განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.09.2018
საქმის ნომერი
330210016001654080
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001654080

საქმე № 2ბ/542-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - ვე----------–--ე

წარმომადგენელი - ლი---–------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - მა------------ე

წარმომადგენელი - შო--------------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.12.2017წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება 4000 ევროს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. მოსარჩელე ვე----------–--ის (პ/ნ N0----------) სარჩელი მოპასუხე მა------------ის (პ/ნ N0----------) მიმართ 7618 (შვიდი ათას ექვსას თვრამეტი) ევროს დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვე----------–--ემ 2009-2014 წლებში, ფულადი გზავნილების საერთაშორისო კომპანიების ,,რი--“ და ,,მა---------“ საშუალებით, მოპასუხე მა------------ის სახელზე გადარიცხული აქვს 7207 ევრო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- ფულადი გზავნილების საერთაშორისო კომპანიების ,,რი--“ და ,,მა---------“ ამონაწერები (ს.ფ. 15-17);

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

2.2. 2014 წლის 27 მაისს, მოპასუხე მა------------ემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ლ--–--------------–---------------, მიწის ფართი 1500 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №8----------- აჩუქა შვილს და------------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- 2014 წლის 27 მაისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 24-27);

- საჯარო რეესტრის ამონაწერები (ს.ფ. 28-31);

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით :

 

2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისთვის, გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნაა სესხად გადაცემული თანხის დაბრუნება, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ გამოგზავნილი თანხის სარჩელში მითითებული ოდენობით მიღების ფაქტი და სადავოდ გახადა მხოლოდ თანხის მიზნობრიობა (სასესხო ურთიერთობის არსებობა).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს, მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, მიუთითებს იმაზე, რომ მოცემული ნორმით არ არის გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმი და დასადგენი გარემოებების თავისებურებების გათვალისწინებით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა პროცესუალური მტკიცებულებები. მართლია, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარადგინა სადავო თანხის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულებები (თანხების გადარიცხვის საერთაშორისო გზავნილები), თუმცა მასში არ არის მითითებული მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობაზე. შესაბამისად, მხოლოდ მოსარჩელის სახელით სადავო თანხის გადმოგზავნისა და მოპასუხის მიერ მისი მიღების ფაქტით არ შეიძლება დადასტურდეს მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობა და გადაცემული თანხის დაბრუნებაზე მხარეთა შეთანხმება, მით უმეტეს, რომ თავად მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე მიეთითა, რომ ვალის დაბრუნების კონკრეტულ ვადაზე მხარეთა შორის წინასწარი შეთანხმება არ ყოფილა და არც ჯამურად რა ოდენობის თანხა უნდა ესესხებინა მოსარჩელეს მოპასუხესთვის, არც ამაზე ყოფილა შეთანხმება. სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება, ხოლო მოპასუხემ დაადასტურა თავის შესაგებელში მითითებული გარემოება.

 

2.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 525-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან.

 

525-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, რომლის დროსაც დაცული უნდა იქნეს 186-ე მუხლის მოთხოვნებიც. ცალსახაა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში კანონმდებელი მხოლოდ გადაცემით ჩუქების ხელშეკრულებას აღიარებს და ჩუქებას რეალური ხელშეკრულებების კატეგორი-- მიაკუთვნებს. 525-ე პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, მოძრავ ნივთებთან მიმართებით, დასაჩუქრებულის თანხმობის გამოხატვა ხდება ნაჩუქარი ნივთის მიღებით.

 

სასამართლო ეთანხმება ანალოგიურ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომ სასესხო ურთიერთობის სადავოობის შემთხვევაში, სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა, მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა. როდესაც დადგენილია თანხის გადაცემის ფაქტი და არ დგინდება მისი დაბრუნების ვალდებულება, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით გამოთხოვა გამოირიცხება და მოპასუხის პოზიციის სასარგებლოდ მოქმედებს სსკ-ს 361-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია (ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას), რომლის გაბათილებაც მოსარჩელემ ვერ შეძლო. აქედან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც საკითხი ეხება ჩუქების ხელშეკრულებას, მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მხარეთა ნების განმსაზღვრელი ორი ძირითადი კრიტერიუმი: მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა და გამჩუქებლის მატერიალური მდგომარეობა. ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადგინდეს ამ კრიტერიუმების არსებობის შეფასების კუთხით, ხოლო დასახელებული კრიტერიუმების არსებობის კუთხით, ხოლო დასახელებული კრიტერიუმების შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ანალოგიურ გარემოებებში გონიერი ადამიანის ქცევის სტანდარტი. ამ თვალსაზრისით, პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა, რაც, როგორც წესი, განაპირობებს მჩუქებლის მიერ ჩუქების ხელშეკრულების დადების მოტივის ჩამოყალიბებას. ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათი ძირითად მაკვალიფიცირებელ წინაპირობას წარმოადგენს. ამიტომ იგი შესაძლებელია, სხვადასხვა მოტივებით იყოს განპირობებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩუქების მოტივი ყოველთვის გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ამგვარი ურთიერთობები კი, როგორც წესი, გარკვეული დროის განმავლობაში ყალიბდება და საფუძვლად უდევს მხარეთა შორის არსებული მადლიერება, კეთილგანწყობა ან დამკვიდრებული ჩვეულებებით დადგენილი ერთგვარი მორალური ვალდებულება (იხ სუსგ -საქმე № ას-6-6-2015, 01.07. 2015 წ.).

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავო ფაქტია, რომ მოსარჩელე ჰოლანდიაში ცხოვრობს, მოპასუხე გარკვეული წლების მანძილზე ასევე ცხოვრობდა ჰოლანდიაში, რა დროსაც მხარეთა შორის ჩამოყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. მოპასუხის სახელზე თანხის გადარიცხვის დოკუმენტში დანიშნულება არაა მითითებული. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე თვეების განმავლობაში უგზავნიდა მოპასუხეს ფულად თანხებს, რომელიც იყო სხვადასხდა ოდენობისა და სხვადასხვა დროს, აღნიშნული ადასტურებს, რომ მითითებული თანხები არ იყო სასესხო ურთიერთობის შემადგენელი ნაწილი. მართალია მოპასუხეს მიღებული აქვს თანხები, თუმცა უპირობოდ აღნიშნული არც სასესხო ურთიერთობასა და არც უსაფუძვლო გამდიდრებას არ ადასტურებს. თანხების იმ ინტენსივობითა და ოდენობით გადმორიცხვა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე შეგნებულად ახორციელებს აღნიშნულ ქმედებებს და თანხის გადმორიცხვის მიზანი არის მოპასუხეზე მისი გადაცემა. სასამართლოს შეექმნა საფუძვლიანი შინაგანი რწმენა, რომ მხარეთა შორის მეგობრული, კეთილგანწყობილი, პოზიტიური ურთიერთობიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სადავო თანხები მოპასუხეს გადაუგზავნა საჩუქრად და არა სესხად (იხ სუსგ -საქმე № ას-621-593-2016 წ.).

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე თანხების გადმორიცხვა ხდებოდა იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელს დაეფარა ვალდებულება ბანკის წინაშე, წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად გადარიცხვების როგორც ოდენობის, ასევე ინტენსივობის გათვალისწინებით, აღნიშნული გარემოება არ დასტურდება. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დგინდება, რომ მოსარჩელემ მხოლოდ იმ მიზნით ასესხა თანხა მოპასუხეს, რომ ამ უკანასკნელს ჰქონდა უძრავი ქონება, რითაც მოახდენდა ვალდებულების შესრულებას, ვინაიდან თუკი მხარეთა შორის არსებული სასესხო ურთიერთობა უზრუნველყოფილი იქნებოდა უძრავი ქონებით, აღნიშნული სათანადო წესით იქნებოდა საჯარო რეესტრში აღრიცხული, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, მოსარჩელე მხარის მიერ მხოლოდ იმის მითითება, რომ იგი ვარაუდობდა მოპასუხის მომავალ ქმედებას, რომ გაყიდდა ქონებას და ვალს დაუბრუნებდა, რაც საფუძველი გახდა წლების განმავლობაში თანხების გადმორიცხვის, აღნიშნული საფუძველს მოკლებულია და ამასთანავე მხარეზეა ის ტვირთი, თუ როგორ და რა სახის ურთიერთობაში შევა მეორე მხარესთან.

 

ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვე----------–--ემ 2009-2013 წლებში მა------------ეს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადმოურიცხა თანხები და მათ შორის სხვა რაიმე სახის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა არ ყოფილა, მით უმეტეს, რომ მხარეები წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ მეგობრულ ურთიერთობაში და ამ ფონზე თანხების იმ ოდენობითა და წლების განმავლობაში გადმორიცხვა ცალსახად ადასტურებს მხარეთა შორის ახლო ურთიერთობასა და პატივისცემას ერთმანეთის მიმართ და არა მათ შორის სასესხო ურთიერთობას არსებობას, რაც ადასტურებს თანხების ჩუქების სახით მოპასუხეზე გადაცემას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლო მსჯელობს, რომ როდესაც საკითხი ეხება ჩუქების ხელშეკრულებას, მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მხარეთა ნების განმსაზღვრელი ორი ძირითადი კრიტერიუმი: მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა და გამჩუქებლის მატერიალური მდგომარეობა. ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადგინდეს ამ კრიტერიუმების არსებობის შეფასების კუთხით. აპელანტის განმარტებით, გაუგებარია რის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა და როგორ გამოკვეთა ჩუქების მოტივი, ასევე რა გარემოებით დადასტურდა გამჩუქებლის მატერიალური მდგომარეობა. აპელანტი არის უკიდურესად შეჭირვებული და საზღვარგარეთ წავიდა მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო. ამასთან, მას არ გააჩნია არანაირი უძრავი ქონება განსხვავებით მა------------ისგან.

 

აპელანტის განმარტებით, მა------------ე მას დაჰპირდა თანხის დაბრუნებას მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის შემდეგ, რომელიც „მშობლის მოვალეობის“ მოსახდელად აჩუქა შვილს იმ დროს, როცა დადგა ვალდებულების შესრულების ვადა. აპელანტის განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი იყო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებები, სადაც მსესხებელს წარმოადგენდა მა------------ე. აპელანტის მითითებით, აღნიშნული ხელშეკრულებები გაფორმებულია სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ვე----------–--ე მა------------ეს უგზავნიდა ფულად თანხას და სწორედ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების, კერძოდ პროცენტის გადახდაში შეპირდა მოსარჩელე მოპასუხეს დახმარებას, რის გამოც უგზავნიდა თანხას.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე და 525-ე მუხლებით. სამოქალაქო კოდექსის 525-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთებზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, რომლის დროსაც დაცული უნდა იქნეს 186-ე მუხლის მოთხოვნებიც, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან აღნიშნული მუხლის თანახმად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა აპელანტის მიერ მოწინააღმდგე მხარისათვის ფულადი თანხის გადარიცხვის ფაქტი, თუმცა მიიჩნია, რომ მხოლოდ მოსარჩელის სახელით სადავო თანხის გადმოგზავნისა და მოპასუხის მიერ მისი მიღების ფაქტით არ შეიძლება დადასტურდეს მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობა და გადაცემული თანხის დაბრუნებაზე მხარეთა შეთანხმება. აპელანტის განმარტებით, თანხის გადაცემის შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია თანხის გამცემის სასარგებლოდ. კერძოდ, ივარაუდება, რომ თანხის მიმღებს თანხა უნდა დაებრუნებინა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა თანხის მიმღები სარწმუნოდ დაადასტურებდა, რომ მას თანხის დაბრუნების ვალდებულება არ გააჩნდა. აპელანტის განმარტებით, მა------------ეს უნდა დაედასტურებინა, რომ აღნიშნული თანხა ჩუქების ან სხვა ისეთი გარიგების საფუძველზე მიიღო, რომელიც გამორიცხავდა მისი მხრიდან აღნიშნული თანხის დაბრუნების საპასუხო ვალდებულებას, რაც მოპასუხემ ვერ განახორციელა.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე და 525-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მოსარჩელემ სადავო თანხები მოპასუხეს გაუგზავნა საჩუქრად და არა სესხად. სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, რაც საბოლოოდ არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.

 

დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში აპელანტმა შეამცირა მოთხოვნა 4000 ევრომდე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. მხარეები არ დავობენ, რომ ვე----------–--ემ 2009-2014 წლებში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილის სახით მოპასუხე მა------------ის სახელზე გადარიცხა ფულადი თანხები. თანხის გაგზავნა დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ფულადი გზავნილის გადარიცხვის ამსახველი ამონაწერებით, რომელთა მიღების ფაქტი მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასარჩელო წარმოების წესით მოსთხოვა მის მიერ სხვადასხვა დროს მოპასუხისთვის გაგზავნილი თანხების უკან დაბრუნება და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მიუთითა მხარეებს შორის არსებული სასესხო ურთიერთობა. მოპასუხე სადავოდ ხდის მისთვის გამოგზავნილი თანხების მიზნობრიობას და განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ახლო, თითქმის ოჯახური ურთიერთობიდან გამომდინარე დაუშვებელია სადავო ურთიერთობის სესხად კვალიფიკაცია. კერძოდ, მოპასუხე განმარტავს, რომ მხარეები ირლანდიაში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ამ ურთიერთობის გაგრძელება, გარკვეულწილად მადლიერების გამოხატვა იყო ვე----------–--ის მიერ თანხების მოპასუხისთვის გამოგზავნა, ვიდრე საზღვარგარეთიდან დაბრუნებული მოპასუხე საქართველოში დასაქმდებოდა (იხ.: შესაგებელი, ტ.1, ს.ფ. 41-49).

 

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, რომელიც მოსარჩელის განმარტებით გამომდინარეობს სესხის ზეპირი ხელშეკრულებიდან, შეფასებას საჭიროებს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა სასესხო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი) შემადგენლობასთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება, გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება, დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

განსახილველი ნორმის დანაწესი სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის ითვალისწინებს როგორც ზეპირ, ასევე, წერილობით ფორმის დაცვას, რომლის არჩევა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მითითებული მუხლის მეორე წინადადების თანახმად, ყურადღებაა გამახვილებული იმ რისკებზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სესხის ზეპირ ხელშეკრულებას. ამგვარად, განხილული ნორმით განსაზღვრულია მტკიცების საგანი ანუ, იმ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სადავო ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის უნდა არსებობდეს და თავის მხრივ, წარმოგვიდგება, როგორც სამართალურთიერთობის კვალიფიკაციის პირველი ეტაპი, რა დროსაც მხარეები იზღუდებიან არა თავად გარიგების ფორმის, არამედ მტკიცებითი საშუალებების არჩევანში. რაც შეეხება სამართალურთიერთობის კვალიფიკაციის მომდევნო ეტაპს, აღნიშნული მდგომარეობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაში. მოდავე მხარეთა შორის ამ საპროცესო ვალდებულების გამიჯვნის მიზნით, პალატა მიუთითებს სადავო ურთერთობის მარეგულირებელ როგორც მატერიალურ ისე, საპროცესო სამართლებრივ ნორმაზე, სახელდობრ, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მე-2 წინადადებაზე, რომელშიც სწორედ ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების თავისებურებებზეა ყურადღება გამახვილებული და დადგენილია ქცევის იმგვარი წესი, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია (გამსესხებელს), ხოლო ვალდებულების შესრულების ტვირთი კი, მსესხებელს. იმავე საპროცესო ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიც, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს, რომელსაც მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა მტკიცების ტვირთის განსხვავებულ განაწილებას არ გვთავაზობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, მატერიალური და საპროცესო ნორმები თანხვედრაშია, რადგან განსახილველ დავაში ისინი მტკიცების ტვირთის განაწილების განსხვავებულ წესს არ გვიდგენენ, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელე ვე----------–--ე, რომელიც პრეტენზი-- აცხადებს მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის (ზეპირი ხელშეკრულების პირობებში) არსებობაზე, ვალდებულია მიუთითოს (მტკიცების საგანი) და წარმოადგინოს ამ ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის აუცილებელი მტკიცებულებებიც (მტკიცების ტვირთი).

 

განსახილველ შემთხვევაში მართალია მოსარჩელემ წარმოადგინა ფულადი გზავნილებით მოპასუხისთვის თანხის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება (ფულადი გზავნილის გადარიცხვის ამსახველი ამონაწერი), თუმცა მასში რაიმე მინიშნება/მითითება არ არის მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობაზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სადავოა თანხის გადაცემის დანიშნულება (სამართალურთიერთობის კვალიფიკაციისათვის) მხოლოდ მა------------ისთვის სადავო თანხის გადმოგზავნა და მის მიერ ამ თანხის მიღების ფაქტით, არ შეიძლებოდა დადასტურდეს მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობა. პალატის მოსაზრებით, სესხის ზეპირი ხელშეკრულების არსებობაზე მითითებისას სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა. სწორედ ამ გარემოების არსებობა განაპირობებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპირისპირო ვალდებულების - სესხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. ამდენად, სასესხო ურთიერთობის სადავოობის შემთხვევაში, სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილი არ არის.

 

განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის პალატა საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ჩუქების სამართალურთერთობის თავისებურებებზე: ჩუქების ხელშეკრულებით წარმოშობილი მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ძირითადი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია, რაც ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს სამაგიერო დაკმაყოფილება მის მიერ გაცემული საჩუქრის გამო. იურიდიული თვალსაზრისით კი, უსასყიდლობა იმაში ვლინდება, რომ საჩუქარი არ არის განსაზღვრული ეკვივალენტურობის მატარებელი და იგი მისი ძირითადი მაკვალიფიცირებელი წინაპირობაა. ჩუქების მოტივს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ანგარებითაც იყოს განპირობებული, იურიდიული თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ჩუქების მოტივი ძირითადად გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ამიტომ, იგი შესაძლებელია, სხვადასხვა მოტივებით იყოს განპირობებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩუქების მოტივი ყოველთვის გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ჩუქების შემთხვევაშიც მხარეთა მიერ გამიზნული სამართლებრივი შედეგების მისაღწევად, ადგილი უნდა ჰქონდეს მხარეთა კონსესუსს. მართალია, ჩუქება მიმართულია ერთი პირიდან მეორეზე საკუთრების უფლების გადაცემისაკენ და ეს ხდება მათ შორის შეთანხმების მიღწევის მომენტიდან, რაც საკუთრების შეძენის საშუალებად აქცევს მას.

განსახილველი დავის არსის შეფასებისას პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მოსარჩელეს კეთილგანწყობილი ურთიერთობა გააჩნდა მოპასუხესთან; დადასტურებულია, რომ სადავო თანხები მოპასუხეს პერიოდულად ეგზავნებოდა რაიმე საპირისპირო ვალდებულების შესრულების მინიშნების გარეშე. მხარეთა შორის კეთილგანწყობილი და მეგობრული ურთიერთობის არსებობას ადასტურებს თავად აპელანტიც (იხ.: სააპელაციო საჩივარი). ამასთან, ის გარემოება, რომ ბოლო პერიოდში მხარეთა შორის აღარ არსებობდა მეგობრული დამოკიდებულება და მოპასუხე არ პასუხობდა მოსარჩელის სატელეფონო ზარებს, არ წარმოადგენს თანხების გადმოგზავნის პერიოდში მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის პოზიტიურად და მეგობრულად შეფასებისთვის ხელისშემშლელ გარემოებას. ყოველივე აღნიშნული სასამართლოს აძლევს ლოგიკური, თანმიმდევრული და დასაბუთებული დასკვნის საფუძველს მასზედ, რომ მოსარჩელე ვე----------–--ეს გააჩნდა საკმარისი მორალური მოტივები, გამოეხატა მოპასუხის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და აღნიშნული აესახა თუნდაც ჩუქების ხელშეკრულების დადებაში (სკ-ის 524-ე მუხ.), რაც გამორიცხავს საპასუხო შესრულების ვალდებულებას და თავისთავად მისი უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებასაც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სარჩელი. არ არსებობს ვე----------–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმები ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვე----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.12.2017წ. გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ოთარ სიჭინავა