განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.11.2018
საქმის ნომერი
020310018002703310
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საარჩევნო ურთიერთობებიდან გამომდინარე
თარიღი
04.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020310018002703310

საქმე N3/ბ-494-18წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე (მომხსენებელი): მურთაზ მეშველიანი

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

 

აპელანტი _ ა(ა)იპ ,,ს-------–-------------------–------------------–--”

 

მოწინააღმდეგე მხარე _ №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია

 

მესამე პირები _ №94 საუბნო საარჩევნო კომისია, ე-–---- ფ-----, მ--------------–---–--, მიხეილ ანთაძე, დავით ბაქრაძე, ვახტანგ გაბუნია, გრიგოლ ვაშაძე, შალვა ნათელაშვილი, ზვიად მეხატიშვილი, გიორგი ლილუაშვილი, აკაკი ასათიანი, კახა კუკავა, ოთარ მეუნარგია, ირაკლი გორგაძე, დავით უსუფაშვილი, ზვიადი ბაღდავაძე, მიხეილ სალუაშვილი, ზვიად იაშვილი, თამარი ცხორაგაული, გელა ხუციშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ლევანი ჩხეიძე, სალომე ზურაბიშვილი, ბესარიონ თედიაშვილი, გიორგი ანდრიაძე, კახაბერ ჭიჭინაძე, ვლადიმერ ნონიკაშვილი და თეიმურაზ შაშიაშვილი

 

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2018 წლის 01 ნოემბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ა(ა)იპ ,,ს-------–-------------------–------------------–--ს” წარმომადგენელმა გ. ქ---–-იამ, რომლითაც მოითხოვა N94 ზუგდიდის საარჩევნო უბნის შედეგების შემაჯამებელი N3251 ოქმის ბათილად ცნობა და N67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის N24/2018 განკარგულების ბათილად ცნობა.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ,,ს-------–-------------------–------------------–--ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ა(ა)იპ ,,ს-------–-------------------–------------------–--ს” წარმომადგენელმა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე №67/94 საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესს ესწრებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათ შორის ააიპ ,,ს-------–-------------------–------------------–--ს“ წარმომადგენელი - ნ---- გ---–--.

 

2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე №67/94 საარჩევნო უბანზე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის - ააიპ ,,ს-------–-------------------–------------------–--ს“ წარმომადგენლის - ნ---- გ---–--ს მიერ დაიწერა ორი საჩივარი, იმ მოტივით, რომ კომისიის წევრმა, საარჩევნო ყუთის მეთვალყურის ფუნქციის შემსრულებელმა ე-–---- ფ-----მ, მის თვალწინ ჩაყარა ყუთში კონვერტები, რომლებშიც საჩივრის ავტორის მოსაზრებით, იყო ბიულეტენები, რადგან დათვლისას ცარიელი კონვერტი არ გამოვლენილა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იმავე დღეს, 2018 წლის 28 ოქტომბერს კომისიის თავმჯდომარემ - ხ------- ჯ--------ამ, კომისიის წევრებმა მ--------------–---–--მ და ი---- ქ-----–იამ, ასევე ედპ-ს წარმომადგენელმა - გ---–----- ს-----მ, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა - თ----- პ----–---–მა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა - ხ------- ვ---–---მა წერილობით შეადგინეს ერთობლივი ახსნაგანმარტება, რომლითაც უარყვეს საჩივარში დაფიქსირებული გარემოებები და განმარტეს, რომ ე-–---- ფ----- არ იყო ყუთის ზედამხედველი და მას ხელში კონვერტი არ ეჭირა. წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთვა აგრეთვე ე-–---- ფ-----ს, რომელმაც არ დაადასტურა საჩივრებში მითითებული გარემოებები.

 

ნ---- გ---–--მ მიიჩნია რა, რომ საჩივრებში მითითებულ გარემოებებს შესაძლოა არსებითი გავლენა მოეხდინა საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგზე, საჩივრები წარადგინა №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

 

№67/94 საუბნო საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთის ზედამხედველი ე-–---- ფ----- არ ყოფილა და აღნიშნული ფუნქციას ახორციელებდა მ--------------–---–--.

 

№67/94 საუბნო საარჩევნო უბანზე საუბნო კომისიის მიერ შედგა ყველა კომისიის წევრის მიერ პრეტენზიის გარეშე ხელმოწერილი №3251 კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომლითაც არჩევნებში მონაწილე, ყველა სახის სიაში ხელმომწერ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა დაფიქსირდა 674, ყუთიდან ამოღებული ანუ გამოყენებული ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 669 ბიულეტენი, საიდანაც ვარგის ბიულეტენად მიჩნეულ იქნა 647, ხოლო გაბათილდა 22 ბიულეტენი. ასევე დადგენილია, რომ ერთ-ერთი კანდიდატის მიერ მიღებულია ყველაზე მეტი 298 ხმა, ხოლო მეორე ადგილზე მყოფი კანდიდატის ხმათა რაოდენობამ შეადგინა 217.

 

2018 წლის 30 ოქტომბერს №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ, კანონით დადგენილი წესით, შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და 2018 წლის 30 ოქტომბერს მიიღო №24/2018 განკარგულება ნ---- გ---–--ს საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩამორთმეული ახსნა-განმარტებების საფუძველზე მიიჩნია, რომ ე-–---- ფ-----ს მხრიდან კონვერტების ყუთში ჩაყრის ფაქტი არ გამოვლენილა და რომ №94 საარჩევნო უბნის კენჭისყრის დღის შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე ბალანისის სისწორე შედგა, ბიულეტინების მეტობას ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობასთან მიმართებაში ადგილი არ ჰქონია და არც განსხვავებული აზრი დაფიქსირებულა უბანზე.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო აქტების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლად უდევს მოსარჩელის, როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლის ნ---- გ---–--ს მოსაზრება მასზედ, რომ №94 საარჩევნო უბანში 2018 წლის 28 ოქტობერს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე, საარჩევნო ყუთზე მეთვალყურე კომისიის წევრმა ე-–---- ფ-----მ ნ---- გ---–--ს თვალწინ, ყუთში ჩაყარა კონვერტები, რომლებშიც იდო ბიულეტენები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ „საარჩევნო კოდექსის“ 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ და ,,ვ’’ ქვეპუნქტების მიხედვით, დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენით (ბიულეტენებით) ამომრჩეველი მიდის განცალკევებით მდგარ მაგიდასთან, საიდანაც დამოუკიდებლად იღებს სპეციალურ კონვერტს და მასში ათავსებს ბიულეტენს (ბიულეტენებს). მხოლოდ ამომრჩეველია უფლებამოსილი, საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) მოათავსოს სპეციალურ კონვერტში. საარჩევნო კომისიის წევრს არა აქვს უფლება გახსნას შევსებული საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) ან სხვაგვარად დაარღვიოს კენჭისყრის ფარულობა; საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს კონვერტის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი კონვერტი აქვს.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე-–---- ფ----- იყო კომისიის უფუნქციო წევრი და ყუთზე ზედამხედველობა ევალეობა არა ე-–---- ფ-----ს, არამედ მ--------------–---–--ს. შესაბამისად, სასამართლოს მითითებით, ფორმალურად გამორიცხული იყო ე-–---- ფ-----ს ჰქონოდა წვდომა საარჩევნო ყუთთან. საწინააღმდეგო დასაბუთებული არგუმენტი კი მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. რაიონული სასამართლოს მითითებით, მხოლოდ მითითება, რომ კომისიის წევრი ე-–---- ფ----- იმყოფებოდა ყუთთან ახლოს, არ მიუთითებდა მისი მხრიდან რაიმე დარღვევის საფრთხეზე. საარჩევნო კანონმდებლობა მას ამას არ უკრძალავდა, უფრო მეტიც, „საარჩევნო კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის მიხედვით, მისი, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ვალდებულება იყო უზრუნველეყო ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელება კენჭისყრის დღეს და ეკისრებოდა სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის. ეს კი მას უნდა განეხორციელებინა საარჩევნო პროცესის, მათ შორის, საარჩევნო ყუთზე თვალის მიდევნებით.

 

მოწმის ჩვენებასთან დაკავშირებით, რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ მოწმის ჩვენება, როგორც მტკიცებულება საფუძვლიანად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე, საქმეზე მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის წარმომადგენელ და სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ნ---- გ---–--სთან ერთად კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესს ესწრებოდნენ კომისიის წევრები, ასევე დამკვირვებლები, კერძოდ, ედპ-ს წარმომადგენელი გ---–----- ს-----, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი თ----- პ----–---–ი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ხ------- ვ---–---ი, რომლებმაც ერთობლივი წერილობითი ახსნა-განმარტებით უარყვეს საჩივარში დაფიქსირებული გარემოებები ე-–---- ფ-----ს მიერ ყუთში კონვერტების ჩაყრის თაობაზე, მხოლოდ ნ---- გ---–--ს სასამართლოში მიცემული ჩვენება ვერ გამოდგებოდა სათანადო მტკიცებულებად იმისა, რომ დადასტურებულად მიჩნეულიყო ე-–---- ფ-----ს მხრიდან საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრის ფაქტი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ „საარჩევნო კოდექსის“ 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში; შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შემაჯამებელ ოქმს და ამ კანონით დადგენილი წესით დამოწმებულ მის ასლს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვს.

 

მითითებულ ნორმაზე დაყრდნობით, სასამართლომ განმარტა, რომ შემაჯამებელი ოქმის დანიშნულება არის არა მონაცემთა ბალანსის პრიორიტეტულობა, არამედ ამომრჩეველის რეალურად გამოხატული ნების აღრიცხვა, ხოლო მონაცემთა შორის ბალანსი უნდა ემსახურებოდეს ამ მონაცემთა ნამდვილობის დადასტურებას. ამასთან, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და თუ კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერ დარღვევა, არამედ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევა. ხოლო იმავე ორგანული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, კანონმდებელი საარჩევნო კოდექსის უხეშ დარღვევად განიხილავს ისეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა განხორციელებას, რაც უკავშირდება საარჩევნო პრინციპების, ამომრჩეველთა კონსტიტუციური საარჩევნო უფლების შელახვას, ამომრჩეველთა ნების მასობრივ გაყალბებას, რაც არ იძლევა რეალური შედეგის დადგენის შესაძლებლობას, საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევაა ასევე, ისეთი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება, რასაც შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე.

 

სასამართლოს დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში, არცერთ ზემოთ მითითებულ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარდგენილი.

 

სასამართლოს მითითებით, №67/94 საარჩევნო უბანზე საუბნო კომისიის მიერ შედგა ყველა კომისიის წევრის მიერ ხელმოწერილი №3251 კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, ისე, რომ განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე, ყველა სახის სიაში ხელმომწერ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა დაფიქსირდა 674, ყუთიდან ამოღებული ანუ გამოყენებული ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 669 ბიულეტენი, საიდანაც ვარგის ბიულეტენად მიჩნეულ იქნა 647, ხოლო გაბათილდა 22 ბიულეტენი.

 

სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და განმარტა, რომ ამოღებული ანუ გამოყენებული ბიულეტენების რაოდენობის ტოლობა ან ნაკლებობა ყველა სახის სიაში ხელმომწერ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასთან, არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო არსებით დარღვევად, რადგან ამ შემთხვევაში სახეზე არ იყო იმაზე მეტი ბიულეტენი, რამდენმა ამომრჩეველმაც მოაწერა ხელი. ამასთან, ხმის მიცემა ნიშნავს ამომრჩევლის მიერ არა მხოლოდ სიაში მისი ხელმოწერის დაფიქსირებას, არამედ აღებული ბიულეტენის ყუთში მოთავსების პროცესსაც. ასევე, ამომრჩეველთა ხელმოწერების საერთო რაოდენობასა და ყუთიდან ამოღებულ, ნამდვილ ბიულეტენების რაოდენობას შორის სხვაობაა 27 ბიულეტენი, რაც არსებით გავლენას არ ახდენდა შედეგზე, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სადავო უბანზე საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის, არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი, საოლქო საარჩევნო კომისიის გასაჩივრებული განკარგულება გამოცემული იყო კანონშესაბამისად და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც მოსარჩელეს უარი ეთქვა მთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ,,ს-------–-------------------–------------------–--ს” წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

აპელანტის მითითებით, რაიონული სასამართლოს მიერ მოხდა ფაქტებისა და კანონის ზოგადი შეფასება და არასრული განმარტება. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა მიჩნეული ე-–---- ფ-----ს ყოფნა საარჩევნო ყუთთან შეუძლებლად, ვინაიდან, გამართულ სასამართლო სხდომაზე, ხ------- ჯ--------მ თვითონვე აღნიშნა რომ ე-–---- ფ----- იჯდა საარჩევნო ყუთის მეთვალყურის გვერდით სკამზე. ხოლო მოწმე ნ---- გ---–--, რომელიც შეესწრო ე-–---- ფ-----ს მიერ ყუთში კონვერტების ჩაყრის მომენტს, აღნიშნავდა საჩივარშიც და შემგომ სამსართლო სხდომაზეც, რომ ე-–---- ფ----- იჯდა საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი პირის ადგილას. ხოლო პროცესზე მხარის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, ხ------- ჯ--------ს მხრიდან იმის აღნიშვნა, რომ ე-–---- ფ----- იჯდა საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი პირის გვერდით, არის მხოლოდ მხარის პროცესუალურ-ტაქტიკური ნაბიჯი (რაც დამატებით მეტყველებს მოპასუხე მხარის მიერ შესაგებელსა და სასამართლოს სხდომაზე აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების სანდოობის ხარისხზე), რომელიდანაც მაინც, ლოგიკურად, არ გამომდინარეობს ის ფაქტი რაც საქმის ამ გარემოებაზე, რაიონულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაასკვნა, ვინაიდან, ორივე პირის მიერ პროცესზე გაცხადებული ფაქტი ადასტურებს, რომ ე-–---- ფ----- იჯდა იქ სადაც საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, მუდმივად უნდა იმყოფებოდეს მხოლოდ საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი.

 

სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ ფაქტზე რაც მხარემ პორცესზე განაცხადა რომ საარჩევნო ყუთისა დაკონვერტების ზედამხედველის ფუნქცია არ ეკისრებოდა ე-–---- ფ-----ს, მაგრამ იგი იკავებდა წილისყრით ამ ფუქციის შემსრულებლის ადგილს, აღნიშნული დაადასტურა მოწმე ნ---- გ---–--მაც, ხოლო მითითებულ გარემოებას ადგილი ქონდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნათა დარღვევით.

 

აპელანტის მითითებით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. აღნიშნული დანაწესი სასამართლოს ავალებს, რომ როდესაც იგი მსჯელობს სასამართლო მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელის დაუსაბუთებლობაზე, დაუსაბუთებლობის ვალდებულების მოცულობის განსაზღვრისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს თუ რომელი ინფორმაციის მიღება შეიძლება იყოს შესაძლებელი და მოთხოვნადი მხარისგან. სასამართლომ პროცესზე მოწმის დაკითხვისას მას უთხრა თუ რატომ არ გადაიღო მოწმემ საარჩევნო ყუთში უკანონოდ კონვერტების ჩაყრის ფაქტი ტელეფონით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არის ეფექტური მართლმსაჯულების კონსტიტუციურ სამართლებრივი უფლების დარღვევა, ვინაიდან, ერთადერთი კანონით გათვალისწინებული მექანიზმი, რომლითაც დამკვირვებელს ევალება უბანზე არსებული დარღვევის დაფიქსირება, არის საჩივრის დაწერა და მისი დარეგისტრირება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

 

სასამართლო უთითებს, რომ ნ---- გ---–--სთან ერთად კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესს ესწრებოდნენ კომისიის წევრები, ასევე დამკვირვებლები, გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია იმ დამკვირვებელთა ვინაობა (მათ წარმდგენ სუბიექტებზე მითითებით) ვინც ახსნა განმარტებებს აწერენ ხელს და მიიჩნევს, რომ ამ დამკვირვებელთა ახსნა-განმარტებების საპირწონედ მხოლოდ ნ---- გ---–--ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ვერ გამოდგება სათანადო მტკიცებულებად იმისა, რომ ე-–---- ფ-----ს მხრიდან ადგილი ჰქონდა საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრას, დამატებით იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებითაც რომ ახსნა-განმარტება გაკეთებულია ძირითადად ოპოზიციურ პარტიათა დამკვირვებლების მიერ, ხოლო ე-–---- ფ----- თავად ევროპული საქართველოს წარმოადგენელი იყო, სახეზეა სასამართლოს მიერ მოსარჩელის მხრიდან დაუსაბუთებლობის ვალდებულების არსწორი განსაზღვრა და მტკიცების ტვირთის ობიექტურ განაწილებას პრინციპის დარღვევა, ვინაიდან ერთადერთი კანონით გათვალისწინებული მექანიზმი, რომლითაც დამკვირვებელს ევალება უბანზე არსებული დარღვევის დაფიქსირება, არის საჩივრის დაწერა და მისი დარეგისტრირება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ მიუთითა, რომ ადგილი არ ქონია ამომრჩეველთა კონსტიტუციური საარჩევნო უფლების შელახვას, ამომრჩეველთა ნების ისეთ მასობრივ გაყალბებას, რაც არ იძლევა რეალური შედეგის დადგენის შესაძლებლობას. არჩევნები თავისი არსით არის ფორმალური და ორგანიზებული ხმის მიცემის პროცესი, რომლის დროსაც ამომრჩევლები ახორციელებენ მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების რეალიზებას, სწორედ აღნიშნული გარემოება განაპირობებს იმას, რომ საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არჩევნების ორგანიზებასთან, კენჭისყრის დღის პროცედურებთან დაკავშირებით, ძირითადად არის იმპერატიული, ანუ თუ საარჩევნო კოდექსის რომელიმე უალტერნატივო, უპირობოდ შესასრულებებლი პროცედურული მოთხოვნა, დაირღვევა ეს უკვე ნიშნავს ადამიანის ძირითად უფლებაში დაუსაბუთებელ ჩარევას. სხვაგვარად ამ საკითხის გაგება არის საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევის წახალისება.

 

დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ გამოყენებული ბიულეტენების რაოდენობის ტოლობა ან ნაკლებობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასთან, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს არსებით დარღვევად. აღნიშნული მსჯელობა არც სამართლებრივად და არც ფაქტობრივად არ არის გამართლებული. სასამართლომ აბსოლუტურად უგულებელყო ის გარემოება, თუ როგორ აღმოჩნდა 5 ხელმოწერით მეტი ამომრჩეველთა ერთიან სიაში. სიაში ხელმოწერის შემდეგ, პროცედურის მიხედვით ამომრჩეველს გადაეცემა ბიულეტენი ხმის მისაცემად, საინტერესოა რატომ არ აღმოჩნდა ხელმოწერების რაოდენობა და გაცემული/გამოყენებული ბიულეტენების რაოდენობა თანაბარი. თუ სახეზე გვაქვს შემთხვევა, როდესაც ერთმა ამომრჩეველმა სხვის მაგივრად, ანუ შეცდომით სხვა გრაფაში მოაწერა ხელი, მაშინ სიის თავიდან შემოწმებით შეგვეძლება დავადგინოთ მსგავსი ხასიათის შეცდომის არსებობა, რადგან, ორ სხვადასხვა გრაფაში უნდა აღმოჩნდეს ერთი და იგივე პირის ხელმოწერა. რაც თავის მხრივ დარღვევაა, რომლისთვისაც, მინიმუმ ახსნა - განმარტება უნდა დეწერა შესაბამის რეგისტრატორს. აპელანტი ვარაუდობს, რომ წინასწარ გამზადდა ხელმოწერები სიებში და ასევე გამზადდა ბიულეტენები „ყუთში ჩასაყრელად“, თუმცა იმ ინციდენტის შემდეგ რაც დაფიქსირდა კიდეც როგორც დარღვევა აღნიშნული ვეღარ განხორციელდა სრულად და სიაში დარჩა 5 ხელმოწერით ზედმეტი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ ა(ა)იპ ,,ს-------–-------------------–------------------–--ს” წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

საქართველოს სსკ-ის 390.3 „გ“ მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე №67/94 საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესს ესწრებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათ შორის ააიპ ,,ს-------–-------------------–------------------–--ს“ წარმომადგენელი - ნ---- გ---–--.

 

2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე №67/94 საარჩევნო უბანზე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის - ააიპ ,,ს-------–-------------------–------------------–--ს“ წარმომადგენლის ნ---- გ---–--ს მიერ დაიწერა ორი საჩივარი, იმ მოტივით, რომ კომისიის წევრმა, საარჩევნო ყუთის მეთვალყურის ფუნქციის შემსრულებელმა ე-–---- ფ-----მ, მის თვალწინ ჩაყარა ყუთში კონვერტები, რომლებშიც საჩივრის ავტორის მოსაზრებით, იყო ბიულეტენები, რადგან დათვლისას ცარიელი კონვერტი არ გამოვლენილა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იმავე დღეს, 2018 წლის 28 ოქტომბერს კომისიის თავმჯდომარემ ხ------- ჯ--------ამ, კომისიის წევრებმა მ--------------–---–--მ და ი---- ქ-----–იამ, ასევე ედპ-ს წარმომადგენელმა - გ---–----- ს-----მ, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა - თ----- პ----–---–მა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა - ხ------- ვ---–---მა წერილობით შეადგინეს ერთობლივი ახსნაგანმარტება, რომლითაც უარყვეს საჩივარში დაფიქსირებული გარემოებები და განმარტეს, რომ ე-–---- ფ----- არ იყო ყუთის ზედამხედველი და მას ხელში კონვერტი არ ეჭირა. წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთვა აგრეთვე ე-–---- ფ-----ს, რომელმაც არ დაადასტურა საჩივრებში მითითებული გარემოებები.

 

ნ---- გ---–--მ საჩივრები წარადგინა №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

 

№67/94 საუბნო საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთის ზედამხედველის ფუნქციით აღჭურვილი იყო მ--------------–---–--.

 

№67/94 საუბნო საარჩევნო უბანზე საუბნო კომისიის მიერ შედგა №3251 კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, ოქმი ხელმოწერილია კომისიის ყველა წევრის მიერ და მათ შენიშვნები არ დაუფიქსირებიათ. მითითებული ოქმით, არჩევნებში მონაწილე, ყველა სახის სიაში ხელმომწერ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა დაფიქსირდა 674, ყუთიდან ამოღებული ანუ გამოყენებული ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 669 ბიულეტენი, საიდანაც ვარგის ბიულეტენად მიჩნეულ იქნა 647, ხოლო გაბათილდა 22 ბიულეტენი. ასევე დადგენილია, რომ ერთ-ერთი კანდიდატის მიერ მიღებულია 298 ხმა, ხოლო მეორე ადგილზე მყოფი კანდიდატის ხმათა რაოდენობამ შეადგინა 217.

 

2018 წლის 30 ოქტომბერს №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო №24/2018 განკარგულება ნ---- გ---–--ს საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დ---- ა-----------მ და ა-----– თ-------მ განმარტეს, რომ მათ ნ---- გ---–--საგან შეიტყვეს, რომ იგი შეესწრო ე-–---- ფ-----ს მიერ საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრას. მათ უშუალოდ ე-–---- ფ-----ს მიერ საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი არ დაუნახავთ, რადგან საარჩევნო უბანზე ამ ფაქტის შემდეგ მივიდნენ.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ რაიონული სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს.

 

სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის არჩევნები განმარტებულია როგორც საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დემოკრატიის საფუძველი და აუცილებელი პირობა ღია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია, რასაც უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფო მართვაში მოქალაქეთა მონაწილეობის შესაძლებლობა და რომლის უზრუნველყოფის ქვაკუთხედს საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით გარანტირებული საყოველთაო საარჩევნო უფლება წარმოადგენს. ამიტომაც ხმის მიცემა არჩევნების კონსტიტუციური (სუბსტანციური) ნიშან-თვისებით ხასიათდება.

 

არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2010 წლის 27 დეკემბრის N1/1/493 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნა, რომ ,,არჩევნები არის ერთგვარი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს დემოკრატია. იმისათვის, რომ შედგეს ,,ხალხის მმართველობა”, ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში და ამის საუკეთესო გზა არჩევნებია.

 

არჩევნები თავისთავად აჩენს განცდას და რწმენას ადამიანებში, რომ ისინი უშუალოდ იღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მართვაში (ირჩევენ რა თავის რჩეულებს ან თავად არიან არჩეული). ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ტარდება არჩევნები, პირველ რიგში, როგორია თავად საარჩევნო კანონმდებლობა, რამდენად შეიცავს ის საკმარის და საჭირო გარანტიებს იმისათვის, რომ არჩევნების შედეგად ქვეყანამ, მისმა მოქალაქეებმა მიიღონ ,,ხალხის მმართველობა”. ეს შედეგი მიღწევადია, თუ არჩევნებში მონაწილეობა რეალურად თანაბრად არის ხელმისაწვდომი ყველა მოქალაქისთვის.

 

თანასწორობა ზოგადად საარჩევნო უფლების არსის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. არჩევნების პროცესში სახელმწიფოს აქვს ვალდებულება თანასწორობის უზრუნველმყოფელი პირობების შემოღებისა. ამ პროცესში მისი ძირითადი ფუნქციაა, არ მოახდინოს ვინმეს შეზღუდვა ან პრივილეგირება გონივრული დასაბუთების გარეშე.

 

მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ერთნაირი შესაძლებლობა, მიაღწიონ ცვლილებებს არჩევნების გზით: ერთი მხრივ, ყველა ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს ერთნაირი შესაძლებლობა, აირჩიოს თავისი წარმომადგენელი. ამ თვალსაზრისით თითოეულს უზრუნველყოფილი უნდა ჰქონდეს მთელ საარჩევნო პროცესში მონაწილეობისა და მის შედეგებზე გავლენის მოხდენის ერთნაირი გარანტიები; ხოლო, მეორე მხრივ, პოლიტიკურ პარტიებს თუ ცალკეულ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ ერთნაირი შესაძლებლობა, ამომრჩეველს შესთავაზონ რეალური პოლიტიკური არჩევანი. კანონმდებლობა უნდა იძლეოდეს საკმარის გარანტიებს იმისათვის, რომ პოლიტიკურ უმცირესობას ჰქონდეს რეალური შანსი, გახდეს უმრავლესობა, ანუ კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს უმცირესობის უნარების თვითრეალიზაციისთვის უმრავლესობასთან თანაბარ გარანტიებს, რათა, ერთი მხრივ, პოლიტიკურ ძალთა, ხოლო, მეორე მხრივ, მათ მხარდამჭერთა შეჯიბრი პოლიტიკურ პროცესში თანაბარ პირობებში წარიმართოს’’.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ ზოგადად არჩევნები მრავალსტადიანი ერთი მთლიანი დინამიური პროცესია, რომელიც მოიცავს ორგანულად ერთმანეთთან დაკავშირებულ სამ სტადიას: არჩევნების მომზადებას, ჩატარებას და შედეგების შეჯამებას. ამასთან, სამივე სტადია ერთმანეთის განმსაზღვრელია და საბოლოოდ ასახავს ჩატარებული არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხს. ამ პროცესში სახელმწიფო მასზე დაკისრებული ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებით. სწორედ ამ აქტებით, მათ შორის საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულია საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად მართვისა და ზედამხედველობის ინსტიტუციები, როგორიცაა მაგ.: საარჩევნო პროცესზე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მონიტორინგი, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მონაწილეობა, საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმომადგენლის მეშვეობით შესაბამის საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობა და სხვა. ამასთან, ასევე მნიშვნელოვანს წარმოადგენს კანონმდებლის მიერ საარჩევნო პროცესზე ზედამხედველობითი ფუნქციით აღჭურვილი პირების მიმართ პროცედურული თუ სხვა სახის დარღვევების ფიქსაციის უფლების მინიჭებაც.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების და მათი ხარისხის შეფასების ერთ-ერთ ძირითად წყაროს ამ პროცესზე მონიტორინგის უფლების მქონე პირთა მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტური (წერილობითი, აუდიო-ვიდეო) და უშუალოდ ამომრჩევლის მიერ მისი უფლებების შეზღუდვის ამსახველი (წერილობითი ან ზეპირი) უტყუარი მტკიცებულებები წარმოადგენს. სწორედ პირველადი წყაროდან მიღებული მონაცემების ობიექტური შეფასება და სათანადოობის, საკმარისობის, პრიორიტეტულობის და საბოლოო ჯამში გაზიარების თვალსაზრისით მათი მტკიცებულებითი მნიშვნელობის განსაზღვრა უზრუნველყოფს არჩევნების იმ ფუძემდებლური პრინციპების დაცულობის შეფასებას, როგორიცაა არჩევნების საყოველთაობა, თავისუფლება, თანასწორობა, პირდაპირობა და ფარულობა.

 

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კანონმდებელმა არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის საფუძვლად საქართველოს საარჩევნო კოდექსის არა ნებისმიერი დაღვევა, არამედ მისი უხეშად დარღვევა მიიჩნია. ამასთან კანონის უხეშად დარღვევის ლეგიტიმურ განმარტებას საქართველოს საარჩევნო კოდექსი არ იძლევა. პალატის აზრით, ნორმის სისტემური განმარტებიდან გამომდინარე, კანონმდებელი ამ ტერმინში მოიაზრებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის ნორმათა ისეთ არსებით, მასშტაბურ და სისტემატიურ დარღვევას, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესზე და მის შედეგზე − ამ დარღვევის არსებობით ვერ იქნა მიღებული ,,ხალხის მმართველობა”, რაც მისი გაუქმების უპირობო საფუძველია.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „საარჩევნო კოდექსის“ 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ და ,,ვ’’ ქვეპუნქტების მიხედვით, დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენით ამომრჩეველი მიდის განცალკევებით მდგარ მაგიდასთან, საიდანაც დამოუკიდებლად იღებს სპეციალურ კონვერტს და მასში ათავსებს ბიულეტენს. მხოლოდ ამომრჩეველია უფლებამოსილი, საარჩევნო ბიულეტენი მოათავსოს სპეციალურ კონვერტში. საარჩევნო კომისიის წევრს არა აქვს უფლება გახსნას შევსებული საარჩევნო ბიულეტენი ან სხვაგვარად დაარღვიოს კენჭისყრის ფარულობა; საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს კონვერტის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი კონვერტი აქვს.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საარჩევნო ყუთზე ზედამხედველობა ევალეობა მ--------------–---–--ს. ამდენად, გამორიცხული იყო ე-–---- ფ-----ს ჰქონოდა წვდომა საარჩევნო ყუთთან. საწინააღმდეგო დასაბუთებული არგუმენტი კი მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. სააპელაციო პალატა იზიარებს სასამართლოს დასკვნას, რომ მხოლოდ მითითება, რომ კომისიის წევრი ე-–---- ფ----- იმყოფებოდა ყუთთან ახლოს, არ ადასტურებს მისი მხრიდან რაიმე დარღვევის ჩადენას. ე-–---- ფ----- საარჩევნო უბნის წევრი იყო და მას საარჩევნო კანონმდებლობა არ უკრძალავდა, უფრო მეტიც, „საარჩევნო კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის მიხედვით, მისი, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ვალდებულება იყო უზრუნველეყო ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელება კენჭისყრის დღეს და ეკისრებოდა სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის. ეს კი მას უნდა განეხორციელებინა საარჩევნო პროცესის, მათ შორის, საარჩევნო ყუთზე თვალყურის მიდევნებით.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს, გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა ამგვარი გადანაწილება არ გ---–-სხმობს მოსარჩელე მხარის, ამ შემთხვევაში მოსარჩელის, საერთოდ გათავისუფლებას მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ე.ი. იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რაზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს რაიონული სასამართლოს დასკვნას მოწმის ნ---- გ---–--ს ჩვენების შეფასებასთან დაკავშირებით, რომ მოწმის ჩვენება, როგორც მტკიცებულება საფუძვლიანად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე, საქმეზე მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის წარმომადგენელ და სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ნ---- გ---–--სთან ერთად კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესს ესწრებოდნენ კომისიის წევრები, ასევე დამკვირვებლები, კერძოდ, ედპ-ს წარმომადგენელი გ---–----- ს-----, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი თ----- პ----–---–ი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ხ------- ვ---–---ი, რომლებმაც ერთობლივი წერილობითი ახსნა-განმარტებით უარყვეს საჩივარში დაფიქსირებული გარემოებები ე-–---- ფ-----ს მიერ ყუთში კონვერტების ჩაყრის თაობაზე, მხოლოდ ნ---- გ---–--ს სასამართლოში მიცემული ჩვენება ვერ გამოდგებოდა ე-–---- ფ-----ს მხრიდან საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ამავე სასამართლოს მიერ მოწმეებად დაკითხული პირების დ---- ა-----------ს და ა-----– თ-------ს ჩვენებებს, რადგან ისინი ე-–---- ფ-----ს მხრიდან საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრის თვითმხილველი მოწმეები არ არიან და ირიბად, ნ---- გ---–--საგან გადმოცემულ ფაქტზე მიუთითებენ.

 

საარჩევნო კანომდებლობის დარღვევის დამადასტურებელი უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულება კი, მოსარჩელის მიერ არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოში, წარდგენილი არ ყოფილა.

 

„საარჩევნო კოდექსის“ 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

მითითებულ ნორმაზე დაყრდნობით, პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს დასკვნას, რომ შემაჯამებელი ოქმის დანიშნულება არის ამომრჩეველის რეალურად გამოხატული ნების აღრიცხვა, ხოლო მონაცემთა შორის ბალანსი უნდა ემსახურებოდეს ამ მონაცემთა ნამდვილობის დადასტურებას. ამასთან, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და თუ კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერ დარღვევა, არამედ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევა. ხოლო იმავე ორგანული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, კანონმდებელი საარჩევნო კოდექსის უხეშ დარღვევად განიხილავს ისეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა განხორციელებას, რაც უკავშირდება საარჩევნო პრინციპების, ამომრჩეველთა კონსტიტუციური საარჩევნო უფლების შელახვას, ამომრჩეველთა ნების მასობრივ გაყალბებას, რაც არ იძლევა რეალური შედეგის დადგენის შესაძლებლობას, საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევაა ასევე, ისეთი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება, რასაც შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე.

 

პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ N94 ზუგდიდის საარჩევნო უბანზე არ დაფიქსირებულა იმაზე მეტი ბიულეტენის რაოდენობა, რამდენმა ამომრჩეველმაც მოაწერა ხელი ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველთა სიაში. ამასთან, ხმის მიცემა ნიშნავს ამომრჩევლის მიერ არა მხოლოდ სიაში მისი ხელმოწერის დაფიქსირებას, არამედ აღებული ბიულეტენის ყუთში მოთავსების პროცესსაც. კენჭისყრის ფარულობის თავისებურებიდან გამომდინარე, შეუძლებელია იმის შემოწმება, ამომრჩეველმა მოათავსა თუ არა კონვერტში ყველა ბიულეტენი. ასევე, ამომრჩეველთა ხელმოწერების საერთო რაოდენობასა და ყუთიდან ამოღებულ, ნამდვილ ბიულეტენების რაოდენობას შორის სხვაობაა 5 ბიულეტენი (ნაკლები ვიდრე ამომრჩეველი გამოცხადდა), რაც არსებით გავლენას ვერ მოახდენს დაფიქსირებულ შედეგზე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ კენჭისყრის დღეს N94 ზუგდიდის საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას.

 

„საარჩევნო კოდექსის“ 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ გადაწყვეტილებაში ასახული სამართლებრივი შეფასებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, სააპელაციო საჩივარში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს საქართველოს სსკ-ის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს და ის უნდა დარჩეს უცვლელი, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. სასამართლო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივარი უარყოფილია უსაფუძვლობის გამო, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება ეკისრება აპელანტს, რაც მის მიერ წინასწარ არის გადახდილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 77-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა(ა)იპ ,,ს-------–-------------------–------------------–--ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.უცვლელად დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4.სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

ხათუნა ხომერიკი