განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №200100118002590818-1ბ/1305-18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: გი----------------------------–---–-------------------- დ----------–-------–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: სა-----------------------------–--------------;
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სასჯელი: ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ე-–------------–---–მა და მოითხოვა მსჯავრდებულ გ----------------–--ლს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი;
სასამართლომ დაადგინა :
2017 წლის 10 ნოემბერს დაახლოებით 12:00 საათზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურის საავტომობილო გზაზე, ავტომანქანა ,,ფორდის’’ სახელმწიფო ნომრით O-------- მართვის დროს, მძღოლი გ----------------–--ლი იყენებდა მართვის ყალბ მოწმობას, რაშიც იგი ამხილეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ----------------–--ლის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კერძოდ: ილ---------–-–---–------------------------–--------------------------- მართვის მოწმობის დათვალიერების ოქმით, საბუთების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის გ----------------–--ლის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება; მოცემულ შემთხვევაში ზიანი ადგება სისხლის სამართლის კანონით დაცულ იმ მმართველობით ურთიერთობებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოებისა და ოფიციალური დოკუმენტებით სარგებლობის დადგენილი წესის დაცვას. სისხლის სამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტების შედგენისა და გამოყენების დადგენილ წესს, კანონი იცავს ოფიციალური დოკუმენტების ბრუნვის კანონმდებლობით დადგენილ წესს, ხოლო ამით კი მმართველობის წესს.
მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის საგანია ყალბი მართვის მოწმობა, დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში. მასში იგულისხმება ყალბი დოკუმენტის წარდგენა იმ პირისათვის, ვისაც შემოწმების უფლება აქვს, როგორიცაა მაგალითად ყალბი მართვის მოწმობის წარდგენა პატრულისათვის.
დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულად ჩაითვლება მოქმედების ჩადენისთანავე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის წარდგენის მომენტიდან, მიუხედავად იმისა მიაღწია თუ არა დამნაშავემ სასურველ შედეგს, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება რაიმე უფლების მიღება თუ მოვალეობისაგან გათავისუფლება; ამავე დროს აუცილებელია პირმა იცოდეს, რომ ოფიციალური დოკუმენტს რომელსაც ის იყენებს ყალბია. რაც შეეხება ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გ----------------–--ლის მიერ ჩადენილი ქმედების ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტი კერძოდ, მოწმეების ი-–----------–-–---–------------------------–-- გამოკითხვის ოქმებით, მართვის მოწმობის დათვალიერების ოქმით, საბუთების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით აღნიშნული მტკიცებულებები თანხვედრილია და ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადასტურებულია, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს დაახლოებით 12:00 საათზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურის საავტომობილო გზაზე, ავტომანქანა ,,ფორდის’’ სახელმწიფო ნომრით O-------- მართვის დროს, მძღოლი გ----------------–--ლი იყენებდა მართვის ყალბ მოწმობას, რაშიც იგი ამხილეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა. შესაბამისად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათალისწინებული დანაშაული;
სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ----------------–--ლის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სახეზეა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ----------------–--ლმა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ----------------–--ლს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება, ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია;
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ----------------–--ლის მიმართ სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე;
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია.
ამასთან პალატა, მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარეს სასჯელთან დაკავშირებით ამგვარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თვლის, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენი, გ----------------–--ლის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
გ----------------–--ლის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ე-–------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.თელავი რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3. გ----------------–--ლი (პ/-----------81) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 ლარი;
4. გ----------------–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის შემდეგ გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს შემტან პირს.
5. გ----------------–--ლის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი