განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 200310015001105271
საქმე N3ბ/3067-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - დ--–- ხ--------------ი;
წარმომადგენელი - თ----- მ---------–ი;
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე) – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი;
წარმომადგენელი - ლ--- ჯ---–-ძე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
წარმომადგენელი - ა----- ბ-–----–---–ი;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება;
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა;
2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით დ--–- ხ----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თელავის რაიონულმა სამმართველომ 1996 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 10 ოქტომბრის #--- დადგენილების, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 23 დეკემბრის #--- ბრძანების, მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 30 ივნისის დადგენილებით ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების შესახებ თანახმად, შრომით კოლექტივზე პირდაპირი წესით პრივატიზებული იქნა ფ–---–ის აფთიაქი. მყიდველი დ--–- ხ----------------ი .
ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველმა მიიღო ფ–---–ის აფთიაქის შენობა და ქონება მდებარე სოფელ შ------–ში.
აღნიშნული ქონება მყიდველს გადაეცა 1995 წლის 8 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
აღნიშნული აქტის საფუძველზე დ--–- ხ----------------მა გადაიბარა აფთიაქის შენობა მდებარე სოფელ ფ–----–ში, საერთო ფართით 66 კვ.მ. და მასში განლაგებული ინვენტარი.
2.2.2. დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს მიერ დ--–- ხ----------------ზე გაიცა საკუთრების მოწმობა #--------- ფ–---–ის აფთიაქის შენობაზე.
2.2.3. დადგენილია, რომ დ--–- ხ----------------მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა უძრავ ნივთზე რომლის მესაკუთრეა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა ამონაწერი შესაბამისი (საგადასახადო/იუსტიციის) რეესტრიდან, განცხადება, საკუთრების მოწმობა, ნასყიდობის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტის ასლი და სარეგისტრაციო წარმოების ამსახველი დოკუმენტი.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის 26.06.2015 წლის #8-------------- გადაწყვეტილებით დ--–- ხ----------------ის განცხადებაზე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება.
სარეგისტრაციო წარმოებას შეჩერების საფუძვლად დაედო ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე,, საქართველოს იუსტიციის მინისტრის #4 ბრძანების მე-15 მუხლის 29-ე მუხლი, რომლის თანახმად ,,თუ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მოთხოვნილია მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რომელზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მიმართოს სახელმწიფო/ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით. ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება ჩერდება, ხოლო იგი განახლდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ორგანოდან პასუხის მიღების შემდეგ.
დადგენილია, რომ თვითმმართველი თემი მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2015 წლის 7 ივლისს N--- წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც აღნიშნული იყო რომ სადავო ქონება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ძირითად ქონებას. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 106-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ძირითადი გაუსხვისებელი ქონება არის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი. ძირითადი ქონების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მუნიციპალიტეტში საჯარო ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილების განსახორციელებლად, რის გამოც უარი ეთქვა ძირითად (განუსხვისებელ) ქონებაში სხვა პირისთვის საკუთრების უფლების აღრიცხვაზე.
აღნიშნული წერილის საფუძველზე განახლდა წარმოება.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.07.2015 წლის #------------ გადაწყვეტილებით დ--–- ხ----------------ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე იმ მოტივით რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლების საგანზე უკვე რგისტრირებულია სხვა, კერძოდ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება;
2.2.4.დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 სექტემბრის #------ გადაწყვეტილების საფუძველზე დ--–- ხ----------------ს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი იმ მოტივით რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა გასულია.
2.2.5. დადგენილია, რომ თელავის მუნიპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 6 მაისის №400 წერილის თანახმად, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს წერილობით მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ითხოვა შემდგომში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოსაცემად, სახელმწიფო საკუთრებად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–----–ში მდებარე 2138 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების დარეგისტრირება: 1 შენობა-ნაგებობა ფართობით 32.8 კვ.მ და განაშენების ფართი 180 კვ.მ.; 2 შენობა-ნაგებობა ფართობით 88.9 კვ.მ., და განაშენების ფართობი 105.6 კვ.მ., #3-განაშენიანების ფართობი 12.0. კვ.მ.;
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურს 2010 წელს #---- წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველომ და ითხოვა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის #--- წერილის აღსრულების მიზნით ზემოჩამოთვლილი ქონების დარეგისტრირება მის სახელზე.
19.05.2000 წელს ზემოაღნიშნული ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღინიშნა სახელმწიფო. უძრავ ქონებას მიენიჭა საკადასტრო კოდი 5-----------
2.2.6. დადგენილია, რომ 2010 წლის 1 სექტემბრის #---- განკარგულების საფუძველზე თელავში, სოფელ ფ–----–ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2138 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 5----------- ) და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები #1 ფართობით 32.08; #2 ფართობით 88.9 კვ.მ, #3-მშენებარე ძირითადი ქონების სახით გადაეცა თელავის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში.
2.2.7. დადგენილია, რომ 2010 წლის 7 სექტემბრის #--- წერილით თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წერილობით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ 5----------- და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების #1 ფართობით 32.08; #2 ფართობით 88.9 კვ.მ, #3-მშენებარე; მის სახელზე რეგისტრაცია;
დადგენილია, რომ 2010 წლის 7 სექტემბრის #--- მიმართვის საფუძველზე 07.09.2010 წელს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა საჯარო რეეტრში აღირიცხა ზემოაღნიშნული ქონების მესაკუთრედ.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ აღნიშნა, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით განმარტებულია, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
ამავე კანონის 41-ე მუხლის თანახმად, მართზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში)არსბულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით.
ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულმიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე დ--–- ხ----------------მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა უძრავ ქონებაზე რომლის მესაკუთრეა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.
,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის" მე-14 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, თუ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მოთხოვნილია მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე უფლების აღიარება, რომელზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მიმართოს სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ან მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით. ასეთ შემთხვევაში სრეგისტრაციო წარმოება ჩერდება, ხოლო იგი განახლდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ორგანოდან პასუხის მიღების შემდეგ.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის მიმართვის პასუხად თვითმმართველი თემი მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2015 წლის 7 ივლისს #--- წერილით უპასუხა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სადაც აღნიშნული იყო რომ სადავო ქონება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ძირითად ქონებას. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის,, 106-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ძირითადი გაუსხვისებელი ქონება არის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი. ძირითადი ქონების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მუნიციპალიტეტში საჯარო ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილების განსახორციელებლად, რის გამოც მუნიციპალიტეტის გამგეობამ უარი განაცხადა ძირითადი (განუსხვისებელ) ქონების სხვა პირისთვის საკუთრების უფლების აღრიცხვაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა უფლების თანამესაკუთრედ რეგისტრაციაზე კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებებზე, რომ 1996 წლის 10 ოქტომბერს პირდაპირი მიყიდვის წესით დ--–- ხ--------------მა შეიძინა სოფელ ფ–----–ში მდებარე აფთიაქის შენობა საერთო ფართით 66 კვ.მ. და მასში განლაგებული ინვენტარი. ამრიგად, მიწა მოსარჩელის მიერ შეძენილი არ ყოფილა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრში წარდგენილ დოკუმენტაციაში მიწაზე საკუთრების უფლების დამგდენი დოკუმენტი წარდგენილი არ ყოფილა.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით, რაზედაც უფლებამოსილი ორგანოსგან მიიღო წერილობითი უარი. ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-14 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად რეგისტრაცია ან მასზე უარის თქმა დამოკიდებულია უფლებამოსილი ორგანოსგან მიღებულ პასუხზე. მოცემულ შემთხვევაში, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის პასუხი გახდა სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემის საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია რომ აღნიშნული აქტები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.
3. დ--–- ხ--------------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 1996 წლის 10 ოქტომბერს დ--–- ხ--------------სა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თელავის რაიონულ სამმართველოს შორის პირდაპირი მიყიდვის წესით დაიდო ნოტარიალური წესით დადასტურებული ნასყიდობის ხელშეკრულება. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 10 ოქტომბრის N--- დადგენილების და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 23 დეკემბრის N--- ბრძანების, მინისტრთა კაბინეტის 1990 წლის 30 ივნისის ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების შესახებ დადგენილების შესაბამისად, რომლის თანახმადაც 1427 აშშ დოლარად შეიძინა თელავის რაიონის სოფელ ფ–---–ის აფთიაქის შენობა და მოძრავი ქონება, მდებარე თელავის რაიონის სოფელ ფ–----–ის საკრებულოს შენობის პირველ სართულზე.
დ--–- ხ--------------ის მიერ გადახდილ იქნა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა. 1996 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს მიერ გაცემულ იქნა #--------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა 66 კვ.მ. აფთიაქის შენობის საკუთრებაში გადმოცემის შესახებ.
2015 წლის 17 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია თელავის მუნიციპალიტეტის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე სოფელი ფ–----–ი ს/კ 5----------- უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანის გზით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 8-------------- (23.04.2015) გადაწყვეტილებით დ--–- ხ--------------ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ სზაკ-ის 102-ე მუხლის თანახმად განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 15 ივნისის No 1----- გადაწყვეტილებით. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ყურადღება გაამახვილეა იმ გარემოებაზე, რომ დ--–- ხ--------------ის მიერ თელავის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი #8----------- და N8----------- სარეგისტრაციო განცხადებებით გადაწყვეტილების მიღება მოთხოვნილია სხვადასხვა საკითხებზე. კერძოდ, ერთ შემთხვევაში განმცხადებელი მოითხოვდა თელავის რაიონის სოფელ ფ–----–ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ხოლო მეორე შემთხვევაში - მოცემულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციას.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის 26.06.2015 8-------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდა და იმავე დღეს შეჩერდა 8-------------- გადაწყვეტილებით „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე იმ მოტივით, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის N4 ბრძანების მე-15 მუხლის 29 ნაწილის საფუძველზე, თუ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მოთხოვნილია მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რომელზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების უფლება, მარეგისტრირებული ორგანო ვალდებულია მიმართოს სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით. ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება ჩერდება, ხოლო იგი განახლდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ორგანოსაგან პასუხის მიღების შემდეგ. ამასთან, განმარტებულ იქნა, რომ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულია ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოში გაგზავნილ #1----- წერილზე პასუხის მიღებამდე.
აპელანტის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ეცნობა 2015 წლის 29 ივნისს, რის შემდეგაც რეგულარულად აკითხავდა მარეგისტრირებელ ორგანოს, რაზედაც განემარტა, რომ პასუხი ეცნობებოდა. 2015 წლის 19 აგვისტოს იუსტიციის სახლში შეიტანა განცხადება და მოითხოვა ინფორმაცია სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ.
აპელანტის წარმომადგენელი, ასევე, განმარტავს, რომ 2015 წლის 19 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით არ იმყოფებოდა საქართველოში, რის გამოც მხოლოდ 2015 წლის 01 სექტემბერს მიეცა შესაძლებლობა მიემართა სარეგისტრაციო სამსახურისადმი, რა დროსაც წარადგინე 2015 წლის 19 აგვისტოს განცხადების მიღების ბარათი. მას განმემარტა, რომ 2015 წლის 17 ივლისს თვითმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 7 ივლისის N--- წერილის საფუძველზე, 16:47 სთ-ზე, 8-------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება იყო განახლებული, ხოლო ამავე დღეს 16:51 სთ-ზე 8-------------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა რეგისტრაციაზე „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 23–ე მუხლის „ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო სხვა, კერძოდ თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება (გადაწყვეტილება #8--------------), რომელიც გამორიცხავდა აღნიშნულ უძრავ ნივთზე (მის ნაწილზე) დ--–- ხ--------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოდან არ ჰქონდა მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინება სარეგისტრაციო წარმოების განახლების თუ შეწყვეტის შესახებ, თუმცა 2015 წლის 16 სექტემბრის N------ გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივარის განხილვაზე იმ მოტივით, რომ გასული იყო ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ვადა.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სადავო აქტები კანონიერ აქტებად და არ სცნო ისინი ბათილად. აღნიშნული დასაბუთება უსაფუძვლოა იმ პირობებში, როდესაც გამგეობის წარმომადგენელმა დაადასტურა პრივატიზების კანონიერება, რომ მოსარჩელეს სრულიად საფუძვლიანად გააჩნდა უფლების დამდგენი ყველა დოკუმენტი უძრავი ნივთის სადავო ნაწილზე.
სააპელაციო საჩივრის ავტორი, ასევე, აღნიშნავს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიიღო წერილობითი უარი სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. აპელანტს მიაჩნია, რომ გამგეობას უარი არ უთქვამს მოსარჩელისთვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემაზე. მან მხოლოდ ის განმარტა, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მის ფუნქციას არ განეკუთვნებოდა და იგი სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა.
4. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 30 ივნისის N--- დადგენილების, 1995 წლის 10 ოქტომბრის N--- ხელშეკრულებისა და 1996 წლის 08 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე 1996 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თელავის რაიონულმა სამმართველომ თელავის რაიონის სოფელ ს-------ეში მცხოვრებ დ--–- ნიკოლოზის ასულ ხ--------------ის სახელზე გასცა N--------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლის საფუძველზე ამ უკანასკნელს გადაეცა 66 კვ.მ. ფ–---–ის აფთიაქის შენობა და ქონება მდებარე სოფელ ფ–----–ში.
4.1.2. 2015 წლის 17 აპრილს დ--–- ხ----------------მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელზე რიცხულ უძრავ ნივთზე, მდებარე თელავის რაიონი, სოფელი ფ–----–ი, ს.კ. 5-----------, კერძოდ N1 ნაგებობიდან 66 კვ.მ-ზე და მის შესაბამის მიწის ნაკვეთზე.
4.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 23 აპრილის N8-------------- გადაწყვეტილებით დ--–- ხ--------------ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს განცხადებაზე უარის თქმას, თუკი არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი იმავე საკითხზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4.1.4. დ--–- ხ--------------მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 23 აპრილის N8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 05 ივნისის N1----- გადაწყვეტილებით დ--–- ხ--------------ის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ თელავის სარეგისტრაციო სამსახურის N8-------------- (23.04.2015) გადაწყვეტილება; თელავის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სარეგისტრაციო წარმოების განახლება და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით განიმარტა, რომ დაინტერესებული პირის (დ--–- ხ--------------ის) მიერ თელავის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი N8----------- და N8----------- სარეგისტრაციო განცხადებებით გადაწყვეტილების მიღება მოთხოვნილია სხვადასხვა საკითხებზე. კერძოდ, ერთ შემთხვევაში განმცხადებელი მოითხოვს თელავის რაიონის სოფელ ფ–----–ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ხოლო მეორე შემთხვევაში - მოცემულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციას.
4.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 26 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილებით დ--–- ხ--------------ის 2015 წლის 17 აპრილის განცხადებაზე განახლდა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო ამავე თარიღის N8-------------- გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. ამ უკანასკნელი გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოში გაგზავნილ N1----- წერილზე პასუხის მიღებამდე.
4.1.6. საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს 2015 წლის 26 ივნისის N1----- წერილით თვითმართველ თემს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას ეცნობა, რომ 2015 წლის 17 აპრილს დ--–- ხ--------------მა მიმართა თელავის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე მდებარე N1 შენობის ნაწილზე (66კვ.მ) და მის შესაბამის მიწის ნაკვეთზე. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციოდ წარადგინა ნასყიდობის ხელშეკრულება, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა 25/116-პმ და მიღება-ჩაბარების აქტი. ამავე წერილში სარეგისტრაციო სამსახურმა მიუთითა საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-15 მუხლის 29-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მოთხოვნილია მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რომელზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მიმართოს სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით. ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება ჩერდება, ხოლო იგი განახლდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ორგანოსგან პასუხის მიღების შემდეგ. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საფუძველზე თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას ეთხოვა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა მარეგისტრირებელი ორგანოსთვის.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 07 ივლისის N--- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურს ეცნობა, რომ წერილში მითითებული ქონება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ძირითად ქონებას. ამასთან, წერილში მითითებულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისი 106-ე მუხლის მე-4 პუნქტზე და აღნიშნულია, რომ გამგეობას არ შეუძლია თანხმობა განაცხადოს ძირითად (განუსხვისებელ) ქონებაში ვინმეს საკუთრების უფლების აღრიცხვაზე.
4.1.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილებით დ--–- ხ--------------ის 2015 წლის 17 აპრილის განცხადებაზე განახლდა სარეგისტრაციო წარმოება.
4.1.8. 2015 წლის 17 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა N8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებულია სხვა, კერძოდ თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება (გადაწყვეტილება N8--------------), რომელიც გამორიცხავს აღნიშნულ უძრავ ნივთზე (მის ნაწილზე) დ--–- ხ--------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
4.1.9. 2015 წლის 19 აგვისტოსს დ--–- ხ--------------ის წარმომადგენელმა თ----- მ---------–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ინფორმაციის გაცემა. კერძოდ, განცხადებაში მითითებულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი თელავის სარეგისტრაციო სამსახურის N8-------------- (23.04.2015) გადაწყვეტილება და დაევალა სარეგისტრაციო სამსახურს სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მან არაერთგზის მიაკითხა თელავის სარეგისტრაციო სამსხურს და მოითხოვა საქმისწარმოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება, რაზეც განემარტა, რომ მიმართული ჰქონდათ სადავო ქონების მესაკუთრისათვის, თუმცა მასზედ პასუხი არ იყო მიღებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ადმინისტრაციული საქმისწარმოების განახლების შემდეგ მიღებული ყველა ღონისძიების ინფორმირების უზრუნველყოფა და სათანადო წესით დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტის ასლების გადაცემა, მათ შორის თელავის მუნიციპალიტეტისათვის გაგზავნილი მიმართვის და მასზე გაცემული პასუხების ასლები და ინფორმაცია თუ ვის ჩაბარდა და ვინ ახორციელებს მათ მიმართვაზე რეაგირებას. ამასთან, განმცხადებელი ითხოვს შეხსენებას და რეაგირების დაჩქარებას, თუკი პასუხი არ არის მიღებული შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსგან.
4.1.10. 2015 წლის 07 სექტემბერს დ--–- ხ--------------მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ თელავის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავო უძრავ ქონებაზე.
განცხადებაში მითითებულია, რომ დ--–- ხ--------------ის წარმომადგენელმა თ----- მ---------–მა 2015 წლის 01 სექტემბერს მიმართა თელავის სარეგისტრაციო სამსახურს, წარუდგინა 2015 წლის 19 აგვისტოს განცხადების მიღების ბარათი, განუმარტა, რომ მასზედ პასუხი არ მიუღია და მოითხოვა განცხადებაზე რეაგირება. აღნიშნულ დროს ოპერატორმა განუმარტა, რომ 2015 წლის 17 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 07 ივლისის N--- წერილის საფუძველზე, განახლებული იყო სარეგისტრაციო წარმოება და ამავე დღეს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. ამათან, განმცხადებელმა მიუთითა, რომ მას არ მისვლია მოკლე ტექსტური შეტყობინებები სარეგისტრაციო წარმოების განახლებისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულის დასტურად მან წარადგინა ამონაწერი მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან - 5-----------. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2015 წლის 01 სექტემბრიდან.
4.1.11. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 სექტემბრის N------ წერილით დ--–- ხ--------------ის წარმომადგენელს თ----- მ---------–ს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს N-------- გადაწყვეტილების საფუძველზე, 2015 წლის 26 ივნისს თელავის სარეგისტრაციო სამსხურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N8-------------- გადაწყვეტილება, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობის შესაბამის ორგანოში გაგზავნილ იქნა N1----- წერილი და მასზე პასუხის მიღებამდე გადადებულ იქნა განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. 2015 წლის 17 ივლისს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის N--------------- გადაწყვეტილებით, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მისული პასუხის (წერილი N---) საფუძველზე, N------------ განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება განახლდა, ხოლო 2015 წლის 17 ივლისს მიღებულ იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N--------------- გადაწყვეტილება. ამასთან, ადრესატს განემარტა, რომ საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში - გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
4.1.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ--–- ხ--------------ს უარი ეთქვა 2015 წლის 07 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე იმ სააფუძვლით, რომ გასული იყო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N--------------- გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა.
4.1.13. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის N------ წერილით დ--–- ხ--------------ის წარმომადგენელს თ----- მ---------–ს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონაცემებით, საქმეზე, სარეგისტრაციო ნომრით 8-----------, სმს შეტყობინება გაიგზავნა შემდეგ ნომერზე +9----------. შეტყობინება გაიგზავნა შემდეგ თარიღებში: 2015.04.23 10:17:58 - უარი რეგისტრაციაზე; 2015.06.26 16:12:02 - უარი რეგისტრაციაზე; 2015.06.26 17:12:05 - შეჩერებულია; 2015.07.17 16:55:47 უარი რეგისტრაციაზე.
საქმეში წარმოდგენილია შპს ,,მ----------დან“ თ----- მ---------–ის მობილური ნომერის - 5-------- ამონაწერი 29.06.2015-დან 18.07.2015-მდე პერიოდზე. ამონაწერით დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თ----- მ---------–ის კუთვნილ მობილურ ნომერზე სმს შეტყობინება არ გაუგზავნია 2015 წლის 17 ივლისს.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სადავოდ აქვს გამხდარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 ივლისის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N------------ გადაწყვეტილება და ამავე ორგანოს 2015 წლის 16 სექტემბრის N------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. სადავო აქტებით დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არსებითად არ განიხილა დ--–- ხ--------------ის ადმინისტრაციული საჩივარი. აღნიშნულ პირობებში, უპირველესად სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხი. შესაბამისად, სააპელაციო პალატაც განიხილავს მოცემული აქტის კანონისმიერ საფუძვლებს.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 სექტემბრის N------ გადაწყვეტილებით დ--–- ხ--------------ის წარმომადგენელს თ----- მ---------–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ გასული იყო სადავო აქტის - 2015 წლის 17 ივლისის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N------------ გადაწყვეტილების კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადა. მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მნიშვნელოვანია დადგინდეს მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების გამოცემის, მხარისათვის ჩაბარებისა და გასაჩივრების ვადის ათვლის თარიღები. ამასთან, არსებითად მნიშვნელოვანია აღნიშნულ გარემოებებთან მიმართებით მარეგისტრირებელი ორგანოსა და დაინტერესებული პირის უფლება-მოვალეობის ფარგლების დადგენა.
დადგენილია, რომ დ--–- ხ--------------ის განცხადების საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოება დაიწყო 2015 წლის 17 აპრილს. განცხადებით მოთხოვნილი იყო რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელება. განცხადების მიღების ბარათზე მითითებული იყო გადაწყვეტილების მიღების ვადა - 4 დღე. მარეგისტრირებელი ორგანოს 2015 წლის 23 აპრილის N8-------------- გადაწყვეტილებით განმცხდებელს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე იმ საფუძლით, რომ იმავე საკითზე უკვე არსებობდა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უარის თქმის თაობაზე. მოცემული აქტი გასაჩივრდა 2015 წლის 01 მაისის ადმინისტრაციული საჩივრით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 05 ივნისის N1----- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და მარეგისტრირებელ ორგანოს დაევალა სარეგისტრაციო წარმოების განახლება და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. თელავის სარეგისტრაციო სამსახურმა 2015 წლის 26 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილებით განაახლა სარეგისტრაციო წარმოება, თუმცა იმავე დღეს მიღებული N8-------------- გადაწყვეტილებით შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება ადგილობრივ თმითმმართველობის ორგანოში გაგზავნილ N1----- წერილზე პასუხის მიღებამდე. ამდენად, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა როგორც მარეგისტრირებელი ორგანოს ასევე, მხარისთვის ზუსტად განსაზღვრული ვადის გარეშე. საგულისხმოა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულბებით დასტურდება, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით აცნობა განმცხადებლის წარმომადგენელს არა გადაწყვეტილების მიღების დღეს - 26 ივნისს, არამედ მოგვიანებით - 29 ივნისს.
დადგენილია, რომ 2015 წლის 17 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 07 ივლისის N--- წერილის საფუძველზე მიიღო N8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ და იმავე დღეს მიიღო N8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ, დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებით, მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით არ აცნობა განმცხადებელს, თუმცა მარეგისტრირეებელი ორგანოს მიერ მოგვიანებით - 2015 წლის 29 ოქტომბერს გაცემულ N------ წერილში მიუთიტებს, რომ 215 წლის 17 ივლისს განმცხადებელთან გაგზავნილ იქნა სმს შეტყობინება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გარემოება არ დასტურდება შპს ,,მ----------ს“ მიერ განხორციელებული ამონაწერით. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ასევე, არ დასტურდება, სადავო გადაწყვეტილების მხარისათვის ოფიცალურად გაცნობაც. მარგისტრირებელმა ორგანომ მიღებული გადაწყვეტილება გამოაქვეყნა რეესტრის ვებგვერდზე.
სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ამდენად, კანონმდებლობა ითვალისწინებს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის ორი წესს - ოფიციალურ გაცნობას და გამოქვეყნებას. ორივე შემთხვევაში გასაჩივრების ვადაა 30 დღე.
პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის წესი მოწესრიგებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. იმავე 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიუღებლობის შემთხვევაში პირს უფლება აქვს მისი ასლი მიიღოს ადმინისტრაციულ ორგანოში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე ელექტრონული და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული სახით დოკუმენტი გაიცემა სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის – www.napr.gov.ge შესაბამისი ბმულების მეშვეობით და მისი ამონაბეჭდის მიმართ ასლის დედანთან სისწორის დამოწმებისათვის დადგენილი წესები არ გამოიყენება. ამ ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც თავად ელექტრონული სახით გამოცემულ დოკუმენტს.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ადმინსიტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მხარისათვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებას გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა დარღვეული უფლების დაცვის კუთხით, რამეთუ გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღზეა დამოკიდებული უფლების იძულებითი დაცვის ბედი. სწორედ ჩაბარებიდან კანონით დადგენილ ვადაში არის უფლებამოსილი დაინტერესებული მხარე სადავოდ გახადოს აქტი, რომელიც მისი მოსაზრებით ხელყოფს მის კანონიერ უფლებასა და ინტერესს. ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, რომლის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანონმდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი - წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის. სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლებამოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას. გასაჩივრების ვადის დინება არ იწყება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან“ (სუსგ 06.10.2016 N770-762(კ-15) გადაწყვეტილება).
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სმართლებრივი აქტის ჩაბარების მნიშვნელობის სიმძაფრე განაპირობებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას უზრუნველყოს მხარის ინფორმირებულობა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. სწორედ აღნიშნული მიზნით მიანიჭა კანონმდებელმა რიგ ადმინისტრაციულ ორგანოებს მიღებულ გადაწყვეტილებათა გამოქვეყნების შესაძლებლობა და ამ გზით მათთვის აქტის ჩაბარების უზრუნველყოფის განხორციელება. არსებული სამართლებრივი რეგულაციები მიზნად ისახავს დაინტერესებული პირის ინფორმირებას მის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ, ასევე სწრაფ და ხელმისაწვდომ ადმინისტრაციულ წარმოებას. ადმინისტრაციულმა ორგანოებმაც სწორედ ამ მიზნით უნდა გამოიყნონ მათზე კანონით მინიჭებული უფლება გადაწყვეტილების გამოქვეყნებისა და გასაჩივრების ვადის ათვლის თაობაზე.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადების წარდგენის შემთხვევაში განცხადების მიღების ბარათზე დაიტანება ინფორმაცია თუ რა ვადაში უნდა მოხდეს განცხადების განხილვა და მასზედ გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, მხარე ვალდებულია აღნიშნულ ვადაში გაეცნოს გადაწყვეტილებას და გადაწყვიტოს უფლების შემდგომი დაცვის საჭიროების საკითხი, აქტის გასაჩივრების ბედი. აღნიშნულ პირობებში გამოქვეყნებული გადაწყვეტილება, მხარისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვენების მომენტიდან. ადმინისტრაციული ორგანო წინასწარ აცნობებს დაინტერესებულ პირს ვადას, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, ამასთან, ორგანო როგორც წესი, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, უზრუნველყოფს განმცხადებლის ინფორმირებას მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რაც მარეგისტრირებელ ორგანოს ათავისუფლებს ვალდებულებისგან დაინტერესებულ მხარეს ოფიციალური წესით გააცნოს მიღებული გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში განმცხადებელი არის სრულად ინფორმირებული და ეძლევა სრული შესაძლებლობა გაეცნოს მიღებულ გადაწყვეტილებას მარეგისტრირებელი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე ან/და მოითხოვოს მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარება წინასწარ დადგენილ ვადებში.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო არ არის უფლებამოსილი სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადების ათვლა განახორციელოს ოფიციალურ ვებგვერდზე გაცნობის გამოქვეყნების თარიღიდან იმ პირობებში, როდეაც სარეგისტრაციო წარმოების თავისებურებიდან გამომდინარე მხარისთვის არ არის წინასწარ ცნობილი თუ რა ვადაში შეიძლება იყოს მიღებული გადაწყვეტილება და ამასთან დადგენილი წესისგან განსხვავებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მხარეს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით არ ეცნობება. განსახილველ შემთხვევაში მარეგისტრირებელმა ორგანომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან შესაბამისი პასუხის მიღებამდე. ამდენად, მხარე წინასწარ ვერ განსაზღვრავდა გადაწყვეტილების მიღების ვადას, რაც ადმინისტრაცულ ორგანოს აკისრებდა მეტ პასუხისმგებლობას საბოლოო გადაწყვეტილების მხარისთვის ინფორმირების შესახებ, თუნდაც ოფიციალური წესით გაცნობით, თუმცა მარეგისტრიებელმა ორგანომ არათუ გამოიყენა კანონმდებლობით მინიჭებული შესაძლებლობა მასზედ დაკისრებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის, არამედ არც ტექსტური შეტყობინებით აცნობა მხარეს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. ,,დაინტერესებული მხარე არ არის ვალდებული უსასრულოდ ჰქონდეს სარეგისტრაციო განცხადებაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ვებგვერდზე გამოქვეყნების მოლოდინი“ (სუსგ 16.07.2013 Nბს-618-606(კ-12) გადაწყვეტილება). აღნიშნულ პირობებში ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლება მხარისთვის ჩაბარებულად, შესაბამისად იგი ვერ იმოქმედებს გასაჩივრების ვადებზეც.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ დ--–- ხ--------------ის წარმომადგენელმა თ----- მეტრევლმა 2015 წლის 19 აგვისტოს, მაშინ როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ინფორმაცია მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, თუმცა მას ადგილზე არ განემარტა ადმინისტრაციული წარმოების დასრულების თაობაზე. განცხადებაზე პასუხი მარეგისტრირებელმა ორგანომ წერილობით აცნობა თ----- მ---------–ს 2015 წლის 18 სექტემბერს, სადაც განუმარტა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ. თუმცა თ----- მ---------–მა განმარტა, რომ მან 2015 წლის 01 სექტემბერს კვლავ მიმართა მარეგისტრიებელ ორგანოს და მოითხოვა 19 აგვისტოს განცხადებაზე რეაგირება, რა დროსაც აცნობეს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაზე მიღებულ იქნა საბოლოო გადაწყვეტილება. მოსარჩელე სწორედ აღნიშნულ თარიღს უკავშირებს აქტის გასაჩივრების ვადას, რასაც პალატა იზიარებს. წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ განმცხადებლისთვის გადაწყვეტილების მიღების შესახებ ცნობილი გახდა 2015 წლის 18 სექტემბერს, თუმცა თავად განმცხადებლის განმარტების გათვალისწინებით აღნიშნული თარიღი დადგა უფრო ადრე 01 სექტემბერს.
დადგენილია, რომ დ--–- ხ--------------ის წარმომადგენლის თ----- მ---------–ის მიერ ადმინისტრაციული საჩივარი 2015 წლის 17 ივლისის N--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე წარდგენილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2015 წლის 07 სექტემბერს - აქტის გაცნობიდან 6 დღეში, რაც მიუთითებს გასაჩივრების ვადის დაცულობაზე. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო არ იყო უფლებამოსილი სადავოდ გამხდარი აქტის გასაჩივრების ვადა აეთვლა აქტის გამოქვეყნებიდან, არამედ მისი კანონით დადგენილი წესით გაცნობის თარიღიდან, რაც არ განხორციელდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2105 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, რაც მის კანონსაწინააღმდეგო ხასიათზე მიუთითებს. აღნიშნული გადაწყვეტილებით ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონსაწინააღმდეგოდ უარი თქვა სადავო საკითხის არსებითად განხილვაზე, რაც სასამართლოს ართმევს შესალებლობას არსებითად იმსჯელოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრებული აქტის კანონიერებაზე. აღნიშნული მსჯელობის საგანი უნდა გახდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
პალატა მიუთითებს ადმინსიტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. მითითებული ნორმის საფუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ #------------ გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 სექტემბრის #------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შეფასებისა და გამოკვლევის შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
აქვე საპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს არამხოლოდ საქმეში წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს 2015 წლის 07 ივლისის N--- წერილში დაფიქსირებული პოზიცია, არამედ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს საკითხი მასზედ, მოსარჩელეს მოპოვებული ჰქონდა თუ არა საკუთრების უფლება კონკრეტულ უძრავ ქონებაზე, შენობაზე უფლების მოპოვებით მხარემ მოიპოვა თუ არა მიწაზეც აღნიშნული უფლება, ჰქონდა თუ არა კანონით დადგენილი წესით შენატანები განხორციელებული სახელმწიფო ორგანოებში, რაც განაპირობებდა მიწაზე საკუთრების უფლების წამოშობას. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში არ უნდა დაუშვას იმგვარი გადაწყვეტილების მიღება, რაც მოსარჩელეს უკვე მოპოვებული საკუთრების უფლების ხელყოფას გამოიწვევს. საქმის მასალებით დასტურდება და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელეს მოპოვებული აქვს საკუთრების უფლება შენობა-ნაგებობაზე. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სარეგისტრაციო წარმოება უნდა განახორციელოს ჯეროვნად, კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების ხელყოფის გარეშე.
ზემოღნიშნული გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩვარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, პირველი ინსტანციის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, დ--–- ხ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
5. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დ--–- ხ--------------ის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაეკისროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ--–- ხ--------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დ--–- ხ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ #------------ გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 სექტემბრის #------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
5. დ--–- ხ--------------ის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, დაეკისროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, დ--–- ხ--------------ის სასარგებლოდ;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ილონა თოდუა