განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210017002178577
საქმე №2ბ/2237-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - თ----- ქ-------ია
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს----------–--------ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
1. გასაჩივრებული სასამართლო აქტების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სს ,,ს---------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. თ----- ქ-------იას მართლსაწინააღმდეგო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ც----------–ა, #28-28ა/1-3 ს/კ. 0--------------- და იგი გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს სს ს----------–--------ს.
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი ც----------–ას ქ. #28-28ა/1-3, ს/კ 0---------------, 19.05.2017 წლიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა მოსარჩელე სს ს----------–--------ის სახელზე.
მოპასუხე თ----- ქ-------ია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოსარჩელე სს ს----------–--------ის უძრავ ქონებას.
მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხე თ----- ქ-------იას მართლსაწინააღმდეგო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ც----------–ა, #28-28ა/1-3 ს/კ. 0--------------- და იგი გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს სს ს----------–--------ს.
მოპასუხე შესაგებლით არ დაეთანხბა სასარჩელო მოთხოვნას და დამატებით ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითა, რომ მოსარჩელე ს----------–--------მა საკუთრების უფლება აღნიშნულ უძრავ ნივთზე მოიპოვა კანონის დარღვევით.
26.02.2018 წელს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე თ----- ქ-------ია რომლისთვისაც ცნობილი იყო სასამართლოს სხდომის დრო და ადგილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სასამართლოსათვის ასევე უცნობია მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ.
26.02.2018 წელს სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელე სს ს----------–--------ის წარმომადგენელმა იშუამდგომლა მოპასუხე მხარის არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, გაეცნო საქმის მასალებს მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.
ამავე საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავეს მუხლის მეორე ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება - ტელეფონით ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 74-ე მუხლით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.
განსახილველ შემთხვევაში 13.02.2018 სატელეფონო კომუნიკაციის გზით, მოპასუხე თ----- ქ-------იას დედას - ე----- ქ-------იას ეცნობა სასამართლოს მთავარი სხდომის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, რაც დასტურდება ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230.1 მუხლით თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი ც----------–ას ქ. #28-28ა/1-3, ს/კ 0---------------, 19.05.2017 წლიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა მოსარჩელე სს ს----------–--------ის სახელზე.
მოპასუხე თ----- ქ-------ია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოსარჩელე სს ს----------–--------ის უძრავ ქონებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230.2 მუხლით თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას. კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1 მუხლით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.1 მუხლით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია რომ, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებულ უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე თ----- ქ-------იამ და მოითხოვა მისი გაუქმება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით 2018 წლის 26 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლზე რომლის თანახმად, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. ამავე საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
ამავე საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლით, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებებიდან გამომდინარე: სარჩელზე მოპასუხე მხარის მიერ შემოტანილია 07.02.2018 წელს შესაგებელი, (ს.ფ. 43) სადაც თ----- ქ-------იას საკონტაქტო ტელეოფონის ნომრად მითითებულია 5--------. სასამართლო სხდომის თარიღისა და ადგილის შესახებ ინფორმირება განხორციელდა მოპასუხის შესაგებელში მითითებულ ტელეფონის ნომერზე (ს. ფ. 59), რა დროსაც მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებულ ტელეფონის ნომერზე განხორციელდა სატელეფონო ზარი, სადაც ე----- ქ-------იას, დედის, ანუ ოჯახის წევრის ინფორმირება მოხდა სასამართლოს სხდომის თარიღისა და ადგილის შესახებ.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარე სათანადო წესით იყო მოწვეული სასამართლო სხდომაზე და არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საფუძვლები.
2. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
2.1. აპელანტის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ის ხ------- ხ----–--–--ა წარმოადგენდა თ----- ქ-------იას და საქმეში წარმოდგენილი ჰქონდა მინდობილობა, სასამართლომ კი არ აცნობა სხდომის თარიღი. აპელანტის წარმომადგენელი განმარტავს, რომ შესაგებელში მითითებული ჰქონდა ტელეფონის ნომერი და მისამართი ხ----ს ქ. #1, ასევე, მინდობილობაში ეწერა მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი, მიუხედავად ამისა, მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდა მისთვის უცნობ პიროვნებას და გააფრთხილა სასამართლო პროცესის შესახებ. მოპასუხე თ----- ქ-------იას გრაფაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, არ დაუკავშირდა არც მობილურ ნომერზე როგორც წარმომადგენელს და არც მისამართზე გაუგზავნა უწყება, აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდა მოპასუხისა და მისი წარმომადგენლის გარეშე, არც მოპასუხეს შეატყობინა პროცესის ჩანიშვნის შესახებ და არც წარმომადგენელს.
აპელანტის განმარტებით, 2018 წლის 26 თებევლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, მოპასუხე თ----- ქ-------იას ჰქონდა წარმომადგენლის იმედი, რომ გამოცხადდებოდა სასამართლო პროცესზე. სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ მოწინააღმდეგე მხარემ იშუამგდომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, ხოლო სასამართლომ დააკმაყოფილა, რაც აპეკლანტს მიაჩნია კანონის დარღვევად.
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლო ვალდებული იყო გაეფრთხილებინა მოპასუხე თ----- ქ-------ია ან წარმომადგენელი, რაც არ მომხდარა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება, სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნეს საპატიოდ.
4. გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების და საქმის განახლების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე თ----- ქ-------იას სასამართლო უწყება 2017 წლის 27 ოქტომბრის სხდომის თაობაზე ჩაბარდა საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 თებერვლის სატელეფონო კომუნიკაციის გზით, მოპასუხე თ----- ქ-------იას დედას - ე----- ქ-------იას ეცნობა სასამართლოს მთავარი სხდომის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით (იხ. ს.ფ. 59).
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოპასუხისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება მოხდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
4.2. 2018 წლის 26 თებერვალს 12:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა საქმის მასალებით არ დგინდება.
დადგენილია, რომ 2018 წლის 26 თებერვალს 12:00 სთ-ზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით წარდგენილ საჩივარში თ----- ქ-------იამ მიუთითა, რომ სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ იმ გარემოებით, რომ 2018 წლის 26 თებერვალს 12:00 საათზე, დანიშნულ სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა ვინაიდან, სასამართლომ ვალდებული იყო გაეფრთხილებინა მოპასუხე თ----- ქ-------ია ან მისი წარმომადგენელი, რაც არ მომხდარა. აპელანტის განმარტებით, სასამართლო სხდომის თაობაზე გაფრთხილებულ იქნა მათთვის უცნობი პიროვნება (იხ. საჩვარი).
სააპელაციო პალატა აპელანტის აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით ეცნობა სასამართლო სხდომის დროისა და თარიღის შესახებ მის მიერ შესაგებელში მითითებულ ტელეფონის ნომერზე და შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა და პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი წანამძღვრები.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
როგორც მითითებული ნორმის ანალიზიდან ირკვევა, ზემოაღნიშნულ პირობებთან ერთად, იმისათვის რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საჭიროა, არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი), ხოლო მითითებული გარემოებები კი სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიჩნევა დამტკიცებულად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული სარჩელში მითითებული შემდეგი გარემოებები:
- უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი ც----------–ას ქ. #28-28ა/1-3, ს/კ 0---------------, 19.05.2017 წლიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა მოსარჩელე სს ს----------–--------ის სახელზე.
- მოპასუხე თ----- ქ-------ია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოსარჩელე სს ს----------–--------ის უძრავ ქონებას.
სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
როგორც მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა (იხ. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება 4.2). ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებისა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, ი-----------–---- სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ----- ქ-------იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით დასაბუთებული განჩინების მხარისათვის გადაცემიდან 21 დღის ვადაში;
5. განჩინების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, რომელიც ესწრება სასამართლო განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე