განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001540193 (3ბ/2338-17)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (უფლებამონაცვლე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი)
წარმომადგენელი - მ---------–-----–--ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ-----------------------ი
წარმომადგენელი - მ------------ი
მოწვეული პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით დ-----------------------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 13 მაისის №0------------- შეტყობინება - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და დაევალა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე დ-----------------------თან მიმართებაში.
საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ----------------- რესპუბლიკის მოქალაქე, აღმსარებლობით ქრისტიანი ევანგელისტი დ-----------------------ი დაიბადა 2--- წლის 2------------- ქ. ა------ში, კ----------------- რესპუბლიკა. 2-------- წლებში განმცხადებელი სწავლობდა ქ. ა------ის ,,ს-----------”-ის დაწყებით სკოლაში. 2009-2010 წლებში სწავლობდა საფეხბურთო-სასწავლო ცენტრში ”A---”. 2012-2014 წლებში სწავლობდა ს---------–---- საშუალო სკოლაში. სკოლის დასრულების შემდეგ, არდადაგების პერიოდში, განმცხადებელი დაკავებული იყო ტანსაცმლის ვაჭრობით ი--------- კომუნაში, ქ. ა------ში. დ-----------------------ის განცხადებით, კ----------------- დატოვების მიზეზი გახდა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა. 2010-2011 წლებში ქვეყანაში იყო დაპირისპირება ა-–--------------ს პარტიისა და ლ--------------ს პარტიას შორის. დ-----------------------ი იყო ლ--------------ს მხარდამჭერი, იგი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. ომის დასრულების შემდეგ დაიწყო მუქარა თავშესაფრის მაძიებლის მიმართ. მუქარის მიზეზი იყო მისი ქრისტიანობა, ასევე ის ფაქტი, რომ ლ--------------ს მხარდამჭერი იყო. მუქარის შემცველი შეტყობინების მიღება გახდა ქვეყნის დატოვების მიზეზი. დ-----------------------ი საქართველოში ჩამოვიდა 2015 წლის 05 აგვისტოს.
2.2. 2015 წლის 15 სექტემბერს კ----------------- რესპუბლიკის მოქალაქე დ-----------------------მა განცხადებით მიმართა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით. 2015 წლის 14 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამოსილმა თანამშრომლმა, თავშესაფრის მაძიებელი პირის დ-----------------------ის, თავშესაფრის მაძიებელი პირის წარმომადგენლისა და თარჯიმნის მონაწილეობით შეავსო თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტა.
2.3. 2016 წლის 17 თებერვალს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, თავშესაფრის მაძიებელ პირს დ-----------------------ს, თავშესაფრის მაძიებელი პირის წარმომადგენლისა და თარჯიმნის მონაწილეობით, ჩაუტარდა გასაუბრება. დ-----------------------მა ხელმოწერით დაადასტურა, რომ გაეცნო უფლება-მოვალეობებს და პროცედურის მსვლელობის წესებს, ასევე დაადასტურა, რომ თარჯიმანთან კომუნიკაციის პრობლემა არ ჰქონდა.
2.4. თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს მიერ მომზადდა დასკვნა კ----------------- რესპუბლიკის მოქალაქე დ-----------------------ისათვის თავშესაფრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, დ----------------------- ვერ აკმაყოფილებს ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1(A)2 მუხლითა და ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით; იგი ასევე ვერ აკმაყოფილებს ამავე კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამმართველომ მიზანშეუწონლად მიიჩნია დ-----------------------ისათვის როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.
2.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 13 მაისის №0------------ გადაწყვეტილებით დ-----------------------ს, ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, უარი ეთქვა ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ანადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 13 მაისის №0------------- გადაწყვეტილებით დ-----------------------ს უარი ეთქვა ლტოლვილის ან/და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი. საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 13 მაისის №0------------- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი საფუძველია სადავო პერიოდში მოქმედი ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციასა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმს, და ემსახურება საქართველოს მიერ ლტოლვილთა და ადამიანის უფლებათა სამართლის სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. აღნიშნული კანონი განსაზღვრავს საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამართლებრივ სტატუსს, უფლება-მოვალეობებს, სამართლებრივ გარანტიებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და გაუქმების საფუძვლებსა და პროცედურებს. ამავე საკანონმდებლო აქტის პირველი მუხლის “გ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულია თავშესაფრის მაძიებლის ცნება - თავშესაფრის მაძიებელი არის პირი, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ითხოვს სამართლებრივ დაცვას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების გზით. ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალურიჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს და ა) რომელიც იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი წარმოშობის ქვეყანა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიგა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევის გამო; ბ) რომელიც სამართლებრივი საფუძვლების, კერძოდ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლიდან (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ან ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო აქტებიდან გამომდინარე არგაძევების სხვა ვალდებულებების) გამო არ შეიძლება იძულებით დაბრუნებულ იქნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში და რომელსაც არ შეუძლია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში, გ) რომლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს ანდაირღვეს მისი უფლებები. ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი’’ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა საყოვეთაო დეკლარაციით გათვალისწინებულ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ერთერთ მექანიზმს წარმოადგენს. ამასთან, 1951 წლის კონვენციისეული ზემოთ მოყვანილი ცნება შედგება დამდგენი პირობებისგან, რომლებიც აყალიბებს იმის განსაზღვრის კრიტერიუმებს, არის თუ არა თავშესაფრის მაძიებელი პირი ლტოლვილი, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება ლტოლვილის სტატუსთან აღნიშნული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში, დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით, მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში, უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში, ხელისუფლება ვერ, ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს. ამდენად, ლტოლვილის ცნების განსაზღვრებიდან გამომდინარე, ლტოლვილი არის პირი, რომელსაც არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი საცხოვრებელი ქვეყანა, არამედ, იგი იძულებულია მოიქცეს ასე დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. დევნა კი უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებათა ისეთ დარღვევას, როგორიც არის წამება, შეურაცხყოფა, ძალადობა და სხვა ზიანის მიყენება და წარმოადგენდეს ქვეყნის დატოვების - უკიდურესი ქმედების შედეგს. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მაძიებელს აქვს საფუძვლიანი შიში, რომ ის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში გახდება დევნის მსხვერპლი გარკვეული გარემოებების გამო (რასის, რელიგიის, აღმსარებლობის გამო და სხვა), ხოლო ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისთვის კი უნდა გამოვლინდეს, რომ პირი უკვე გახდა იძულებული დაეტოვებინა ქვეყანა ნორმაში მითითებული გარემოებების გამო.
2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ თავშესაფრის მინიჭების თაობაზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენდა სადავო პერიოდში მოქმედი ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლი, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადების რეგისტრაციიდან 5 თვის განმავლობაში სამინისტრო თავშესაფრის მაძიებელს უტარებს გასაუბრებას. გასაუბრების დანიშვნის შესახებ თავშესაფრის მაძიებელი გაფრთხილებული უნდა იქნეს 3 დღით ადრე, განცხადებაში მითითებულ მისამართზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. თავშესაფრის მაძიებლის მიერ საპატიო მიზეზის გარეშე, შეტყობინების იგნორირებით გასაუბრებაზე ორჯერ გამოუცხადებლობის შემთხვევაში სამინისტრო წყვეტს განცხადების განხილვას. შესაძლებლობის შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელს გასაუბრება უნდა ჩაუტაროს სამინისტროს იმავე სქესის წარმომადგენელმა და იგი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს იმავე სქესის კვალიფიციური თარჯიმნის მომსახურებით. დასაშვებია დამატებითი გასაუბრების ჩატარება თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოყვანილი ფაქტების დასაზუსტებლად. ამავე ნორმის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეული ამზადებს დასკვნას თავშესაფრის მიცემის ან თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ემყარება: ა) თავშესაფრის მაძიებლის ანკეტირებას; ბ) თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრებას; გ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და მოყვანილი ფაქტების უტყუარობის, ასევე მისი ქცევის სანდოობის ანალიზს; დ) თავშესაფრის მაძიებლისა და მისი თანმხლები ოჯახის წევრებისაგან მიღებული ინფორმაციის გადამოწმებას; ე) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას; ვ) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყნიდან გაქცევის, მესამე ქვეყნის გავლით ტრანზიტის, საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის გარემოებათა ყოველმხრივ შესწავლის შედეგებს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, თავშესაფრის მიცემის ან თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის შესახებ დასკვნაზე დაყრდნობით სამინისტრო წყვეტს, აკმაყოფილებს თუ არა თავშესაფრის მაძიებელი ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს. თუ თავშესაფრის მაძიებელი არ აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს, სამინისტრო განიხილავს თავშესაფრის მაძიებლის ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებთან შესატყვისობის საკითხს. თუ თავშესაფრის მაძიებელი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 და მე-4 მუხლების მოთხოვნებს, სამინისტრო უარს ამბობს მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსისმინიჭებაზე. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 15 სექტემბერს კ----------------- რესპუბლიკის მოქალაქე დ-----------------------მა განცხადებით მიმართა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით. 2015 წლის 14 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამოსილმა თანამშრომლმა, თავშესაფრის მაძიებელი პირის - დ-----------------------ის, თავშესაფრის მაძიებელი პირის წარმომადგენლისა და თარჯიმნის მონაწილეობით შეავსო თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტა. 2016 წლის 17 თებერვალს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, თავშესაფრის მაძიებელ პირს - დ-----------------------ს, თავშესაფრის მაძიებელი პირის წარმომადგენლისა და თარჯიმნის მონაწილეობით, ჩაუტარდა გასაუბრება. დ-----------------------მა ხელმოწერით დაადასტურა, რომ გაეცნო უფლება-მოვალეობებს და პროცედურის მსვლელობის წესებს, ასევე დაადასტურა, რომ თარჯიმანთან კომუნიკაციის პრობლემა არ ჰქონდა. ანკეტირება-გასაუბრების მასალების, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 ჟენევის კონვენციისა და ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-4 მუხლების შესაბამისად, თავშესაფრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით თავშესაფრის საკითხთა სამმართველომ მიზანშეუწონლად მიიჩნია დ-----------------------ისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.
2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია წარმოშობის ქვეყანაში ადასტურებს კ---------------ში მძიმე მდგომარეობის არსებობას, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ დ-----------------------ი არის არასრულწლოვანი, ხოლო ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”მ” ქვეპუნქტის თანახმად, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი არის არასრულწლოვნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება და შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის „ბავშვის უფლებათა კონვენციას“, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ-----------------------ისათვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, ვინაიდან იმავე კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის „ბავშვის უფლებათა კონვენციას“ და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს უნდა ითვალისწინებდეს. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის შეფასებისას ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ოჯახის ერთიანობის პრინციპს, არასრულწლოვნის კეთილდღეობას, სოციალურ განვითარებას, უსაფრთხოებას და არასრულწლოვნის მოსაზრებას, მისი ასაკისა და უნარების (მათ შორის, განვითარების დონის, აღქმისა და კომუნიკაციის უნარების) გათვალისწინებით. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ვალდებულია ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სამინისტრომ უნდა გამოიკვლიოს, დ-----------------------ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება წარმოშობის ქვეყნის შესახებ, ასევე უნდა გამოიკვლიოს დ-----------------------ისათვის თავშესაფრის მინიჭება, რამდენად არის შესაძლებელი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით და ამისათვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უნდა გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმეტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მოსარჩელე დ-----------------------თან მიმართებაში.
2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულისამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულისამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 13 მაისის №0------------- შეტყობინება - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მოსარჩელე დ-----------------------თან მიმართებაში.
2.11. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, დაევალოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ-----------------------ისათვის საქართველოში თავშესაფრის/ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 13 მაისის №0------------- შეტყობინების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციულ ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გულისხმობს მოპასუხის მიერ სწორედ აღნიშნული საკითხის ხელახალ შესწავლას. აღნიშნული კი, ამ ეტაპზე გამორიცხავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის თავშესაფრის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო მოქმედი კანონმდებლობის დაუცველად, მხოლოდ იმ საეჭვო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც დ-----------------------მა წარადგინა სასამართლო სხდომაზე, აღნიშნული არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული წარმოების მასალას, ამასთან, ეს მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერები, გადაღებულია გაურკვეველ ვითარებაში, გაურკვეველი პირების მიერ, მასში ასახული კადრები და საუბრები არ წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ამსახველ მტკიცებულებებს, რომლებსაც შეეძლო რაიმე გავლენის მოხდენა საქმეზე. აპელანტის განმარტებით, რაც შეეხება ამ მტკიცებულებების საპირწონედ, სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას წარმოშობის ქვეყნის თაობაზე, რაც ასევე წარმოადგენდა ადმინისტრაციული წარმოების მასალას, ის მოძიებულია სანდო საერთაშორისო თუ საინფორმაციო წყაროებიდან, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით სარგებლობენ ნდობის მაღალი ხარისხითა და კარგი რეპუტაციით. კონკრეტული ფაქტისა და მოვლენის თაობაზე შესაძლოა, ინტერნეტის მეშვეობით, მილიონობით პირის მიერ გავრცელებულ იქნეს სხვადასხვა პოზიცია, სუბიექტური ან ობიექტური, რომელიც შესაძლოა არ იყოს რეალობასთან ახლოს. აპელანტის მითითებით, ყველა ამგვარი სახის ინფორმაცია ცხადია ვერ გახდება ადმინისტრაციული წარმობის მასალა და ვერ ისარგებლებს სანდოობის მაღალი ხარისხით, აქედან გამომდინარე, კონკრეტული მოვლენისა თუ ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოძიება სამინისტროს მიერ ხორციელდება მაქსიმალურად ობიექტური წყაროებიდან, რომელთა სანდოობის, პროფესიონალიზმისა და ობიექტურობის ხარისხი საერთაშორისო მასშტაბით ძალიან მაღალია, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება, ბათილად ეცნო სადაო აქტი, იმ ინფორმაციის შესწავლისა და გამოკვლევის დავალების საფუძველზე, რომელიც არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული წარმოების მასალას და ამასთან გაურკვეველი წყაროს მიერ არის განთავსებული ინტერნეტსივრცეში, აპელანტს დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიაჩნია. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითება, თითქოს სამინისტრომ სათანადოდ არ გამოიკვლია რეალური დევნის განხორციელების საფრთხე მოსარჩელეთა წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, სრულიად უსაფუძვლოა. სამინისტროს მიერ გამოკვლეულ და შესწავლილ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ადმინისტრაცული წარმოების მასალებიდან დასტურდება, რომ ამომწურავად დასაბუთდა, თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულ იქნა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე, გამოკვლეულ იქნა ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მაძიებლის ბიოგრაფია, ქვეყნის გარეთ მისი გადაადგილების მარშრუტი, მისი ცხოვრებისა და საქმიანობის დეტალები წარმოშობის და სხვა ქვეყნებში, მისი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხებისადმი, მისი სამომავლო მიზნები და სხვა. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელის ცხოვრებისა და ყოფის იმგავარი დეტალების თაობაზე მითითება, რაც სამინისტროს დასკვნაშია გადმოცემული, ცალსახად ადასტურებს, რომ სამინისტროს მიერ გამოკვლეულ იქნა ყველა გარემოება, რასაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონოდა საქმისათვის.
3.2. აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ რიგი ფაქტობრივი გარემოებები არ გაითვალისწინა საფუძვლიანი, დასაბუთებული და სამართლებრივი გადაწყვეტილების მისაღებად, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და აღნიშნულ საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა სრულად არ დაკმაყოფილდება. აპელანტის განმარტებით, 2015 წლის 15 სექტემბერს კ----------------- რესპუბლიკის მოქალაქემ დ-----------------------მა (დაბ.: 2--------- წ.), თავშესაფრის მინიჭების თხოვნით განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. მოთხოვნას საფუძვლად განმცხადებელი მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე: კ----------------- რესპუბლიკის მოქალაქე, აღმსარებლობით ქრისტიანი ევანგელისტი, დ-----------------------ი დაიბადა 2--- წლის 2-------------, ქ. ა------ში, კ----------------- რესპუბლიკაში, 2-------- წლებში განმცხადებელი სწავლობდა ქ. ა------ის “ს-----------”-ის დაწყებით სკოლაში, 2009-2010 წლებში სწავლობდა საფეხბურთო სასწავლო ცენტრში “A---”, 2012- 2014 წლებში სწავლობდა ს---------–---- საშუალო სკოლაში, სკოლის დასრულების შემდეგ, არდადაგების პერიოდში, განმცხადებელი დაკავებული იყო ტანსაცმლის ვაჭრობით ი--------- კომუნაში, ქ. ა------ში, თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, კ---------------ის დატოვების მიზეზი გახდა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა, 2010 – 2011 წლებში ქვეყანაში იყო დაპირისპირება ა-–--------------ს (მოქმედი პრეზიდენტი) პარტიისა და ლ--------------ს (ყოფილი პრეზიდენტი) პარტიას შორის. თავშესაფრის მაძიებელი იყო ლ--------------ს მხარდამჭერი. მოსარჩელე და მისი ოჯახი 2010-2011 წლებში აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში, მისი ოჯახის წევრები აწყობდნენ მიტინგებს, ბიძაშვილი იყო სამხედრო პირი, რომელიც ლ--------------ს მხარდამჭერი იყო, განმცხადებელი კი 10 -11 წლის ასაკში, ომის დროს, სატვირთო მანქანებს ტვირთავდა საკვები პროდუქტებით, იარაღიც ჰქონდა, თუმცა ის არასდროს გამოუყენებია, კრიზისის პერიოდში განმცხადებელს და მის ოჯახს მოუწია ქ. ა------ის დატოვება და სოფელში გადასვლა, რადგან ბიძაშვილმა შეატყობინა, რომ საშიში იყო ქალაქში დარჩენა, ომის პერიოდში განმცხადებლის ბიძაშვილის მეგობრის სახლში, რომელიც ასევე ლ--------------ს სამხედრო პირი იყო, შეიჭრნენ ა-–--------------ს მხარდამჭერები და დახოცეს ოჯახის წევრები, ბიძაშვილის მეგობარი მაშინ სახლში იმყოფებოდა, მხოლოდ ის გადარჩა და თავს გაქცევით უშველა, მოსარჩელე მიმოდიოდა სოფელსა და ქალაქს შორის, რადგან ქ. ა------ში დარჩენა სახიფათო იყო - ა-–--------------ს მიერ ლ--------------ს ყველა მხარდამჭერს საფრთხე ემუქრებოდა და ეხლაც ემუქრება, ომის დასრულების შემდეგ დაიწყო მუქარა თავშესაფრის მაძიებლის მიმართ ტექსტური შეტყობინების სახით. მოსარჩელის თქმით, ეს მუქარა იმისგანაც იყო გამოწვეული, რომ ქრისტიანია და ასოცირდება ლ--------------ს მხარდამჭერად, ასევე ბიძამისი არის მოქმედი სამხედრო პირი ა-–--------------ს სამხედრო ძალებში, რომელიც კონტროლქვეშ არის აყვანილი, რადგან მისი ნათესავები ლ--------------ს მხარდამჭერები იყვნენ, მოსარჩელემ მუქარის შემცველი შეტყობინება წარმოშობის ქვეყნის დატოვებამდე 5-6 თვით ადრე მიიღო, რაც გახდა ქვეყნის დატოვების მიზეზი, მან 2015 წლის 3 აგვისტოს დატოვა წარმოშობის ქვეყანა ქ. ა------ის აეროპორტიდან და ჩამოფრინდა საქართველოში, ქ. თბილისში, 2015 წლის 5 აგვისტოს, თავშესაფრის მაძიებლის დედა, 2 ძმა და ნათესავები ცხოვრობენ კ---------------ში.
3.3. აპელანტის განმარტებით, სანდოობასთან დაკავშირებული პრობლემები დგას შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით: სანდოდ ვერ იქნება მიჩნეული თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი მის პოლიტიკურ საქმიანობასთან და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ: ანკეტირებისას თავშესაფრის მაძიებელმა განაცხადა, რომ ძმის მეგობრის სახლში მეამბოხეების შეჭრისას მეგობარი იქ არ იმყოფებოდა, ხოლო გასაუბრებისას განაცხადა, რომ ბიძაშვილის მეგობარი სახლში იმყოფებოდა და მხოლოდ მან შეძლო გადარჩენა. აღნიშნულ შეუსაბამობასთან დაკავშირებით მოსარჩელე ამბობს, რომ ეს ისტორია ბიძაშვილმა მოუყვა და განმცხადებელმა თვითონ ჩათვალა, რომ ასე მოხდა აღნიშნული ფაქტი, გასაუბრების ბოლოს კი განაცხადა, რომ მისი ბიძაშვილის ოჯახი დახოცეს. აპელანტის მითითებით, ანკეტირებისას თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, ქ. ა------ის დატოვების მიზეზი გახდა ის, რომ ბიძაშვილს დაურეკა მეგობარმა და უთხრა, რომ სამხედრო პირებს და მათ ოჯახებს ემუქრებოდათ საფრთხე, ხოლო გასაუბრებისას კი განაცხადა, რომ მის ოჯახს დაურეკა ბიძაშვილმა და განუცხადა, რომ ქ. ა------ში სახიფათო მდგომარეობა შეიქმნებოდა. აღნიშნულ შეუსაბამობასთან დაკავშირებით თავშესაფრის მაძიებელმა განაცხადა, რომ ეს ზოგადი საფრთხე იყო და ყველას ეხებოდა. აპელანტის განმარტებით, ანკეტირებისას თავშესაფრის მაძიებელმა განაცხადა, რომ მის ძმას ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ ქვეყნის დატოვებამდე 4-5 თვით ადრე, რაც გახდა მის მიერ ქვეყნის დატოვების მიზეზი, ხოლო გასაუბრებისას თქვა, რომ კონკრეტულად მან მიიღო მუქარის შემცველი შეტყობინება და ეს გახდა ქვეყნის დატოვების მიზეზი, ამასთანავე, გასაუბრებისას მოსარჩელემ განაცხადა, რომ ა-–--------------ს გამარჯვებისთანავე დაიწყო მუქარა მისი მისამართით, მოგვიანებით კი, განაცხადა, რომ მუქარები 3 წლის წინ დაიწყო, ხოლო გასაუბრების ბოლოს განაცხადა, რომ ქვეყნის დატოვებამდე 5-6 თვით ადრე დაემუქრნენ ტექსტური შეტყობინების სახით და ეს გახდა ქვეყნის დატოვების მიზეზი. აპელანტის მითითებით, ანკეტირებისას თავშესაფრის მაძიებელი აცხადებს, რომ ასაკის გამო, ის არ იყო პარტიის აქტიური წევრი და ასევე არაფერს ამბობს მის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, ხოლო გასაუბრებისას აცხადებს, რომ ის აქტიურად იყო ჩართული აღნიშნულში და სამხედროებსაც კი ეხმარებოდა პროდუქტებითა და მედიკამენტებით 10 წლის ასაკში, ასევე გასაუბრების დასაწყისში თავშესაფრის მაძიებელმა განაცხადა, რომ ამ პერიოდში მხოლოდ სწავლობდა და მუშაობდა, აღნიშნულ შეუსაბამობასთან დაკავშირებით ამბობს, რომ კ---------------ში მალულად ცხოვრობდა და ანკეტირებისას დეტალურად არ თქვა, რადგან უთხრეს, რომ გასაუბრებაზე უფრო დეტალურად გადმოეცა ინფორმაცია, რაც სარწმუნოდ ვერ იქნება მიჩნეული.აპელანტის განმარტებით, გამოვლენილი შეუსაბამობების მოცემული სახით ახსნა ვერ იქნება მიღებული დამაკმაყოფილებლად, თუმცა აღნიშნული სანდოობის პრობლემები არ ნიშნავს, რომ განაცხადის დანარჩენი ნაწილის სანდოობას უნდა მიადგეს ზიანი, კერძოდ: სანდოდ უნდა იქნეს მიჩნეული თავშესაფრის მაძიებლის იდენტობა, რაც დასტურდება განმცხადებლის მონაყოლითა და კ----------------- რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტით; ასევე სანდოა თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ კ---------------ში 2010 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მიმდინარეობდა დაპირისპირება პრეზიდენტობის კანდიდატთა მხარდამჭერებს შორის, რაც დასტურდება განმცხადებლის მონაყოლითა და სამინისტროს მიერ წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციით. ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, შემდგომი ანალიზისთვის აპელანტი სანდოდ მიიჩნევს, რომ თავშესაფრის მაძიებელი დ-----------------------ი (დაბ.: 2--------- წ.) არის კ----------------- რესპუბლიკის მოქალაქე, ქრისტიანი კათოლიკე, ქ. ა------იდან. მოსარჩელის ინდივიდუალური პროფილისა და გამოცდილების და მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანების სიტუაციის გათვალისწინებით, არ არის იმის შესაძლებლობა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მოსარჩელემ განიცადოს ზიანი, თავშესაფრის მაძიებლის სუბიექტური შიში დაფუძნებულია მისი და ოჯახის წევრების პოლიტიკურ საქმიანობასთან, რაც, როგორც სანდოობის შეფასებისას გამოიკვეთა, ვერ იქნება მიჩნეული სანდოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის განმარტებით, თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ კ----------------- რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიადგეს მის სიცოცხლეს, უსაფუძვლოა.
3.4. აპელანტი განმარტავს, რომ „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. აპელანტის განმარტებით, სუბიექტური შიშის ობიექტური საფუძვლების არარსებობის გამო, სამინისტროს მიერ კონვენციური ნიშნებით დევნის ანალიზი არ განხორციელდება. თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოყვანილი ფაქტებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კ----------------- რესპუბლიკის მოქალაქე დ-----------------------ი (დაბ.: 2---------წ.) ვერ აკმაყოფილებს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად. აპელანტის მითითებით, საქმის განხილვისას შესწავლილ იქნა თავშესაფრის მაძიებლის შესაბამისობა „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის (ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება) მოთხოვნებთანაც, სამინისტროს მიერ წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, „კ---------------ში ათწლეულების მანძილზე არსებული კონფლიქტის შედეგად მნიშვნელოვნად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, მართლმსაჯულების სისტემამ სათანადოდ ვერ შეძლო უ------ას და გ------ს მომხრე ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა, მთავრობამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია უსაფრთხოების სექტორის რეფორმირების მიმართულებით, თუმცა უსაფრთხოების ძალები კვლავ არღვევენ ადამიანის უფლებებს, რაც პატიმრების წამებას და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ადამიანის დასჯის, პატიმრების გაუპატიურების და გამოძალვის ფაქტებს, რაც შეეხება თავად 2010 წლის არჩევნებს, ის საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულია, როგორც კანონიერი არჩევნები, ხოლო გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც ამ არჩევნებსა და ა-–--------------ს გამარჯვებას არჩვენებში კანონიერად ცნობს. 2014 წელს კ---------------ი განაგრძობდა ბრძოლას 2010-2011 წლის სამოქალაქო კრიზისით გამოწვეულ პრობლემებთან, რომლის შედეგადაც 3000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონი პირი იძულებით გადაადგილდა, R---რესპუბლიკელების გაერთიანებული პარტიის (მმართველი პარტია - ლიდერი ა-–--------------) და კ---------------ის PDCI-RDA-ის დემოკრატიული პარტიის კოალიცია წარმოადგენს ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ძალას. F---სახალხო ფრონტი - (ლიდერი- ლ--------------), კვლავ სუსტ ძალად რჩება, რომელშიც მიმდინარეობს შიდა დაპირისპირებები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გ------ დააკავეს. 2015 წლის არჩევნებისთვის, მარტში შეიქმნა კოალიცია - A----, რომელიც სათავეში ჩაუდგა ოპოზიციას. 2014 წელს F---სახალხო ფრონტი განაგრძობდა მთავრობაზე ზეწოლას მთელ რიგ საკითხებში. ამ პერიოდისთვის შეინიშნებოდა ოპოზიციურ პარტიებსა და უ------ას რეჟიმს შორის შერიგების ნიშნები, მათ შორის დიალოგმა უფრო მისაღები სახე მიიღო 2015 წლის არჩევნების წინა პერიოდისთვის, 2013 წლის დეკემბერში სახალხო ფრონტის და რესპუბლიკელების წარმომადგენლებმა გამართეს პირველი მოლაპარაკებები, რის შედეგადაც, 2014 წლის დასაწყისში გ------ს 100 მომხრე იქნა გათავისუფლებული და ათობით გაყინულ საბანკო ანგარიშებსაც მოეხსნა ყადაღა, 2014 წელს სხვა პატიმრებიც გაათავისუფლეს“. აპელანტის მითითებით, „New York Times“-ის ინფორმაციით, კ---------------ში 2015 წლის 25 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგადაც, მეორე ვადით იქნა არჩეული ა-–--------------. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, უ------ამ 3.1 მილიონი ამომრჩევლის ხმათა 83.7 % მოიპოვა“. არჩევნებში უ------ას მთავარი მოწინააღმდეგე იყო (პასკალ ნგუესსან), რომელიც გ------ს პარტიას I-----------------------ს (კოტდიუვარის სახალხო ფრონტი) წარმოადგენდა. აპელანტის მითითებით, წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აშკარაა, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია აშკარად შეიცვალა, კერძოდ, აღარ მიმდინარეობს მწვავე დაპირისპირებები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს შორის, ამასთან, მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, კ----------------- რესპუბლიკაში არ ფიქსირდება გარე აგრესიის, ოკუპაციისა და შიგა კონფლიქტების შემთხვევები, აღნიშნულზე დაყრდნობით, შესაძლოა დასკვნის გაკეთება, რომ დ-----------------------ი (დაბ.: 2--------- წ.) არ საჭიროებს ჰუმანიტარულ დაცვას. ამდენად, სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია კ----------------- რესპუბლიკის მოქალაქეს დ-----------------------ისათვის უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. აპელანტის მოსაზრებით, ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, არცერთი ის ნორმა, რომლის თანახმდაც შეიძლება აქტის ბათილობის საკითხი დაისვას, არ არის დარღვეული, გასაჩივრებული ინდივიდუალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
3.5. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ტექსტიდან და წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან დასტურდება, რომ მასში ამომწურავად არის დასაბუთებული, თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე და აქტი დაფუძნებულია მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეული და შესწავლილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების დროს, კერძოდ, გამოკვლეულ იქნა განმცხადებლის ცხოვრების ყველა იმ დეტალის გამოკვლევით, რომლებსაც შეიძლება გავლენა მოეხდინა მასთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღების დროს, კერძოდ, შესწავლილ იქნა განმცხადებლის პიროვნება, მის ქვეყანაში საქმიანობა, ქვეყნის გარეთ გადაადგილების მარშრუტი, მისი დამოკიდებულება რიგი სხვა ქვეყნებისადმი და ყველა სხვა ის გარემოება, რასაც შეიძლება შემხებლობა ჰქონოდა ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მაძიებელის საკითხთან. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელის ცხოვრების და ყოფის იმგვარი დეტალების თაობაზე მითითება, რაც სამინისტროს დასკვნაშია გადმოცემული, ცალსახად მიუთითებს, რომ სამინისტროს მიერ გამოკვლეულ იქნა ყველა გარემოება, რასაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონოდა საქმისათვის, ამასთანავე, მოსარჩელე ვერ უთითებს ვერცერთ გარემოებაზე, რომელიც დაადასტურებდა სამინისტროს მიერ აქტის მომზადების ან გამოცემის დროს კანონმდებლობის იმგვარ დარღვევას, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით არის გათვალისწინებული. აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რიგი ფაქტობრივი გარემოებები არ იქნა გათვალისწინებული საფუძვლიანი, დასაბუთებული და სამართლებრივი გადაწყვეტილების მისაღებად, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს 2017 წლის 28 ივნისის გადაწვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კ----------------- რესპუბლიკის მოქალაქე, აღმსარებლობით ქრისტიანი ევანგელისტი დ-----------------------ი დაიბადა 2--- წლის 2------------- ქ. ა------ში, კ----------------- რესპუბლიკა. 2-------- წლებში განმცხადებელი სწავლობდა ქ. ა------ის ,,ს-----------”-ის დაწყებით სკოლაში. 2009-2010 წლებში სწავლობდა საფეხბურთო-სასწავლო ცენტრში ”A---”. 2012-2014 წლებში სწავლობდა ს---------–---- საშუალო სკოლაში. სკოლის დასრულების შემდეგ, არდადაგების პერიოდში, განმცხადებელი დაკავებული იყო ტანსაცმლის ვაჭრობით ი--------- კომუნაში, ქ. ა------ში. დ-----------------------ის განცხადებით, კ----------------- დატოვების მიზეზი გახდა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა. 2010-2011 წლებში ქვეყანაში იყო დაპირისპირება ა-–--------------ს პარტიისა და ლ--------------ს პარტიას შორის. დ-----------------------ი იყო ლ--------------ს მხარდამჭერი, იგი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. ომის დასრულების შემდეგ დაიწყო მუქარა თავშესაფრის მაძიებლის მიმართ. მუქარის მიზეზი იყო მისი ქრისტიანობა, ასევე ის ფაქტი, რომ ლ--------------ს მხარდამჭერი იყო. მუქარის შემცველი შეტყობინების მიღება გახდა ქვეყნის დატოვების მიზეზი. დ-----------------------ი საქართველოში ჩამოვიდა 2015 წლის 05 აგვისტოს.
4.3. 2015 წლის 15 სექტემბერს კ----------------- რესპუბლიკის მოქალაქე დ-----------------------მა განცხადებით მიმართა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით. 2015 წლის 14 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამოსილმა თანამშრომლმა, თავშესაფრის მაძიებელი პირის დ-----------------------ის, თავშესაფრის მაძიებელი პირის წარმომადგენლისა და თარჯიმნის მონაწილეობით შეავსო თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტა.
4.4. 2016 წლის 17 თებერვალს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, თავშესაფრის მაძიებელ პირს დ-----------------------ს, თავშესაფრის მაძიებელი პირის წარმომადგენლისა და თარჯიმნის მონაწილეობით, ჩაუტარდა გასაუბრება. დ-----------------------მა ხელმოწერით დაადასტურა, რომ გაეცნო უფლება-მოვალეობებს და პროცედურის მსვლელობის წესებს, ასევე დაადასტურა, რომ თარჯიმანთან კომუნიკაციის პრობლემა არ ჰქონდა.
4.5. თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს მიერ მომზადდა დასკვნა კ----------------- რესპუბლიკის მოქალაქე დ-----------------------ისათვის თავშესაფრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, დ----------------------- ვერ აკმაყოფილებს ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1(A)2 მუხლითა და ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით; იგი ასევე ვერ აკმაყოფილებს ამავე კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამმართველომ მიზანშეუწონლად მიიჩნია დ-----------------------ისათვის როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.
4.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 13 მაისის №0------------ გადაწყვეტილებით დ-----------------------ს, ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, უარი ეთქვა ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
სამართლებრივი დასაბუთება
4.7. სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.8. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
4.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც საქალაქო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სწორად ცნო იგი ბათილად და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაავალა, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4.10. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი საფუძველია სადავო პერიოდში მოქმედი ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც ემყარებოდა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციასა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმს, და ემსახურებოდა საქართველოს მიერ ლტოლვილთა და ადამიანის უფლებათა სამართლის სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. აღნიშნული კანონი განსაზღვრავდა საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამართლებრივ სტატუსს, უფლება-მოვალეობებს, სამართლებრივ გარანტიებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და გაუქმების საფუძვლებსა და პროცედურებს. ამავე საკანონმდებლო აქტის პირველი მუხლის “გ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული იყო თავშესაფრის მაძიებლის ცნება - თავშესაფრის მაძიებელი არის პირი, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ითხოვს სამართლებრივ დაცვას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების გზით. ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალურიჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს და ა) რომელიც იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი წარმოშობის ქვეყანა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიგა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევის გამო; ბ) რომელიც სამართლებრივი საფუძვლების, კერძოდ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლიდან (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ან ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო აქტებიდან გამომდინარე არგაძევების სხვა ვალდებულებების) გამო არ შეიძლება იძულებით დაბრუნებულ იქნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში და რომელსაც არ შეუძლია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში, გ) რომლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს ან დაირღვეს მისი უფლებები. ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი’’ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა საყოვეთაო დეკლარაციით გათვალისწინებულ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ერთერთ მექანიზმს წარმოადგენს. ამასთან, 1951 წლის კონვენციისეული ზემოთ მოყვანილი ცნება შედგება დამდგენი პირობებისგან, რომლებიც აყალიბებს იმის განსაზღვრის კრიტერიუმებს, არის თუ არა თავშესაფრის მაძიებელი პირი ლტოლვილი, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება ლტოლვილის სტატუსთან აღნიშნული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში, დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით, მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში, უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში, ხელისუფლება ვერ, ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს. ამდენად, ლტოლვილის ცნების განსაზღვრებიდან გამომდინარე, ლტოლვილი არის პირი, რომელსაც არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი საცხოვრებელი ქვეყანა, არამედ, იგი იძულებულია მოიქცეს ასე დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. დევნა კი უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებათა ისეთ დარღვევას, როგორიც არის წამება, შეურაცხყოფა, ძალადობა და სხვა ზიანის მიყენება და წარმოადგენდეს ქვეყნის დატოვების - უკიდურესი ქმედების შედეგს. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მაძიებელს აქვს საფუძვლიანი შიში, წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში გახდება დევნის მსხვერპლი გარკვეული გარემოებების გამო (რასის, რელიგიის, აღმსარებლობის გამო და სხვა), ხოლო ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისთვის კი უნდა გამოვლინდეს, რომ პირი უკვე გახდა იძულებული დაეტოვებინა ქვეყანა ნორმაში მითითებული გარემოებების გამო.
4.11. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ თავშესაფრის მინიჭების თაობაზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენდა სადავო პერიოდში მოქმედი ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლი, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადების რეგისტრაციიდან 5 თვის განმავლობაში სამინისტრო თავშესაფრის მაძიებელს უტარებს გასაუბრებას. გასაუბრების დანიშვნის შესახებ თავშესაფრის მაძიებელი გაფრთხილებული უნდა იქნეს 3 დღით ადრე, განცხადებაში მითითებულ მისამართზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. თავშესაფრის მაძიებლის მიერ საპატიო მიზეზის გარეშე, შეტყობინების იგნორირებით გასაუბრებაზე ორჯერ გამოუცხადებლობის შემთხვევაში სამინისტრო წყვეტს განცხადების განხილვას. შესაძლებლობის შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელს გასაუბრება უნდა ჩაუტაროს სამინისტროს იმავე სქესის წარმომადგენელმა და იგი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს იმავე სქესის კვალიფიციური თარჯიმნის მომსახურებით. დასაშვებია დამატებითი გასაუბრების ჩატარება თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოყვანილი ფაქტების დასაზუსტებლად. ამავე ნორმის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეული ამზადებს დასკვნას თავშესაფრის მიცემის ან თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ემყარება: ა) თავშესაფრის მაძიებლის ანკეტირებას; ბ) თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრებას; გ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და მოყვანილი ფაქტების უტყუარობის, ასევე მისი ქცევის სანდოობის ანალიზს; დ) თავშესაფრის მაძიებლისა და მისი თანმხლები ოჯახის წევრებისაგან მიღებული ინფორმაციის გადამოწმებას; ე) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას; ვ) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყნიდან გაქცევის, მესამე ქვეყნის გავლით ტრანზიტის, საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის გარემოებათა ყოველმხრივ შესწავლის შედეგებს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, თავშესაფრის მიცემის ან თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის შესახებ დასკვნაზე დაყრდნობით სამინისტრო წყვეტს, აკმაყოფილებს თუ არა თავშესაფრის მაძიებელი ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს. თუ თავშესაფრის მაძიებელი არ აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს, სამინისტრო განიხილავს თავშესაფრის მაძიებლის ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებთან შესატყვისობის საკითხს. თუ თავშესაფრის მაძიებელი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 და მე-4 მუხლების მოთხოვნებს, სამინისტრო უარს ამბობს მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსისმინიჭებაზე. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 15 სექტემბერს კ----------------- რესპუბლიკის მოქალაქე დ-----------------------მა განცხადებით მიმართა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით. 2015 წლის 14 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამოსილმა თანამშრომლმა, თავშესაფრის მაძიებელი პირის - დ-----------------------ის, თავშესაფრის მაძიებელი პირის წარმომადგენლისა და თარჯიმნის მონაწილეობით შეავსო თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტა. 2016 წლის 17 თებერვალს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, თავშესაფრის მაძიებელ პირს - დ-----------------------ს, თავშესაფრის მაძიებელი პირის წარმომადგენლისა და თარჯიმნის მონაწილეობით, ჩაუტარდა გასაუბრება. დ-----------------------მა ხელმოწერით დაადასტურა, რომ გაეცნო უფლება-მოვალეობებს და პროცედურის მსვლელობის წესებს, ასევე დაადასტურა, რომ თარჯიმანთან კომუნიკაციის პრობლემა არ ჰქონდა. ანკეტირება-გასაუბრების მასალების, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 ჟენევის კონვენციისა და ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-4 მუხლების შესაბამისად, თავშესაფრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით თავშესაფრის საკითხთა სამმართველომ მიზანშეუწონლად მიიჩნია დ-----------------------ისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.
4.12. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია წარმოშობის ქვეყანაში ადასტურებს კ---------------ში მძიმე მდგომარეობის არსებობას, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ დ-----------------------ი არის არასრულწლოვანი, ხოლო ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”მ” ქვეპუნქტის თანახმად, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი არის არასრულწლოვნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება და შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის „ბავშვის უფლებათა კონვენციას“, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ დ-----------------------ისათვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, ვინაიდან იმავე კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის „ბავშვის უფლებათა კონვენციას“ და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს უნდა ითვალისწინებდეს. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის შეფასებისას ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ოჯახის ერთიანობის პრინციპს, არასრულწლოვნის კეთილდღეობას, სოციალურ განვითარებას, უსაფრთხოებას და არასრულწლოვნის მოსაზრებას, მისი ასაკისა და უნარების (მათ შორის, განვითარების დონის, აღქმისა და კომუნიკაციის უნარების) გათვალისწინებით. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი ვალდებულია ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპასუხემ უნდა გამოიკვლიოს, დ-----------------------ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება წარმოშობის ქვეყნის შესახებ, ასევე უნდა გამოიკვლიოს დ-----------------------ისათვის თავშესაფრის მინიჭება რამდენად არის შესაძლებელი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით და ამისათვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უნდა გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმეტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მოსარჩელე დ-----------------------თან მიმართებაში.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (უფლებამონაცვლე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოო და არ საჩივრდება.
მოსამართლე მერაბ ლომიძე