განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/373-17 15 მაისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია
აპელანტი – შპს ,,მ--------------------ი“
წარმომადგენელი - მ-----------------–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ქ------------–---–ი, ი-----–--–--–---–ი
წარმომადგენელი - ბ-----------–---–-
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების აღიარება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ------------–---–ისა და ი-----–--–--–---–ის სარჩელი მოპასუხე შპს მ---- „რ-------------ის“ მიმართ დაკმაყოფილდა;
დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელე ქ------------–---–ის ვალდებულება მოპასუხე შპს მ---- „,რ-------------ის“ მიმართ 2013 წლის 31 მარტს დადებული №------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხის სახით, შეადგენს 8750 აშშ დოლარს;
მოსარჩელე ქ------------–---–ს, მასსა და შპს მ---- ,,რ-------------ს“ შორის გაფორმებული 2013 წლის 31 მარტის №------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო შეუმცირდა ათჯერ და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 581 აშშ დოლარით;
დადგენილ იქნა, რომ ი-----–--–--–---–ის ვალდებულება მოპასუხე შპს მ---- „,რ-------------ის“ მიმართ 2013 წლის 31 მარტს დადებული №------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხის სახით, შეადგენს 13020 აშშ დოლარს;
მოსარჩელე ი-----–--–--–---–ს, მასსა და შპს მ---- ,,რ-------------ს“ შორის გაფორმებული 2013 წლის 31 მარტის №------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო შეუმცირდა ათჯერ და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 871.5 აშშ დოლარით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლო არ მიუთითებს უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე.
სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებებია:
2.1. 2013 წლის 31 მარტს ქ------------–---–სა და შპს ,,რ-------------ს” შორის დაიდო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, გამსესხებელი ვალდებულებას იღებდა ქ------------–---–ისთვის სესხად გადაეცა 14 000 აშშ დოლარი, სარგებელი განისაზღვრა 2.5%-ით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 6 თვით -2013 წლის 30 სექტემბრამდე. სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავდა ქ------------–---–ის კუთვნილი მოძრავი ქონება, შეფასებული 14 000 აშშ დოლარად.
2.2. 2013 წლის 31 მარტს ი-----–--–--–---–სა და შპს ,,რ-------------ს” შორის დაიდო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, გამსესხებელი ვალდებულებას იღებდა ი-----–--–--–---–ისთვის სესხად გადაეცა 21 000 აშშ დოლარი, სარგებელი განისაზღვრა 2.5%-ით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 6 თვით - 2013 წლის 30 სექტემბრამდე. სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავდა ი-----–--–--–---–ის კუთვნილი მოძრავი ქონება, შეფასებული - 21 000 აშშ დოლარად.
2.3. 2013 წლის 31 მარტის ხელშეკრულებების საფუძველზე, შპს მ---- ,,რ-------------ის“ სასარგებლოდ ქ------------–---–მა ჯამში გადაიხადა თანხა - 5250 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ი-----–--–--–---–მა - 7980 აშშ დოლარის ოდენობით.
2.4. შპს მ---- ,,რ-------------ის“ ცნობით, დავალიანების ოდენობა ქ------------–---–ის შემთხვევაში შეადგენს: ძირი თანხა - 14 000 აშშ დოლარს, სარგებელი - 784 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო - 5 810 აშშ დოლარს, ხოლო მოსარჩელე ი-----–--–--–---–ის შემთხვევაში - ძირი თანხა - 21000 აშშ დოლარს, სარგებელი - 1176 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო - 8715 აშშ დოლარს.
2.5. ის გარემოება, რომ მოსარჩელეები სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგაც აგრძელებდნენ თანხების გადახდას, სასამართლომ არ შეაფასა დასახელებული თანხის, როგორც საპროცენტო სარგებლის გადახდად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი მიეთითება მის მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2013 წლის 31 მარტის სესხის ხელშეკრულებების მოქმედების ვადა იყო 2013 წლის 30 სექტემბრამდე, ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი - 2.5%.
ამ თვალსაზრისით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nას-1701-1685-2011) სადაც აღნიშნულია, რომ ,,......სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში....". რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით რეგულირებულ პროცენტს, ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ".....ამ მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული: ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე....."
სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცენტზე შეთანხმება არ დასტურდება და არც მოსარჩელე არ უთითებს ამ გარემოებაზე.
მოსარჩელეების მეირ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგაც გადახდილი თანხები, სასამართლომ არ მიიჩნია საპროცენტო სარგებლად.
მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ, რომ 2013 წლის 30 სექტემბრის შემდეგ მოსარჩელე ქ------------–---–ს მოპასუხის სასარგებლოდ გადახდილი ჰქონდა 5250 აშშ დოლარი, ხოლო ი-----–--–--–---–ს - 7980 აშშ დოლარი; აღნიშნული თანხები სასამართლომ ჩათვალა სესხის თანხად; შესაბამისად, დასახლებული თანხები გამოაკლდა ძირითად დავალიანებას.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა, ანუ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისთვის. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობის ფაქტის აღიარებასთან. აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობაში იგულისხმება მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელის მიერ კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათqმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, ხოლო 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული N------------------ ხელშეკრულებები ანალოგიური პირობებითაა დადებული, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებების 1.1 მუხლის მიხედვით დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების ვადა არის 6 თვე. ამასთან, მოპასუხე ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული სალ---------ე სესხების შესახებ ინფორმაციიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლისას, თუ ლ---------ი არ მოითხოვს სესხის დაუყოვნებლივ დაბრუნებას, კლიენტი არ დაფარავს სესხს თუ იგი ჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, ამ ხელშეკრულების ვადა გაგრძელდება კიდევ ერთი თვით.
დადგენილ იქნა, რომ მხარეებმა 2013 წლის 31 მარტის ხელშეკრულებაში თანხის დაბრუნების საბოლოო ვადად განსაზღვრეს 2013 წლის 30 სექტემბერი;
მოსარჩელეები აღიარებენ, რომ მთლიანად ვერ დაფარეს სესხის თანხა, თუმცა პერიოდულად იხდიდნენ თანხებს.
დადგენილია, რომ მოსარჩელეებს არ მიუმართავთ წერილობითი სახით მოპასუხისათვის სესხის გაგრძელების მოთხოვნით და შესაბამისად, არც ორმხრივი შეთანხმება წერილობითი ფორმით დამოწმებული სესხის გაგრძელების შესახებ არ გაფორმებულა არცერთ ხელშეკრულებაზე. ამასთან, სესხის და გირავნობის ხელშეკრულებებში არაფერია ნათქვამი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესაძლებლობაზე, ხოლო სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეთა მიერ თანხების პერიოდულად გადახდების შედეგად 2013 წლის 31 მარტის ხელშეკრულებების მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდებოდა თითო თვით, თანხის გადახდის თარიღიდან თარიღამდე. ამდენად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია განემარტა, რომ ამ გადახდების შესრულების გზით მოხდა სესხის ძირი თანხის ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ გადახდა, რის შედეგადაც მოსარჩელეთა (მსესხებლის) მიერ განხორციელდა მიღებული სესხის ძირი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილის დაფარვა. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, სარჩელი აღიარებითი ხასიათის იყო და სასამართლომ მოპასუხის მიმართ ფულადი ვალდებულების განსაზღვრის შესახებ მოთხოვნა საფუძვლიანად ჩათვალა.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკთ სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით, განმარტებულია, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. საკასაციო პალატა, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში კიდევ ერთი საფუძვლის, სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შემადგენლობის შემოწმების მიზნით აღნიშნავს შემდეგს: „მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. დასახელებულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, 403ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება, ასევე დადგენილია და ამას არც მოპასუხე უარყოფს, რომ მის მიერ დარღვეულ იქნა ვალდებულება, თუმცა, მხარეები არ შეთანხმებულან ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის რაიმე პროცენტზე. შესაბამისად, სესხის მოქმედების ვადაში გათვალისწინებულ სარგებელზე (პროცენტზე) შეთანხმება ვერ გამოდგება სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად“ (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე ას-1701-1685-2011).
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 31 მარტის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მისი ვადის გასვლის შემდეგ ქ------------–---–ს მოპასუხის სასარგებლოდ გადახდილი ჰქონდა 5 250 აშშ დოლარი, ხოლო ი-----–--–--–---–ს - 7 980 აშშ დოლარი. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მხარეთა შორის არ არსებობდა წერილობითი შეთანხმება ვადის გადაცილების პროცენტზე, მოპასუხის სასარგებლოდ ქ------------–---–ის მიერ გადახდილი 5250 აშშ დოლარი და ი-----–--–--–---–ის მიერ გადახდილი 7980 აშშ დოლარი უნდა ჩათვლილიყო სესხის ძირი თანხის დასაფარად მიმართულ თანხებად და გამოკლებოდა ძირითად ვალდებულებას.
2.7. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან.
მხარეები მოქმედებენ სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს; ამასთან, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე, მოსარჩელის ეკონომიკური ინტერესი. აღნიშნულ გარემოებებზე სასამართლო მსჯელობს მხოლოდ მხარის მოთხოვნის შესაბამისად და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას შეუძლია გამოიყენოს დისკრეცია, რაც გულისხმობს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას.
სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს, როგორც დარღვეული უფლების აღდგენის, ასევე კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საშუალებას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 21 მარტის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა, მოსარჩელე ქ------------–---–ის დავალიანების გამო შეადგენდა 5810 აშშ დოლარს, ხოლო ი-----–--–--–---–ის დავალიანების გამო - 8715 აშშ დოლარს, რომელიც თავის თავში მოიცავდა, როგორც პრევენციას, ასევე ზიანს. ამავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და მიიჩნია, რომ შპს მ---- ,,რ-------------ის“ მიერ დაანგარიშებული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირებულიყო 10-ჯერ და მოსარჩელე ქ------------–---–ის შემთხვევაში განსაზღვრულიყო 581 აშშ დოლარით, ხოლო ი-----–--–--–---–ის შემთხვევაში - 871.5 აშშ დოლარით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა პირგასამტეხლოს ოდენობა, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.4 პუნქტის მიხედვით, პირგასამტეხლოს ოდენობა იანგარიშება სესხის ძირითადი თანხის 0,5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ეს უკანასკნელი კი უნდა დარიცხულიყო 2013 წლის 30 სექტემბრიდან, რამდენადაც სასამართლომ ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღად სწორედ ეს დრო მიიჩნია.
3.2. აპელანტი არ ეთანხმება პირგასამტეხლოს შემცირებულ ოდენობასაც და მიუთითებს, რომ გონივრულ და სამართლიან ოდენობად პირგასამტეხლოს არა 10-ჯერ შემცირება, არამედ 5-ჯერ შემცირება შეიძლებოდა მიჩნეულიყო.
3.3. აპელანტის შეფასებით, სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა ფაქტი იმის შესახებ, რომ 2013 წლის 30 სექტემბრის შემდეგ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ გადახდილი თანხები უნდა ჩათვლილიყო სესხის ძირი თანხის ოდენობაში, რამდენადაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, გადახდილი თანხებიდან ჯერ იფარება ჯარიმა, შემდგომ სარგებელი და ბოლოს - ძირი თანხა, რასაც სასამართლომ შეფასება არ მისცა და სრულად უგულებელყო იგი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა სააპელაციო საჩივრის მოთხვნის ფარგლებში მსჯელობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ სადავოდ არის გამხდარი სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის გაანგარიშების წესი და მისი ოდენობის შემცირება, ასევე - 2013 წლის 30 სექტემბრის შემდეგ მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესრულებული ვალდებულების (გადახდილი თანხების) ჯამური ოდენობის სესხის ძირ თანხაში ჩათვლა; შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით რამდენად სწორად განისაზღვრა 2013 წლის 30 სექტემბრის შემდეგ, მხარის მიერ გადახდილი თანხების დანიშნულება და ასევე შესაფასებელია პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ:
_ 2013 წლის 31 მარტს ქ------------–---–სა და შპს ,,რ-------------ს” შორის დაიდო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, გამსესხებელი ვალდებულებას იღებდა ქ------------–---–ისთვის სესხად გადაეცა 14 000 აშშ დოლარი, სარგებელი განისაზღვრა 2.5%-ით, მოქმედების ვადა - 6 თვით - 2013 წლის 30 სექტემბრამდე. სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავდა ქ------------–---–ის კუთვნილი მოძრავი ქონება, შეფასებული 14 000 აშშ დოლარად.
_ 2013 წლის 31 მარტს ი-----–--–--–---–სა და შპს ,,რ-------------ს” შორის დაიდო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, გამსესხებელი ვალდებულებას იღებდა ი-----–--–--–---–ისთვის სესხად გადაეცა 21 000 აშშ დოლარი, სარგებელი განისაზღვრა 2.5%-ით, მოქმედების ვადა - 6 თვით -2013 წლის 30 სექტემბრამდე. სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავდა ი-----–--–--–---–ის კუთვნილი მოძრავი ქონება, შეფასებული - 21 000 აშშ დოლარად.
_ 2013 წლის 31 მარტის ხელშეკრულებების საფუძველზე, შპს მ---- ,,რ-------------ის“ სასარგებლოდ ქ------------–---–მა ჯამში გადაიხადა თანხა - 5250 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ი-----–--–--–---–მა - 7980 აშშ დოლარის ოდენობით.
შპს მ---- ,,რ-------------ის“ ცნობით, დავალიანების ოდენობა ქ------------–---–ის შემთხვევაში შეადგენს: ძირი თანხა - 14000 აშშ დოლარს, სარგებელი - 784 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო - 5810 აშშ დოლარს, ხოლო მოსარჩელე ი-----–--–--–---–ის შემთხვევაში - ძირი თანხა - 21000 აშშ დოლარს, სარგებელი - 1176 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო - 8715 აშშ დოლარს.
4.2. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ, ვინაიდან მხარეთა შორის არ არსებობდა წერილობითი შეთანხმება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ ვადის გადაცილების პროცენტზე, მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ 2013 წლის 30 სექტემბრის შემდგომ გადახდილი თანხები უნდა მიმართულიყო ძირითადი ვალდებულების (სესხის ძირი თანხის დაფარვისკენ) შემცირებისკენ. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად, სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. დასახელებულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, სესხის მოქმედების ვადაში გათვალისწინებულ სარგებელზე (პროცენტზე) შეთანხმება არ შეიძლება განხილული იქნას სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად; შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებული თანხები მართებულად მიიჩნია მოვალეთა მიერ სესხის ძირი თანხის დაფარვისთავის გადახდილად.
4.3. პალატა აქვე განმარტავს, რომ, მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, ხოლო პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული მუხლის მიზნებისათვის, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება - შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 0,5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არის შეუსაბამოდ მაღალი, რაც სამოქალაქო უფლების არამართლზომიერად განხორციელებაზე მიუთითებს. ასეთ პირობებში პირგასამტეხლოს დანიშნულება, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის მეთოდი, კარგავს თავის ამგვარ დანიშნულებას და იქცევა მოვალის დასჯის ერთ-ერთ მექანიზმად, რაც დაუშვებელია. პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით; ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის გარემოებები, რომ ქ------------–---–ი და ი-----–--–--–---–ი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომაც ახორციელებდნენ თანხის გადახდებს, ამასთან, ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, სრულად დაფარონ შპს ,,მ--------------------ის“ მიმართ არსებული დავალიანება და ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს განსაზღვრისას პირველ რიგში ყურადღება უნდა გამახვილდეს, სწორედ ვალდებულების დარღვევის ხასიათზე, მოვალის კეთილსინდისეირებასა და ვალდებულების დარღვევის შედეგად მიყენებულ ზიანზე. ყოველივე აღნიშნული განაპირობებს პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრას.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, 2013 წლის 21 მარტის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შპს მ---- ,,რ-------------ის“ მიერ დაანგარიშებული მოსარჩელე ქ------------–---–ის დავალიანების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა _ 5810 აშშ დოლარი, ასევე ი-----–--–--–---–ის დავალიანების გამო დარიცხული პირგასამტეხლო _ 8715 აშშ დოლარი, ზემოღნიშნული მსჯელობის, ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად შემცირდა.
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, შესაბამისად, არ არსებობს აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,მ-----------------------------–-- რ-------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /
მოსამართლეები: /თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი/
/გოგიტა თოთოსაშვილი/