განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001219191 (3ბ/2675-17)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე
მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი, თეა გობეჯიშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ა(ა)იპ ა---------------–--------–---–---------------------------–------- (E--)
წარმომადგენელი - მ-----------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
წარმომადგენელი - ხ------–----–---
დავის საგანი - ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ა---------------–--------–---–---------------------------–-------ს (E--) სარჩელი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 22 დეკემბრის N1956/2687-03-ო წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის 1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის’’ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ტარდებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე. შესაბამისად, არ არსებობდა რეგლამენტის მე-111 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აუდიო, ვიდეო ჩანაწერის ხელმისაწვდომობის ვალდებულება.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 03 თებერვალს დაზუსტებული სარჩელით მიმართა ა(ა)იპ ა---------------–--------–---–----- და მ----------------–------მა (E--) მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, რომლითაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის 2015 წლის 3, 4, 7, 8, 11, 14 და 15 დეკემბერს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გაცემის დავალების მოთხოვნასთან ერთად, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის 1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის’’ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტის (,,მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ტარდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე") ბათილად ცნობა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა, მაშინ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ასეთი მოქმედების განხორციელების დავალების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე დავაში არ არსებობს მოთხოვნილი ქმედების განხორციელების დავალების მითითებული მუხლით განსაზღვული სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 3, 4, 7, 8 11, 14 და 15 დეკემბრის მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები არ მიეკუთვნება ღია საჯარო ინფორმაციას. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს უარი ქმედების განხორციელბაზე სრულიად კანონიერია.
2.4. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, „საჯარო ინფორმაცია“ არის ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი. ამასთან, ამავე კოდექსის 28-ე მუხლით დადგენილია, რომ „საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფომაციისა.“ საქალაქო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება როგორც ღია, ისე დახურული საჯარო ინფორმაცია. ამასთან, ზოგადად, ყველა საჯარო ინფორმაცია ღიაა და შესაბამისად, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, დაუბრკოლებლად გაიცემა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას კანონით დადგენილი წესით მინიჭებული დახურული საჯარო ინფორმაციის სტატუსი არ აქვს. იმავე კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება „...ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავის სხდომები, გარდა ამ კოდექსის 28-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.“ ამასთან, ამავე კოდექსის 34-ე მუხლით დადგენილია კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის წარმართვის, მათ შორის, სხდომების დახურის შესახებ გადაწყეტილების მიღების წესი. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმების ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომები ღიაა, თუ შესაბამისი წესით არ მიიღება გადაწყვეტილება მათი დახურვის თაობაზე. ამასთან, სხდომების დახურვა დამოკიდებულია იმ გარემოებაზე, მიეკუთვნება თუ არა ამ სხდომებზე განსახილველი საკითხები დახურულ საჯარო ინფორმაციას, რომელიც დაცული უნდა იქნეს გამხელისაგან. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად (მოსამართლეობის კონკურსის ჩატარების წესი და პირობები), მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრება ტარდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის N1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის“ 111-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქალაქო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ, როგორც წესი, საბჭოს სხდომები ღიაა, თუმცა, ეს არ არის უნივერსალური წესი და კანონმდებლობით შესაძლებელია არსებობდეს გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა მიიღება გადაწყვეტილება სხდომების დახურვის თაობაზე, სწორედ ამგვარი გამონაკლისის თაობაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების წესის შემუშავებისას. აღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როცა კანონმდებლის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესის, მათ შორის, სხდომების ორგანიზების უფლების მინიჭება წარმოადგენს კანონიერად დელეგირებულ უფლებამოსილებას, ხოლო კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომები შეიძლება იყოს დახურულიც, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სხდომების დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. აქვე, საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ნორმატიული ხასიათისაა, ანუ, ის მიღებულია არა კონკრეტულ შემთხვევაზე, როგორც ამას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, არამედ ზოგადად, ყველა შემთხვევისთვის, როცა ხდება მოსამართლის კანდიდატებთან გასაუბრება. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადინისტრაციული კოდექსის 32-ე და 28-ე მუხლებით დადგენილი სტანდარტით სხდომების საჯაროობის შეფასება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორცელდა დიდი ხნით ადრე - მისთვის მოსამართლეების კანდიდატებთან გასაუბრების უფლების დელეგირებისთანავე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობდა ამ სხდომებზე განსახილველი საკითხების სპეციფიკურობიდან და კანდიდატების სტატუსის თავისებურებიდან. კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, მიემართებოდა მოსამართლეობის კანდიდატების პერსონალური მონაცემების დაცვის ლეგიტიმურ მიზანთან, თუმცა, აქვე მნიშვნელოვანია ის საჯარო ინტერესი, რომელიც უკავშირდება ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელებას და მართლმსაჯულების განმახორციელებელი სუბიექტების - მოსამართლის სტატუსს. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსამართლესთან მიმართებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის ცნება და მათი ურთიერთმიმართება, ვინაიდან აღნიშნული უშუალოდ უკავშირდება მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, ასევე, მართლმსაჯულების მიმართ ნდობის უზრუნველყოფის საკითხს. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსამართლეთა მიმართ არესებული ეს განსაკუთრებული საჯარო ინტერესი, კანონით დადგენილ ფარგლებში, ასევე, ვრცელდება მოსამართლეობის კანდიდატებზეც, სწორედ ზემოაღნიშნული განსაკუთრებული საჯარო ინტერესით უნდა აიხსნას კანონმდებლის დამოკიდებულება, მაგალითად, მოსამართლეთა დისციპლინური წარმოების მიმართ, რომელიც კონფიდენციალურია. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ამავე სამართლებრივ ლოგიკაში უნდა განიმარტოს მოსამართლეთა კანდიდატებთან დახურულ სხდომებზე გასაუბრების ლეგიტიმური ინტერესიც. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად ღიაა, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაც ღია სხდომაზე უნდა ჩატარდეს, რამდენადაც ამ საკითხზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული იქნა სხვა გადაწყვეტილება - ამ ტიპის სხდომების დახურვის თაობაზე. საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ზემოაღნიშნული გასაუბრება ჩატარდა ღია სხდომებზე. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 3, 4, 7, 8 11, 14 და 15 დეკემბრის მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრებები ჩატარდა დახურულ სხდომებზე. რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებში მიღებულ გადაწყვეტილებებს ამ სხდომებზე დამკვირვებლების დასწრების თაობაზე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს არ ცვლის მითითებული სხდომების სტატუსს, რამდენადაც ასეთი სტატუსი უკვე განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზემოაღნიშნული ნორმატიული ხასიათის გადაწყვეტილებით. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება სხდომებზე დამკვირვებლების დასწრების თაობაზე მიღებულ იქნა მხოლოდ მოცემულ მომენტში აღნიშნული პროცესის მიმართ არსებული განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, რაზეც გასაუბრებაში მონაწილე კონკრეტულმა კანდიდატებმაც განაცხადეს თანხმობა. შესაბამისად, სხდომების ჩატარება განხორციელდა საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის, კანონით დადგენილი წესის და პირობების აბსოლუტური დაცვით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ, იმ პირობებში, როცა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტით მოსამართლის კანდიდატების გასაუბრების მიზნით ჩატარებული სხდომები არის დახურული, მოთხოვნა ასეთი სხდომების აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროვების თაობაზე მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და დაკმაყოფილებული ვერ იქნება.
2.5. საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტის ბათილობის თაობაზე, რამდენადაც სახეზე არ არის კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის სამართლებრივი წინაპირობები. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ „...სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უაშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.“. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით კი დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი მოცემულობის არსებობისას, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ ადასტურებს ვერცერთ ზემოაღნიშნულ გარემოებას. ამასთან, სახეზეა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე, ფორმალურ-სამართლებრივი კანონიერება. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/308 გადაწყვეტილება „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ დამტკიცების თაობაზე, მათ შორის, აღნიშნული „წესის“ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტი, მიღებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის დაცვით და მის საფუძველზე. ამასთან, მოსამართლეთა კანდიდატების გასაუბრების მიზნით სხდომების დახურვის თაობაზე მიღებული ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით დადგენილ სტანდარტებს, რაც, თავის მხრივ, გამომდინარეობს ამ კანონით და ასევე, ზოგადად, საქართველოს კანონდებლობით დადგენილი საჯარო ინტერესიდან. ამასთან, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე ვერ ადასტურებს, თუ რაში გამოიხატება მისთვის გასაჩივრებული აქტით პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი. ის სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბებისას შემოიფარგლება აქტის მატერიალურ კანონიერებაზე აპელირებით, რაც სასამართლოს ზემოაღნიშნული არგუმენტაციით გაზიარებული ვერ იქნა. უფრო მეტიც, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაზიარებული იქნება მოსარჩელის პოზიცია „კანონის დარღვევით“ სხდომის ჩატარების თაობაზე (სარჩელის ერთერთი ფაქტობრივი საფუძველია, რომ კანდიდატებთან გასაუბრება საბჭოს ღია სხდომაზე ჩატარდა), აღნიშნული არსებითი ზიანის მომტანი იქნება როგორც კონკურსში მონაწილე თითოეული პირის კერძო ინტერესებისათვის, ისე იმ საჯარო ინტერესისთვის, რაც კანდიდატების მიმართ მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა დამატებით ამ გარემოების მხედველობაში მიღებითაც სცდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ლეგიტიმურ მიზანს - დაცული იქნეს კონკრეტული პირის - მოსარჩელის უფლება ან/და კანონიერი ინტერესი, რამდენადაც ამ მოტივაციის გაზიარების შემთხვევაში სახეზე იქნებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ამავე კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით სხდომების ჩატარება წარმოადგენს ამ სხდომებზე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის წესის არსებით დარღვევას, რაც, თავის მხრივ, მათი ბათილობის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და რასაც სასამართლო ზემოაღნიშნულ მოტივაციაზე დაყრდნობით არ იზიარებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა როგორც ქმედების განხორციელების დავალების, ისე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, როგორც აბსოლუტურად კანონიერი და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გაცემაზე.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე“, „ე1“ პუნქტების თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული ან/და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება ეფუძნება მოქმედი კანონმდებლობის არასწორ განმარტებას, იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
3.2. აპელანტი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44.1 მუხლზე, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის 2.1 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, „თანამდებობის პირში“ იგულისხმება მოსამართლეც, შესაბამისად, მოსამართლეობის კანდიდატთა პერსონალური მონაცემები წარმოადგენს ღია საჯარო ინფორმაციას. აპელანტის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული წარმოადგენს დავის გადაწყვეტისათვის ერთ-ერთ საკვანძო მნიშვნელობის საკითხს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერსად შევხვდებით მსჯელობას მითითებული ნორმების განმარტებასთან დაკავშირებით, ამასთანავე, საქალაქო სასამართლოს მსჯელობა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის (ინფორმაციის თავისუფლება) შესაბამისი დებულებების ანალიზი ზედაპირულია და საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გადაწყვეტისათვის არ არის საკმარისად დასაბუთებული.
3.3. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის“ 111 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ჩანაწერიდან გამომდინარე, საბჭოს სხდომების ღიაობა არ არის უნივერსალური წესი და სწორედ ამით არის გამართლებული მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების დახურულ რეჟიმში ჩატარება. აპელანტი აღნიშნავს, რომ ეს განმარტება და ანალიზი აბსოლუტურად არასწორი და დაუსაბუთებელია, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებისას საბჭოს სხდომების დახურვის საკითხი არცერთ საკანონმდებლო აქტში არ არის განსაზღვრული, სხდომის დახურვის თაობაზე მითითებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილება შეიცავს, რომელიც თავისი ბუნებიდან გამომდინარე, კანონს არ წარმოადგენს და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, სხდომის დახურვისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებში კი, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები ვერ მოექცევა. აპელანტის მოსაზრებით, მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის ის ნაწილი, რომელიც გასაუბრებების დახურულ სხდომაზე ჩატარებას განსაზღვრავს და უარი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე ეწინააღმდეგება კანონს, ასევე საქართველოს კონსტიტუციას, სასამართლოს მითითება სარჩელის უსაფუძვლობაზე, დაუსაბუთებელი და სამართლებრივად უსაფუძვლოა.
3.4. აპელანტი მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის გამოტანილი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. აპელანტი აღნიშნავს, რომ სამართლის ნორმების დარღვეულად მიჩნევისათვის აუცილებელი არ არის სააპელაციო საჩივარი ეყრდნობოდეს სამივე პირობის კუმულაციურად არსებობას. აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ამასთანავე, არასწორად განმარტა კანონი, რომელიც გამოიყენა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უარი 2015 წლის 3, 4, 7, 8, 11, 14 და 15 დეკემბერს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გადაცემაზე ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. სზაკ-ის 3.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სზაკ-ის მოქმედება, გარდა მე-3 თავისა, არ ვრცელდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე. აღნიშნული კოდექსის მე-3 თავით განსაზღვრულია საჯარო ინფორმაციის, აგრეთვე მათი ასლების მიღების წესი, შესაბამისად, ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტი სრულად ვრცელდება იუსრტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე. აპელანტის განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლი უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის საქვეყნოობას და აცხადებს, რომ ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ამავე კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა, ამასთანავე, 37-ე მუხლით გარანტირებულია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და მისი მიღების ფორმის არჩევის უფლება, შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ნებისმიერი პირისათვის გაცემა, გარდა კანონმდებლობით ამომწურავად განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა. აპელანტი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები შეიცავს კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს, ეს ინფორმაცია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ღია საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს. სზაკ-ის 44.1 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის 2.1 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, „თანამდებობის პირში“ იგულისხმება მოსამართლეც, შესაბამისად, მოსამართლეობის კანდიდატთა პერსონალური მონაცემები წარმოადგენს ღია საჯარო ინფორმაციას.
3.5. აპელანტის განმარტებით, სზაკ-ის 32-ე მუხლის თანახმად, თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, გარდა ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შესაბამისად, საჯარო დაწესებულების სხდომების საჯაროობიდან კანონით დადგენილ გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხვევები, როცა საქმე ეხება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის დაცვას. მოსამართლეობის კანდიდატთა პერსონალური მონაცემები ღიაა, შესაბამისად, მათთან გასაუბრება არ წარმოადგენს სხდომის საჯაროობიდან გამონაკლის შემთხვევას. აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების ღიაობა აგრეთვე გარანტირებულია საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის N1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის“ 111 მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმად, საბჭოს სხდომა ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია უზრუნველყოს სხდომის აუდიო-ვიდეო ჩაწერა, საბჭომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს საჯარო სხდომის აუდიო-ვიდეოჩანაწერის დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობა. აპელანტის მოსაზრებით, ჩანაწერების ხელმისაწვდომობა გარანტირებულია თავად საბჭოს გადაწყვეტილებით, ამდენად, არასწორია საქალაქო სასამართლოს დასკვნა „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის“ 111 მუხლის პირველ პუნქტში არსებულ ჩანაწერთან დაკავშირებით. აპელანტის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-127 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ტარდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე. მიუხედავად ამისა, საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, 2015 წლის დეკემბერში, მოსამართლეობის ყველა კანდიდატთან გასაუბრება ჩატარდა ღია სხდომაზე და დამკვირვებლებს მიეცათ დასწრების შესაძლებლობა. აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია თავად საბჭოს სხდომების საჯაროობის ფაქტი და არა მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესში არსებული ჩანაწერი. საბჭოს სხდომების ღიაობას ადასტურებს მედიაში გავრცელებული სხდომის კადრები, საბჭოს სარეგისტრაციო ჟურნალი, სადაც სხდომაზე დამსწრე პირთა ვინაობაა აღნიშნული. ინფორმაცია, რომელიც ერთხელ გახდა საჯარო, არ შეიძლება შემდგომში საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი აღარ იყოს, გასაჯაროებული ფაქტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ინტერესი და საფუძველი აღარ არსებობს, ამდენად, საბჭოს უარი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გაცემაზე, ლეგიტიმური არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდა საბჭოს ღია სხდომაზე და არ არსებობს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობიდან კანონით განსაზღვრული გამონაკლისი, საბჭო ვალდებულია გასცეს მოთხოვნილი ჩანაწერები.
3.6. აპელანტი აღნიშნავს, რომ საჯარო დაწესებულებების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციის თავისუფლად მიღების მყარი გარანტიების შექმნას. ინფორმაციის თავისუფლად მიღების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 41.1 მუხლით. მოთხოვნილ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლში ჩარევას. ინფორმაციის მიღების უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება შეიზღუდოს, თუმცა, ნებისმიერი შეზღუდვა, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით, შესაბამისობაში უნდა იყოს ხსენებულ კონსტიტუციურ უფლებასთან. ფორმალური შესაბამისობა მოითხოვს, რომ ინფორმაციაზე წვდომის ნებისმიერი შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მოსაზრებით, არ არსებობს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძველი. აპელანტის მოსაზრებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ 12.2 მუხლის ჩანაწერი: „მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ტარდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე“, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. აპელანტი მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.1 მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ წინაპირობებს: უნდა იყოს გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, უნდა შეიცავდეს მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. აპელანტის მოსაზრებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი“ აკმაყოფილებს აღნიშნულ ელემენტებს და შესაბამისად, მასზე ვრცელდება ნორმატიული აქტის ბათილობასთან დაკავშირებით მოქმედი ნორმები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აპელანტის განმარტებით, საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესის ის ჩანაწერი, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატებთან ჩატარებულ გასაუბრებებს დახურული სხდომის სტატუსს ანიჭებს, ეწინააღმდეგება ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, რომლის 32-ე მუხლის თანახმად, თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, გარდა ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შესაბამისად, კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომების საჯაროობიდან კანონით დადგენილ გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც საქმე შეეხება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის დაცვას. სზაკ-ის 44.1 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის 2.1 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, „თანამდებობის პირში“ იგულისხმება მოსამართლეც, შესაბამისად, მოსამართლეობის კანდიდატთა პერსონალური მონაცემები წარმოადგენს ღია საჯარო ინფორმაციას და მათთან გასაუბრებისას სხდომის დახურვა ეწინააღმდეგება ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს.
3.7. აპელანტი მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.2 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. აპელანტი არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს, თუ რაში გამოიხატება მისთვის გასაჩივრებული აქტით პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი. მოსარჩელე წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აქტიურად აკვირდება სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს. ვინაიდან მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს, მოსარჩელეს ჰქონდეს გასაუბრებებზე დასწრებისა და პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობა. სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის გაცნობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით, გარდა ამისა, სზაკ-ის 32-ე მუხლით გარანტირებული სხდომათა საჯაროობა უზრუნველყოფს ყველა ადამიანის უფლებას, დაესწროს კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომას, თუ საქმე არ ეხება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას. შესაბამისად, „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ 127 მუხლის მეორე პუნქტის ჩანაწერი ზღუდავს მოსარჩელის შესაძლებლობას, ისარგებლოს კონსტიტუციით და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გარანტირებული უფლებებით, აღნიშნულით პირდაპირი და უშუალო ზიანი ადგება მოსარჩელის კანონიერ უფლებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.07.2017წ. გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 22 დეკემბრის N1956/2687-03-ო წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის 1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის’’ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ტარდებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე. შესაბამისად, არ არსებობდა რეგლამენტის მე-111 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აუდიო, ვიდეო ჩანაწერის ხელმისაწვდომობის ვალდებულება.
4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 03 თებერვალს დაზუსტებული სარჩელით მიმართა ა(ა)იპ ა---------------–--------–---–----- და მ----------------–------მა (E--) მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, რომლითაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის 2015 წლის 3, 4, 7, 8, 11, 14 და 15 დეკემბერს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გაცემის დავალების მოთხოვნასთან ერთად, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის 1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის’’ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტის (,,მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ტარდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე") ბათილად ცნობა.
სამართლებრივი დასაბუთება
4.4. სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.5. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა, მაშინ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ასეთი მოქმედების განხორციელების დავალების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავაში არ არსებობს მოთხოვნილი ქმედების განხორციელების დავალების მითითებული მუხლით განსაზღვული სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 3, 4, 7, 8 11, 14 და 15 დეკემბრის მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები არ მიეკუთვნება ღია საჯარო ინფორმაციას. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს უარი ქმედების განხორციელბაზე სრულიად კანონიერია.
4.6. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, „საჯარო ინფორმაცია“ არის ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი. ამასთან, სადავო პერიოდში მოქმედი ამავე კოდექსის 28-ე მუხლით დადგენილია, რომ „საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფომაციისა.“ ამდენად, ზოგადად, ყველა საჯარო ინფორმაცია ღიაა და შესაბამისად, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, დაუბრკოლებლად გაიცემა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას კანონით დადგენილი წესით მინიჭებული დახურული საჯარო ინფორმაციის სტატუსი არ აქვს. იმავე კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება „...ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავის სხდომები, გარდა ამ კოდექსის 28-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.“ ამასთან, ამავე კოდექსის 34-ე მუხლით დადგენილია კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის წარმართვის, მათ შორის, სხდომების დახურის შესახებ გადაწყეტილების მიღების წესი. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, აღნიშნული ნორმების ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომები ღიაა, თუ შესაბამისი წესით არ მიიღება გადაწყვეტილება მათი დახურვის თაობაზე. ამასთან, სხდომების დახურვა დამოკიდებულია იმ გარემოებაზე, მიეკუთვნება თუ არა ამ სხდომებზე განსახილველი საკითხები დახურულ საჯარო ინფორმაციას, რომელიც დაცული უნდა იქნეს გამხელისაგან. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად (მოსამართლეობის კონკურსის ჩატარების წესი და პირობები), მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრება ტარდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის N1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის“ 111-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ, როგორც წესი, საბჭოს სხდომები ღიაა, თუმცა, ეს არ არის უნივერსალური წესი და კანონმდებლობით შესაძლებელია არსებობდეს გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა მიიღება გადაწყვეტილება სხდომების დახურვის თაობაზე, სწორედ ამგვარი გამონაკლისის თაობაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების წესის შემუშავებისას. აღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როცა კანონმდებლის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესის, მათ შორის, სხდომების ორგანიზების უფლების მინიჭება წარმოადგენს კანონიერად დელეგირებულ უფლებამოსილებას, ხოლო კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომები შეიძლება იყოს დახურულიც, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სხდომების დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. აქვე, საქალაქო სასამართლომ ყურადღება მართებულად გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ნორმატიული ხასიათისაა, ანუ, ის მიღებულია არა კონკრეტულ შემთხვევაზე, როგორც ამას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, არამედ ზოგადად, ყველა შემთხვევისთვის, როცა ხდება მოსამართლის კანდიდატებთან გასაუბრება. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადინისტრაციული კოდექსის 32-ე და 28-ე მუხლებით დადგენილი სტანდარტით სხდომების საჯაროობის შეფასება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორცელდა დიდი ხნით ადრე - მისთვის მოსამართლეების კანდიდატებთან გასაუბრების უფლების დელეგირებისთანავე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობდა ამ სხდომებზე განსახილველი საკითხების სპეციფიკურობიდან და კანდიდატების სტატუსის თავისებურებიდან. კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, მიემართებოდა მოსამართლეობის კანდიდატების პერსონალური მონაცემების დაცვის ლეგიტიმურ მიზანთან, თუმცა, აქვე მნიშვნელოვანია ის საჯარო ინტერესი, რომელიც უკავშირდება ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელებას და მართლმსაჯულების განმახორციელებელი სუბიექტების - მოსამართლის სტატუსს. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მოსამართლესთან მიმართებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის ცნება და მათი ურთიერთმიმართება, ვინაიდან აღნიშნული უშუალოდ უკავშირდება მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, ასევე, მართლმსაჯულების მიმართ ნდობის უზრუნველყოფის საკითხს. საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსამართლეთა მიმართ არესებული ეს განსაკუთრებული საჯარო ინტერესი, კანონით დადგენილ ფარგლებში, ასევე, ვრცელდება მოსამართლეობის კანდიდატებზეც. სწორედ ზემოაღნიშნული განსაკუთრებული საჯარო ინტერესით უნდა აიხსნას კანონმდებლის დამოკიდებულება, მაგალითად, მოსამართლეთა დისციპლინური წარმოების მიმართ, რომელიც კონფიდენციალურია. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ამავე სამართლებრივ ლოგიკაში უნდა განიმარტოს მოსამართლეთა კანდიდატებთან დახურულ სხდომებზე გასაუბრების ლეგიტიმური ინტერესიც. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად ღიაა, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაც ღია სხდომაზე უნდა ჩატარდეს, რამდენადაც ამ საკითხზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული იქნა სხვა გადაწყვეტილება - ამ ტიპის სხდომების დახურვის თაობაზე. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ზემოაღნიშნული გასაუბრება ჩატარდა ღია სხდომებზე. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 3, 4, 7, 8 11, 14 და 15 დეკემბრის მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრებები ჩატარდა დახურულ სხდომებზე. რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებში მიღებულ გადაწყვეტილებებს ამ სხდომებზე დამკვირვებლების დასწრების თაობაზე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ეს არ ცვლის მითითებული სხდომების სტატუსს, რამდენადაც ასეთი სტატუსი უკვე განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზემოაღნიშნული ნორმატიული ხასიათის გადაწყვეტილებით. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება სხდომებზე დამკვირვებლების დასწრების თაობაზე მიღებულ იქნა მხოლოდ მოცემულ მომენტში აღნიშნული პროცესის მიმართ არსებული განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, რაზეც გასაუბრებაში მონაწილე კონკრეტულმა კანდიდატებმაც განაცხადეს თანხმობა. შესაბამისად, სხდომების ჩატარება განხორციელდა საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის, კანონით დადგენილი წესის და პირობების აბსოლუტური დაცვით. ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ გასაუბრების დროს მოსამართლეობის კანდიდატმა თანხმობა განაცხადა მის გასაუბრებაზე დასწრებოდნენ კონკრეტული დამკვირვებლები, არ ნიშნავს იმას, რომ მისი სურვილი იყო მასთან გასაუბრების შედეგები საჯარო ყოფილიყო მთელი საზოგადოების მიმართ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ, იმ პირობებში, როცა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტით მოსამართლის კანდიდატების გასაუბრების მიზნით ჩატარებული სხდომები არის დახურული, მოთხოვნა ასეთი სხდომების აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროვების თაობაზე მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და დაკმაყოფილებული ვერ იქნება.
4.7. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად არ გაიზიარა სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტის ბათილობის თაობაზე, რამდენადაც სახეზე არ არის კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის სამართლებრივი წინაპირობები. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ „...სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უაშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.“. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით კი დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი მოცემულობის არსებობისას, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ ადასტურებს ვერცერთ ზემოაღნიშნულ გარემოებას. ამასთან, სახეზეა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე, ფორმალურ-სამართლებრივი კანონიერება. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/308 გადაწყვეტილება „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ დამტკიცების თაობაზე, მათ შორის, აღნიშნული „წესის“ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტი, მიღებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის დაცვით და მის საფუძველზე. ამასთან, მოსამართლეთა კანდიდატების გასაუბრების მიზნით სხდომების დახურვის თაობაზე მიღებული ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით დადგენილ სტანდარტებს, რაც, თავის მხრივ, გამომდინარეობს ამ კანონით და ასევე, ზოგადად, საქართველოს კანონდებლობით დადგენილი საჯარო ინტერესიდან. ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოსარჩელე ვერ ადასტურებს, თუ რაში გამოიხატება მისთვის გასაჩივრებული აქტით პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი. ის სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბებისას შემოიფარგლება აქტის მატერიალურ კანონიერებაზე აპელირებით, რაც სასამართლოს ზემოაღნიშნული არგუმენტაციით გაზიარებული ვერ იქნა. უფრო მეტიც, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაზიარებული იქნება მოსარჩელის პოზიცია „კანონის დარღვევით“ სხდომის ჩატარების თაობაზე (სარჩელის ერთერთი ფაქტობრივი საფუძველია, რომ კანდიდატებთან გასაუბრება საბჭოს ღია სხდომაზე ჩატარდა), აღნიშნული არსებითი ზიანის მომტანი იქნება როგორც კონკურსში მონაწილე თითოეული პირის კერძო ინტერესებისათვის, ისე იმ საჯარო ინტერესისთვის, რაც კანდიდატების მიმართ მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა დამატებით ამ გარემოების მხედველობაში მიღებითაც სცდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ლეგიტიმურ მიზანს - დაცული იქნეს კონკრეტული პირის - მოსარჩელის უფლება ან/და კანონიერი ინტერესი, რამდენადაც ამ მოტივაციის გაზიარების შემთხვევაში სახეზე იქნებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ამავე კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით სხდომების ჩატარება წარმოადგენს ამ სხდომებზე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის წესის არსებით დარღვევას, რაც, თავის მხრივ, მათი ბათილობის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და რასაც სასამართლო ზემოაღნიშნულ მოტივაციაზე დაყრდნობით არ იზიარებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა როგორც ქმედების განხორციელების დავალების, ისე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა და სწორად არ იქნა დაკმაუოფილებული.
4.8. აპელანტი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44.1 მუხლზე, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის 2.1 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, „თანამდებობის პირში“ იგულისხმება მოსამართლეც, შესაბამისად, აპელანტის განმარტებით, მოსამართლეობის კანდიდატთა პერსონალური მონაცემები წარმოადგენს ღია საჯარო ინფორმაციას. სააპელაციო პალატა აპელანტის ყურადრებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს არა მოსართლეობის კანდიდატების პერსონალური მონაცემების განსაჯაროვების საკითხი, არამედ საკითხი იმის შესახებ, სადავო ადმინისტრაციული აქტი - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის 1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის’’ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტი (,,მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ტარდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე’’) ეწინააღმდეგება თუ არა საქართველოს კანონმდებლობას და შესაბამისად, არსებობს თუ არა მოსამართლეობის კანდიდატებთან დახურულ სხდომაზე ჩატარებული გასაუბრების ამსახველი აუდიო და ვიდეო ჩანაწერის ხელმისაწვდომობის ვალდებულება. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო აქტის გამოცემის დროს (2009 წლის 9 ოქტომბერს) მოქმედი „საერთო სასამართლოების შესახებ“ 1997 წლის საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტი ცალსახად ადგენდა, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან კონკურსის ჩატარების პირობები და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. იგივეს ადგენდა ასევე 2009 წლის 4 დეკემბერს მიღებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის თავდაპირველი რედაქციაც. ამდენად, სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი სწორედ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევდა ულებას და სამართლებრივ შესაძლებლობას თვითონვე, თავისი გადაწყვეტილებით განესაზღვრა მოსამართლეობის კანდიდატებთან კონკურსის ჩატარების პირობები და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ორგანული კანონის ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლება ჰქონდა 2009 წლის 9 ოქტომბრის 1/308 გადაწყვეტილებით დაემტკიცებინა ,,მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი’’, მათ შორის ამ წესის მე-127 მუხლის მე-2 პუნქტიც, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ტარდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის 1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი’’, მათ შორის ამ წესის მე-127 მუხლის მე-2 პუნქტიც, სრულ შესაბამისობაშია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის როგორც სადავო პერიოდში მოქმედ, ასევე დღეს მოქმედ რედაქციასთანაც და ამდენად, არ არსებობს ამ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ ა---------------–--------–---–---------------------------–-------ს (E--) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე მერაბ ლომიძე
მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე