განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210118002003946
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-620-18 19 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) წარმომადგენელი - - - - - შპს ,,ბა------- სა-–--------- სა--–-“ ს----- ა-------ი ნი--- გო------- პ----- შ----ე
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების და ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბა------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
- ნი--- გ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- შპს ბა------- სა-–--------- ს---–ს მოსარჩელე ნი--- გ--------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სახელფასო დავალიანების 7826 (შვიდი ათას რვაას ოცდაექვსი) ლარის გადახდა;
- შპს ბა------- სა-–--------- ს---–ს მოსარჩელე ნი--- გ--------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა (ხელფასის დაყოვნებისათვის გადასახდელი პროცენტი) 1010 (ათასათი) ლარისა და 21 (ოცდაერთი) თეთრის გადახდა;
- შპს „ბა------- სა-–--------- ს---–ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 265 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
- მოსარჩელე ნი--- გო-------ს უარი ეთქვა საადვოკატო მომსახურეობის თანხის 600 ლარის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრების თაობაზე;
- ბა------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დარჩა უცვლელად;
- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. შპს ბა------- სა-–--------- სა--–-ს დირექტორის ბრძანებით რეპროდუქტოლოგიისა და გინეკოლოგიის სამსახურის ექიმ გინეკოლოგი ნი--- გო------- 2017 წლის 06 მარტიდან გათავისუფლდა სამსახურიდან;
2.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა ნი--- გ--------ის შპს ,,ბა------- სა-–--------- ს---–----“ შრომით ურთიერთობაში ყოფნის ფაქტი, შესაბამისად დადგენილად მიიჩნია დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულისათვის შეთანხმებული ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება;
2.3. საქმეზე დართული მტკიცებულებებით და მხარეთა განმარტებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ხელფასი განისაზღვრებოდა გამომუშავებით, რის გამოც სხვადასხვა თვის ასაღები ხელფასი იყო განსხვავებული შესრულებული სამუშაოს შესაბამისად;
2.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნი--- გო-------ს არ მიუღია 2016 წლის ნოემბრის თვის ხელფასი - 3438 ლარი, 2016 წლის დეკემბრის თვის ხელფასი - 2070 ლარი და 2017 წლის იანვრის თვის ხელფასი - 2318 ლარი, სულ სახელფასო დავალიანება ჯამში შეადგენს 7826 ლარს. სახელფასო დავალიანების შესახებ ფაქტობრივი გარემოება სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია საქმეში არსებული შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოპასუხე ორგანიზაციის მიერ 2017 წლის 13 მარტს გაცემულია ცნობა N--, სადაც აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ნი--- გ--------ის მიმართ მოპასუხეს გააჩნია სახელფასო დავალიანება, კერძოდ, 2016 წლის ნოემბრის თვის დავალიანება - 3438 ლარი, 2016 წლის დეკემბრის თვის დავალიანება - 2070 ლარი,2017 წლის იანვრის თვის დავალიანება - 2318 ლარი და 2017 წლის თებერვლის თვის დავალიანება - 2898 ლარი, ცნობის გაცემის მომენტისათვის მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანება ჯამში შეადგენდა 10 724 ლარს;
2.5. მოსარჩელე მხარემ დაადასტურა, რომ ცნობის გაცემის შემდგომ მოპასუხე მხარემ აუნაზღაურა 2017 წლის თებერვლის თვის დავალიანება 2898 ლარის ოდენობით, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე შეადგენს 7826 ლარს;
2.6. ვინაიდან მოპასუხე მხარე სადავოდ ხდიდა ზემოაღნიშნული ცნობის ნამდვილობასა და მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობას, სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები: მოწმე შ----- წ-----–--ემ (მ---------) განმარტა, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობს მთავარი ექიმის პოზიციაზე, მოწმემ დაადასტურა, რომ 2017 წლის 13 მარტს გაცემული ცნობაზე დირექტორის ჯ------- უ------- ნაცვლად არის მისი ხელმოწერა, რაც განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ცნობის გაცემის მომენტისათვის დირექტორი არ იმყოფებოდა სამსახურში. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ვიდრე ცნობას ხელს მოაწერდა, ცნობა ხელმოწერილი იყო ფინანსური მენეჯერის აწ გარდაცვლილი და-------------ის მიერ;
2.7. 2017 წლის 13 მარტს გაცემულ ცნობასთან დაკავშირებით მოწმის სახით დაიკითხა მოპასუხე ორგანიზაციის მთავარი ბუღალტერი ს---–--- ა----–--ე, რომელმაც სასამართლოს დაუდასტურა, რომ მისთვის ცნობილია ნი--- გ--------ის სახელფასო დავალიანების თაობაზე. მან დაადასტურა სახელფასო დავალიანების ცნობის ნამდვილობა და განმარტა, რომ ცნობაში ასახული ინფორმაცია სახელფასო დავალიანების თაობაზე დამუშავებული იქნა მის მიერ;
2.8. მოწმის სახით დაიკითხულმა მოპასუხე ორგანიზაციის კანცელარიის უფროსმა მ--- ა-----ემ, სასამართლოს დაუდასტურა, რომ აღნიშნული ცნობის გაცემა მოხდა კანცელარიის მეშვეობით, ცნობაზე ხელმოწერები ეკუთვნის აწ გარდაცვლილ ფინანსურ მენეჯერს და-------------ეს და მთავარ ექიმ შ----- წ-----–--ეს (მ---------);
2.9. მოსარჩელე მხარის 2016 წლის იანვრის თვის ხელფასის ვადაგადაცილება სარჩელის შემოტანამდე 210 დღეზე, რასაც მოსარჩელე ითხოვს დაყოვნებული თანხის 0,07% შეადგენს 506 ლარს. 2016 წლის დეკემბრის თვეში გასაცემი ხელფასიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯამში 180 დღეზე, რასაც მოსარჩელე ითხოვს დარიცხული 0,07% შეადგენს 260 ლარს და 82 თეთრს, ხოლო 2017 წლის იანვრის თვის გასაცემი ხელფასის 150 დღეზე ყოველდღიურად დარიცხული 0.07 % ჯამში შეადგენს 243 ლარს და 39 თეთრს;
2.10. მოსარჩელე მხარე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება წარმომადგენლობისათვის გაწეული ხარჯის თაობაზე;
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.11. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით;
2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული იყო შრომითი ხელშეკრულება, დასაქმებული დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, იღებდა შრომის ანაზღაურებას. ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას;
2.13. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე კომპანიას, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, მოსარჩელის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულება გააჩნია 2016 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანება, 2016 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანება, 2017 წლის იანვრის თვის სახელფასო დავალიანება და დაყოვნებული ყოველი დღისთვის დასაკმაყოფილებელი თანხის 0,07% მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებში საქართველოს შკ-ის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 %;
2.14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
2.15. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, მათი ანალიზისა და შეფასების, მითითებულ სამართლებრივ ნორმათა განმარტების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნი--- გ--------ის სასარჩელო მოთხოვნა შპს „ბა------- სა-–--------- სა--–-ს“ მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი;
გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს ,,ბა------- სა-–--------- ს---–მა“
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ მოსარჩელე ნი--- გო-------ს არ მიუღია 2016 წლის ნოემბრის თვის ხელფასი 3438 ლარი, 2016 წლის დეკემბრის თვის ხელფასი 2070 ლარი და 2017 წლის იანვრის თვის ხელფასი 2318 ლარი, ანუ სულ სახელფასო დავალიანება შეადგენდა 7826 ლარს.
3.2. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 3438 ლარით (2016 წლის ნოემბრის თვის ხელფასი), ვინაიდან საბანკო ამონაწერში ფიქსირდებოდა მოსარჩელეზე ჩარიცხული თანხის ოდენობა. მიუხედავად სასარჩელო მოთხოვნის შემცირებისა სასამართლომ მაინც იგივე ოდენობის თანხა დააკისრა მოპასუხეს, რაც იყო სარჩელში თავდაპირველად აღნიშნული.
3.3. მოსარჩელის მიერ არ დადასტურებულა 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში და 2017 წლის იანვარში შესრულებული სამუშაოსათვის გამოწერილი ხელფასის ოდენობა, სასამართლო მიუთითებს კიდევაც გადაწყვეტილებაში, რომ ნი--- გო-------ს ხელფასი ჰქონდა გამომუშავებით. სასამართლო სახელფასო ოდენობასთან დაკავშირებით დაეყრდნო ცნობა №---ს, რომელიც არ არის უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული.
3.4. სახელფასო დავალიანების შესახებ ცნობა №-- მოპასუხე მხარის მიერ თავიდანვე სადაო გახდა, ვინაიდან მის შესახებ არსებობდა ბევრი კითხვის ნიშანი, სადაო გახდა ცნობა იმ კუთხითაც, რომ მასზე ხელს არ აწერდა უფლებამოსილი პირი. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა შ----- წ-----–--ემ დაადასტურა მისი ხელმოწერა ცნობაზე და აღნიშნა, რომ მისთვის უცნობი იყო ხელმოწერის დროს ნი--- გ--------ის სახელფასო დავალიანება შეადგენდა თუ არა ცნობაში ასახულ თანხის ოდენობას, ვინაიდან ის არის სამედიცი--- პერსონალი და თანამშრომელთა ხელფასების საკითხი არაა მისი კომპეტენცია. ასევე მოწმე მ--- ა-----ემ განმარტა, რომ 13 მარტით დათარიღებული ცნობა №-- სარეგისრტაციო ჟურნალში რეგისრტირებულია 02 მარტს და სასამართლოში წარმოდგენილი ცნობა არ არის ის ცნობა, რომელიც სარეგისტრაციო ჟურნალშია რეგისტრირებული. მოწმის სახით დაკითხულმა ნე-–------–--–---–-ა, რომელიც გახლავთ ეკონომისტი და ევალება თანამშრომელთა ხელფასის დაანგარიშება არ დაადასტურა, რომ ნი--- გ--------ის სახელფასო დავალიანების ოდენობა შეესაბამებოდა თუ არა რეალურ ციფრს და გააჩნდა თუ არა საერთოდ მოპასუხე მხარეს სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ.
3.5. მოპასუხე მხარემ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ საბანკო ამონაწერში ასახული თითოეული თვის მიყოლებით არსებული სახელფასო თანხის ჩარიცხვებით დაუდასტურა სასამართლოს, რომ თავის დროზე დამსაქმებელი ყოფელთვიურად უხდიდა დასაქმებულ ნი--- გო-------ს ხელფასს და მის მიმართ არანაირი დავალიანება არ გააჩნია.
3.6. სასამართლომ არასწორად მიიღო ასევე გადაწყვეტილება მოსარჩელეზე დაყოვნებული ხელფასის პროცენტის დარიცხვის შესახებ და იგი გამოიანგარიშა ხელფასის მისაღები შესაბამისი თვიდან სარჩელის შემოტანის დღემდე ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება არსებულ სასამართლო პრაქტიკას, ვინაიდან მოსარჩელემ როგორც დასაქმებულმა 2017 წლის 06 მარტიდან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა დამსაქმებელთან, შესაბამისად სასამართლოს უნდა ეანგარიშა ხელფასის დაყოვნებული დღეები 2017 წლის 06 მარტამდე პერიოდით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს ,,ბა------- სა-–--------- სა--–-’’-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, შესაბამისად, ბა------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილების 2.1-2.4, 2.6, 2.10. პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები. პალატა დამატებით ადგენს, რომ:
4.2. დადგენილია, რომ ნი--- გო------- შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა შპს ,,ბა------- სა-–--------- ს---–----“, კერძოდ, იგი მუშაობდა რეპროდუქტოლოგიისა და გინეკოლოგიის სამსახურის ექიმ-გინეკოლოგად (იხ. ხელშეკრულება, საბანკო ამონაწერები, ცნობა, ბრძანება - ტომი 1, ს/ფ 163-175, 25, 157);
4.3. დადგენილია, რომ ნი--- გო------- შრომით ანაზღაურებას იღებდა გამომუშავებით, კალკულაციის მიხედვით (იხ. ხელშეკრულება, საბანკო ამონაწერები, ცნობა - ტომი 1, ს/ფ 163-175, 25);
4.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 01 მარტის ბრძანებით ნი--- გო------- პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა სამსახურიდან 2017 წლის 06 მარტიდან (იხ. განცხადება, ბრძანება - ტომი 1, ს/ფ 24, 157);
4.5. 2017 წლის 13 მარტის №-- ცნობით დადგენილია, რომ ნი--- გო-------ს არ ჰქონდა აღებული შემდეგი სახელფასო ანაზღაურება: 2016 წლის ნოემბრის თვის - 3438.00 ლარი; 2016 წლის დეკემბრის - 2070.00 ლარი; 2017 წლის იანვრის - 2318.00 ლარი და 2017 წლის თებერვლის - 2898.00 ლარი. ამავე ცნობაზე აღნიშნულია შპს ,,სა-–--------- სა--–-ს“ დირექტორის ჯ.უ------- და ფინანსური მენეჯერის დ.ქ-------ის ხელმოწერები. ამასთან, ცნობა დამოწმებულია შპს ,,სა-–--------- სა--–-ს“ ბეჭდით (იხ. ცნობა ტომი 1, ს/ფ 25);
4.6 დადგენილია, რომ მოსარჩელეს 2016 წლის ნოემბრის თვის ხელფასი - 3438 ლარი ჩაერიცხა, 2017 წლის აპრილის თვეში და ამ ოდენობის თანხით შეამცირა სარჩელის მოთხოვნა;
4.7. ნი--- გ--------ის საბანკო ამონაწერებით დადგენილია, რომ მას შპს ,,სა-–--------- ს---–ს“ სადავო თვეებში მისთვის ჩარიცხული აქვს გარკვეული სახის თანხები ხელფასის სახით, თუმცა მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ საბანკო ამონაწერებში მოცემული თანხები არ ასახავს იმ თვის ხელფასის ზუსტ და უტყუარ მონაცემებს, რომელ თვეშიც იგი იქნა ჩარიცხული. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტში, რომელიც ასახავს თვეების მიხედვით გამომუშავებული ხელფასის ჩარიცხვებს: მაგალითად ნოემბრის თვეში ჩარიცხული 1000 ლარის ნაწილი არის ოქტომბრის თვის ხელფასი; იანვრის თვეში საერთოდ არ არის ჩარიცხული თანხა, თუმცა იანვრის თვის ხელფასი ჩაირიცხა მომდევნო თვეებში, ხოლო აპრილის თვეში, მაშინ როდესაც ნონო გო------- არ მუშაობდა მოპასუხე ორგანისაციაში, ამ თვეში ჩარიცხული თანხა არის ნოემბრის თვის ხელფასი, რომლის გამოც მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა 3438 ლარით (იხ. საბანკო ამონაწერები - ტომი 1, ს/ფ 165-175, მხარეთა ახსნა-განმარტებები - 12.10.18წ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 11:39:40-დან);
4.8. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს მის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია ნი--- გ--------ის მიერ მოთხოვნილი სახელფასო დავალიანების ოდენობები (იხ. შესაგებელი - ს/ფ 102-109, 124-135);
4.9. დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 13 მარტის, №-- ცნობა, სახელფასო დავალიანების თაობაზე, გაცემულია კომპეტენტური პირის - მოპასუხე ორგანიზაციის ფინანსური მენეჯერის მიერ და მისი ხელმოწერა აღნიშნულ დოკუმენტზე სადავო არ არის. ამასთან, ცნობა დამოწმებულია შპს ,,სა-–--------- სა--–-ს“ ბეჭდით. პალატა აღნიშნავს, რომ ფინანსური მენეჯერი არის პირი, რომელსაც ევალება ზოგადად ამა თუ იმ ფირმის აქტივებისა და პასივების მართვა, ბიზნეს-გეგმის შედგენა, ანგარიშების ფინანსური ანალიზი, ფირმის ფასების პოლიტიკის დამუშავება თუ ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის კიდევ სხვა ასპექტები, ანუ ფინანსური მენეჯერი ახორციელებს ამა თუ იმ კომპანიის ფინანსურ მართვას და განსახილველ შემთხვევაში ასეთი პირის მიერ გაცემული დოკუმენტი თანამშრომლის სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით არის სანდო და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარეს აღნიშნული დოკუმენტის გამაქარწყლებელი მტკიცებულება საქმეში არ წარმოუდგენია;
4.10. ამასთან, მოწმის სახით დაკითხულმა ბუღალტერმა ს---–--- ა----–--ემ დაადასტურა №-- ცნობაში ასახული ინფორმაციის სისწორე და განმარტა, რომ იგი დამუშავებულია მის მიერ. შესაბამისად, პალატას დადგენილად მიაჩნია, დამსაქმებლის მიერ მითიტებულ ხნობაში დაფიქსირებული ოდენობის (10724 ლარი) დავალიანების არსებობა. ხოლო მოპასუხე მხარეს მოცემული კუთხით არ წარმოუდგენია კვალიფიციური და სათანადო შედავება, რაც გააბათილებდა ზემოთ მითითებულ გარემოებებს;
4.11. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა შრომითი დავა. შრომით ურთიერთობებს აწესრიგებს საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“, რომლის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები;
4.12. შრომით უფლებებს იცავს და განამტკიცებს ისეთი საერთაშორისო აქტები, როგორიცაა 1996 წლის 03 მაისის ,,ევროპის სოციალური ქარტია“ და 1950 წლის 04 ნოემბერის ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“. მათი ხელმომწერ სახელმწიფოთა შორის საქართველოცაა და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას აღებული აქვს პასუხისმგებლობა მასში გაწერილი მოვალეობების შესრულებაზე. აღნიშნული სამართლებრივი აქტებით დაცულია დასაქმებულის მის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის სამართლიანი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;
4.13. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე;
4.14. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ;
4.15. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის შემდეგი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება: 2016 წლის დეკემბრის - 2070.00 ლარი; 2017 წლის იანვრის - 2318.00 ლარი და 2017 წლის თებერვლის - 2898.00 ლარი. ასევე მისი გადახდის დაყოვნებისათვის 0.07%-ის ანაზღაურება;
4.16. სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია;
4.17. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ;
4.18. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხე შპს ,,სა-–--------- ს---–მა“ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის დაძლევა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილება, რადგან გარდა ახსნა-განმარტებებისა, ვერ წარმოადგინა მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გამორიცხავს მისი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობას;
4.19. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნი--- გო-------ს არ მიუღია 2016 წლის დეკემბრის თვის ხელფასი - 2070 ლარი და 2017 წლის იანვრის თვის ხელფასი - 2318 ლარი, რაც საბოლოო ჯამში შეადგენს 7826 ლარს. აღსანიშნავია, რომ პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებებს, რომ მათ ყველა თვის ხელფასი ჩარიცხული აქვთ და შესაბამისად, არანაირი დავალიანება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნიათ. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი მოპასუხეზეა, რადგან სწორედ ის წარმოადგენდა დამსაქმებელს და სწორედ ის ურიცხავდა ხელფასს მოსარჩელეს, რის გამოც მისი დადასტურება მას არ უნდა გაძნელებოდა. მიუხედავად ამისა, მოპასუხეს სახელფასო დავალიანების არ არსებობის დამადასტურებელი რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია;
4.20. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი;
4.21. მოსარჩელე ასევე მოითხოვს ანგარიშწორების დაყოვნებისათვის ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის მოპასუხისათვის 0.07 პროცენტის დაკისრებას. მითითებულ ნაწილში პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად დაეკისრა მოპასუხეს ხელფასის დაყოვნებისათვის გასაცემი ტაბხის 0,07%;
4.22. დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით დამსაქმებლის მიერ მოსარჩელისათვის დაყოვნებული სახელფასო დავალიანება ანაზღაურებული არ არის. პალატა განამრტავს, რომ მოსარჩელე ითხოვს ანგარიშწორების დაყოვნებისათვის ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის მოპასუხისათვის 0.07 პროცენტის დაკისრებას, რაც მოპასუხეზე სარჩელის შეტანამდე დაკისრების საფუძველია. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ;
4.23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;
4.24. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება სსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, შპს ,,სა-–--------- სა--–-ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,სა-–--------- სა--–-ს“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ბა------- საქალაო სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
6.2. დადგენილია, რომ შპს ,,ბა------- სა-–--------- სა--–-’’-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ბა------- სა-–--------- სა--–-’’-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ბა------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლაურა მიქავა