განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030210018002005894
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№2/ბ-729-2018 19 სექტემბერი 2018 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი (მოსარჩელე) მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი - - - ს--–---- მ----- შპს ,,ბ------–- ჯ------“ ლ---- გ-------–---–-
დავის საგანი - მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის განჩინება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება, საქმის ხელახალი არსებითი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება 2017 წლის 22 დეკემბრის გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. მიღებულ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ს--–---- მ------ სარჩელი შპს "ბ------–- ჯ------ს" მიმართ მიუღებელი ხელფასის - 8043 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს; 2. მოსარჩელე სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. 2018 წლის 02 აპრილის გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი: 1. უარი ეთქვას ს--–---- მ-----ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე და გასაჩივრებული ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის №------------------ (№2/699-2017) დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2017 წლის 11 ივლისს, ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ს--–---- მ-----მ, მოპასუხედ დაასახელა შპს "ბ------–- ჯ------" და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა. 2.2. 2017 წლის 22 დეკემბერს, 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების თანახმად, გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის დღისა და ადგილის შესახებ. სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებელ მხარეს სასამართლოსათვის არ უცნობებია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე. 2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან, სასამართლო სხდომის სხდომის დღის და ადგილის შესახებ, მოსარჩელე გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოს წარმოადგენდა. შესაბამისად, მოპასუხე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საფუძვლიანად იქნა მიჩნეული და დაკმაყოფილდა. 2.4. 2018 წლის 18 იანვარს, ფოთის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა ს--–---- მ-----მ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 11 საათზე, როდესაც ის ხელფასის ასაღებად მივიდა ბანკომატთან, აღმოჩნდა რომ ანგარიშზე სახელფასო თანხა დარიცხული არ იყო. მან მოიკითხა აღნიშნული მოპასუხის ბუღალტერიაში, რა დროსაც გაიგო, რომ ის, 30 ნოემბრიდან გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. იგი მაშინვე გახდა შეუძლოდ, შეეკრა სუნთქვა, თვალებში დაუბნელდა და იგრძნო საერთო სისუსტე. მას ეგონა, რომ მიიღო ინფაქტი, შეეშინდა და სასწრაფოდ ექიმთან წავიდა. სწორედ ამ გარემოებებმა გამოიწვია, 2017 წლის 22 დეკემბერს, 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა. საჩივრის ავტორმა სასამართლოს წარუდგინა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, 2017 წლის 22 დეკემბრის ცნობა, რომლის მიხედვითაც, ს--–---- მ----- უჩივის გულმკერდის მალების ოსტეოქონდროზს, ვეგეტო დისტონიას. 2.5. საჩივართან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, 2017 წლის 22 დეკემბრის ცნობაში მითითებული არ იყო საათი, ამიტომ გაურკვეველია სასამართლო სხდომის დაწყებამდე, თუ მის შემდეგ მიმართა საავადმყოფოს ს. მ-----მ. გარდა ამისა, 2017 წლის 22 დეკემბერს, 14:00 საათზე დანიშნული სხდომა დაიწყო დაგვიანებით, 14:09 საათზე, მაგრამ არც მოსარჩელე და არც მისი წარმომადგენელი, რომელსაც შეეძლო გამოცხადებულიყო, თუკი ს--–---- მ----- ვერ ცხადდებოდა სასამართლოში- სხდომაზე არ გამოცხადდნენ. ამდენად, ადგილი არ ჰქონია საქართველოს სსკ 232-ე მუხლით, გათვალისწინებულ საფუძვლებს და მოსარჩელე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიოა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არ არსებობდა ს--–---- მ------ საჩივრის დაკმაყოფილების, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების სამართლებრივი საფუძვლები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, 2017 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით დღის 11 (თერთმეტ) საათზე, გახდა შეუძლოდ, სასწრაფოდ წავიდა ექიმთან, რომელმაც ჩაუტარა შესაბამისი მკურნალობა და განუმარტა, რომ ეს, ნერვული სტრესი იყო, რაც გახდა მიზეზი სასამართლო სხდომაზე დროულად მისი გამოუცხადებლობისა. გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე დააგვიანდა ხუთი წუთით, მაგრამ როდესაც სასამართლოს შენობაში შევიდა უთხრეს, რომ პროცესი უკვე ჩატარებული იყო. 3.2. მართალია, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის სასამართლოსათვის ცნობილი არ იყო არსებული გარემოებების შესახებ, თუმცა საჩივრის განხილვისას სასამართლოს უნდა გამოეყენებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი და დაედგინა, რომ ს--–---- მ-----ს ხელი შეუშალა დაუძლეველმა ძალამ, სასამართლოში დროულად გამოცხადებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმების დასაბუთება ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 11 ივლისს, ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ს--–---- მ-----მ, მოპასუხედ დაასახელა შპს "ბ------–- ჯ------" და მიუღებელი ხელფასის სახით 8043 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა. 4.2. დადგენილია, რომ ს--–---- მ------ სარჩელის განხილვა დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, 2017 წლის 26 ოქტომბერს 13:30 საათზე, რაც გადაიდო 2017 წლის 08 დეკემბერს, ს----–-----------–-------–--------–---------------–------------------------------------------ლაიასთან ერთად (იხ.სასამართლო უწყება, ს.ფ.64, 08.12.2017წ.სასამართლო სხდომის ოქმი ს.ფ.75-82). 4.3. სასამართლო სხდომის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 08 დეკემბრის მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2017 წლის 22 დეკემბერს 14:00 საათზე, თუმცა 22 დეკემბრის სხდომის დღის, საათისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებზე მოსარჩელეს გაფრთხილების თაობაზე, სხდომის ოქმზე თანდართული ხელწერილი ან სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი უწყება საქმეში არ მოიპოვება. 4.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს, 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე მხარე, რა დროსაც მოპასუხის წარმომადგენელის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 4.5. დადგენილია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის განჩინებით, ს--–---- მ-----ს უარი ეთქვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სამართლებრივი დასაბუთება სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს: 4.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229.1-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. (15.12.2010. N4037) 4.7. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. 4.8. ამავე კოდექსის 72.1 „ზ“ მუხლის თანახმად, უწყება უნდა შეიცავდეს მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები. 4.9. ამავე კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის 4.10. ამავე კოდექსის 102.3-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 4.11. პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან, საქმეში არ მოიპოვება 2017 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე, 14:00 საათზე, მოსარჩელე მხარის მოწვევისა და გამოუცხადებლობის შეგეგების თაობაზე გაფრთხილების დამადასტურებელი მტკიცებულება-სხდომის ოქმზე თანდართული ხელწერილი ან სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი უწყება, პალატა მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს სსსკ-ის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, რაც გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. 4.12. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოსადმი წარდგენილ საჩივარში ს.მ-----მ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე მივიდა 5 წუთის დაგვიანებით, თუმცა სააჩივარში დაფიქსირებული ასეთი მოსაზრება ვერ ჩაითვლება სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებულ სათანადო მტკიცებულებად, რაც დაადასტურებდა საპროცესო მოთხოვნათა დაცვით მოსარჩელეს სხდომაზე მოწვევის ფაქტს. 4.13. რაც შეეხება საჩივრის ავტორის მითითებას ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივით გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა დასაბუთებულია, ვინაიდან ს. მ------ მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა 2017 წლის 22 დეკემბერს მისი ჯანმრთელობის იმგვარ მდგომარეობას, რის გამოც შეუძლებელი იქნებოდა, სათანადო წესით სხდომაზე მოწვევის შემთხვევაში, მისი გამოცხადება. 4.14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლომ დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმა და ამ დარღვევის შედეგად არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. ვინაიდან, 2017 წლის 22 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარე მოწვეული არ ყოფილა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ამასთან პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით უარი უთხრა სარჩელს, პალატა მიიჩნევს რომ სასამართლომ დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია. თანახმად სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, აღნიშნული გარემოება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი არსებითი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ ს--–---- მ------ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის განჩინება და სამოქალაქო საქმე №2-699/17 ს--–---- მ------ სარჩელისა გამო, შპს ,,ბ------–- ჯ------ს“ წინააღმდეგ, არსებითი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს. 6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან, სამოქალაქო საქმე №2-699/17 ს--–---- მ------ სარჩელისა გამო, შპს ,,ბ------–- ჯ------ს“ წინააღმდეგ, არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა ფოთის საქალაქო სასამართლოს, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს მოცემული საქმის ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს--–---- მ------ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის განჩინება;
3. სამოქალაქო საქმე №2-699/17, ს--–---- მ------ სარჩელისა გამო, შპს ,,ბ------–- ჯ------ს“ წინააღმდეგ, არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს.
4. საპროცესო ხარჯები განაწილდეს საქმის ხელახალი განხილვისას მიღებული გადაწყვეტილებით;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე