოდათ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებლის ვინაობა, რადგან ერთი მოწმე ცხოვრობს სოფელ ა-–------ში, ხოლო მეორე ქობულეთში. აღნიშნული გარემოებების მიუხედავად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულიად უსაფუძლოდ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მ------------ში მდებარე 4639,0 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის ნანგრევი წარმოადგენდა ჩაის ფარდულის ნარჩენებს, ხოლო საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ეს გარემოება არ გამოიკვლია.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ მტკიცებულების ძალა არ მიანიჭა წერილობით ა.ტ----ის განცხადებას, რომელიც სამინისტრომ წარადგინა, ხოლო სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასებისას აღნიშნა, რომ სამინისტროს მტკიცებულებები არ წარუდგენია. თუ ასეთი მტკიცებულება არ იყო წარდგენილი და სასამართლო თვლიდა, რომ კონკრეტული მტკიცებულება იყო საჭირო, მაშინ სასამართლოს აღნიშნულზე უნდა ემსჯელა ან/და ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა უზრუნველეყო შესაბამისი მტკიცებულებების გამოთხოვა მხარეებისაგან ან/და მესამე პირისგან და სხვა მტკიცებულებებთან ერთად უნდა შეესფასებინა.

 

აპელანტის მითითებით, სადავო ქონება წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას და მისი აღიარება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, დაუშვებელია, რადგან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება განიკარგება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მოთხოვნათა დაცვით. უფრო მეტიც, სადაო ქონებით მესამე პირები არასოდეს არ სარგებლობდნენ და იგი წარმოადგენდა ე.წ. კოლმეურნეობის მიწის ნაკვეთებს, რომელიც 2009 წლის 19 თებერვალს აღირიცხა სახელმწიფო საკუთრებად, ხოლო 2009 წლის 17 მარტს, სახელმწიფოსგან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ქონება აღირიცხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.

 

უდავოა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით კომისიას დაევალა ახალი აქტის გამოცემა, მაგრამ აქტის გამოცემამდე კომისას უნდა შეესწავლა ყველა ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის სადაო მიწის ნაკვეთს რეალურად სარგებლობდნენ თუ არა მესამე პირები, შენობა-ნაგებობა ვის საკუთრებას წარმოადგენდა და როდის დაიშალა და დღეისათვის მიწის ნაკვეთი ვის საკუთრებას წარმოადგენდა. მოცემული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისას, პირველ რიგში დადგინდებოდა, რომ მიწის ნაკვეთი თავდაპირველად წარმოადგენდა საკოლმეურნეო მიწის ნაკვეთს და მასზე აშენებული შენობა-ნაგებობაც იყო სახელმწიფო საკუთრება. ასევე, დადგინდებოდა დაახლოებით რომელ წელში დაინგრა შენობა-ნაგებობა და მას შემდგომ ახალი შენობა-ნაგებობისათვის გაცემული არის თუ არა მშენებლობის ნებართვა ან/და თვითნებურად აშენდა თუ არა რაიმე სახის შენობა-ნაგებობა. მოცემული ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას შეეძლო თავისუფლად, რადგან თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში მერს ჰყავს თავისი წარმომადგენელი, რომელიც ფლობს ყველა ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე შესაბამის ინფორმაციას.

 

აპელანტმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-276-274 (კ-16)), რომლითაც დაკმაყოფილდა სამინისტროს სარჩელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წინააღმდეგ და სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კომისიის გადაწყვეტილება და გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა.

 

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების აღიარებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლით განსაზღვრულია იმ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწათა კატეგორია, რომელიც საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება, კერძოდ: ა) მართლზმომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული; ბ) თვითნებურად დაკავებული. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე მხოლოდ ის სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია ანუ მთავარი კრიტერიუმი არის ის, რომ მიწა უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრება და იგი არ უნდა იყოს განკარგული სახელმიწოს მიერ“.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლოს უნდა ემსჯელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების აღიარება რამდენად იყო შესაძლებელი და სადაო ქონების მესაკუთრისგან კომისიამ მიიღო თუ არა თანხმობა მისი საკუთრებაში აღიარების თაობაზე. უდავოა, რომ ასეთ მსჯელობას საკუთრების უფლების აღიარების კომისიაზე და გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი არ ქონია. ამდენად, კომისიის მიერ არ არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა.

 

აპელანტმა მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, „საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებულია სახელმწიფო ქონება და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას“. მართალია დღეისათვის სადავო მიწის ნაკვეთზე არ დგას შენობა-ნაგებობა, მაგრამ მესამე პირების განცხადებით, მათ ააშენეს შენობა-ნაგებობა და შემდგომ დაინგრა, მაშინ როდესაც საქმეში წარდმოგედნილი ფოტომასალებითა და ა------ ტ----ის 2016 წლის 14 ივლისის N4527 განცხადებით დგინდება, რომ სადავო მიწაზე ის შენობა-ნაგებობის ე.წ. ნანგრევები, რომლის საფუძველზეც კომისიამ თ------ და ზ-------- კ---–--–--ეებს უღიარა საკუთრების უფლება, წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ აშენებულ შენობას, რომელიც გამოიყენებოდა მეჩაიეთა დასასვენებლად წვიმიან ამინდში (მოსაცდელი) და ასევე მოკრეფილი ჩის ფოთლის დროებით შესანახად. შესაბამისად, განმცხადებელი აცხადებს, რომ აღნიშნული შენობა არასდროს არ ყოფილა თ------ და ზ-------- კ---–--–--ეების მიერ აშენებული. განმცხადებელი ასევე აცხადებს, რომ ქ. ქობულეთში, მცხოვრებმა თ------ კ---–--–--ემ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელც მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ მ------------ში, დაიკავა 2011 წელს. განმცხადებელი აცხადებს, რომ მოწმეები, რომლის ჩვენებების საფუძველზეც კომისიამ უღიარა თ------ და ზ-------- კ---–--–--ეს სადაო მიწის ნაკვეთზე საკუთრება, არ შეიძლება ცოდნოდათ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებლის ვინაობა, რადგან ერთი მოწმე ცხოვრობს სოფელ ა-–------ში, ხოლო მეორე ქ. ქობულეთში. განმცხადებელი ზემოთ აღნიშნულ განცხადებაში სხვა ბევრ ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითებს, რომ კომიისათვის საინტერესო უნდა ყოფილიყო საკუთრების უფლების აღიარების ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების აბსოლუტური საფუძვლები არსებობს და სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა რა სააპელაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით. სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავს იმ ორგანოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს, აგრეთვე, ამ პროცესში მონაწილე მხარეთა უფლებამოვალეობებს.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით. კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო მე-17 მუხლის საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს.

 

სააპელაციო პალატა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, კანონიერ ძალაში შესული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, განიხილა თ------ და ზ-------- კ---–--–--ეების განცხადება, 2016 წლის 15 მარტის N3 საოქმო გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა თ------ და ზ-------- კ---–--–--ეების მოთხოვნა და აღიარა მათი საკუთრების უფლება, სოფელ მ------------ში მდებარე 4639,0 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე, ხოლო 23 მარტს მათ სახელზე გასცა №17029 საკუთრების მოწმობა. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ძირითადად დააფუძნა მოქალაქე ა------ ტ----ის 2016 წლის 14 ივლისის განცხადებაზე, რომლითაც მან მიმართა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და მიუთითა, რომ კომისიის მიერ თ------ და ზ-------- კ---–--–--ეებისათვის აღიარებული ქონება, წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ აგებულ შენობას, ხოლო თ------ და ზ-------- კ---–--–--ეები არ იყვნენ მიწის ნაკვეთის თვითნებური დამკავებლები.

 

პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ სადავო აქტი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, რომლის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის ,,კანონიერების პრინციპი“, რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. ამ მნიშვნელოვან პრინციპს უპირისპირდება კანონმდებლის მიერ აღიარებული ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი“. ორივე პრინციპი კონსტიტუციური რანგისაა და გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან. ამდენად, შეუძლებელია ცალსახად პრობლემის გადაწყვეტა. ადმინისტრაციული წარმოებისა და ადმინისტრაციული სასამართალწარმოების ამოცანაა კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მოახდინონ ამ ორი პრინციპის შეპირისპირება და თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - „კანონიერი ნდობის ინსტიტუტის“ გამოყენების შესაძლებლობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უშვებს კანონიერი და უკანონო აქტების და მათ საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების მიმართ, შესაბამისი სავალდებულო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში; კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან, სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა. სასამართლო განმარტავს, რომ დოქტრინა ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ მოიცავს ორ ასპექტს. კერძოდ, თუ რა შემთხვევაშია აქტი კანონიერი ან უკანონო და მეორეს მხრივ, თუ რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლწინააღმდეგობა.

 

პალატა ასევე იზიარებს საქალაქო სასამართლოს შეფასებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება გასაჩივრებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების კანონწინააღმდეგობასთან დაკავშირებით, არ იყო გამყარებული როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი დასაბუთებით. ვინაიდან შესაბამისი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ სოფელ მ------------ში მდებარე 4639,0 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობები წარმოაგენდა ჩაის ფარდულის ნარჩენებს. ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მხოლოდ ვარაუდზე იყო დაფუძნებული და შეიცავდა მითითებას მოქალაქე ა------ ტ----ის განცხადებაზე.

 

დადასტურებულია, რომ კომისიის წევრების ადგილზე გასვლითა და დათვალიერებით დადგენილი იქნა თ------ და ზ-------- კ---–--–--ეების მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე შენობის აგების ფაქტი, კომისიის ორივე საოქმო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კომისიის წევრები ადგილზე იყვნენ გასული და დათვალიერებული იქნა საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, რითაც პირველ შემთხვევაში დადგინდა გადახურულ მდგომარეობაში შენობის არსებობა, რაც კომისიისთვის წარდგენილ აზომვით ნახაზზეც არის დატანილი, ხოლო მეორე შემთხვევაში დადასტურდა შენობის ნანგრევების არსებობა, რომელიც კომისიის განმარტებით, ჩაის ფარდულის ნანგრევებს არ წარმოადგენდა, არამედ იყო თ------ და ზ-------- კ---–--–--ეების შენობის ნანგრევები.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს, გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის მითითებული ფაქტობრივი გარემოება.

 

აპელანტის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლითაც იგი ადასტურებს სადავო მიწის ნაკვეთის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსადმი კუთვნილების გამო კომისიის მხრიდან საკუთრების უფლების აღიარების კანონსაწინააღმდეგობის შესახებ, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მიუხედავად ამ ქონების აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის საკუთრებად აღრიცხვისა, კომისია ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებები და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით არის გამოცემული და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი მოთხოვნების ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მისი გაუქმებისათვის საფუძვლიან და არგუმენტირებულ პრეტენზიას, რის გამოც აჭარის ა/რ ფინანსთა დაეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6.საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. აჭარის ა/რ ფინანსთა დაეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი