განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017002073257 (3ბ/3140-17)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე
მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო (უფლებამონაცვლე საქართველოს იუისტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო)
წარმომადგენელი - მ--------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ------------–--ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ------------–--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 02 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე გ------------–--ესთან მიმართებაში.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის განაჩენით გ------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის განაჩენით გ------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით განაჩენთა ერთობლიობით მოსარჩელეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წელი, 6 თვე და 24 დღე. მოსარჩელე გ------------–--ეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით სასჯელი შეუმცირდა ¼-ით, მიესაჯა 12 წელი, 11 თვე და 3 დღე თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს განაჩენით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით 11 თვითა და 3 დღით.
2.2. მოსარჩელეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომაის 2010 წლის 1 ოქტომბრის N9--- ბრძანებით განესაზღვრა დახურული ტიპის დაწესებულება, N1- დაწესებულებაში სასჯელს იხდის 2015 წლის 02 მაისიდან.
2.3. მსჯავრდებული გ------------–--ე ჩარიცხულია სამეურნეო მომსახურებაში, არის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ტაძრის მედავითნე. ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით. სასჯელის მოხდის პერიოდში გავლილი აქვს: ხეზე კვეთის და ხის მხატვრული დამუშავების განხრით ხუთთვიანი სასწავლო კურსი, მინანქრის და ხეზე ჭრის კურსი, სამოქალაქო განათლების სრული კურსი და თექის დამუშავება, ასევე წარმატებით გაიარა ,,არტ-თერაპიის’’ ტრენინგის კურსი.
2.4. ფსიქოლოგი ირმა ბიჭიაშვილი მოსარჩელესთან მიმართებაში რისკ-ფაქტორებს ასე აფასებს: გ------------–--ის პიროვნული მახასიათებლები, ღირებულებები და ლოგიკის სიღრმე კრიმინალური აზროვნების ჩარჩოებისაგან თავისუფალია, გ------ის ქცევა ჰარმონიულადაა შერწყმული მის მსოფლმხედველობასთან, ხოლო არჩეული სასულიერო ცხოვრების აქტიური გამოცდილება მის პიროვნებაში, კეთილსინდისიერი და საპასუხისმგებლო ქცევის მოტივაციის საბაზისო მოთხოვნილებას წარმოადგენს. ფსიქოლოგის განმარტებით, გ------------–--ე კონტაქტში თავისუფლად შემოდის, კომუნიკაბელურია, კეთილგანწყობილი, გარეგნულად მოწესრიგებული, მიღებული აქვს საშუალო განათლება. ჰყავს უძლურებაში მყოფი დედა, რომლის მიმართ ემოციურია და მზრუნველ დამოკიდებულებას ამჟღავნებს, გ------ის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში გატარებული პერიოდი ნაყოფიერად და ეფექტურად არის წარმართული, როგორც სულიერი განვითარების თვალსაზრისით, ისე პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით. ბენეფიციარი ჩარიცხულია სასჯელაღსრულების დაწესებულების სამეურნეო ნაწილში, სადაც გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. გ------ი აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი ეკლესიის მსახურების რიტმში. ცხოვრობს სამონასტრო ტიპიკონის მიხედვით, მონაწილეობს საეკლესიო ღვთისმსახურებაში, როგორც მედავითნე და სტიქაროსანი, სასჯელის მოხდის განმავლობაში, ბენეფიციარმა შეძლო საკუთარი უნარების და შესაძლებლობების მრავალმხრივი განვითარება, პენიტენციურ სისტემაში რესოციალიზაციის მიზნით დანერგილი სასწავლო პროგრამების მეშვეობით. მოსარჩელემ გაიარა შემდეგი ტრენინგები: მინანქრის ნაკეთობების წარმოება, ხეზე კვეთის მხატვრული კურსი, სამოქალაქო განათლების სრული კურსი, ჩუქურთმების ამოყვანის სრული კურსი, კომპიუტერული სწავლება, ხატწერა, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი, შესაბამისი სერტიფიცირებით. ამჟამად ჩართულია დაწესებულებაში მიმდინარე ფსიქორეაბილიტაციის არტთერაპიულ პროგრამაში. ბენეფიციარი თავისუფალ დროს უთმობს ხეზე კვეთას, მინანქრის ნაკეთობების შექმნას და დამუშავებას. მისი ნამუშევრები ამშვენებს სხვადასხვა დაწესებულებების ინტერიერს. გ------------–--ეს უყვარს მხატვრული და სასულიერო ლიტერატურის კითხვა, განსაკუთრებით გატაცებულია გალაქტიონის, შექსპირის პოეზიით, ამასთანავე თვითონაცმონდომებით თხზავს საინტერესო ლექსებს. იგი მომავლის მიმართ განწყობილია პოზიტიურად. ბენეფიციარმა ძველი ნეგატიური რწმენა-შეხედულებების ხელახალი გადაფასების სტრატეგიის გამოყენებით, შეძლო მათი განახლებული, ეტაპობრივი მოდიფიცირება სულიერი ფერიცვალების რიტმში. გათავისუფლების შემდგომ გეგმავს გააგრძელოს სასულიერო ცხოვრება და დასაქმდეს შეძენილი ცოდნის რეალიზებით, მინანქრის და ხეზე ნაკვეთი ნაკეთობების დამზადების მიმართულებით. ბენეფიციარი მადლიერებას გამოხატავს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის, სამედიცინო და მომსახურე პერსონალის მიმართ, ზრუნვისა და მხარდაჭერისათვის. მისი დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან ფსიქოლოგის მიერ შეფასებულ იქნა, როგორც მომხდარის მიმართ გაცნობიერებული, გულწრფელი სინანული გამოხატვა. მისი შეფასებით, გ------ი არსებულ სულიერ-ზნეობრივი ცვლილებებიდან გამომდინარე, წარსულს გაუცნობიერებელი, მცდარი აზროვნების კონტექსტში განიხილავს. დამატებით ფსიქოლოგი მიუთითებს, რომ გ------ისათვის თავისუფლების აღქმა დაკავშირებულია საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების ფართო ასპარეზთან, ოჯახისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ბირთვული რწმენის ფუნდამეტურმა მოდიფიკაციამ, სიღრმისეული გავლენა მოახდინა, ბენეფიციარის მსოფლმხედველობის პოზიტიურ ასპექტში ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
2.5. გ------------–--ე სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა, წახალისებულია 2-ჯერ, 2016 წლის 28 დეკემბრის N--- ბრძანებით გამოეცხადა ,,მადლობა, 2016 წლის 07 ივნისის N-- ბრძანებით ასევე გამოეცხადა ,,მადლობა’’. მოსარჩელე გ------------–--ე იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს, დაწესებულების თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნებზე რეაგირებს დადებითად, მსჯავრდებული დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და სხვა მსჯავრდებულების მიმართ თავაზიანია.
2.6. სასჯელის 72-ე მუხლით დადგენილი ვადის მოხდის თარიღი ¾ -29.12.2016წ. სასჯელის დასაწყისი-1-.10.2008წ. სასჯელის დასასრული-23.09.201-წ.
2.7. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 02 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილებით შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ------------–--ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საბჭომ საკითხის განხილვისას დადებითად შეაფასა მსჯავრდებულის დამოკიდებულება დაწესებულების ადმინისტრაციასთან, ოჯახური მდგომარეობა და სხვა პიროვნული მახასიათებლები: სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში, ჩარიცხულია დაწესებულების სამეურნეო ნაწილში, თუმცა ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათზე, კერძოდ კი, ჩადენილია დეზერტირობა. ამასთან, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად. ვინაიდან სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნებისათვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და დანაშაულის ხასიათი, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გააბათილებს და ვერ გადაწონის სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 02 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.
2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს. პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით. სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესს განსაზღვრავს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. მითითებული კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში –საბჭო). პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-7 ნაწილით ასევე დადგენილია, რომ თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება.
2.10. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1- ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება და ამავე მუხლის პირველი პუნქტის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. მითითებული დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს და იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. საბჭო ზეპირი მოსმენით განიხილავს საქმეებს, რომლებიც საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის დროს დაშვებულ იქნა ზეპირ მოსმენაზე განსახილველად. საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით და თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის თაობაზე. საბჭოს ტიპური დებულების მე-4 მუხლი განსაზღვრავს საბჭოს შემადგენლობას და დაკომპლექტების წესს. კერძოდ, საბჭო შედგება 5 წევრისაგან. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე; ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) 1 წარმომადგენელი; გ) არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი; დ) უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი. ე) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შეარჩევს და საბჭოს წევრებად ნიშნავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (შემდგომში –მინისტრი). მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც გააჩნია სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს საბჭოს წევრის ფუნქციები. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის გამოცდილება. საბჭოს წევრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას.
2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საბჭო მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს შეფასების კრიტერიუმებით, რაც მოცემულია ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტის მე-13 მუხლში. კერძოდ, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი - აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში - აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას. გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა - აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები - აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება - აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1- ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების მე-13 მუხლზე დაყრდნობით, საქალაქო სასამართლომ დაადასტურა საბჭოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში დანაშაულის ხასიათის შეფასების საჭიროება, თუმცა მიიჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნული გარემოება არ უნდა გახდეს მისი პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან კანონმდებლობით პირობით ვადამდე განთავისუფლების შესაძლებლობა ყველა კატეგორიის დანაშაულისათვის არის გათვალისწინებული, თუ გასულია შესაბამისი ვადა. საქალაქო სასამართლომ სადავო აქტის შინაარსის და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ აქტი არ არის მიღებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების ამსახველი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებისა და მატერიალური ნორმების სწორი მისადაგების საფუძველზე, რამდენადაც სასამართლოს მოსაზრებით, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ყველა ზემოჩამოთვლილი კრიტერიუმის გამოკვლევას, ამ კრიტერიუმების ურთიერთშეპირისპირებას და მათი პრიორიტეტების დადგენას. გადაწყვეტილება, სასამართლოს მოსაზრებით, მოქცეული უნდა იყოს დებულებით დაწესებულ ჩარჩოებში, რაც ნიშნავს იმას, რომ საბჭოს, მისი დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გააჩნია ცალკეული კრიტერიუმების შეფასების უფლებამოსილება, რომელიმე მათგანისათვის პრიორიტეტის მინიჭების შესაძლებლობა, რაც არ ნიშნავს მის უფლებას უარყოს ან/და შეფასების მიღმა დატოვოს რომელიმე მათგანი.
2.12. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლზე, რომლის ბოლო წინადადება ადგენს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოცემული დანაწესი, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, აუცილებლად გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების სავალდებულობას, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულით არის შესაძლებელი, გაირკვეს, მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება. ამდენად, საქალაქო სასამართლომ დაადასტურა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია საკითხის გადაწყვეტის პროცესში, თუმცა ჩათვალა, რომ ეს უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს აქტის გამოცემის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების დასაბუთების ვალდებულების, ანუ იმ გარემოებების წარმოდგენისაგან, რომელთა შემოწმებაც შესაძლებელს ხდის ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფარგლების კანონიერების შეფასებას. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელია მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, თუ რატომ ასრულებს გ------------–--ის ვადაზე ადრე განთავისუფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში მთავარ/გადამწყვეტ როლს კანონით გათვალისწინებულ შეფასების რამოდენიმე კრიტერიუმს შორის მხოლოდ ერთი (ერთ-ერთი) კრიტერიუმი - დანაშაულის ხასიათი მაშინ, როცა გ------------–--ის საქმეში წარმოდგენილი არაერთი ფაქტი მიუთითებს ასევე კანონით (დებულებით) გათვალისწინებული სხვა კრიტერიუმების სასარგებლოდ განმარტების, გაგების და გამოყენების შესაძლებლობაზე. თუკი მოცემულ საქმეში წარმოდგენილი რამოდენიმე კრიტერიუმიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მოპასუხეს უნდა შეეძლოს საქმესთან დაკავშირებული ყველა კრიტერიუმის, ყველა ფაქტის შედარებითი ანალიზის პირობებში იმის მტკიცება, რომ გ------------–--ის პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი და რომ ამ კრიტერიუმის თანმხლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გააბათილებს, ვერ გადაწონის სხვა, დადებითი კონტექსტის კრიტერიუმები. დანაშაულის ხასიათთან მიმართებაში, საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობის და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საბჭოს მიერ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობის განხილვისას ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული, არის თუ არა მიღწეული სასჯელის მიზანი. ამ უკანასკნელის განმარტებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლი, კერძოდ, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია თავისთავად კავშირშია ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანთან, ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. სასჯელის მიზნის მიღწევასთან მიმართებაში საქალაქო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მოსარჩელე ციხის ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება დადებითად, ამასთან, საქმეში დაცული მასალების თანახმად, მსჯავრდებული გ------------–--ე ჩარიცხულია სამეურნეო მომსახურებაში, სასჯელის მოხდის პერიოდში გავლილი აქვს: ხეზე კვეთის და ხის მხატვრული დამუშავების განხრით ხუთთვიანი სასწავლო კურსი, მინანქრის და ხეზე ჭრის კურსი, სამოქალაქო განათლების სრული კურსი და თექის დამუშავება, ასევე წარმატებით გაიარა ,,არტთერაპიის’’ ტრენინგის კურსი.
2.13. საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მოსარჩელესთან მიმართებაში საქმეში წარმოდგენილ ფსიქოლოგის მოსაზრებებზე, კერძოდ, გ------------–--ის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში გატარებული პერიოდი ნაყოფიერად და ეფექტურად არის წარმართული, როგორც სულიერი განვითარების თვალსაზრისით, ისე პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით. ბენეფიციარი ჩარიცხულია სასჯელაღსრულების დაწესებულების სამეურნეო ნაწილში, სადაც გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. გ------ი აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი ეკლესიის მსახურების რიტმში. ცხოვრობს სამონასტრო ტიპიკონის მიხედვით. მონაწილეობს საეკლესიო ღვთისმსახურებაში, როგორც მედავითნე და სტიქაროსანი. სასჯელის მოხდის განმავლობაში, ბენეფიციარმა შეძლო საკუთარი უნარების და შესაძლებლობების მრავალმხრივი განვითარება, პენიტენციურ სისტემაში რესოციალიზაციის მიზნით დანერგილი სასწავლო პროგრამების მეშვეობით. მოსარჩელემ გაიარა შემდეგი ტრენინგები: მინანქრის ნაკეთობების წარმოება, ხეზე კვეთის მხატვრული კურსი, სამოქალაქო განათლების სრული კურსი, ჩუქურთმების ამოყვანის სრული კურსი, კომპიუტერული სწავლება, ხატწერა, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი, შესაბამისი სერტიფიცირებით. ამჟამად ჩართულია დაწესებულებაში მიმდინარე ფსიქორეაბილიტაციის არტთერაპიულ პროგრამაში. ბენეფიციარი თავისუფალ დროს უთმობს ხეზე კვეთას, მინანქრის ნაკეთობების შექმნას და დამუშავებას. მისი ნამუშევრები ამშვენებს სხვადასხვა დაწესებულებების ინტერიერს. იგი მომავლის მიმართ განწყობილია პოზიტიურად. ბენეფიციარმა ძველი ნეგატიური რწმენა-შეხედულებების ხელახალი გადაფასების სტრატეგიის გამოყენებით, შეძლო მათი განახლებული, ეტაპობრივი მოდიფიცირება. სულიერი ფერიცვალების რიტმში. გათავისუფლების შემდგომ გეგმავს გააგრძელოს სასულიერო ცხოვრება და დასაქმდეს შეძენილი ცოდნის რეალიზებით, მინანქრის და ხეზე ნაკვეთი ნაკეთობების დამზადების მიმართულებით. ბენეფიციარი მადლიერებას გამოხატავს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის, სამედიცინო და მომსახურე პერსონალის მიმართ, ზრუნვისა და მხარდაჭერისათვის. მოსარჩელის დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან ფსიქოლოგის მიერ შეფასებულ იქნა, როგორც მომხდარის მიმართ გაცნობიერებული, გულწრფელი სინანულის გამოხატვა. მისი შეფასებით, გ------------–--ე არსებულ სულიერ-ზნეობრივი ცვლილებებიდან გამომდინარე, წარსულს გაუცნობიერებელი, მცდარი აზროვნების კონტექსტში განიხილავს. დამატებით ფსიქოლოგი მიუთითებს, რომ გ------ისათვის თავისუფლების აღქმა დაკავშირებულია საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების ფართო ასპარეზთან, ოჯახისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ბირთვული რწმენის ფუნდამეტურმა მოდიფიკაციამ, სიღრმისეული გავლენა მოახდინა, ბენეფიციარის მსოფლმხედველობის პოზიტიურ ასპექტში ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ, მართალია მოსარჩელე ძალადობრივი დანაშაულისათვის არის მსჯავრდებული, რაც მომეტებული საფრთხის შემცველია საზოგადოებისათვის, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მისი კრიმინალიზაციის მხრივ რისკ-ფაქტორები არ ვლინდება, სასჯელის მოხდის პერიოდში არ არის დასჯილი, იგი წახალისებულია ორჯერ, მან სასჯელის მოხდის პერიოდში პენიტენციურ სისტემაში რესოციალიზაციის მიზნით დანერგილი სასწავლო პროგრამების მეშვეობით შეძლო საკუთარი უნარისა და შესაძლებლობების განვითარება, (იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქმნის და ამუშავებს მინანქრის ნაკეთობებს, ხეზე კვეთს) მოპასუხეს არ აქვს სათანადოდ შეფასებული მოხდა თუ რა მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, რაც აუცილებელ გარემოებას ქმნის მოცემული საკითხის დადებითად გადასაწყვეტად, მოპასუხემ უნდა შეაფასოს მოსარჩელის პიროვნების გათვალისწინებით, ჰუმანიზმისა და დემოკრატიულობის პრინციპებზე დაყრდნობით არსებობდა თუ არა სადავო საკითხის დადებითად გადაწყვეტის შესაძლებლობა.
2.14. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულისამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულისამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 02 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილება და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ------------–--ესთან მიმართებაში.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, 2017 წლის 2 აგვისტოს განხილულ იქნა მსჯავრდებულ გ------------–--ის პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხი. საკითხის განხილვისას საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის N138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით და ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათზე (ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. აპელანტის განმარტებით, საბჭომ კრიტერიუმების მიხედვით უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენით იქნება ნაკარნახევი და საკითხის ობიექტურ და სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებაზე იქნება დაფუძნებული, ამგვარი უფლებამოსილება საბჭოს ანიჭებს თავისუფლებას, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. აპელანტის მოსაზრებით, გ------------–--ის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საბჭოს შეუფასებელი არ დარჩენია არცერთი კრიტერიუმი და გადაწყვეტილება მიიღო მისი შინაგანი რწმენის საფუძველზე, საბჭოს მიზნებიდან გამომდინარე. საბჭოს მიზნები N138 ბრძანების შესაბამისად, მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვაა. აპელანტის განმარტებით, საბჭომ საკითხის განხილვისას დადებითად შეაფასა მსჯავრდებულის დამოკიდებულება დაწესებულების ადმინისტრაციასთან, ოჯახური მდგომარეობა და სხვა პიროვნული მახასიათებლები: სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში, ჩარიცხულია დაწესებულების სამეურნეო ნაწილში, თუმცა დებულების მე-13 მუხლის თანახმად, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას, დანაშაულის ხასიათი წარმოადგენს ერთ-ერთ შეფასების კრიტერიუმს, აღნიშნულ კრიტერიუმში იგულისხმება რა გარემოებებსა და ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, მოცემილ შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იყო დეზერტირობა, ასევე განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში - ჯგუფურად.
3.2. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ვერ მიუთითა, საკითხის განხილვის დროს საბჭოს მხრიდან კონკრეტულად რომელი ფაქტობრივი გარემოება არ იქნა სრულად გამოკვლეული და შეფასებული, სადავო აქტის სამოტივაციო ნაწილში გარკვევით არის მითითებული, რომ საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულისათვის ხელსაყრელ გარემოებებს, მის პიროვნულ მახასიათებლებს, ასევე შეფასებულია მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, კერძოდ, ის გარემოება, რომ მსჯავრდებული წახალისებულია, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში. აპელანტის განმარტებით, გაურკვეველია საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ ადგილობრივ საბჭოს უნდა ემსჯელა - არის თუ არა სასჯელის მიზანი მიღწეული მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას, აღნიშნული ვალდებულება საბჭოს მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე არ აკისრია. აპელანტის მითითებით, პატიმრობის კოდექსში 16.04.2014წ. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, კოდექსის 42.4 მუხლი ჩამოყალიბდა იმგვარად, რომ საბჭო აღარ იკვლევს, მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი კონკრეტულ მსჯავრდებულთან მიმართებაში. აპელანტის მოსაზრებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დასაბუთებელია და გამომდინარეობს მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან, გადაწყვეტილებაში მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისას, ადმინისტრაციული ორგანო არ გასცდენია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს, გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონს, რის გამოც, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის განაჩენით გ------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის განაჩენით გ------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით განაჩენთა ერთობლიობით მოსარჩელეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წელი, 6 თვე და 24 დღე. მოსარჩელე გ------------–--ეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით სასჯელი შეუმცირდა ¼-ით, მიესაჯა 12 წელი, 11 თვე და 3 დღე თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს განაჩენით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით 11 თვითა და 3 დღით.
4.3. მოსარჩელეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომაის 2010 წლის 1 ოქტომბრის N9--- ბრძანებით განესაზღვრა დახურული ტიპის დაწესებულება, N1- დაწესებულებაში სასჯელს იხდის 2015 წლის 02 მაისიდან.
4.4. მსჯავრდებული გ------------–--ე ჩარიცხულია სამეურნეო მომსახურებაში, არის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ტაძრის მედავითნე. ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით. სასჯელის მოხდის პერიოდში გავლილი აქვს: ხეზე კვეთის და ხის მხატვრული დამუშავების განხრით ხუთთვიანი სასწავლო კურსი, მინანქრის და ხეზე ჭრის კურსი, სამოქალაქო განათლების სრული კურსი და თექის დამუშავება, ასევე წარმატებით გაიარა ,,არტ-თერაპიის’’ ტრენინგის კურსი.
4.5. ფსიქოლოგი ირმა ბიჭიაშვილი მოსარჩელესთან მიმართებაში რისკ-ფაქტორებს ასე აფასებს: გ------------–--ის პიროვნული მახასიათებლები, ღირებულებები და ლოგიკის სიღრმე კრიმინალური აზროვნების ჩარჩოებისაგან თავისუფალია, გ------ის ქცევა ჰარმონიულადაა შერწყმული მის მსოფლმხედველობასთან, ხოლო არჩეული სასულიერო ცხოვრების აქტიური გამოცდილება მის პიროვნებაში, კეთილსინდისიერი და საპასუხისმგებლო ქცევის მოტივაციის საბაზისო მოთხოვნილებას წარმოადგენს. ფსიქოლოგის განმარტებით, გ------------–--ე კონტაქტში თავისუფლად შემოდის, კომუნიკაბელურია, კეთილგანწყობილი, გარეგნულად მოწესრიგებული, მიღებული აქვს საშუალო განათლება. ჰყავს უძლურებაში მყოფი დედა, რომლის მიმართ ემოციურია და მზრუნველ დამოკიდებულებას ამჟღავნებს, გ------ის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში გატარებული პერიოდი ნაყოფიერად და ეფექტურად არის წარმართული, როგორც სულიერი განვითარების თვალსაზრისით, ისე პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით. ბენეფიციარი ჩარიცხულია სასჯელაღსრულების დაწესებულების სამეურნეო ნაწილში, სადაც გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. გ------ი აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი ეკლესიის მსახურების რიტმში. ცხოვრობს სამონასტრო ტიპიკონის მიხედვით, მონაწილეობს საეკლესიო ღვთისმსახურებაში, როგორც მედავითნე და სტიქაროსანი, სასჯელის მოხდის განმავლობაში, ბენეფიციარმა შეძლო საკუთარი უნარების და შესაძლებლობების მრავალმხრივი განვითარება, პენიტენციურ სისტემაში რესოციალიზაციის მიზნით დანერგილი სასწავლო პროგრამების მეშვეობით. მოსარჩელემ გაიარა შემდეგი ტრენინგები: მინანქრის ნაკეთობების წარმოება, ხეზე კვეთის მხატვრული კურსი, სამოქალაქო განათლების სრული კურსი, ჩუქურთმების ამოყვანის სრული კურსი, კომპიუტერული სწავლება, ხატწერა, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი, შესაბამისი სერტიფიცირებით. ამჟამად ჩართულია დაწესებულებაში მიმდინარე ფსიქორეაბილიტაციის არტთერაპიულ პროგრამაში. ბენეფიციარი თავისუფალ დროს უთმობს ხეზე კვეთას, მინანქრის ნაკეთობების შექმნას და დამუშავებას. მისი ნამუშევრები ამშვენებს სხვადასხვა დაწესებულებების ინტერიერს. გ------------–--ეს უყვარს მხატვრული და სასულიერო ლიტერატურის კითხვა, განსაკუთრებით გატაცებულია გალაქტიონის, შექსპირის პოეზიით, ამასთანავე თვითონაცმონდომებით თხზავს საინტერესო ლექსებს. იგი მომავლის მიმართ განწყობილია პოზიტიურად. ბენეფიციარმა ძველი ნეგატიური რწმენა-შეხედულებების ხელახალი გადაფასების სტრატეგიის გამოყენებით, შეძლო მათი განახლებული, ეტაპობრივი მოდიფიცირება სულიერი ფერიცვალების რიტმში. გათავისუფლების შემდგომ გეგმავს გააგრძელოს სასულიერო ცხოვრება და დასაქმდეს შეძენილი ცოდნის რეალიზებით, მინანქრის და ხეზე ნაკვეთი ნაკეთობების დამზადების მიმართულებით. ბენეფიციარი მადლიერებას გამოხატავს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის, სამედიცინო და მომსახურე პერსონალის მიმართ, ზრუნვისა და მხარდაჭერისათვის. მისი დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან ფსიქოლოგის მიერ შეფასებულ იქნა, როგორც მომხდარის მიმართ გაცნობიერებული, გულწრფელი სინანული გამოხატვა. მისი შეფასებით, გ------ი არსებულ სულიერ-ზნეობრივი ცვლილებებიდან გამომდინარე, წარსულს გაუცნობიერებელი, მცდარი აზროვნების კონტექსტში განიხილავს. დამატებით ფსიქოლოგი მიუთითებს, რომ გ------ისათვის თავისუფლების აღქმა დაკავშირებულია საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების ფართო ასპარეზთან, ოჯახისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ბირთვული რწმენის ფუნდამეტურმა მოდიფიკაციამ, სიღრმისეული გავლენა მოახდინა, ბენეფიციარის მსოფლმხედველობის პოზიტიურ ასპექტში ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
4.6. გ------------–--ე სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა, წახალისებულია 2-ჯერ, 2016 წლის 28 დეკემბრის N--- ბრძანებით გამოეცხადა ,,მადლობა, 2016 წლის 07 ივნისის N-- ბრძანებით ასევე გამოეცხადა ,,მადლობა’’. მოსარჩელე გ------------–--ე იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს, დაწესებულების თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნებზე რეაგირებს დადებითად, მსჯავრდებული დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და სხვა მსჯავრდებულების მიმართ თავაზიანია.
4.7. სასჯელის 72-ე მუხლით დადგენილი ვადის მოხდის თარიღი ¾ -29.12.2016წ. სასჯელის დასაწყისი-1-.10.2008წ. სასჯელის დასასრული-23.09.201-წ.
4.8. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 02 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილებით შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ------------–--ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საბჭომ საკითხის განხილვისას დადებითად შეაფასა მსჯავრდებულის დამოკიდებულება დაწესებულების ადმინისტრაციასთან, ოჯახური მდგომარეობა და სხვა პიროვნული მახასიათებლები: სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში, ჩარიცხულია დაწესებულების სამეურნეო ნაწილში, თუმცა ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათზე, კერძოდ კი, ჩადენილია დეზერტირობა. ამასთან, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად. ვინაიდან სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნებისათვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და დანაშაულის ხასიათი, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გააბათილებს და ვერ გადაწონის სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმები.
სამართლებრივი დასაბუთება
4.9. სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.10. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
4.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც საქალაქო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სწორად ცნო იგი ბათილად და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაავალა, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4.12. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს. პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით. სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესს განსაზღვრავს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. მითითებული კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში –საბჭო). პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-7 ნაწილით ასევე დადგენილია, რომ თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება.
4.13. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1- ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება და ამავე მუხლის პირველი პუნქტის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. მითითებული დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს და იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. საბჭო ზეპირი მოსმენით განიხილავს საქმეებს, რომლებიც საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის დროს დაშვებულ იქნა ზეპირ მოსმენაზე განსახილველად. საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით და თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის თაობაზე. საბჭოს ტიპური დებულების მე-4 მუხლი განსაზღვრავს საბჭოს შემადგენლობას და დაკომპლექტების წესს. კერძოდ, საბჭო შედგება 5 წევრისაგან. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე; ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) 1 წარმომადგენელი; გ) არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი; დ) უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი. ე) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შეარჩევს და საბჭოს წევრებად ნიშნავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (შემდგომში –მინისტრი). მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც გააჩნია სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს საბჭოს წევრის ფუნქციები. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის გამოცდილება. საბჭოს წევრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას.
4.14. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საბჭო მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს შეფასების კრიტერიუმებით, რაც მოცემულია ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტის მე-13 მუხლში. კერძოდ, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი - აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში - აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას. გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა - აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები - აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება - აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1- ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების მე-13 მუხლზე დაყრდნობით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადასტურა საბჭოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში დანაშაულის ხასიათის შეფასების საჭიროება, თუმცა მართებულად აღნიშნა, რომ მხოლოდ აღნიშნული გარემოება არ უნდა გახდეს მისი პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან კანონმდებლობით პირობით ვადამდე განთავისუფლების შესაძლებლობა ყველა კატეგორიის დანაშაულისათვის არის გათვალისწინებული, თუ გასულია შესაბამისი ვადა. საქალაქო სასამართლომ სადავო აქტის შინაარსის და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად სწორად დაასკვნა, რომ აქტი არ არის მიღებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების ამსახველი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებისა და მატერიალური ნორმების სწორი მისადაგების საფუძველზე, რამდენადაც საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ყველა ზემოჩამოთვლილი კრიტერიუმის გამოკვლევას, ამ კრიტერიუმების ურთიერთშეპირისპირებას და მათი პრიორიტეტების დადგენას. გადაწყვეტილება მოქცეული უნდა იყოს დებულებით დაწესებულ ჩარჩოებში, რაც ნიშნავს იმას, რომ საბჭოს, მისი დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გააჩნია ცალკეული კრიტერიუმების შეფასების უფლებამოსილება, რომელიმე მათგანისათვის პრიორიტეტის მინიჭების შესაძლებლობა, რაც არ ნიშნავს მის უფლებას უარყოს ან/და შეფასების მიღმა დატოვოს რომელიმე მათგანი.
4.15. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის ბოლო წინადადება ადგენს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოცემული დანაწესი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, აუცილებლად გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების სავალდებულობას, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულით არის შესაძლებელი, გაირკვეს, მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადასტურა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია საკითხის გადაწყვეტის პროცესში, თუმცა მართებულად ჩათვალა, რომ ეს უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს აქტის გამოცემის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების დასაბუთების ვალდებულების, ანუ იმ გარემოებების წარმოდგენისაგან, რომელთა შემოწმებაც შესაძლებელს ხდის ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფარგლების კანონიერების შეფასებას. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, დაუსაბუთებელია მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, თუ რატომ ასრულებს გ------------–--ის ვადაზე ადრე განთავისუფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში მთავარ/გადამწყვეტ როლს კანონით გათვალისწინებულ შეფასების რამოდენიმე კრიტერიუმს შორის მხოლოდ ერთი (ერთ-ერთი) კრიტერიუმი - დანაშაულის ხასიათი, მაშინ, როცა გ------------–--ის საქმეში წარმოდგენილი არაერთი ფაქტი მიუთითებს ასევე კანონით (დებულებით) გათვალისწინებული სხვა კრიტერიუმების სასარგებლოდ განმარტების, გაგების და გამოყენების შესაძლებლობაზე. თუკი მოცემულ საქმეში წარმოდგენილი რამოდენიმე კრიტერიუმიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მოპასუხეს უნდა შეეძლოს საქმესთან დაკავშირებული ყველა კრიტერიუმის, ყველა ფაქტის შედარებითი ანალიზის პირობებში იმის მტკიცება, რომ გ------------–--ის პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი და რომ ამ კრიტერიუმის თანმხლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გააბათილებს, ვერ გადაწონის სხვა, დადებითი კონტექსტის კრიტერიუმები. დანაშაულის ხასიათთან მიმართებაში, საქალაქო სასამართლომ ყურადღება მართებულად მიაქცია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობის და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, საბჭოს მიერ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობის განხილვისას ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული იმაზე, არის თუ არა მიღწეული სასჯელის მიზანი. ამ უკანასკნელის განმარტებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლი, კერძოდ, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საქალაქო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია თავისთავად კავშირშია ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანთან, ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. სასჯელის მიზნის მიღწევასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მოსარჩელე ციხის ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება დადებითად, ამასთან, საქმეში დაცული მასალების თანახმად, მსჯავრდებული გ------------–--ე ჩარიცხულია სამეურნეო მომსახურებაში, სასჯელის მოხდის პერიოდში გავლილი აქვს: ხეზე კვეთის და ხის მხატვრული დამუშავების განხრით ხუთთვიანი სასწავლო კურსი, მინანქრის და ხეზე ჭრის კურსი, სამოქალაქო განათლების სრული კურსი და თექის დამუშავება, ასევე წარმატებით გაიარა ,,არტთერაპიის’’ ტრენინგის კურსი.
4.16. საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება სწორად მიაქცია მოსარჩელესთან მიმართებაში საქმეში წარმოდგენილ ფსიქოლოგის მოსაზრებებზე, კერძოდ, გ------------–--ის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში გატარებული პერიოდი ნაყოფიერად და ეფექტურად არის წარმართული, როგორც სულიერი განვითარების თვალსაზრისით, ისე პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით. ბენეფიციარი ჩარიცხულია სასჯელაღსრულების დაწესებულების სამეურნეო ნაწილში, სადაც გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. გ------ი აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი ეკლესიის მსახურების რიტმში. ცხოვრობს სამონასტრო ტიპიკონის მიხედვით. მონაწილეობს საეკლესიო ღვთისმსახურებაში, როგორც მედავითნე და სტიქაროსანი. სასჯელის მოხდის განმავლობაში, ბენეფიციარმა შეძლო საკუთარი უნარების და შესაძლებლობების მრავალმხრივი განვითარება, პენიტენციურ სისტემაში რესოციალიზაციის მიზნით დანერგილი სასწავლო პროგრამების მეშვეობით. მოსარჩელემ გაიარა შემდეგი ტრენინგები: მინანქრის ნაკეთობების წარმოება, ხეზე კვეთის მხატვრული კურსი, სამოქალაქო განათლების სრული კურსი, ჩუქურთმების ამოყვანის სრული კურსი, კომპიუტერული სწავლება, ხატწერა, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი, შესაბამისი სერტიფიცირებით. ამჟამად ჩართულია დაწესებულებაში მიმდინარე ფსიქორეაბილიტაციის არტთერაპიულ პროგრამაში. ბენეფიციარი თავისუფალ დროს უთმობს ხეზე კვეთას, მინანქრის ნაკეთობების შექმნას და დამუშავებას. მისი ნამუშევრები ამშვენებს სხვადასხვა დაწესებულებების ინტერიერს. იგი მომავლის მიმართ განწყობილია პოზიტიურად. ბენეფიციარმა ძველი ნეგატიური რწმენა-შეხედულებების ხელახალი გადაფასების სტრატეგიის გამოყენებით, შეძლო მათი განახლებული, ეტაპობრივი მოდიფიცირება. სულიერი ფერიცვალების რიტმში. გათავისუფლების შემდგომ გეგმავს გააგრძელოს სასულიერო ცხოვრება და დასაქმდეს შეძენილი ცოდნის რეალიზებით, მინანქრის და ხეზე ნაკვეთი ნაკეთობების დამზადების მიმართულებით. ბენეფიციარი მადლიერებას გამოხატავს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის, სამედიცინო და მომსახურე პერსონალის მიმართ, ზრუნვისა და მხარდაჭერისათვის. მოსარჩელის დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან ფსიქოლოგის მიერ შეფასებულ იქნა, როგორც მომხდარის მიმართ გაცნობიერებული, გულწრფელი სინანულის გამოხატვა. მისი შეფასებით, გ------------–--ე არსებულ სულიერ-ზნეობრივი ცვლილებებიდან გამომდინარე, წარსულს გაუცნობიერებელი, მცდარი აზროვნების კონტექსტში განიხილავს. დამატებით ფსიქოლოგი მიუთითებს, რომ გ------ისათვის თავისუფლების აღქმა დაკავშირებულია საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების ფართო ასპარეზთან, ოჯახისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ბირთვული რწმენის ფუნდამეტურმა მოდიფიკაციამ, სიღრმისეული გავლენა მოახდინა, ბენეფიციარის მსოფლმხედველობის პოზიტიურ ასპექტში ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ, მართალია მოსარჩელე ძალადობრივი დანაშაულისათვის არის მსჯავრდებული, რაც მომეტებული საფრთხის შემცველია საზოგადოებისათვის, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მისი კრიმინალიზაციის მხრივ რისკ-ფაქტორები არ ვლინდება, სასჯელის მოხდის პერიოდში არ არის დასჯილი, იგი წახალისებულია ორჯერ, მან სასჯელის მოხდის პერიოდში პენიტენციურ სისტემაში რესოციალიზაციის მიზნით დანერგილი სასწავლო პროგრამების მეშვეობით შეძლო საკუთარი უნარისა და შესაძლებლობების განვითარება, (იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქმნის და ამუშავებს მინანქრის ნაკეთობებს, ხეზე კვეთს) მოპასუხეს არ აქვს სათანადოდ შეფასებული მოხდა თუ რა მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, რაც აუცილებელ გარემოებას ქმნის მოცემული საკითხის დადებითად გადასაწყვეტად, მოპასუხემ უნდა შეაფასოს მოსარჩელის პიროვნების გათვალისწინებით, ჰუმანიზმისა და დემოკრატიულობის პრინციპებზე დაყრდნობით არსებობდა თუ არა სადავო საკითხის დადებითად გადაწყვეტის შესაძლებლობა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს (უფლებამონაცვლე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე მერაბ ლომიძე
მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე