განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.07.2018
საქმის ნომერი
330210016001531082
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
16.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001531082

საქმე №2ბ/529-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოგიტა თოთოსაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი - ს-----------------–-

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ლ--------------“

წარმომდგენლები - გ--------------

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;

დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - სს „ლ--------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეებს ს-----------------–-, მ-----–-----------–-ა და ლ--------–-–---–- მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 12071,64 ლარის გადახდა, საიდანაც, ძირითადი თანხაა 8625,93 ლარი, პროცენტი - 2360,60 ლარი და პირგასამტეხლო - 1085,11 ლარი. მოპასუხე ს-----------------–- სს „ლ--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 1460,00 ლარის გადახდა, საიდანაც, ძირითადი თანხაა 1080,00 ლარი, პროცენტი - 280,00 ლარი, პირგასამტეხლო - 100,00 ლარი.

2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 2014 წლის 21 მარტს სს „ლ---------------“ და ს-----------------–- შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება №R------------, რომლის საფუძველზე განისაზღვრა კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა - 2080,00 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა - 36 თვე, ყოველთვიური შენატანის ოდენობა - 40,00 ლარი, კრედიტის გაცემის ადმინისტრაციული გადასახდელი - 40,00 ლარი. ვადაგადაცილების პირგასამტეხლო განისაზღვრა 1,00 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2.2. 2014 წლის 21 მარტს გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სს „ლ---------------“ და ს-----------------–- შორის გაფორმდა №0------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 1080,00 ლარით, რაც აითვისა მსესხებელმა, კრედიტის ვადა - 36 თვე. ხელშეკრულების 2.2.9.2. ქვეპუნქტის მიხედვით, განისაზღვრა კრედიტის ყოველთვიური მომსახურების საკომისიო - 40,00 ლარი, ასევე განისაზღვრა კრედიტის გაცემის ერთჯერადი საკომისიო. ასევე, 2.2.12 ქვეპუნქტით მხარეები შეთანხმდნენ ყოველთვიური შენატანის ოდენობაზე - 40,00 ლარზე და კრედიტის გაცემის ადმინისტრაციული გადასახდელზე - 40,00 ლარზე. ხელშეკრულების 2.2.10 ქვეპუნქტით მხარეები შეთანხმდნენ ვადაგადაცილების პირგასამტეხლოზე - 1,00 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით განისაზღვრა კრედიტის დაფარვის წესი: კრედიტის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი ან/და ყოველთვიური მომსახურების საკომისიო უნდა დაფარულიყო გრაფიკის შესაბამისად, ყოველთვიურად.

 

2.3. 2014 წლის 28 იანვარს ბანკსა და ს-----------------–- შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0--------------, რომლის საფუძველზეც ბანკმა გასცა საკრედიტო თანხა 14300,00 ლარი, წლიური 19,75%. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 28 იანვრამდე. სესხი უნდა დაფარულიყო გრაფიკის შესაბამისად, ყოველთვიურად. სესხის გაცემის საკომისიო, კრედიტის გაცემის ადმინისტრაციული გადასახდელი განისაზღვრა 286,00 ლარი, რაც დაფარა მსესხებელმა. ხელშეკრულების 2.2.6. ქვეპუნქტით მხარეები შეთანხმდნენ ვადაგადაცილების პირგასამტეხლოზე - ვადაგადაცილებული თანხის 0,5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2.4. საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის, ს-----------------–-ს ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ლ---------------“ და მ-----–-----------–- შორის 2014 წლის 28 იანვარს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №0---------------1, რომლის მიხედვითაც მიხეილ მეტრეველმა იკისრა სოლიდარული თავდებობა.

თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 26503,88 ლარით.

 

2.5. საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ს-----------------–-ს ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ლ---------------“ და ლ--------–-–---–- შორის 2014 წლის 28 იანვარს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №0---------------2, რომლის მიხედვითაც ლ--------–-–---–-- იკისრა სოლიდარული თავდებობა. თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 26503,88 ლარით.

 

2.6. 2016 წლის 14 ივნისის სს „ლ--------------ს“ წერილით მსესხებლის მიერ კრედიტის თანხის გადახდის ვადის გადაცილებისა და დავალიანების დაფარვის მოთხოვნის შესახებ ეცნობათ მოპასუხეებს - ს-----------------–- 2016 წლის 02 ივლისს, მ-----–-----------–- - 2016 წლის 04 ივლისს, ლ--------–-–---–- - 2016 წლის 02 ივლისს.

 

2.7. 2016 წლის 17 ივლისს სს „ლ---------------“ ცალმხრივად შეწყვიტა №0------ და №0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.8. 2014 წლის 28 იანვარს, ბანკსა და ს-----------------–- შორის გაფორმებული №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება 2016 წლის სექტემბრის მდგომარეობით შეადგენდა 15864,63 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 12418,92 ლარს, პროცენტი - 2360,60 ლარს და პირგასამტეხლო - 1085,11 ლარს. 2017 წლის 25 ოქტომბრის ამონაწერით ანგარიშიდან დგინდება, რომ 2016 წლის სექტემბრის შემდეგ მსესხებლის მიერ დაფარულია ძირი თანხა 3790,00 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მსესხებლის დავალიანება №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს სესხის ძირ თანხას - 8628,92 ლარს, პროცენტი - 2360,60 ლარს და პირგასამტეხლო - 1085,11 ლარს.

 

2.9. 2014 წლის 21 მარტს სს „ლ---------------“ და ს-----------------–- შორის გაფორმებული №0------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება ძირითადი თანხის სახით 1080,00 ლარია, ხოლო პროცენტი - 280,00 ლარი. დადგენილია, რომ მხარეებმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გაითვალისწინეს პირობა მსესხებლის მიერ ყოველთვიური მომსახურების საკომისიოს - 40,00 ლარის გადახდის შესახებ. ყოველთვიური მომსახურების საკომისიოს სასამართლო მიიჩნევს სესხით სარგებლობისათვის გათვალისწინებულ პროცენტად, რამდენადაც იგი შინაარსობრივად პროცენტია სესხით სარგებლობისათვის. მხარეთა მიერ განსაზღვრული 40,00 ლარი ყოველთვიურად გადაიხდებოდა არა ვალდებულების დარღვევის ან სხვა რაიმე მიზნით, არამედ სესხით სარგებლობისათვის. შესაბამისად, მომსახურების საკომისიო თავისი შინაარსობრივი დატვირთვით, ფუნქციურად წარმოადგენს საპროცენტო სარგებელს.

მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნებს საკრედიტო ურთიერთობებიდან გამომდინარე განსაზღვრავს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის, 2016 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით (ს.ფ. 16). 2014 წლის 21 მარტს მხარეთა შორის გაფორმებული №0------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2016 წლის სექტემბრის მდგომარეობთ სს „ლ--------------“ საპროცენტო სარგებლის სახით უნდა მიეღო 1200,00 ლარი (ყოველთვიურ 40 ლარზე გაანგარიშებით).

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ამონაწერით ანგარიშიდან (ს.ფ. 129-130) დგინდება, რომ ს-----------------–-ს სასარგებლოდ დარიცხული 45 ლარიანი დევნილთა შემწეობა მსესხებელს ყოველთვიურად ეჭრებოდა №0------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დასაფარად. ამონაწერის მიხედვით, ამგვარი გზით 2014 წელში, 2016 წლის სექტემბრამდე, სულ ჩამოეჭრა 450,00 ლარი. შესაბამისად 10 თვის სარგებელი - 400 ლარი (ყოველთვიური 40 ლარი) მსესხებელს გადახდილი აქვს, ხოლო 50 ლარი სასამართლოს მიხედულებით უნდა ჩაითვალოს პირგასამტეხლოში. ამასთან, 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის სექტემბრამდე ჩამოჭრილი თანხის ოდენობა ჯამში შეადგენს 540,00 ლარს, საიდანაც საპროცენტო სარგებელი, ყოველთვიურად გადასახდელი 40,00 ლარის მიხედვით, დაიფარა 480,00 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი 60 ლარი სასამართლოს მიხედულებით უნდა ჩაითვალოს პირგასამტეხლოში. ამასთან, ამონაწერით ანგარიშიდან დგინდება, რომ სესხის გაცემისას ერთი თვის სარგებელი 40,00 ლარი იმთავითვე ჩამოეჭრა ს-----------------–-. ამდენად, ჯამში დაიფარა პროცენტი 920,00 ლარის ოდენობით, შესაბამისად, გადასახდელი პროცენტი უნდა განისაზღვროს 280,00 ლარის ოდენობით (1200-920). ხოლო პირგასამტეხლოს ანგარიშში გადახდილად უნდა ჩაითვალოს 110 ლარი (50+60).

 

ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2014 წლის 21 მარტს მხარეთა შორის გაფორმებული №0------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ს-----------------–-ს დავალიანება სესხის ძირი თანხის სახით შეადგენს 1080,00 ლარს, ხოლო პროცენტის სახით დარიცხული დავალიანება 280,00 ლარია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია, რომ მხარეებს სს „ლ---------------” და ს-----------------–- შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტები შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხები გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 14300,00 ლარისა და 1080,00 ლარის ოდენობით, რაც მსესხებელმა ს-----------------–-- აითვისა.

 

საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებელს კრედიტის თანხები უნდა გადაეხადა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიური შენატანის განხორციელებით. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევა. ასევე, დადგენილია, რომ 2016 წლის 14 ივნისის წერილით მოპასუხეებს ეცნობათ ვალდებულების დარღვევისა და დავალიანების დაფარვის მოთხოვნის შესახებ, თუმცა მათ თანხა არ გადაუხდიათ. შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ვადების გადაცილებისა და გადაუხდელი დავალიანებების ოდენობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობები. შესაბამისად, სს „ლ--------------“ უფლებამოსილი იყო ცალმხრივად შეეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება. ამდენად, აღნიშნული გარემოებები სს „ლ--------------” ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს გადაცემული კრედიტის ძირი თანხების 8625,93 ლარისა და 1080,00 ლარის დაბრუნება.

 

2.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ს-----------------–-- გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სს „ლ--------------ს“ სარჩელი კრედიტის ძირითადი თანხების 8625,93 ლარისა და 1080,00 ლარის ნაწილში სასამართლოს მთავარ სხდომაზე. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

2.12. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება, ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე ს-----------------–- სს „ლ--------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს №0-------------- და №0------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის 2360,60 ლარასა და 280,00 ლარის გადახდა.

 

2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ ს-----------------–-- ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ №0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან 1085,11 ლარის გადახდა. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრული პირგასამტეხლო (1085,11 ლარი) არ არის შეუსაბამოდ მაღალი და არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები.

 

მოსარჩელემ №0------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოითხოვა 377,28 ლარის გადახდის მსესხებლისათვის დაკისრება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა №0------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 377,28 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი კრედიტის ძირ თანხასთან მიმართებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ ბანკის მიერ ჩამოჭრილი თანხებიდან 110 ლარი ჩათვალა პირგასამტეხლოს ანგარიშში, სასამართლოს მიზანშეწონილად და გონივრულად მიაჩნია ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობის შემცირება 100,00 ლარამდე.

 

2.14. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს „ლ--------------“, ლ--------–-–---–- და მ-----–-----------–- შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, თავდებებმა კრედიტორის წინაშე იკისრეს მსესხებლის ს-----------------–-ს მიერ №0-------------- საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. თითოეული თავდების თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 26503,88 ლარით.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა ს-----------------–-- არ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება და ერიცხება დავალიანება 12071,64 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სს „ლ--------------“ უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისათვის №0-------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12071,64 ლარის გადახდის დაკისრება, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის გადახდა, მათ შორის, თითოეულ თავდებს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის, 26503,88 ლარის ფარგლებში.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 6.4 პუნქტით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს-----------------–-- ვალდებულება არ შეასრულა და ამიტომ დაეკისრა პირგასამტეხლო. გადაწყვეტილებით არ ირკვევა უნდა დაეკისროს თუ არა პირგასამტეხლო დანარჩენ მოპასუხეებს და რის საფუძველზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. განსახილველ დავაში, წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული პრეტენზიების ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია მართებულად დაეკისრა თუ არა მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

მითითებული გარემოების გათვალისწინებით, სახეზეა რა, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია, იგი არ უნდა შემცირდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს-----------------–- უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ს-----------------–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.

3. გადაწყვეტილება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოგიტა თოთოსაშვილი