განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002123879
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3741-18 8 ოქტომბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები - ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი – ბ-----------აია
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ--–-------------–-------------–------ი“
წარმომადგენელი – თ------–-–--–---–ი
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „მ--–-------------–-------------–-------------------ისათვის“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, 2016 წლის 28 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს სახით, 44.46 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
1.2. შპს „მ--–-------------–-------------–-------------------ისათვის“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, 2015 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს სახით, 30 615.00 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
1.3. შპს „მ--–-------------–-------------–-------------------ისათვის“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, 2015 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს სახით, 11 216.00 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სარჩელი შპს „მ--–--------------–-------------------ის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს „მ--–-------------–-------------–------ს და სერვისს“, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით, 4 000 ლარის გადახდა.
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 420-ე მუხლების საფუძველზე.
4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
5.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ხელშეკრულებები გაფორმებული იყო „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რაც მიუთითებს სამინისტროს, როგორც ხელშემკვრელი მხარის ობიექტურ, მომეტებულ ინტერესზე - ხელშეკრულების ჯეროვნად და დროულად შესრულებასთან მიმართებაში.
5.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა 20---–-–--------------------------- ხელშეკრულების შესრულების გარემოება. კერძოდ, გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მხარის მიერ ვალდებულება შესრულდა 2016 წლის 09 მარტს, თუმცა საქმის მასალებით დგინდება, რომ მხარემ ნაწილობრივ შეასრულა 9 მარტს, ხოლო დანარჩენი ნაწილი შეასრულა 2016 წლის 23 მარტს. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ემსჯელა, როგორც 9 მარტის, ასევე, 23 მარტის შესრულებაზე. აღნიშნულ ნაწილში სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლი, რაც უადგილოა და წარმოადგენს კანონს, რომელიც სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა.
5.3. პირველი ინსტანციის სასამართლო უხეშად ჩაერია სახელშეკრულებო თავისუფლებაში და უსაფუძვლოდ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი.
5.4. სასამართლომ მართალია მიუთითა პირგასამტეხლოს სამართლებრივ არსსა და მის მნიშვნელობაზე სამოქალაქო ბრუნვაში, თუმცა არსებითად არ უმსჯელია კონრკეტულ შემთხევაში რა გახდა პირგასამტეხლოს - „შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად“ მიჩნევის საფუძველი. ვინაიდან, პირგასამტეხლის ოდენობები ხელშეკრულების ფასებთან მიმართებით განსაზღვრული იყო შემდეგი პროპორციით ხელშეკრულების ფასი - 355 750 ლარი, - 30 615 ლარი. გაუგებარია და დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, თუ რატომ არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში 9-10%-იანი პირგასამტეხლოს ოდენობა „შეუსაბამოდ მაღალი“, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შესყიდვა ეხებოდა სამედიცინო აპარატურას.
5.5. სასამართლო საკუთარ მსჯელობასთან მოვიდა წინააღმდეგობაში: ერთი მხრივ, მიუთითა პირგასამტეხლოს არსზე, როგორც ვალდებულების შესრულების გარანტიაზე და მეორე მხრივ, „შესაბამის ოდენობად“ მიიჩნია თანხა, რომელიც არ გამოდგება პროპორციულ საშუალებად, - ატარებდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ფუნქციას. სამეცნიერო ლიტერატურაში, ისევე როგორც კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოცემულ რეკომენდაციებში, არაერთგზის არის აღნიშნული, რომ ხელშეკრულების შესრულებისა და მხარის დარღვეული უფლების კომპენსირებისათვის პირგასამტეხლოს განსაზღვრა მიზანშეწონილია მთლიანი - სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 10% -ით, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა მხარის განსაკუთრებული ინტერესი ხელშეკრულების შესრულების მიმართ, სრულიად შესაბამისი ოდენობაა პირგასამტეხლოს განსაზღვრა „ხელშეკრულების ფასის“ 15%-მდე ოდენობით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
9. სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
9.1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „მ--–-------------–-------------–-------------------ს“ შორის 2016 წლის 28 ოქტომბერს გაფორმდა სახემწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგებლში“ სამინისტრომ რეანომობილებისათვის შეისყიდა 5 ერთეული ელექტრო ამომქაჩი და 5 ერთეული ხელოვნური სუნთქვის აპარატი. ღრებულება 37 350 ლარი.
9.2. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა შეთანხმებული პროდუქცია 2016 წლის 27 ნოემბრამდე. მხარეთა შეთანხმებით, ვალდებულების დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შესასრულებელი ვალდებულების 0,1%-ის ოდენობით.
9.3. 2016 წლის 28 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „მ--–-------------–-------------–-------------------მა“ შეასრულა 1 440 ლარის ღირებულების ვალდებულება- 2016 წლის 28 დეკემბერს (დაგვიანება 31 დღე)
10. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „მ--–-------------–-------------–-------------------ს“ შორის 2015 წლის 29 დეკემბერს გაფორმდა #--------- ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სამინისტრომ განახორციელა 355 750 ლარის ღირებულების, სხვადასხვა სახის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა;
10.1. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, მიწოდება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღის ვადაში - 2016 წლის 8 მარტამდე.
10.2. მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შესასრულებელი ვალდებულების 2%-ის ოდენობით.
10.3. 2015 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „მ--–-------------–-------------–-------------------მა“ შეასრულა 102 050 ლარის ღირებულების ვალდებულება- 2016 წლის 23 მარტს (დაგვიანება 15 დღე);
11. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „მ--–-------------–-------------–-------------------ს“ შორის 2015 წლის 29 დეკემბერს გაფორმდა #პ-------- ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სამინისტრომ განახორციელა 99 500 ლარის ღირებულების, სხვადასხვა სახის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა;
11.1. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, მიწოდება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღის ვადაში - 2016 წლის 8 მარტამდე; მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შესასრულებელი ვალდებულების 2%-ის ოდენობით.
11.2. 2015 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „მ--–-------------–-------------–-------------------მა“ შეასრულა - 2016 წლის 9 მარტს.
12. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი მხარეთა შორის 2015 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული #--------- ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულების ვადა. კერძოდ, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლი და არასწორად მიიჩნია, რომ ვინაიდან ხელშეკრულებით შეთანხმებული შესრულების ვადის ბოლო დღე (8 მარტი) უქმე იყო, მოპასუხის მიერ 9 მარტს განხორციელებული მიწოდება შეთანხმებულ ვადაში შესრულებას წარმოადგენდა. ამ ნაწილში სააპელაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და განმარტავს, რომ სადავო საკითხი მოწესრიგებულია არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, არამედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 127-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს ან მოქმედების შესრულების ადგილას გამოცხადებულ სადღესასწაულო ანდა სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებულ უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით 2015 წლის 29 დეკემბრის #--------- ხელშეკრულების შესრულების გარემოება არსებითად სწორად არის დადგენილი, რის გამოც არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.
13. სააპელაციო საჩივრით ასევე სადავოდ არის გამხდარი სამოქალაქო კოდექსის 418-ე და 420-ე მუხლების გამოყენების მართებულობა 2015 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული #პ-------- ნასყიდობის ხელშეკრულებასთან მიმართებაში. შესაბამისად, პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას აღნიშნულ ნაწილში შეამოწმებს.
14. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე.
15. სააპელაციო პალატას მიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი, ამასთან, არაჯეროვანი შესრულებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
17. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
18. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგნია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
19. სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ხოლო კონტიტენტური ევროპის სამართლის ქვეყნების სასამართლოები (მათ შორის, გერმანია), ასევე, უაღრესად დიდ ყურადღებას აქცევენ კრედიტორის ეკონომურ ინტერესს, კერძოდ, თუ რა ინტერესი და მნიშვნელობა გააჩნია კრედიტორს ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ, რაც განაპირობებს პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციულ ფუნქციას, ზოგჯერ საკმაოდ მაღალსაც კი.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2015 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული #პ-------- ნასყიდობის ხელშეკრულებით, ვალდებულების დარღვევისათვის, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა შესასრულებელი ვალდებულების 2%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
20. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს, მისი მტკიცების ფარგლებში, არ მიუთითებია იმ გარემოებაზე, თუ რა კანონიერი ინტერესი გააჩნდა ხელშეკრულების დროულად შესრულების მიმართ, როდესაც ასეთ მაღალ პირგასამტეხლოს აწესებდა (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების - 102050 ლარის 2% - დღეში 2041 ლარი). აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით კი, პალატას მიაჩნია რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა და არ არსებობს მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველი.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
22. აპელანტი სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებულია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებულია.
4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი