განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.07.2018
საქმის ნომერი
330310017001937631
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
12.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017001937631

საქმე N3ბ/436-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

12 ივლისი, 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - თამარ ონიანი

მოსამართლეები: მანანა ჩოხელი, გიორგი ტყავაძე

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - დ------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი

წარმომადგენელი - სალომე ქურასბედიანი

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 08.05.2017 წლის №გ----------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და დ------------ს 2017 წლის 21 აპრილის N P---------------- განცხადების მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე მოპასუხის დავალების შესახებ დ------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3.2. ფაქტობრივ გარემოებები:

 

3.2.1. 2014 წლის 13 ოქტომბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს წარედგინა პროკურორის მიმართვის წერილი და სასამართლო-სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილება. ექსპერტიზის დანიშვნის მიზანი იყო დ------------ს სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტის, დაზიანებების მიყენების ხანდაზმულობის და ხარისხის დადგენა. პროკურორის მიმართვის წერილს თან ერთვოდა დ------------ს მონაცემების შემცველი დოკუმენტები. ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ბიურომ დამკვეთს მოსთხოვა დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია. დამკვეთმა აღნიშნული დოკუმენტაცია არ წარადგინა, რის გამოც ექსპერტიზა ვერ შესრულდა.

 

2015 წლის 16 თებერვალს პროკურორმა განმეორებით მიმართა ბიუროს 2014 წლის 13 ოქტომბრის მიმართვის ანალოგიური მოთხოვნით. ამ შემთხვევაშიც, პროკურორის წერილს თან ერთვოდა სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილება და დ------------ს მონაცემების შემცველი დოკუმენტები.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

 

- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 08.05.2017 წლის №გ----------- გადაწყვეტილება დ------------ს განცხადების განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 73-77)

 

3.2.2. 2017 წლის 18 აპრილს (დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი: 1---------) დ------------მ განცხადებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელს და მოითხოვა დაევალოს შესაბამის სამსახურს მიაწოდოს დ------------ს მიმართ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე დასაბუთებული ინფორმაცია (კანონით დადგენილ ვადაში, ანუ მიმდინარე განცხადების წარდგენისთანავე, დაუყოვნებლივ), კერძოდ: 1. მოხდა თუ არა დეპარტამენტის N5--------- წერილით მოთხოვნილი სად-ის N-----–-------–--იდან სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაციის სახით დ------------ს პერსონალური მონაცემების დამუშავება, მათ შორის გადაწყვეტილება პროკურატურაზე აღნიშნულთა უკან დაბრუნების სახით; 2. პროკურატურის მიერ დეპარტამენტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ, რაც ეხებოდა პროკურატურის მიერ სად-ის N-----–-------–--იდან სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაციის დეპარტამენტში წარდგენას, რა მიზნით მოხდა გაგრძელება დ------------ს პერსონალური მონაცემების დამუშავების, მათ შორის, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა (რეგ. N----------) განმეორებით დაინიშნა; 3. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს თუ არა პროკურატურის დაკვეთით (სისხლის სამართლის N--------- საქმესთან დაკავშირებით) ექსპერტიზის ჩატარებისთვის დ------------ს პერსონალური მონაცემის დამუშავება, მათ შორის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო N--------- ფურცლიანი ბარათის.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- დ------------ს 18.04.2017 წლის განცხადება (დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი: 1---------) (ს.ფ. 61-64)

 

3.2.3. 18.04.2017 წლის განცხადების (დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი: 1---------7) პასუხად სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2017 წლის 20 აპრილს N5--------- წერილით მიმართა დ------------ს და მიაწოდა შემდეგი ინფორმაცია:

1. პროკურორ გ--–----------–---–ის 2014 წლის 13 ოქტომბრის N0--------- (რეგისტრაციის ნომერი 1----) მიმართვის წერილისა და დადგენილების, სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, დაინიშნა სასამართლო სამედიცინო კომისიური ექსპერტიზა, რომელსაც უნდა დაედგინა დ------------ს სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი და ამ დაზიანებების მიყენების ხანდაზმულობა და ხარისხი. ექსპერტიზის ჩასატარებლად დამკვეთის მიერ იყო წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის და დ------------ს მოწმის სახით დაკითხვის ოქმის ასლი. ბიუროს მიერ დამკვეთს წერილობით ეცნობა დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოდგენის და ექსპერტიზის წარმოების პროცესში დ------------ს წარმოდგენის აუცილებლობა, სათანადო სპეციალისტებთან გამოკვლევის ჩატარების მიზნით. ასევე დამკვეთს მიეწოდა ინფორმაცია გაერკვია ფინანსური უზრუნველყოფის საკითხი. ვინაიდან დამკვეთის მხრიდან არ ყოფილა დაკონკრეტებული წერილში მითითებული პირობების შესრულებაზე თანხმობა, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 18 დეკემბრის N---------- წერილით დამკვეთს ეცნობა, რომ დანიშნული ექსპერტიზა ვერ შესრულდა, ხოლო წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია ინახება სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის კანცელარიის არქივში. დღეის მდგომარეობით მითითებულ არქივში ინახება დამკვეთი მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები (დედანი პირები წარმოდგენილი არ ყოფილა): დ------------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისტორია (მითითებული დოკუმენტი თავის თავში შეიცავს: სად-ის N-----–-------–--ის ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ანუ ფორმა N IV-100/ა; სად-ის N-----–-------–--ის სამედიცინო ცნობა; შპს ,,დ---ს“ მიერ გაცემული ცნობა N7--- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა N IV-100/ა; თვალის კლინიკა ,,მ------ს“ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, N IV-100/ა). სამედიცინო დოკუმენტაცია იყო წარმოდგენილი 08 ფურცლად. აღნიშნული დოკუმენტების გარდა პროკურორის მიერ იყო წარმოდგენილი დ------------ს მოწმის სახით დაკითხვის ოქმი 11 ფურცლად. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საექსპერტო გამოკვლევა ვერ ჩატარდა არა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბრალით. იხილებოდა საორგანიზაციო საკითხები და ამ ჭრილში მოხდა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დამუშავება და შესაბამისად, დ------------ს პერსონალური მონაცემების დამუშავებაც. მონაცემთა დამუშავება მოხდა ავტომატური, ნახევრად ავტომატური და არაავტომატური საშუალებების გამოყენებით.

2. პროკურორ გ--–----------–---–ის 2015 წლის 16 თებერვლის N0--------- (რეგისტრაციის ნომერი 1---) მიმართვის წერილისა და დადგენილებით სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, დაინიშნა სასამართლო სამედიცინო კომისიური ექსპერტიზა, რომელსაც უნდა დაედგინა დ------------ს სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი და ამ დაზიანებების მიყენების ხანდაზმულობა, დაზიანების ხარისხი და დაზიანების მიყენების შესაბამისობის დადგენა დ------------ს ჩვენებაში ასახულ მის პატიმრობაში ყოფნის დროის პერიოდთან. ექსპერტიზის ჩასატარებლად დამკვეთის მიერ იყო წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია (დ------------ს მიერ საგამოძიებო ორგანოსათვის წარდგენილი სამედიცინო ისტორიები და ფირები; შპს ,,ა------ს“ კლინიკიდან წარმოდგენილი დოკუმენტაცია დ------------ს სახელზე და ერთი CD დისკი; კლინიკა ,,ნ--------------–სიდან“ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია დ------------ს სახელზე; შპს ,,დ---“-დან წარმოდგენილი დ------------ს სამედიცინო დოკუმენტაცია; თვალის კლინიკა ,,მ------“-დან წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია დ------------ს შესახებ). ბიუროს მიერ დამკვეთს წერილობით ეცნობა, რომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფარგლებს გარეთ დ------------ს გამოკვლევა ატარებს დამკვეთისთვის სასყიდლიან ხასიათს და დამკვეთს უნდა უზრუნველეყო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. ასევე დამკვეთს ეთხოვა დაეკონკრეტებინა დ------------ს შესაძლო დაზიანებების მიღების პერიოდი ანუ პატიმრობაში ყოფნის პერიოდი, თარიღების მითითებით. ვინაიდან დამკვეთის მხრიდან არ ყოფილა დაკონკრეტებული წერილში მითითებული პირობების შესრულებაზე თანხმობა, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 14 აპრილის N---------- წერილით დამკვეთს ეცნობა, რომ დანიშნული ექსპერტიზა ვერ შესრულდა და დამკვეთს დაუბრუნდა მის მიერ 2015 წლის 16 თებერვლის მიმართვის წერილში მითითებული მტკიცებულებები სრულად. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საექსპერტო გამოკვლევა ვერ ჩატარდა არა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბრალით. იხილებოდა საორგანიზაციო საკითხები და ამ ჭრილში მოხდა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დამუშავება და შესაბამისად, დ------------ს პერსონალური მონაცემების დამუშავებაც. მონაცემთა დამუშავება მოხდა ავტომატური, ნახევრად ავტომატური და არაავტომატური საშუალებების გამოყენებით.

3. დ------------ს პერსონალური მონაცემების დამუშავებისას სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს საკუთარი ინიციატივით სხვა მესამე პირებისაგან არ გამოუთხოვია ინფორმაცია მისი პერსონალური მონაცემების თაობაზე. მუშავდებოდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი დამკვეთი მხარის მიერ. მონაცემები მუშავდებოდა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლში დათქმული პრინციპების შესაბამისად. ამასთან, მონაცემთა დამუშავების სამართლებრივ საფუძველს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის წარმოადგენდა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,გ“ პუნქტი.

4. დღეის მდგომარეობით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დ------------ს მიმართ სისხლის სამართლის N--------- საქმეზე ექსპერტიზა არ მიმდინარეობს. შესაბამისად, დ------------ს პერსონალური მონაცემების აქტიური დამუშავება არ ხდება. დ------------ს პერსონალური მონაცემების შემცველი სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი პროკურორ გ--–----------–---–ის 2014 წლის 13 ოქტომბრის N0--------- (რეგისტრაციის ნომერი 1----) მიმართვის წერილით, ინახება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის არქივში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 აპრილს N5--------- წერილი (ს.ფ. 65-67)

 

3.2.4. 2017 წლის 21 აპრილს დ------------მ განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მოითხოვა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი მისი N1--------- განცხადების მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის საკითხის შესწავლა, ბიუროს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტების შესწავლა და შესაბამისი სახდელის შეფარდება, მათ შორის სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენაზე (ინფორმირებულობის ვადის დარღვევაზე).

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- დ------------ს 2017 წლის 21 აპრილის განცხადება (ს.ფ. 60)

 

3.2.5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 24 აპრილის N------------ გადაწყვეტილებით დ------------ს 2017 წლის 21 აპრილის N P--------------- განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და განმცხადებელს დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში წარმოადგინოს დაზუსტებული ინფორმაცია, კონკრეტულად რა ინფორმაციის მიუწოდებლობა მიაჩნია ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევად.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 24 აპრილის N------------ გადაწყვეტილება დ------------ს განცხადებასთან დაკავშირებული ხარვეზის დადგენის შესახებ (ს.ფ. 68-70)

 

3.2.6. 2017 წლის 02 მაისს დ------------მ განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. განცხადებაში მიუთითა, რომ ბიუროს მიერ მოუწოდებელია შემდეგი ინფორმაცია: 1. მოხდა თუ არა დეპარტამენტის N5--------- წერილით მოთხოვნილი სად-ის N-----–-------–--იდან სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაციის სახით დ------------ს პერსონალური მონაცემების დამუშავება, მათ შორის, გადაწყვეტილება პროკურატურაზე აღნიშნულთა უკან დაბრუნების სახით; 2. პროკურატურის მიერ დეპარტამენტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ, რაც ეხებოდა პროკურატურის მიერ სად-ის N-----–-------–--იდან სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაციის დეპარტამენტში წარდგენას, რა მიზნით მოხდად------------ს პერსონალური მონაცემების დამუშავების გაგრძელება, მათ შორის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის (რეგ. N----------) განმეორებით დანიშვნა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- დ------------ს 2017 წლის 02 მაისის განცხადება (ს.ფ. 71-72)

 

3.2.7. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 08.05.2017 წლის №გ----------- გადაწყვეტილებით დ------------ს უარი ეთქვა 2017 წლის 21 აპრილის N P---------------- განცხადების განსახილველად მიღებაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 08.05.2017 წლის №გ----------- გადაწყვეტილება დ------------ს განცხადების განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 73-77)

 

4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმადაც, ამ კანონის მიზანია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.

 

ხსენებული საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ინსპექტორი ამ კანონის, ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, ინსტრუქციას, მითითებას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილებით დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების’’ მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ინსპექტორი არის თანამდებობის პირი, რომელიც ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და კანონიერების პრინციპებზე დაყრდნობით ზედამხედველობს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა (შემდგომში - მონაცემთა) დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებას და ახორციელებს მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს.

 

მითითებული დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინსპექტორი ვალდებულია განიხილოს მონაცემთა სუბიექტის განცხადებები მონაცემთა დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებით და მიიღოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინსპექტორი უფლებამოსილია კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტისა და ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავოდ გამხდარი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 08.05.2017 წლის №გ----------- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან უნდა შემოწმდეს მოცემული დავის ფარგლებში.

 

4.2. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში მონაცემთა დამუშავების კანონიერებას აკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი (შემდგომ - ინსპექტორი), ხოლო ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინსპექტორის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ინსპექტორი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ამ კანონით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

 

მითითებული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინსპექტორი ვალდებულია განიხილოს მონაცემთა სუბიექტის განცხადება მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით და მიიღოს ამ კანონით გათვალისწინებული ზომები.

 

აღნიშნული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ინსპექტორი აღმოაჩენს ამ კანონის ან მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტების დარღვევას, იგი უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს დარღვევისა და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებების მის მიერ მითითებული ფორმით და მითითებულ ვადაში გამოსწორება; ბ) მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტა, თუ მონაცემთა დამმუშავებლის ან უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა უსაფრთხოებისთვის მიღებული ზომები და პროცედურები არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს; გ) მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, მათი დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია, თუ მიიჩნევს, რომ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება კანონის საწინააღმდეგოდ; დ) მოითხოვოს მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის შეწყვეტა, თუ მათი გადაცემა ხორციელდება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით; ე) წერილობით მისცეს რჩევები და გაუწიოს რეკომენდაციები მონაცემთა დამმუშავებელსა და უფლებამოსილ პირს მათ მიერ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული წესების უმნიშვნელოდ დარღვევის შემთხვევაში.

 

4.3. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი ადგენს მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს. აღნიშნული ნორმის „გ“ და „ე“ პუნქტების თანახმად, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი.

 

ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მონაცემთა შეგროვება ხორციელდება უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისაგან, მონაცემთა დამმუშავებელი ან უფლებამოსილი პირი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობა და რეგისტრირებული მისამართი; ბ) მონაცემთა დამუშავების მიზანი; გ) სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი მონაცემთა მიწოდება; თუ სავალდებულოა − მასზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები; დ) მონაცემთა სუბიექტის უფლება, მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.

 

მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ მონაცემთა შეგროვება არ ხორციელდება უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისაგან, მონაცემთა დამმუშავებელი ან უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტს მიაწოდოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია.

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამმუშავებელს მოსთხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე. მონაცემთა დამმუშავებელმა მონაცემთა სუბიექტს უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება; ბ) მონაცემთა დამუშავების მიზანი; გ) მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი; დ) რა გზით შეგროვდა მონაცემები; ე) ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 08.05.2017 წლის №გ----------- გადაწყვეტილებას და მიუთითებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არ იქნა მისთვის 2017 წლის 18 აპრილის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ: 1. მოხდა თუ არა დეპარტამენტის N5--------- წერილით მოთხოვნილი სად-ის N-----–-------–--იდან სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაციის სახით დ------------ს პერსონალური მონაცემების დამუშავება, მათ შორის გადაწყვეტილება პროკურატურაზე აღნიშნულთა უკან დაბრუნების სახით; 2. პროკურატურის მიერ დეპარტამენტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ, რაც ეხებოდა პროკურატურის მიერ სად-ის N-----–-------–--იდან სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაციის დეპარტამენტში წარდგენას, რა მიზნით მოხდა გაგრძელება დ------------ს პერსონალური მონაცემების დამუშავების, მათ შორის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის (რეგ. N----------) განმეორებით დანიშვნა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პოზიცია და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დ------------ს 2017 წლის 18 აპრილის განცხადების პირველი პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის იგნორირება. კერძოდ, აღნიშნული პუნქტით განმცხადებელი ითხოვდა ინფორმაციას იმის შესახებ, ბიუროს მიერ მოხდა თუ არა დეპარტამენტის N5--------- წერილით მოთხოვნილი სად-ის N-----–-------–--იდან სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაციის სახით დ------------ს პერსონალური მონაცემების დამუშავება, ასევე ითხოვდა ინფორმაციას პროკურატურისთვის აღნიშნული დოკუმენტების უკან დაბრუნების შესახებ. ზემოაღნიშნული მოთხოვნის პასუხად სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2017 წლის 20 აპრილს N5--------- წერილით მიმართა დ------------ს და მიაწოდა ინფორმაცია პასუხის გაცემის მომენტისთვის დ------------ს შესახებ რა მონაცემები/დოკუმენტები (დ------------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისტორია (მითითებული დოკუმენტი თავის თავში შეიცავს: სად-ის N-----–-------–--ის ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ანუ ფორმა N IV-100/ა; სად-ის N-----–-------–--ის სამედიცინო ცნობა; შპს ,,დ---ს“ მიერ გაცემული ცნობა N7--- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა N IV-100/ა; თვალის კლინიკა ,,მ------ს“ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, N IV-100/ა). სამედიცინო დოკუმენტაცია იყო წარმოდგენილი 08 ფურცლად. აღნიშნული დოკუმენტების გარდა პროკურორის მიერ იყო წარმოდგენილი დ------------ს მოწმის სახით დაკითხვის ოქმი 11 ფურცლად) მუშავდებოდა და ინახებოდა ბიუროს არქივში. ასევე, ბიურომ განმცხადებელს აცნობა იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც დამკვეთმა ბიუროს წარუდგინა 2015 წლის 16 თებერვლის მიმართვის ფარგლებში (დ------------ს მიერ საგამოძიებო ორგანოსათვის წარდგენილი სამედიცინო ისტორიები და ფირები; შპს ,,ა------ს“ კლინიკიდან წარმოდგენილი დ------------ს სახელზე დოკუმენტაცია და ერთი CD დისკი; კლინიკა ,,ნ--------------–სიდან“ წარმოდგენილი დ------------ს სამედიცინო დოკუმენტაცია; შპს ,,დ---“-დან წარმოდგენილი დ------------ს სამედიცინო დოკუმენტაცია; თვალის კლინიკა ,,მ------“-დან წარმოდგენილი დ------------ს მიმართ სამედიცინო დოკუმენტაცია). ამასთან, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დ------------ს განუმარტა, რომ ექსპერტიზის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, მითითებული დოკუმენტაცია დამკვეთს სრულად დაუბრუნდა უკან. წერილში ასევე მითითებული იყო, რომ ბიუროს მიერ დამუშავდა მხოლოდ დამკვეთის მიერ წარდგენილი მონაცემები და სხვა სახის მონაცემები მესამე პირებისგან არ გამოუთხოვია.

 

ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აღარ ინახებოდა პროკურატურის 2015 წლის 16 თებერვლის მიმართვების ფარგლებში წარდგენილი დოკუმენტაცია, ბიურო მოკლებული იყო შესაძლებლობას კონკრეტულად და დეტალურად განემარტა რა დოკუმენტებს მოიცავდა პროკურორის 2015 წლის 16 თებერვლის მიმართვაზე თანდართული დოკუმენტაცია (მათ შორის დ------------ს მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის წარდგენილი სამედიცინო ისტორიები) და იყო თუ არა დოკუმენტაცია პროკურატურის მიერ სრულად წარდგენილი. შესაბამისად, დ------------ უფლებამოსილი იყო აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად მიემართა პროკურატურისათვის.

 

რაც შეეხება დ------------ს 2017 წლის 18 აპრილის განცხადების მე-2 პუნქტით მოთხოვნილ ინფორმაციას (პროკურატურის მიერ დეპარტამენტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ, რაც ეხებოდა პროკურატურის მიერ სად-ის N-----–-------–--იდან სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაციის დეპარტამენტში წარდგენას, რა მიზნით მოხდა გაგრძელება დ------------ს პერსონალური მონაცემების დამუშავების, მათ შორის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის (რეგ. N----------) განმეორებით დანიშვნა), სასამართლომ მიიჩნია, რომ არც ამ შემთხვევაში აქვს ბიუროს მხრიდან განმცხადებლისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობას ადგილი. კერძოდ, ბიურომ 2017 წლის 20 აპრილის წერილში მიუთითა, რომ მან დ------------ს პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია დაამუშავა პროკურორის მიმართვის და დადგენილების საფუძველზე, ექსპერტიზის ფარგლებში დ------------ს სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტის, დაზიანებების მიყენების ხანდაზმულობის და ხარისხის დადგენის მიზნით, ხოლო ექსპერტიზის შეუსრულებლობის შემდეგ, წარდგენილი დოკუმენტია სრულად დაუბრუნდა დამკვეთს - პროკურატურას.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 01 აგვისტოს N245/ნ ბრძანებაზე, რომელიც განსაზღვრავს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესს. მითითებული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-13 მუხლის შესაბამისად, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შესახებ გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება და დაცვის მხარის მიმართვა სავალდებულოა სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებისათვის, ექსპერტისათვის და იმ პირისათვის, რომელიც საექსპერტო კვლევის ობიექტია. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმისა და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნული საკითხის შემოწმება სცილდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე საზედამხედველო უფლებამოსილებას.

 

4.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 08.05.2017 წლის №გ----------- გადაწყვეტილება კანონშესაბამისია და განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილება, ასევე არ არსებობს სადავო საკითხთან საკითხთან დაკავშირებით მოპასუხისათვის მოსარჩელის განცხადების განხილვის დავალების საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას, შესაბამისად, დ------------ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. დ------------ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში (ექსპერტიზის ბიუროსადმი 18/04/2017 წლის პირველი მოთხოვნის შესახებ) აფიქსირებს: „...სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აღარ ინახებოდა პროკურატურის 2015 წლის 16 თებერვლის მიმართვის ფარგლებში წარდგენილი დოკუმენტაცია, ბიურო მოკლებული იყო შესაძლებლობას კონკრეტულად და დეტალურად განემარტა რა დოკუმენტაციებს მოიცავდა პროკურატურის 2015 წლის 16 თებერვლის მიმართვაზე თანდართული დოკუმენტაცია (მათ შორის დ------------ს მიერ საგამოძიებო ორგანოსათვის წარდგენილი სამედიცინო ისტორიები) და იყო თუ არა დოკუმენტაცია პროკურატურის მიერ სრულად წარდგენილი. შესაბამისად, დ------------ უფლებამოსილი იყო აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად მიემართა პროკურატურისათვის.“ აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს აღნიშნული პოზიცია უსაფუძვლოა, ვინაიდან, მართალია, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი მის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის მომენტისათვის ბიუროში აღარ ინახებოდა პროკურატურის 16/02/2015 წლის მიმართვის ფარგლებში წარდგენილი დოკუმენტაცია, მაგრამ თავად ბიურო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მას გააჩნია როგორც აღნიშნული მიმართვის ფარგლებში, ისე 13/10/2014 წლის მიმართვის ფარგლებში პროკურატურის მიერ წარდგენილ დოკუმენტთა დამუშავების შესახებ მონაცემები. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემას არ აფერხებდა ბიუროში დოკუმენტთა მატერიალურად არარსებობა. ამასთანავე, აპელანტის განმარტებით, მის მიერ ნაგულისხმები დოკუმენტაცია ფიქსირდება ბიუროსადმი მოთხოვნაში და ის ეხება სად-ის N-----–-------–--იდან სამედიცინო დოკუმენტაციის ნუსხას, მის სისრულეს. აპელანტი მიუთითებს, რომ ბიუროსათვის აღნიშნული ნუსხის უსრულობა ცხადი იყო პროკურატურის 13/10/2014 წლის მიმართვის ფარგლებში წარდგენილი N-----–-------–--ის ცნობა N4-100/ა-ს მეშვეობით. ბიუროსათვის ცნობილი იყო, რომ ასეთი ცნობის გაცემა ხდება პაციენტის სამედიცინო ბარათიდან და ის პროკურატურის მიერ წარდგენილი არ ყოფილა.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით (ექსპერტიზის ბიუროსადმი 18/04/2017 წლის მე-2 მოთხოვნის შესახებ) მოსამართლე აფიქსირებს: „...სასამართლომ მიჩნია, რომ არც ამ შემთხვევაში აქვს ბიუროს განმცხადებლისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობას ადგილი...“, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბიურომ მიაწოდა განმცხადებელს ინფორმაცია მის მიერ მონაცემთა დამუშავების მიზნის შესახებ და უთითებს: „...ექსპერტიზის ფარგლებში დ------------ს სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტის, დაზიანებების მიყენების ხანდაზმულობის და ხარისხის დადგენის მიზნით...“; ამასთან, სასამართლო განმარტავს: „...საკითხის განხილვა სცილდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე საზედამხედველო უფლებამოსილებას.“ აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს აღნიშნული პოზიცია უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან პროკურატურის 13/10/2014 წლის და 16/02/2015 წლის მიმართვები მართლაც ავალდებულებდა ექსპერტიზის ბიუროს გამოეყენებინა მის ხელთ არსებული საშუალებები ექსპერტიზის შესასრულებლად. ამასთან, ექსპერტიზის დამკვეთის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად გამოსაკვლევ მასალაში საჭირო დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში ექსპერტი უფლებამოსილია მიმართოს დამკვეთს და მოსთხოვოს ამ დოკუმენტების დამატებით წარდგენა, ხოლო მათ წარუდგენლობის შემთხვევაში შეადგინოს ოქმი ექსპერტიზის დავალების შეუსრულებლობის თაობაზე და ამის შესახებ აცნობოს ექსპერტიზის დამკვეთს. სააპელაციო საჩივრის შესაბამისად, სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტი, რომ 13/10/2014 წლის დადგენილებისა და ამავე დღის მიმართვის წერილის საფუძველზე ჩანიშნული ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, რადგან პროკურატურამ ექსპერტიზის ბიუროს 11/11/2014 წლის N5--------- წერილით მოთხოვნილი სამედიცინო დოკუმენტაცია არ მიაწოდა, მათ შორის სად-ის N-----–-------–--იდან, რის შესახებაც პროკურატურას აცნობა 18/12/2014 წ. N---------- წერილით. ასევე, სადავოდ არ არის გამხდარი, რომ პროკურატურის 16/02/2015 წლის მიმართვის საფუძველზე განმეორებით ექსპერტიზის დანიშვნის შემდეგ ბიურომ გააგრძელა დ------------ს მიმართ მონაცემების დამუშავება. ბიუროს 19/07/2017 წლის წერილის მიხედვით არც ამჯერად არის მის მიერ დამუშავებული დ------------ს მიმართ N-----–-------–--აში ნაწარმოები პაციენტის სამედიცინო ბარათი და მოითხოვა არა აღნიშნული დაწესებულებიდან სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაცია, არამედ დამატებითი გამოკვლევების მიზნით ფინანსური უზრუნველყოფა. აპელანტის განმარტებით, ვინაიდან ბიუროს აღნიშნული ქმედება შეუთავსებელი იყო ექსპერტიზისათვის დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემასთან, ის წინააღმდეგობაში მოდის კანონთან, კერძოდ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით. ამდენად ბიუროს მიერ მონაცემთა დამუშავების გაგრძელების (დამატებითი გამოკვლევებისა და ფინანანსური უზრუნველყოფის შესახებ) საკითხის განხილვა შედის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე საზედამხედველო უფლებამოსილებაში. აპელანტის განმარტებით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმო მისი 16/10/2017 წლის განცხადებით, მასზე ბიუროს 11/11/14 წლის N5--------- წერილით, ბიუროსადმი 25.12.2017 წლის N1009670817 განცხადებით და მასზე ბიუროს 28/12/2017 წლის N5007316317 წერილით იკვეთება, რომ ბიუროს არ დაუმუშავებია ექსპერტიზისათვის დასმული შეკითხვებზე პასუხის გასაცებად მის მიერვე საჭიროდ მიჩნეული და დამკვეთზე მოთხოვნილი სად-ის N-----–-------–--იდან დ------------ს მიმართ სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაცია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

6.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც:

 

3.2.1. 2017 წლის 18 აპრილს (დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი: 1---------) დ------------მ განცხადებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელს, რომლითაც დ------------ს მიმართ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე დასაბუთებული ინფორმაციის მიწოდების შესახებ (კანონით დადგენილ ვადაში, ანუ მიმდინარე განცხადების წარდგენისთანავე, დაუყოვნებლივ) შესაბამისი სამსახურის დავალება მოითხოვა, კერძოდ:

 

1. მოხდა თუ არა დეპარტამენტის N5--------- წერილით მოთხოვნილი სად-ის N-----–-------–--იდან სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაციის სახით დ------------ს პერსონალური მონაცემების დამუშავება, მათ შორის, გადაწყვეტილება პროკურატურაზე აღნიშნულთა უკან დაბრუნების სახით;

 

2. პროკურატურის მიერ დეპარტამენტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ, რაც ეხებოდა პროკურატურის მიერ სად-ის N-----–-------–--იდან სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაციის დეპარტამენტში წარდგენას, რა მიზნით მოხდა დ------------ს პერსონალური მონაცემების დამუშავების გაგრძელება, მათ შორის, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის (რეგ. N----------) განმეორებით დანიშვნა;

 

3. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს თუ არა პროკურატურის დაკვეთით (სისხლის სამართლის N--------- საქმესთან დაკავშირებით) ექსპერტიზის ჩატარებისთვის დ------------ს პერსონალური მონაცემის, მათ შორის, ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო N--------- ფურცლიანი ბარათის დამუშავება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- დ------------ს 18.04.2017 წლის განცხადება (დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი: 1---------) (ს.ფ. 61-64)

 

3.2.2. 18.04.2017 წლის განცხადების (დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი: 1---------7) პასუხად სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2017 წლის 20 აპრილს N5--------- წერილით მიმართა დ------------ს და მიაწოდა შემდეგი ინფორმაცია:

 

1. პროკურორ გ--–----------–---–ის 2014 წლის 13 ოქტომბრის N0--------- (რეგისტრაციის ნომერი 1----) მიმართვის წერილისა და სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებით დაინიშნა სასამართლო სამედიცინო კომისიური ექსპერტიზა, რომელსაც უნდა დაედგინა დ------------ს სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი და ამ დაზიანებების მიყენების ხანდაზმულობა და ხარისხი. ექსპერტიზის ჩასატარებლად დამკვეთის მიერ იყო წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციისა და დ------------ს მოწმის სახით დაკითხვის ოქმის ასლი.

 

ბიუროს მხირდან დამკვეთს წერილობით ეცნობა დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოდგენისა და სათანადო სპეციალისტებთან გამოკვლევის ჩატარების მიზნით ექსპერტიზის წარმოების პროცესში დ------------ს წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ. ასევე დამკვეთს მიეწოდა ინფორმაცია, გაერკვია ფინანსური უზრუნველყოფის საკითხი.

 

ვინაიდან დამკვეთის მხრიდან არ ყოფილა დაკონკრეტებული წერილში მითითებული პირობების შესრულებაზე თანხმობა, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 18 დეკემბრის N---------- წერილით დამკვეთს ეცნობა, რომ დანიშნული ექსპერტიზა ვერ შესრულდა, ხოლო წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია ინახებოდა სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის კანცელარიის არქივში. მითითებულ არქივში ინახებოდა დამკვეთი მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები (დედანი პირები წარმოდგენილი არ ყოფილა): დ------------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისტორია (მითითებული დოკუმენტი თავის თავში შეიცავს: სად-ის N-----–-------–--ის ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ანუ ფორმა N IV-100/ა; სად-ის N-----–-------–--ის სამედიცინო ცნობა; შპს ,,დ---ს“ მიერ გაცემული ცნობა N7--- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა N IV-100/ა; თვალის კლინიკა ,,მ------ს“ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, N IV-100/ა). სამედიცინო დოკუმენტაცია წარმოდგენილი იყო 08 ფურცლად. აღნიშნული დოკუმენტების გარდა პროკურორის მიერ იყო წარმოდგენილი დ------------ს მოწმის სახით დაკითხვის ოქმი 11 ფურცლად.

 

იხილებოდა საორგანიზაციო საკითხები და ამ ჭრილში მოხდა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დამუშავება და შესაბამისად, დ------------ს პერსონალური მონაცემების დამუშავებაც. მონაცემთა დამუშავება მოხდა ავტომატური, ნახევრად ავტომატური და არაავტომატური საშუალებების გამოყენებით.

 

2. პროკურორ გ--–----------–---–ის 2015 წლის 16 თებერვლის N0--------- (რეგისტრაციის ნომერი 1---) მიმართვის წერილისა და სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებით დაინიშნა სასამართლო სამედიცინო კომისიური ექსპერტიზა, რომელსაც უნდა დაედგინა დ------------ს სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი და ამ დაზიანებების მიყენების ხანდაზმულობა, დაზიანების ხარისხი და დაზიანების მიყენების შესაბამისობის დადგენა დ------------ს ჩვენებაში ასახულ მის პატიმრობაში ყოფნის დროის პერიოდთან.

 

ექსპერტიზის ჩასატარებლად დამკვეთის მიერ იყო წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია (დ------------ს მიერ საგამოძიებო ორგანოსათვის წარდგენილი სამედიცინო ისტორიები და ფირები; შპს ,,ა------ს“ კლინიკიდან წარმოდგენილი დოკუმენტაცია დ------------ს სახელზე და ერთი CD დისკი; კლინიკა ,,ნ--------------–სიდან“ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია დ------------ს სახელზე; შპს ,,დ---დან" წარმოდგენილი დ------------ს სამედიცინო დოკუმენტაცია; თვალის კლინიკა ,,მ------დან" წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია დ------------ს შესახებ).

 

ბიურომ დამკვეთს წერილობით აცნობა, რომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფარგლებს გარეთ დ------------ს გამოკვლევა ატარებს დამკვეთისთვის სასყიდლიან ხასიათს და დამკვეთს უნდა უზრუნველეყო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. ასევე დამკვეთს ეთხოვა დაეკონკრეტებინა დ------------ს შესაძლო დაზიანებების მიღების პერიოდი ანუ პატიმრობაში ყოფნის პერიოდი, თარიღების მითითებით.

ვინაიდან დამკვეთის მხრიდან არ ყოფილა დაკონკრეტებული წერილში მითითებული პირობების შესრულებაზე თანხმობა, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 14 აპრილის N---------- წერილით დამკვეთს ეცნობა, რომ დანიშნული ექსპერტიზა ვერ შესრულდა და დამკვეთს დაუბრუნდა მის მიერ 2015 წლის 16 თებერვლის მიმართვის წერილში მითითებული მტკიცებულებები სრულად. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საექსპერტო გამოკვლევა ვერ ჩატარდა არა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბრალით.

 

იხილებოდა საორგანიზაციო საკითხები და ამ ჭრილში მოხდა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დამუშავება და შესაბამისად, დ------------ს პერსონალური მონაცემების დამუშავებაც. მონაცემთა დამუშავება მოხდა ავტომატური, ნახევრად ავტომატური და არაავტომატური საშუალებების გამოყენებით.

 

3. დ------------ს პერსონალური მონაცემების დამუშავებისას სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს საკუთარი ინიციატივით სხვა მესამე პირებისაგან არ გამოუთხოვია ინფორმაცია მისი პერსონალური მონაცემების თაობაზე. მუშავდებოდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი დამკვეთი მხარის მიერ. მონაცემები მუშავდებოდა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლში დათქმული პრინციპების შესაბამისად. ამასთან, მონაცემთა დამუშავების სამართლებრივ საფუძველს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის წარმოადგენდა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი.

 

4. დღეის მდგომარეობით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დ------------ს მიმართ სისხლის სამართლის N--------- საქმეზე ექსპერტიზა არ მიმდინარეობს. შესაბამისად, დ------------ს პერსონალური მონაცემების აქტიური დამუშავება არ ხდება. დ------------ს პერსონალური მონაცემების შემცველი სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი პროკურორ გ--–----------–---–ის 2014 წლის 13 ოქტომბრის N0--------- (რეგისტრაციის ნომერი 1----) მიმართვის წერილით, ინახება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის არქივში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 აპრილს N5--------- წერილი (ს.ფ. 65-67)

 

3.2.4. 2017 წლის 21 აპრილს დ------------მ განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომლითაც სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი მისი N1--------- განცხადების მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარის საკითხის შესწავლა, ბიუროს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტების შესწავლა და შესაბამისი სახდელის შეფარდება, მათ შორის, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენაზე (ინფორმირებულობის ვადის დარღვევაზე) რეაგირება მოითხოვა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- დ------------ს 2017 წლის 21 აპრილის განცხადება (ს.ფ. 60)

 

3.2.5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 24 აპრილის N------------ გადაწყვეტილებით დ------------ს 2017 წლის 21 აპრილის N P--------------- განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და განმცხადებელს დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში დაზუსტებული ინფორმაციის წარდგენა მოითხოვა, კონკრეტულად რა ინფორმაციის მიუწოდებლობა მიაჩნდა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევად.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 24 აპრილის N------------ გადაწყვეტილება დ------------ს განცხადებასთან დაკავშირებული ხარვეზის დადგენის შესახებ (ს.ფ. 68-70)

 

3.2.6. 2017 წლის 2 მაისს დ------------მ განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. განცხადებაში მიუთითა, რომ ბიუროს მიერ მოუწოდებელია შემდეგი ინფორმაცია:

1. მოხდა თუ არა დეპარტამენტის N5--------- წერილით მოთხოვნილი სად-ის N-----–-------–--იდან სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაციის სახით დ------------ს პერსონალური მონაცემების დამუშავება, მათ შორის, გადაწყვეტილება პროკურატურაზე აღნიშნულთა უკან დაბრუნების სახით;

2. პროკურატურის მიერ დეპარტამენტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ, რაც ეხებოდა პროკურატურის მიერ სად-ის N-----–-------–--იდან სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაციის დეპარტამენტში წარდგენას, რა მიზნით მოხდა დ------------ს პერსონალური მონაცემების დამუშავების გაგრძელება, მათ შორის, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის (რეგ. N----------) განმეორებით დანიშვნა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- დ------------ს 2017 წლის 02 მაისის განცხადება (ს.ფ. 71-72)

 

3.2.7. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 08.05.2017 წლის №გ----------- გადაწყვეტილებით დ------------ს უარი ეთქვა 2017 წლის 21 აპრილის N P---------------- განცხადების განსახილველად მიღებაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 08.05.2017 წლის №გ----------- გადაწყვეტილება დ------------ს განცხადების განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 73-77).

 

6.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 08.05.2017 წლის №გ----------- გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება, რომლითაც დ------------ს 2017 წლის 21 აპრილის N P--------------- განცხადების განსახილველად მიღებაზე ეთქვა უარი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდეგ გადაცემას. ხსენებული მუხლის შესაბამისად, პიროვნებას აქვს იდეების და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველ ნაწილი ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. იმავე კოდექსის 271 მუხლის თანახმად, პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, განსაზღვრავს, თუ რა ინფორმაციის გამოთხოვა შეუძლია მონაცემთა სუბიექტს და შესაბამისად, რომელი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მას.

 

კანონის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განმარტებულია, რომ პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლი განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების პრინციპებს, რომლის მიხედვით, მონაცემთა დამუშავებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები: ა) მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად; ბ) მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით; გ) მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი; დ) მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს. კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს; ე) მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

სააპელაციო პალატა მიუთითებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომელიც ადგენს მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს. აღნიშნული ნორმის ,,გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მონაცემთა შეგროვება ხორციელდება უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისაგან, მონაცემთა დამმუშავებელი ან უფლებამოსილი პირი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობა და რეგისტრირებული მისამართი; ბ) მონაცემთა დამუშავების მიზანი; გ) სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი მონაცემთა მიწოდება; თუ სავალდებულოა − მასზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები; დ) მონაცემთა სუბიექტის უფლება, მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ თუ მონაცემთა შეგროვება არ ხორციელდება უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისაგან, მონაცემთა დამმუშავებელი ან უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტს მიაწოდოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია.

 

სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამმუშავებელს მოსთხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე. მონაცემთა დამმუშავებელმა მონაცემთა სუბიექტს უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება; ბ) მონაცემთა დამუშავების მიზანი; გ) მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი; დ) რა გზით შეგროვდა მონაცემები; ე) ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან სასამართლოს, ხოლო თუ მონაცემთა დამმუშავებელი საჯარო დაწესებულებაა, საჩივრის წარდგენა შესაძლებელია ასევე იმავე ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლებამოსილება, მოითხოვოს ინფორმაცია, დაწესებულების ვალდებულება, გასცეს მასზე არსებული ინფორმაცია, განსაზღვრულია კონკრეტული ფარგლებით. ამასთანავე, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან სასამართლოს, ხოლო თუ მონაცემთა დამმუშავებელი საჯარო დაწესებულებაა, საჩივრის წარდგენა შესაძლებელია ასევე იმავე ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.

 

ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოში მონაცემთა დამუშავების კანონიერებას აკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ინსპექტორის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა და საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება); აღნიშნული კი ნიშნავს, რომ პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის კომპეტენციის ფარგლები დადგენილია კანონით და მოიცავს მხოლოდ იმ განცხადებების განხილვას, რომლებიც შეეხება კანონით განსაზღვრული მონაცემთა სუბიექტის უფლებების დარღვევის ფაქტს.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის #180 დადგენილებით დამტკიცებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ“ დებულება, რომლის მე-9 და მე-10 მუხლები განსაზღვრავს იმ სავალდებულო რეკვიზიტებს, რასაც უნდა შეიცავდეს ინსპექტორისადმი წარდგენილი განცხადება, ასევე განცხადების განსახილველად მიღებისა და შესაბამისი რეკვიზიტის/ინფორმაციის არ არსებობისას განცხადებაზე ხარვეზის დადგენის წესს, რაც ნიშნავს, რომ განცხადებაში კონკრეტული ინფორმაციის/რეკვიზიტის არ არსებობის შემთხვევაში ხარვეზის დადგენა ემსახურება იმ მიზანს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოიკვლიოს განცხადებაში მითითებული კონკრეტული გარემოებები და ამის შემდეგ დაადგინოს სამართალდარღვევის არსებობის ან არ არსებობის ფაქტი.

 

ვინაიდან პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის კომპეტენციის ფარგლები დადგენილია კანონით და მოიცავს მხოლოდ იმ განცხადებების განხილვას, რომლებიც შეეხება კანონით განსაზღვრული მონაცემთა სუბიექტის უფლებების დარღვევის ფაქტს, განმცხადებელმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან წარდგენილ განცხადებაში უნდა მიუთითოს მონაცემთა დამმუშავებლის მიერ განხორციელებული კონკრეტული ქმედება და განცხადებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თუ რაში გამოიხატა მის მიმართ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევა, განმცხადებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე კანონდარღვევის ფაქტი.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 02 მაისის განცხადებაში დ------------მ მიუთითა, რომ ბიუროს მიერ მოუწოდებელია შემდეგი ინფორმაცია: 1. მოხდა თუ არა დეპარტამენტის N5--------- წერილით მოთხოვნილი სად-ის N-----–-------–--იდან სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაციის სახით დ------------ს პერსონალური მონაცემების დამუშავება, მათ შორის გადაწყვეტილება პროკურატურაზე აღნიშნულთა უკან დაბრუნების სახით; 2. პროკურატურის მიერ დეპარტამენტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ, რაც ეხებოდა პროკურატურის მიერ სად-ის N-----–-------–--იდან სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაციის დეპარტამენტში წარდგენას, რა მიზნით მოხდა დ------------ს პერსონალური მონაცემების დამუშავების გაგრძელება, მათ შორის, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის (რეგ. N----------) განმეორებით დანიშვნა.

 

დ------------ განცხადების პირველი პუნქტით ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსაგან ითხოვდა ინფორმაციას იმის შესახებ, მოხდა თუ არა ბიუროს მიერ დეპარტამენტის N5--------- წერილით მოთხოვნილი სად-ის N-----–-------–--იდან სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაციის სახით დ------------ს პერსონალური მონაცემების დამუშავება, ასევე ითხოვდა ინფორმაციას პროკურატურისთვის აღნიშნული დოკუმენტების უკან დაბრუნების შესახებ. აღნიშნულზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2017 წლის 20 აპრილის N5--------- წერილით დ------------ს მიაწოდა ინფორმაცია, პასუხის გაცემის მომენტისთვის დ------------ს შესახებ რა მონაცემები/დოკუმენტები იყო დამუშავებული და დაცული მასთან - დ------------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისტორია (მითითებული დოკუმენტი თავის თავში შეიცავს: სად-ის N-----–-------–--ის ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ანუ ფორმა N IV-100/ა; სად-ის N-----–-------–--ის სამედიცინო ცნობა; შპს ,,დ---ს“ მიერ გაცემული ცნობა N7--- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა N IV-100/ა; თვალის კლინიკა ,,მ------ს“ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, N IV-100/ა). სამედიცინო დოკუმენტაცია იყო წარმოდგენილი 8 ფურცლად. აღნიშნული დოკუმენტების გარდა პროკურორის მიერ იყო წარმოდგენილი დ------------ს მოწმის სახით დაკითხვის ოქმი 11 ფურცლად.

 

ასევე, ბიურომ განმცხადებელს აცნობა იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც დამკვეთმა ბიუროს წარუდგინა 2015 წლის 16 თებერვლის მიმართვის ფარგლებში - დ------------ს მიერ საგამოძიებო ორგანოსათვის წარდგენილი სამედიცინო ისტორიები და ფირები; შპს ,,ა------ს“ კლინიკიდან წარმოდგენილი დ------------ს სახელზე დოკუმენტაცია და ერთი CD დისკი; კლინიკა ,,ნ--------------–სიდან“ წარმოდგენილი დ------------ს სამედიცინო დოკუმენტაცია; შპს ,,დ---დან" წარმოდგენილი დ------------ს სამედიცინო დოკუმენტაცია; თვალის კლინიკა ,,მ------დან" წარმოდგენილი დ------------ს მიმართ სამედიცინო დოკუმენტაცია.

 

ამასთან, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დ------------ს განუმარტა, რომ ექსპერტიზის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, მითითებული დოკუმენტაცია დამკვეთს სრულად დაუბრუნდა უკან. წერილში ასევე მითითებული იყო, რომ ბიუროს მიერ დამუშავდა მხოლოდ დამკვეთის მიერ წარდგენილი მონაცემები და სხვა სახის მონაცემები მესამე პირებისგან არ გამოუთხოვია.

 

სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებს რა დ------------ს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და მასზე გაცემული პასუხის შინაარსს, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მართებულად მიეთითა, რომ ზემოაღნიშნული განცხადების პირველი პუნქტის იგნორირება არ მომხდარა და განცმხადებელს მიეწოდა სრული და ამომაწურავი ინფორმაცია მის მიერ დასმულ საკითხზე.

 

ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მოკლებული იყო შესაძლებლობას, კონკრეტულად და დეტალურად განემარტა, იყო თუ არა პროკურატურის მიერ დოკუმენტაცია სრულად წარდგენილი. შესაბამისად, დ------------ უფლებამოსილი იყო, აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად მიემართა პროკურატურისათვის.

 

ამრიგად, დ------------ს 2017 წლის 18 აპრილის განცხადების მე-2 პუნქტით მოთხოვნილ ინფორმაციაზე - პროკურატურის მიერ დეპარტამენტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ, რაც ეხებოდა პროკურატურის მიერ სად-ის N-----–-------–--იდან სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაციის დეპარტამენტში წარდგენას, რა მიზნით მოხდა დ------------ს პერსონალური მონაცემების დამუშავების გაგრძელება, მათ შორის, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განმეორებით დანიშვნა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არც ამ შემთხვევაში აქვს ბიუროს მხრიდან განმცხადებლისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობას ადგილი. კერძოდ, ბიურომ 2017 წლის 20 აპრილის წერილში მიუთითა, რომ მან დ------------ს პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია დაამუშავა პროკურორის მიმართვისა და დადგენილების საფუძველზე, ექსპერტიზის ფარგლებში დ------------ს სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტის, დაზიანებების მიყენების ხანდაზმულობის და ხარისხის დადგენის მიზნით, ხოლო ექსპერტიზის შეუსრულებლობის შემდეგ, წარდგენილი დოკუმენტია სრულად დაუბრუნდა დამკვეთს - პროკურატურას. ამრიგად, განმცხადებელს განემარტა საკითხის შესწავლის კონკრეტული საფუძვლები.

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ინსპექტორი აღმოაჩენს ამ კანონის ან მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტების დარღვევას, იგი უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს დარღვევისა და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებების მის მიერ მითითებული ფორმით და მითითებულ ვადაში გამოსწორება; ბ) მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტა, თუ მონაცემთა დამმუშავებლის ან უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა უსაფრთხოებისთვის მიღებული ზომები და პროცედურები არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს; გ) მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, მათი დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია, თუ მიიჩნევს, რომ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება კანონის საწინააღმდეგოდ; დ) მოითხოვოს მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის შეწყვეტა, თუ მათი გადაცემა ხორციელდება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით; ე) წერილობით მისცეს რჩევები და გაუწიოს რეკომენდაციები მონაცემთა დამმუშავებელსა და უფლებამოსილ პირს მათ მიერ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული წესების უმნიშვნელოდ დარღვევის შემთხვევაში.

 

სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილებით დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულებაზე“, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინსპექტორი არის თანამდებობის პირი, რომელიც ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და კანონიერების პრინციპებზე დაყრდნობით ზედამხედველობს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებას და ახორციელებს მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს.

 

მითითებული დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინსპექტორი ვალდებულია განიხილოს მონაცემთა სუბიექტის განცხადებები მონაცემთა დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებით და მიიღოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომები.

 

ამავე დადგენილების მე-12 მუხლის მე-5 პუნტის მიხედვით, ინსპექტორის მიერ შემოწმების განხორციელება გულისხმობს: ა) მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვისა და მონაცემთა დამუშავების კანონიერი საფუძვლების არსებობის დადგენას; ბ) მონაცემთა დაცვისათვის მიღებული პროცედურებისა და ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას; გ) ფაილური სისტემის კატალოგის, ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრისა და მონაცემთა გაცემის აღრიცხვის შესახებ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმებას; დ) მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის კანონიერების შემოწმებას; ე) კანონმდებლობით დადგენილ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული წესების შესრულების შემოწმებას.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობით ცალსახად არის დადგენილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის მიზნები და კომპეტენციის ფარგლები. კერძოდ, ინსპექტორი იკვლევს სწორედ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლების, მიზნების, პროცედურების კანონმდებლობასთან შესაბამისობას.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესს განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 01 აგვისტოს N245/ნ ბრძანება. მითითებული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-13 მუხლის შესაბამისად, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შესახებ გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება და დაცვის მხარის მიმართვა სავალდებულოა სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებისათვის, ექსპერტისათვის და იმ პირისათვის, რომელიც საექსპერტო კვლევის ობიექტია.

 

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოსარჩელის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონით გათვალისწინებული საფუძველი გააჩნდა, ხოლო უშუალოდ ექსპერტიზის დანიშვნის მიზნის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ვერ მოახდენს, რადგან აღნიშნული სცდება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე საზედამხედველო უფლებამოსილებას, შესაბამისად, დ------------ს მოთხოვნა - განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის და აღნიშნული ექსპერტიზის ფარგლებში მონაცემთა დამუშავების მიზნის საეჭვოობის შესახებ, ასევე დ------------ს მითითება- ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ საკითხის არასრულყოფილად შესწავლაზე, სცდება მოცემული საკანონმდებლო აქტით შემოწმების ფარგლებს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტების თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

თავმჯდომარე თამარ ონიანი

 

მოსამართლეები: მანანა ჩოხელი

 

გიორგი ტყავაძე