განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.05.2018
საქმის ნომერი
330210115758119
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/501-16 15 მაისი, 2018 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – ხათუნა არევაძე

მოსამართლეები – თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი, ოთარ ბუკია

 

აპელანტი - შპს ,,მ--------–ი“

წარმომადგენლები - ნ--------------ია (დირექტორი), მ--–-------------ა, მ--------------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ--–--ი“

წარმომადგენელი - ვ-----------------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,მ--------–ის“ სარჩელი სს ,,თ--–--ის“ მიმართ, ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2003 წლის 28 ნოემბერს სს ,,თ--–--ის” წარმომადგენლების მიერ შედგენილი ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების №------ აქტის, საფუძველზე აბონენტ შპს ,,მ--------–ს” დამატებით დაერიცხა დატაცებული 69 000 ლარის ღირებულების ელექტროენერგიის საფასურის გადახდა.

 

2.2. შპს ,,მ--------–მა“, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ დაუსაბუთებლად დაეკისრა 69 000 ლარის გადახდა, წერილობით მიმართა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნულ კომისიის აღმასრულებელი დირექტორის 2005 წლის 26 იანვრის წერილით, სს ,,თ--–--ის” გენერალურ დირექტორს და შპს ,,მ--------–ის” წარმომადგენელს ეცნობათ, რომ 2003 წლის 28 ნოემბერს შედგენილი ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი არ შეესაბამებოდა 2001 წლის 31 დეკემბრის №15 დადგენილების მოთხოვნებს, რაც წარმოადგენდა მისი ბათილად ცნობის საფუძველს.

 

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა შპს ,,მ--------–ის” სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი 2003 წლის 28 ნოემბერის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების №------ აქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

2.4. შპს ,,მ--------–სა“ და სს ,,თ--–--ს” შორის 2010 წლის 04 მარტს დაიდო დავალიანების გადახდის შესახებ ხელშეკრულება. მითითებული ხელშეკრულების შინაარსის მიხედვით, შპს ,,მ--------–ის” დავალიანება სს ,,თ--–--ის” მიმართ შეადგენდა 72 675.54 ლარს; ამასთან, მოვალემ აიღო ვალდებულება აღნიშნული თანხა გადაეხადა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, 30 თვის განმავლობაში. ხელშეკრულების 4.5. პუნქტის თანახმად კი, შპს ,,მ--------–ი” ხელშეკრულების დადების მომენტიდან, უარს აცხადებს წინა პერიოდში წარმოშობილ დავალიანებასთან დაკავშირებით და სატრანზიტო გადასახადთან ან სხვა სახის მომსახურების გადასახადთან სს ,,თ--–--ის” მიმართ მოთხოვნის უფლებაზე.

 

2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით, სს ,,თ--–--ის” სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს ,,მ--------–ს” დაეკისრა 69 750.11 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა 2010 წლის 04 მარტს დადებული დავალიანების გადახდის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევა. სასამართლოს განმარტებით, მითითებული გარიგება, წარმოადგენდა ვალის აღიარების ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზე შპს ,,მ--------–ის” დირექტორის მიერ აღიარებულ იქნა სს ,,თ--–--ის” მიმართ არსებული დავალიანება და დაფიქსირებულ იქნა მისი ვალდებულება ამ თანხის გადახდის შესახებ კონკრეტულ ვადებში, რომელიც იმ დროისათვის შეადგენდა 72675.54 ლარს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 21 მაისს მიღებული განჩინებით, გაზიარებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაში დადგენილი გარემოება მასზედ, რომ 2010 წლის 04 მარტს მხარეებს შორის ადგილი ჰქონდა ვალის არსებობის აღიარების შესახებ ხელშეკრულების დადების ფაქტს. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულებით დგინდება ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია არა დარიცხვიანობის აქტი, არამედ 2010 წლის 04 მარტის ხელშეკრულება, რომელიც პალატის მოსაზრებით, წარმოადგენდა მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დამოუკიდებელ საფუძველს და იგი არ იყო დამოკიდებული ძველი დარიცხვიანობის აქტით დადგენილ ვალდებულებაზე.

 

შესაბამისად, ზემოაღნიშნული განჩინებით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.6. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც, თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ამდენად, აღნიშნული ნორმით დადგენილია ფაქტების პრეიუდიცია, რაც ნიშნავს სწორედ იმას, რომ სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილება სხვა რაიმე სახის მტკიცებულებით არ დაიშვება, მეტიც, ამავე კანონის 266-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

 

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 21 მაისს მიღებული განჩინებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2010 წლის 4 მარტს მხარეებს შორის დადებული იყო ვალის აღიარების ხელშეკრულება, რაც წარმოადგენდა, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დამოუკიდებელ საფუძველს და იგი არ იყო დამოკიდებული ძველი დარიცხვიანობის აქტით დადგენილ ვალდებულებაზე. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა შპს ,,მ--------–ის” სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი 2003 წლის 28 ნოემბერის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების №------ აქტი, არ შეიძლება განხილულ იქნეს შპს ,,მ--------–სა” და მოპასუხე სს ,,თ--–--ს” შორის 2010 წლის 4 მარტს დადებული დავალიანების გადახდის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ გარიგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიჩნეულ იქნეს დადებულად თუ სახეზეა პირის ნება, თავის მხრივ ნების გამოვლენის ნაკლი შესაძლოა წარმოადგენდეს გარიგების შეცილების საფუძველს. გარიგების დადების მიზნით, კი, პირის მოტყუება ან იძულება, მიანიშნებს ნების გამოვლენის ნაკლოვანებაზე. კონკრეტულ შემთხვევაში კვლევის საგანს წარმოადგენს ზუსტად აღნიშნული გარემოების დადგენა.

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან.

 

ამასთან, ამავე კოდექსის 86-ე მუხლის თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი. კონკრეტული მოქმედების იძულებად კვალიფიკაციისათვის უნდა იკვეთებოდეს, რომ სადავო გარიგების მონაწილე მხარეს არ სურდა ამ გარიგების დადება და ფიზიკურ იძულებამ, მუქარამ თუ მუქარის შემცველმა ქმედებამ ისეთი ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინა მასზე, რომ იძულებული გახადა, დაედო გარიგება. იძულებად, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ქმედება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას, ოჯახის წევრებს ან კეთილდღეობას რეალური საფრთხე ემუქრება. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებები. ამდენად, იძულება მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ზემოქმედებაუნარიან იძულებად, თუკი იგი რეალური საფრთხის მაუწყებელია. თუ საფრთხე მოჩვენებითია, მაშასადამე, იძულებაც ამ აზრით არარსებულია.

 

ზემოაღნიშნული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის თანახმად, მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი, რომ 2010 წლის 04 მარტს დადებული დავალიანების გადახდის შესახებ ხელშეკრულების დადების მიზნით ადგილი ჰქონდა შპს ,,მ--------–ის” დირექტორის - ნ--------------იას იძულების ფაქტს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით, ნ--------------იას მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, თუმცა სასამართლომ გაურკვევლად მიიჩნია, თუ რა კავშირშია სახელმწიფო უწყების მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, კერძო სამართლის იურიდიულ პირთან დადებულ გარიგებასთან, ასევე, - ვის მიერ რა საშუალებით და რა სახით ხორციელდებოდა მოსარჩელის იძულება _ დაემყარებინა ს.ს. ,,თ--–--თან” სახელშეკრულებო ურთიერთობა.

ამასთან, სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ იძულების ფაქტის არსებობის მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის განაჩენი, რომლის მიხედვით, ნ--------------ია ცნობილი იქნა დამნაშავედ, თუმცა იქვე სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული განაჩენი გამოტანილია 2012 წლის 29 თებერვალს, ხოლო სადავო გარიგება დაიდო 2010 წლის 04 მარტს, ე.ი. განაჩენის გამოტანამდე დაახლოებით 2 წლით ადრე. მითითებული გარემოება, კი, სასამართლოს შეფასებით, გამორიცხავს ურთიერთკავშირს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესა და სადავო გარიგებას შორის.

 

მოსარჩლის განმარტებით, იძულების ფაქტი, ასევე დგინდებოდა, სადავო ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, რომლის, 4.5. პუნქტის მიხედვით, შპს ,,მ--------–ი” ხელშეკრულების დადების მომენტიდან უარს აცხადებდა წინა პერიოდში წარმოშობილ დავალიანებასთან დაკავშირებით და სატრანზიტო გადასახადთან ან სხვა სახის მომსახურების გადასახადთან სს ,,თ--–--ის” მიმართ მოთხოვნის უფლებაზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ აღნიშნული პირობის არსებობით, არ შეიძლებოდა დადგენილიყო იძულების ფაქტი. სასამართლომ მიუთითა, რომ მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რაც აუცილებელია მოქმედების იძულებად კვალიფიკაციისათვის; აღნიშნული სახის მტკიცებულებები, კი, მხარეს არ წარმოუდგენია, მეტიც, მხარემ ვერც ის განმარტა, თუ მოპასუხის მხრიდან რა სახის იძულებას ჰქონდა ადგილი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იძულებასთან მიმართებაში.

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.

 

მითითებული ნორმით გარიგების ბათილობა ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა; ამდენად, მოტყუებით დადებული გარიგებისას თავდაპირველად ადგილი უნდა ჰქონდეს ან არასწორი ცნობების შეტყობინებას, ან მხარე უნდა დუმდეს გარკვეული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამო; ამასთან, ცნობების შეუტყობინებლობა შესაძლოა მიჩნეულ იქნეს გარიგების საცილოობის საფუძვლად, თუ მხარეს თავად არ შესწევდა უნარი მოეკვლია შესაბამისი ცნობები. მოტყუებით დადებული გარიგების განსაზღვრისათვის ასევე არსებითი მნიშვნელობა გააჩნია არა მხოლოდ მოტყუების ფაქტს, არამედ იმ გარემოებასაც, თუ რაში გამოიხატა მოტყუება; კერძოდ, ჰქონდა თუ არა აღნიშნულს ხელშეკრულების დადებისას არსებითი მნიშვნელობა; ე.ი. გამოავლენდა, თუ არა მხარე ნებას მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო ის გარემოებები, რის თაობაზეც იგი მოატყუეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო განმარტავს, რომ იურიდიული პირი არის დამოუკიდებელი კერძო სამართლის სუბიექტი; ამდენად მას მინიჭებული აქვს უფლება გააჩნდეს საკუთარი ქონება, საკუთარი სახელით შეიძინოს უფლებები და მოვალეობები, დადოს გარიგებები და სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. იურიდიული პირი არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც სხვისი საკუთრება.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ აღნიშნავს, რომ მოსარჩელის განმარტებით, მოტყუება გამოვლინდა ინფორმაციის შეუტყობინებლობაში, კერძოდ, მოპასუხემ არ აცნობა 2010 წლის 04 მარტს დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული დავალიანების წარმოშობის საფუძვლის და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნულ კომისიის აღმასრულებელი დირექტორის 2005 წლის 26 იანვრის წერილის თაობაზე.

 

მითითებულ საკითხთან მიმართებაში, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნულ კომისიის აღმასრულებელი დირექტორის წერილის შედგენის საფუძველს წარმოადგენდა თავად მოსარჩელის განცხადება; ამასთან, როგორც მითითებული წერილის შინაარსიდან დგინდებოდა, იგი გაეგზავნა, როგორც მოპასუხეს, ასევე მოსარჩელეს წარმომადგენელს. ამდენად, მოპასუხეს სრული საფუძველი ჰქონდა ევარაუდა, რომ მოსარჩელისათვის, ვინაიდან სახეზე არ იყო სუბიექტის შეცვლა, ცნობილი იყო, როგორც 2003 წლის 28 ნოემბერს შედგენილი ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების №------ აქტის, ასევე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნულ კომისიის აღმასრულებელი დირექტორის 2005 წლის 26 იანვრის წერილის შესახებ; შესაბამისად, იგი არ იყო ვალდებული დამატებით ეცნობებინა მოსარჩელისათვის აღნიშნული საბუთების არსებობაზე. ამასთან, სასამართლო, განმარტა, რომ მოსარჩელეს თავად უნდა სცოდნოდა მითითებული ინფორმაცია, ხოლო ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შეცვლა არ გულისხმობს, რომ ამ უკანასკნელს არ შესწევდა უნარი მოეკვლია შესაბამისი ცნობები. აღნიშნული, კი, სასამართლოს შეფასებით, უდავოდ გამორიცხავს 2010 წლის 04 მარტს გარიგებების დადებისას მოსარჩელის მოტყუების ფაქტს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე, 85-ე, 81-ე მუხლებით განსაზღვრული გარემოებების არსებობა, მართალია წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლებს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ 2010 წლის 04 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება, დადებული იყო მისი იძულების ან მოტყუების შედეგად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა 2010 წლის 04 მარტს დადებული დავალიანების გადახდის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა იგი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ, დასაბუთების გარეშე, ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას უპირატესობა მიანიჭა მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს და მხოლოდ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება;

 

შპს ,,მ--------–ის“ სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენს წინ უსწრებდა მრავალი უკანონო ქმედება; მართალია განაჩენი 2012 წლის 29 თებერვალს იქნა გამოტანილი და სადავო ვალის აღიარების ხელშეკრულება 2010 წლის 04 მარტით თარიღდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ნ--------------იას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო 2010 წლის დასაწყისში; ნ--------------იას ედავებოდნენ სხვადასხვა ფინანსურ დარღვევებს და მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რაც ნათლად ჩანს დასახელებულ განაჩენში;

 

აპელანტის განმარტებით, ძალადობისა და ფსიქიკური ზემოქმედების მაგალითია სარჩელში ასახული გარემოებები, სს ,,თ--–--ის“ წარმომადგენლების მიერ 2003 წლის 28 ნოემბერს შპს ,,მ--------–ის“ ელექტრომრიცხველზე ვითომდა აღმოჩენილი დარღვევების შესახებ შედგენილი შემოწმების №------ აქტი და ამ აქტის საფუძველზე საზოგადოების დაჯარიმება 69 000 ლარით; ამ აქტის უკანონობის დადგენის და უსაფუძვლოდ დარიცხული ჯარიმისაგან გათავისუფლების მიზნით აღძრული დავა დასრულდა 2012 წლის 30 ოქტომბერს, სასამართლო გადაწყვეტილებით და დადგინდა, რომ დასახელებული შემოწმების აქტი უკანონოდ იქნა შედგენილი.

 

აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ მიუხედავად ამისა, მოწინააღმდეგე მხარემ მოტყუების გზით მიაღწია სადავო 2010 წლის 04 მარტის ხელშეკრულების დადებას;

 

აპელანტი განმარტავს, რომ სს ,,თ--–--ს“, მის მიმართ შპს ,,მ--------–ის“ დავალიანების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება დავის განხილვის არცერთ ეტაპზე სასამართლოში არ წარუდგენია.

 

აპელანტის მითითებით, სადავო ვალის აღიარების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა განხორციელდა მხარის მოტყუებით და მასზე განხორციელებული იძულებით; მისივე განმარტებით, წლების განმავლობაში მასზე მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და აღნიშნული გრძელდება დღემდე, რამაც განაპირობა სადავო 2010 წლის 04 მარტის ხელშეკრულების დადება და რაც ხსენებული ხელშეკრულების ბათილობის საფუძველია;

 

აპელანტი განსაკუთებით ყურადღებას ამახვილებს ამ ხელშეკრულების 4.5. პუნქტზე და მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა შეეფასებინა და ემსჯელა მხარის მიერ გაცხადებული უარი სს ,,თ--–--ის“ მიმართ როგორც წარსულში, ასევე მიმდინარე და სამომავლოდ არსებულ მოთხოვნებზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო საქმეთა პალატა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში მსჯელობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე და აღნიშნავს, რომ წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეფასების საკითხს წარმოადგენს 2010 წლის 04 მარტის ხელშეკრულების ნამდვილობა; კერძოდ, აპელანტი მიუთითებს, რომ დასახელებული გარიგება მის ნების წინააღმდეგ, მისი იძულების და მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან მისი მოტყუების გზით დაიდო; ასევე იგი სადავოდ ხდის ამ გრიგებით გათვალისწინებული დავალიანების წარმომავლობას.

სააპელაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

 

- 2003 წლის 28 ნოემბერს სს ,,თ--–--ის” წარმომადგენლების მიერ შედგენილი ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების №------ აქტის საფუძველზე, აბონენტი შპს ,,მ--------–ი“ დაჯარიმდა 69 000 ლარით;

 

- შპს ,,მ--------–მა“, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მას დაუსაბუთებლად დაეკისრა 69 000 ლარის გადახდა, წერილობით მიმართა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას.

 

- საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნულ კომისიის აღმასრულებელი დირექტორის 2005 წლის 26 იანვრის წერილით, სს ,,თ--–--ის” გენერალურ დირექტორს და შპს ,,მ--------–ის” წარმომადგენელს ეცნობათ, რომ 2003 წლის 28 ნოემბერს შედგენილი ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი არ შეესაბამებოდა 2001 წლის 31 დეკემბრის №15 დადგენილების მოთხოვნებს, რაც წარმოადგენდა მისი ბათილად ცნობის საფუძველს.

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა შპს ,,მ--------–ის” სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი 2003 წლის 28 ნოემბერის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების №------ აქტი.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

- შპს ,,მ--------–სა” და სს ,,თ--–--ს” შორის 2010 წლის 04 მარტს დაიდო დავალიანების გადახდის შესახებ ხელშეკრულება. მითითებული ხელშეკრულების შინაარსის მიხედვით, შპს ,,მ--------–ის” დავალიანება სს ,,თ--–--ის” მიმართ შეადგენდა 72 675.54 ლარს.

 

ამასთან, მოვალემ აიღო ვალდებულება აღნიშნული თანხა გადაეხადა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით (იგი ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს), 30 თვის განმავლობაში; 3.2. პუნქტში აღნიშნული წესის დაცვით.

 

ხელშეკრულების 4.5. პუნქტის თანახმად, შპს ,,მ--------–ი” ხელშეკრულების დადების მომენტიდან, უარს აცხადებს წინა პერიოდში წარმოშობილ დავალიანებასთან დაკავშირებით და სატრანზიტო გადასახადთან ან სხვა სახის მომსახურების გადასახადთან სს ,,თ--–--ის” მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და მომავალშიც არ გამოიყენებს მოთხოვნის უფლებას.

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, სს ,,თ--–--ის” სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს ,,მ--------–ს” დაეკისრა 69 750.11 ლარის გადახდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა 2010 წლის 04 მარტს დადებული დავალიანების გადახდის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევა. სასამართლოს განმარტებით, მითითებული გარიგება, წარმოადგენდა ვალის აღიარების ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზე შპს ,,მ--------–ის” დირექტორის მიერ, აღიარებულ იქნა სს ,,თ--–--ის” მიმართ არსებული დავალიანება და დაფიქსირებულ იქნა მისი ვალდებულება ამ თანხის გადახდის შესახებ კონკრეტულ ვადებში, რომელიც იმ დროისათვის შეადგენდა 72675.54 ლარს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 21 მაისს მიღებული განჩინებით, გაზიარებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა მასზედ, რომ 2010 წლის 04 მარტს მხარეებს შორის ადგილი ჰქონდა ვალის არსებობის აღირების შესახებ ხელშეკრულების დადებას. კერძოდ, შპს ,,მ--------–მა“ აღიარა სს თ--–--ის“ მიმართ დავალიანება 72 675.54 ლარის ოდენობით და გამოთქვა ამ ტანხის ეტაპობრივად გადახდის მზაობა ამავე დღეს მხარეები შეთანხმდნენ დავალიანების გადახდის წესზე (გრაფიკზე); სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულებით დგინდება ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია არა დარიცხვიანობის აქტი (2003 წლის 28 ნოემბრის სს ,,თ--–--ის” წარმომადგენლების მიერ შედგენილი ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების №------ აქტი), არამედ 2010 წლის 04 მარტის ხელშეკრულება, რომელიც პალატის მოსაზრებით, წარმოადგენდა, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დამოუკიდებელ საფუძველს და იგი არ იყო დამოკიდებული ძველი დარიცხვიანობის აქტით დადგენილ ვალდებულებაზე. შესაბამისად, აღნიშნული სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინებით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 აპრილისს გადაწყვეტილება.

 

ზემოხსენებულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ამდენად, აღნიშნული ნორმით დადგენილია ფაქტების პრეიუდიცია, რაც ნიშნავს სწორედ იმას, რომ სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილება სხვა რაიმე სახის მტკიცებულებით არ დაიშვება, მეტიც, ამავე კანონის 266-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 21 მაისს მიღებული განჩინებით, დადგენილია, რომ 2010 წლის 04 მარტს მხარეებს შორის დადებული ვალის აღიარების ხელშეკრულება წარმოადგენდა მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დამოუკიდებელ საფუძველს და იგი არ იყო დამოკიდებული ძველი დარიცხვიანობის აქტით დადგენილ ვალდებულებაზე. ამდენად, ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა შპს ,,მ--------–ის” სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი 2003 წლის 28 ნოემბერის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების №------ აქტი, არ შეიძლება განხილულ იქნეს შპს ,,მ--------–სა” და მოპასუხე სს ,,თ--–--ს” შორის 2010 წლის 04 მარტს დადებული დავალიანების გადახდის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად. გარდა ამისა, პალატა აღნიშნავს, რომ მხარე ხელს აწერს 2010 წლის 04 მარტის ხელშეკრულებას და ამით ივარაუდება, რომ იგი დაეთანხმა ვალის აღიარების ხელშეკრულების პირობებს, მისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების შინაარსი და იკისრა ვალდებულება, გადაეხადა სს ,,თ--–--ის“ წინაშე არსებული დავალიანება ეტაპობრივად.

 

4.2. რაც შეეხება სადავო გარიგებაზე ხელმომწერი პირის (აპელანტის) მიერ გამოვლენილ ნებას და აქედან გამომდინარე, დასახელებული გარიგების ნამდვილობას (განსახილველი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტის მიერ მითითებული საფუძვლით) სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან.

 

ამავე კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლის დანაწესის თანახმად, გარიგების ბათილად ცნობას საფუძვლად უნდა დაედოს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება და ამასთან მითითებული ნორმის მეორე ნაწილი მიუთითებს, რომ იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გამოცდილებანი უნდა იქნეს მიღებული. კანონი ასევე ითვალისწინებს, რომ შესაძლებელია, ხელშეკრულების იძულებით დადების ფაქტი განპირობებული იყოს გარიგების მხარის ახლობლის ან ოჯახის წევრის მიმართ არსებული საფრთხის გამო. პალატა განმარტავს, რომ პირზე იძულების, განსაკუთრებით კი ფსიქოლოგიური იძულების, განხორციელებისას იძულების ფაქტის დადასტურება პირდაპირი მტკიცებულებებით ძალიან რთულია და ამ დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მხარის ობიექტური შესაძლებლობა, სასამართლოს იძულების მამტკიცებელი არაპირდაპირი მტკიცებულებები წარმოუდგინოს. იძულების განმახორციელებელი პირი ყოველთვის მოქმედებს გააზრებულად და ფრთხილად მისთვის საინტერესო მიზნის მიღწევის პროცესში, რის გამოც, ძალიან რთული ხდება საჭირო მტკიცებულებების მოპოვება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ისეთ შემთხვევებში, როცა გარიგების დადების წინ განვითარებული მოვლენები აშკარად ქმნის მოსარჩელის მიმართ განხორციელებული ძალადობის ან მუქარის რწმენას, მტკიცებულებები გონივრულობისა და ჯეროვანების პრინციპიდან გამომდინარე შეფასდეს. კანონმდებელი 85-ე მუხლში დაუშვებელი ზემოქმედების ხერხებად ძალადობასა და მუქარას აღიარებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, მუქარა (ფსიქიკური იძულება) წარმოადგენს სამომავლო საფრთხის შესახებ შეტყობინებას, რომლის რეალიზებასაც დამმუქრებელი საკუთარ ნება-სურვილზე დამოკიდებულად წარმოაჩენს, რათა ამგვარად მუქარის ადრესატის ნების ჩამოყალიბებაზე ზეგავლენა მოახდინოს და შესაბამისი გარიგების დადებაზე დაიყოლიოს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის განჩინება საქმეზე Nას-132-124-2015, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 მაისის განჩინება საქმეზე Nას-170-163-2013). გარიგების იძულების გამოყენებით დადებულად ცნობისთვის მნიშვნელობა არ აქვს იძულების განმახორციელებელი პირის სურვილს ან შესაძლებლობას, რეალურად განახორციელოს მუქარა, მთავარია, აღნიშნულს ადრესატი რეალური საფრთხის შემცველად და შესრულებადად აღიქვამდეს.

 

შესაბამისად, როდესაც მხარის მიერ იძულების მოტივით გარიგების ბათილად ცნობაა მოთხოვნილი, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს, ის თუ რამდენად განხორციელდა იძულება, განხორციელებულ იძულებასა და სადავო გარიგების დადებას შორის არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი და იძულების ფაქტი რა ფაქტობრივი გარემოებებით ან/და მტკიცებულებებით დასტურდება.

 

სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

შესაბამისად, მხარემ, რომელიც აპელირებს გარიგების იძულებით დადებაზე, განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,მ--------–მა“, უნდა ამტკიცოს კიდეც მისი წინაპირობები. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ფსიქიკური იძულების განხორციელების მტკიცების მიზნებისათვის აპელანტმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომელიც ასახავს ფაქტებს, რომლითაც დასტურდება ნების გამოვლენამდე არსებული გარემოებები, ნების გამოვლენის პროცესი და მისი თანმდევი შედეგები. ფსიქიკური იძულების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება, როგორც წესი, საპროცესო - სამართლებრივად ძნელად მოსაპოვებელია. შესაბამისად, ისეთ ვითარებაში, როდესაც მხარის მიერ დადასტურებული მოვლენათა განვითარების ჯაჭვი იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ გამოვლენილი ნება ფსიქიკური ძალადობის შედეგია, საწინააღმდეგო მტკიცების განხორციელების ვალდებულება მოპასუხეს ეკისრება, რომელმაც წარმოდგენილ ირიბ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნა, რომ გარიგება შეიძლება იძულების შედეგი იყოს, უნდა გააქარწყლოს და ამტკიცოს, რომ გარიგებას საფუძვლად მოსარჩელის თავისუფალი და გაცნობიერებული ნება ედო.

 

პალატა განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში, არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე და არც სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში, შპს ,,მ--------–ს“ არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, პირდაპირი თუ ირიბი სახის, რაც სს ,,თ--–--ის“ მიერ 2010 წლის 04 მარტის ხელშეკრულების გაფორმებისას იძულებისა და მოტყუების ფაქტობრივი შემადგენლობის არსებობას დაადასტურებდა. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ შპს ,,მ--------–ი“ ვერ ადასტურებს, რა კავშირი აქვს მის მიმართ 2012 წლის 29 თებერვალს დამდგარ განაჩენს, სს ,,თ--–--თან“ დადებულ 2010 წლის 04 მარტის ,,დავალიანების გადახდის შესახებ“ ხელშეკრულებასთან, რაში გამოიხატებოდა იძულება და მოტყუება და რა ობიექტურ თუ არაობიექტურ ფაქტორებს ემყარებოდა იგი. პალატა აგრეთვე ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს პოზიციას მასზედ, რომ გაურკვეველია, თუ რა კავშირშია სახელმწიფო უწყების მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმე კერძო სამართლის იურიდიულ პირთან დადებულ გარიგებასთან, ასევე გაურკვეველი რჩება, ვის მიერ რა საშუალებით და რა სახით ხორციელდებოდა მოსარჩელის იძულება _ დაემყარებინა სს ,,თ--–--თან” სახელშეკრულებო ურთიერთობა. პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე მასზედ, რომ იძულების ფაქტის არსებობის მიზნით აპელანტი მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის განაჩენზე, რომლის მიხედვითაც, ნ--------------ია ცნობილი იქნა დამნაშავედ, თუმცა აღსანიშნავია, რომ განაჩენი გამოტანილია 2012 წლის 29 თებერვალს ხოლო სადავო გარიგება დაიდო 2010 წლის 04 მარტს ე.ი. განაჩენის გამოტანამდე დაახლოებით 2 წლით ადრე, თავად აპელანტის განმარტებით კი, იგი დააკავეს 2010 წლის დეკემბერში, სადავო ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვის შემდეგ, მითითებული, კი, გამორიცხავს ურთიერთკავშირს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესა და სადავო გარიგებას შორის. რაც შეეხება აპელანტის განმარტებას მასზედ, რომ იძულების ფაქტი ასევე დგინდება სადავო ხელშეკრულების შინარსიდან გამომდინარე, რომლის, 4.5. პუნქტის მიხედვით, შპს ,,მ--------–ი” ხელშეკრულების დადების მომენტიდან უარს აცხადებს წინა პერიოდში წარმოშობილ დავალიანებასთან დაკავშირებით და სატრანზიტო გადასახადთან ან სხვა სახის მომსახურების გადასახადთან სს ,,თ--–--ის” მიმართ მოთხოვნის უფლებაზე, პალატა შენიშნავს, რომ აღნიშნულ პირობაზე მითითებით არ შეიძლება დადგინდეს გარიგების მხარის იძულების ფაქტი, ცალკე აღებული აღნიშნული პირობა ხელშეკრულების ბათილობის სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს და მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რაც აუცილებელია მოქმედების იძულებად კვალიფიკაციისათვის, აღნიშნული სახის მტკიცებულებები, კი, მხარეს არ წარმოუდგენია.

 

4.3. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმის შესახებ, რომ 2010 წლის 04 მარტის ხელშეკრულება მოტყუებით დადებულ გარიგებას წარმოადგენს. პალატა განმარტავს, რომ მოტყუებად ითვლება შეცდომის განზრახი გამოწვევა. მოტყუება შეიძლება ეხებოდეს უშუალოდ გარიგების საგანს, ასევე სხვა გარემოებებს, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გარიგების მონაწილის ნებაზე. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი არ მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ მოსარჩელის მხრიდან გარიგებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე არასწორი მონაცემების მიწოდების გამო, გააფორმა მასთან სადავო გარიგება; შპს ,,მ--------–ის“ დირექტორის ნ--------------იას განმარტებით, მოტყუება გამოვლინდა ინფორმაციის შეუტყობინებლობაში; კერძოდ, მოპასუხემ არ აცნობა 2010 წლის 04 მარტს დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული დავალიანების წარმოშობის საფუძვლის და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნულ კომისიის აღმასრულებელი დირექტორის 2005 წლის 26 იანვრის წერილის თაობაზე. მითითებულ საკითხთან მიმართებაში, პალატა ასევე იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნულ კომისიის აღმასრულებელი დირექტორის წერილის შედგენის საფუძველს წარმოადგენდა თავად მხარის - შპს ,,მ--------–ის“ განცხადება (ამ განცხადებით საწარმო არ ეთანხმებოდა სს ,,თ--–--ის“ წარმომადგენლების მიერ შედგენილ 2003 წლის 28 ნოემბერის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების №------ აქტს) და ამ განცხადებაზე სს ,,თ--–--ის“ პასუხად, დასახელებული წერილი გაეგზავნა, როგორც მოპასუხეს, ასევე - მოსარჩელეს. ამდენად, სს ,,თ--–--ს“ სრული საფუძველი ჰქონდა ევარაუდა, რომ ვინაიდან სახეზე არ იყო სუბიქეტის შეცვლა, ნ--------------იასთვის ცნობილი იყო 2003 წლის 28 ნოემბერს შედგენილი ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების №------ აქტისა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნულ კომისიის აღმასრულებელი დირექტორის 2005 წლის 26 იანვრის წერილის შესახებ და იგი არ იყო ვალდებული, დამატებით ეცნობებინა მოსარჩელისათვის აღნიშნული დოკუმენტების არსებობაზე.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილად ცნობა მაშინ ხდება, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა ე.ი. გარიგების დადების დროს ყველა ან ერთ-ერთი არსებითი პირობა, ცდომილებაში განზრახ შეყვანითაა მიღწეული. მოტყუების დროს სახეზეა ნების ნაკლის გამოვლენა; კერძოდ, რომ არა მოტყუების ფაქტი, ისე გარიგება არ დაიდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მხარემ გარიგების დადების დროს ნება გამოხატა და შესაბამისად, მან იცის თუ რა გარიგებას დებს, მაგრამ ნების გამოვლენის ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ მის გამოვლენას წინ უძღვის მოტყუება. შეცილების შემდეგ სასამართლოში დავისას, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტის არსებობა ისეთი მტკიცებულებების წარდგენით და ისეთ გარემოებებზე მითითებით, რომლებიც დაადასტურებენ მოტყუების ფაქტს.

 

განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,მ--------–ის“ წარმომადგენლის აპელირება მასზედ, რომ მოპასუხემ ცნობები დაუმალა, არ დასტურდება, მეტიც - საქმის მასალებით დგინდება, რომ ნ--------------იას აღნიშნული გარემოებების თაობაზე უნდა სცოდნოდა; შესაბამისად, მოტყუების ფაქტობრივი შემადგენლობა სახეზე არ არის.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, შესაბამისად, არ არსებობს აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ,,მ--------–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /

 

მოსამართლეები: /თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი/

 

/გოგიტა თოთოსაშვილი/