განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002292918
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
საქმე №2ბ/2652-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი,სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - გ------ ა------–---ი
წარმომადგენელი - თ----–-----–------
მოწინააღმდეგე მხარე – ნ---- ჩ--------–--ი
წარმომადგენელი – კ-------------–---
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი
1. ნ---- ჩ--------–--ი და გ------ ა------–---ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2013 წლის 15 ივლისიდან;
2. ნ---- ჩ--------–--ი და გ------ ა------–---ი 2018 წლის იანვრიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად.
3. ნ---- ჩ--------–--ს და გ------ ა------–---ს შორის დაძაბული ურთიერთობაა. საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–------------–------ს სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილების მიერ გაცემული ცნობის მიხედვით,2018 წლის 18 იანვარს, მოქალაქე ნ---- ჩ--------–--ის N1----- შეტყობინების საფუძველზე, გ------ ა------–---ის მიმართ ერთი თვის ვადით გაიცა და დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი, რის საფუძველზეც, ნ---- ჩ--------–--ს მიენიჭა ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსი. შემაკავებელი ორდერის პირობების თანახმად, მოძალადეს ერთი თვის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან, ნ---- ჩ--------–--თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება;
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის
2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილებით, ნ---- ჩ--------–--ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გამოიცა დამცავი ორდერი ნ---- ჩ--------–--ის მიმართ, რომლის თანახმადაც მოძალადე გ------ ა------–---ს აეკრძალა მსხვერპლთან, ნ---- ჩ--------–--თან, როგორც ფიზიკური მიახლოვება, ასევე სატელეფონო კომუნიკაცია;
5. მოსარჩელე ნ---- ა------–---მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ნ---- ჩ--------–--სა და გ------ ა------–---ს შორის 2013 წლის 15 ივლისს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.
მოსარჩელის განმარტებით, ნ---- ჩ--------–--ი და გ------ ა------–---ი ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2013 წლის 08 მარტიდან, ხოლო რეგისტრირებულ ქორწინებაში - 2013 წლის 15 ივლისიდან. მოპასუხის მხრიდან ნ---- ჩ--------–--ის მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ფიზიკურ ძალადობას. მხარეებს საერთო შვილი არ ჰყავთ. მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია და ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მხარეთა, ნ---- ჩ--------–--ის და გ------ ა------–---ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. მათ შორის ვერ მოხდა შეთანხმება, ერთობლივი განცხადებით მიემართათ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის, ქორწინების შესაწყვეტად.
6. მოპასუხე გ------ ა------–---მა მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი ცნო და თანხმობა განაცხადა მოსარჩელე მხარესთან განქორწინებაზე.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ნ---- ჩ--------–--ის სარჩელი გ------ ა------–---ის მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდა. შეწყდა ქორწინება ნ---- ჩ--------–--სა (დაბადებული: 1972 წლის 22 აპრილს, პირადი N3----------) და გ------ ა------–---ს (დაბადებული: 1961 წლის 24 აპრილს, პირადი N6----------) შორის, რეგისტრირებული 2013 წლის 15 ივლისს, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, აქტის ჩანაწერი N0----------. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:
7.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
მოსარჩელე ნ---- ჩ--------–--ი და მოპასუხე გ------ ა------–---ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2013 წლის 15 ივლისიდან. მათ საერთო შვილი არ ჰყავთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. მხარეებს, ნ---- ჩ--------–--სა და გ------ ა------–---ს შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია და მხარეები ერთიან საოჯახო მეურნეობას აღარ ეწევიან. მათ შორის ურთიერთობა დაძაბული და კონფლიქტურია. მხარეები ვერ შეთანხმდნენ ოჯახის შენარჩუნების თაობაზე და მოსარჩელის პოზიცია განქორწინების საკითხის მიმართ არ შეცვლილა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს.
მოპასუხე გ------ ა------–---მა ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ საქმის მომზადების სტადიაზე. დადგენილია, რომ მხარეთა შემდგომი ერთ ოჯახად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ამდენად, ნ---- ჩ--------–--ის სარჩელი, მოპასუხე გ------ ა------–---ის მიმართ, ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ------ ა------–---მა. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
8.1 აპელანტის განმარტებით, მართალია, მან პირველი ინსტანციით საქმის განხილვის დროს ცნო სარჩელი, მაგრამ შესაძლებელია ნ---- ჩ--------–--თან მოხდეს შერიგება, რის გამოც მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
სამოტივაციო ნაწილი
9. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
10. მოცემულ შემთვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქორწინების შეწყვეტა. სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს სარჩელის საფუძვლიანოპბასთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძელი არის განქორწინება, რომელიც შეიძლება მოხდეს მხარეთა შეთანხმებით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეუღლეთა განქორწინების საკითხს გადაწყვეტს სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური). შესაბამისად, კანონმდებელი ქორწინების საფუძლად მიიჩნევს მხოლოდ ნებაყოფლობით კავშირს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქორწინების შესახებ შეთანხმება, აგრეთვე მისი შეწყვეტა, მეუღლეთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ქორწინების მიზანი, არის ოჯახის შექმნა და მეუღლესთან ერთად საერთო მეურნეობის გაძღოლა, სხვა შემთხვევაში, ქორწინება, არ ჩაითვლება ნამდვილად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ, მოსარჩელე ნ---- ჩ--------–--ი საქართველოში არ ცხოვრობს, სარჩელის სასამართლოში შეტანიდან სააპელაციო ინსტანციაში განხილვამდე გასულია 6 თვეზე მეტი და მხარეთა შორის არც ყოფილა ოჯახის გაერთიანების მცდელობა . მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, ვინაიდან მათ შორის ურთიერთობა დაძაბული და კონფლიქტურია. დადგენილია და სადავო არ არის წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითეთებული ფაქტობრივი გარემოებებიც.
პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთანავე, საოჯახო სამართლით განმტკიცებულია განქორწინების თავისუფლების პრინციპი, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------ ა------–---ის შუამდგომლობა მეუღლეთა შესარიგებელი ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც გ------ ა------–---ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. საპროცესო ხარჯები
აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. აპელანტ გ------ ა------–---ის შუამდგომლობა მეუღლეთა შესარიგებელი ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. აპელანტ გ------ ა------–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება
4. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: /დიანა ბერეკაშვილი /