განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002524295
საქმე №1ბ/1222-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
თბილისის გლდანი-საძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ც-------–---–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე----------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: თ---–---------–---------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენით ე----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის 20 მაისიდან - 2018 წლის 9 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
ე----------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც შედეგად არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 20 მაისს, საღამოს საათებში, საცხოვრებელ სახლში, ე----------------მა დას ნ---------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ გადაამტვრია ხის სკამი თავზე, გატეხილი სკამის ფეხი დაარტყა მარჯვენა ხელის არეში მაჯაზე და იდაყვზე. აღნიშნული ქმედების შედეგად ნ---------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-საძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ც-------–---–---ემ, რომელმაც მოითხოვა ცვლილების შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ ე----------------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ კონფლიქტი მოხდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით ოჯახური ძალადობა წარმოადგენს გავრცელებულ დანაშაულს და ამასთან ხშირია ლეტალური შედეგის არსებობა. შესაბამისად ემზარი სადიხოვის მიმართ სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა ვერ უზრუნველყოფს დაზარალებულ ნ---------------ს უსაფრთხოებას და ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ე----------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ე----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ---------------ს და მოწმეების ი-----–---------ის, ლ------------–---–ის, ი-----------–-----ის გამოკითხვის ოქმებით, შპს ,,ვივამედიდან“ ამოღებული სამედიცინო დოკუმენტაციით და საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
რაც შეეხება თბილისის გლდანი-საძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ე----------------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე, ემზარი სადიხოვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომ ძალადობის ჩასადენად გამოყენებულია სპეციალური საგანი სკამი და ისე განუსაზღვრა მას, სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ე----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა ე----------------ისათვის სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელთან ერთად დამატებით დააკისრა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა გამოსაცდელი ვადის პერიოდში.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის დამძიმების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის გლდანი-საძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ც-------–---–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ე----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 20 მაისიდან - 2018 წლის 9 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და ძალადობრივი დამოკიდებულებაზე და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლის კურსის გავლაზე ზედამხედველობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულებები: 1 ცალი ხის ნატეხი, 1 ცალი ქვა, 1 ცალი ხის ჯოხის ნაჭერი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი