განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020210918002480802
საქმე № 2/ბ-916-18
განჩინება
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: ც---- სა-------ა
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,მ-----”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 ივნისის ბრძანება
დავის საგანი: ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული ბრძანების გაუქმება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული
განჩინების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 05 ივნისს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა შპ ,,მ-----ს” წარმომადგენელმა მ------ ნა-------ემ, მოპასუხედ დაასახელა ც---- სა-------ა და ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება მოითხოვა.
განმცხადებლის მითითებით, 2017 წლის 24 იანვარს, შპს ,,მ-----სა” და ც---- სა-------ას შორის გაფორმდა №---------/0063 ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ლიზინგის საგანია შემდეგი სატრანსპორტო საშუალება: M------- B--- E 350, V-- კოდი W----------------, გამოშვების წელი 2007, ძრავის მოცულობა 3500, ფერი თეთრი რეგისტრაციის ნომერი D---------
აღნიშნული ავტომობილი შპს ,,მ-----მ’’ შეიძინა მოპასუხისათვის 21500 ლარად.
ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეზე გაიცა ლიზინგის (კრედიტის) თანხა - 13500 ლარის ოდენობით, თვეში 5 %-ის დარიცხვით.
კრედიტის ვადა განისაზღვრა - 24.09.2018 წელი.
ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიურად, 1083,27 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
2017 წლის 08 მაისს, №---------/0063 ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც ლიზინგის თანხად განისაზღვრა - 13744,30 ლარი, თვეში 5%-ის დარიცხვით; სატრანსპორტო საშუალების ფასი -13 744 ლარი; ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2019 წლის 08 მაისამდე.
ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიურად, 996,06 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით.
ხელშეკრულებით, ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო თანხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადი 20 ლარი, ამას დამატებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხის 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ ლიზინგის მიმღები თანხის გადახდას გადააცილებდა 30 დღეზე მეტი ვადით, მას ეკისრებოდა პირგასამტეხლო სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 5 % -ის ოდენობით.
მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხის მიერ არ შესრულდა ლიზინგის ხელშეკრულებების პირობები, კერძოდ, გრაფიკის შესაბამისად არ დაიფარა ლიზინგით გათვალისწინებული თანხა, რის გამოც, მოპასუხეს, ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 01.06.2018 წლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 15658, 25 ლარის ოდენობით.
იმაზე მითითებით, რომ მოპასუხემ არ შეასრულა თანხის გადახდის ვალდებულება და არც ლიზინგის საგანი დაუბრუნებია, განმცხადებელმა, მოპასუხის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნება მოითხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 ივნისის ბრძანებით, შპს ,,მ-----ს” განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ დაკმაყოფილდა;
შპს ,,მ-----ს” (ს/ნ 4--------) დაუბრუნდა, ლიზინგის საგანი - ც---- სა-------ას მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება - - M------- B--- E350, V-- კოდი W----------------, გამოშვების წელი 2007, ძრავის მოცულობა 3500, ფერი თეთრი, რეგისტრაციის ნომერი D---------
ც---- სა-------ას, შპს ,,მ-----ს” სასარგებლოდ დაეკისრა, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 206,17 ლარის ანაზღაურება.
სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მოთხოვნებს, ამასთან, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებით დგინდება, რომ შპს ,,მ-----ს”, როგორც ლიზინგის გამცემსა და მოპასუხეს, როგორც ლიზინგის მიმღებს შორის, დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულდა.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ც---- სა-------ამ და მისი გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ხელშეკრულების დადების დღიდან კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, დროულად შეჰქონდა ყოველთვიური შენატანი და გრაფიკის მიხედვით ასრულებდა მოვალეობას. გარკვეულმა ოჯახურმა პრობლემებმა, მისი მძიმე ეკონომიური მდგომარეობა გამოიწვია, რის გამოც ვეღარ შეძლო ორი თვის შენატანის დაფარვა, თუმცა აღნიშნულის თაობაზე აცნობა შპს-ს წარმომადგენლებს.
მიუხედავად ამისა, შეთანხმების საწინააღმდეგოდ, მათი მხრიდან მოხდა პირობების ცვლილება და მოითხოვეს საერთო თანხის, ჯამში- 15658,25 ლარის დაფარვა, რაც ყოველგვარ ფარგლებს სცილდება.
ბრძანების აღსრულების შედეგად დაირღვა მისი უფლებები, რადგან მის მიერ გადახდილი თანხები, რაც ჯამურად დიდ ოდენობას წარმოადგენს, რჩება უსაფუძვლოდ, შპს ,,მ-----ს“ ანგარიშზე.
გარდა ამისა, სასამართლომ ბრძანება, მხოლოდ განმცხადებლის ინტერესების საფუძველზე მიიღო, რაც ადასტურებს, რომ სასამართლოს მსჯელობა ბრძანების გაცემის შესახებ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების
დასაბუთება
სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2018 წლის 05 ივნისს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა შპ ,,მ-----ს” წარმომადგენელმა მ------ ნა-------ემ, მოპასუხედ მიუთითა ც---- სა-------ას და ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება მოითხოვა.
დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 ივნისის ბრძანებით, შპს ,,მ-----ს” განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ დაკმაყოფილდა;
შპს ,,მ-----ს” (ს/ნ 4--------) დაუბრუნდა, ლიზინგის საგანი - ც---- სა-------ას მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება - - M------- B--- E350, V-- კოდი W----------------, გამოშვების წელი 2007, ძრავის მოცულობა 3500, ფერი თეთრი, რეგისტრაციის ნომერი D---------
ც---- სა-------ას, შპს ,,მ-----ს” სასარგებლოდ დაეკისრა, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 206,17 ლარის ანაზღაურება.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ც---- სა-------ამ და მისი გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) სააპელაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) ფარგლებში სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის, 2017 წლის 24 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსით ირკვევა, რომ შპს „მ-----მ“, ც---- სა-------ას ასესხა 13500 ლარი, ამასთან სესხით სარგებლობისათვის განისაზღვრა სარგებელი, ყოველთვიურად 5% და პირგასამტეხლო, თანხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადი 20 ლარი, ამას დამატებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხის 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
დადგენილია, რომ 2017 წლის 08 მაისს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც თანხის ოდენობად განისაზღვრა - 13744,30 ლარი, თვეში 5%-ის დარიცხვით; სატრანსპორტო საშუალების ფასი განისაზღვრა -13744 ლარი; ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2019 წლის 08 მაისი. თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიურად, 996,06 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით.
ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად, შპს მ-----ს საკუთრებად აღირიცხა ზურაბ ჭითანავასაგან, ც---- სა-------ასათვის შეძენილი ავტომობილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
ამ ნორმის შესაბამისად, 2017 წლის 24 იანვრისა და 2017 წლის 08 მაისის ხელშეკრულებაში გამოხატული ნებაც სასამართლომ, სწორედ, გონივრული განსჯის შედეგად უნდა შეამოწმოს.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.
ამ ნორმიდან ჩანს, რომ ლიზინგის ხელშეკრულება, შინაარსობრივად, შერეული ხელშეკრულებაა. იგი თავისთავაში მოიცავს შუამავლობას, ნარდობას, ქირავნობასა და ნასყიდობას. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ლიზინგის მიმღები ირჩევს ქონებას, რომლის ლიზინგით აღებაც სურს და, ასევე - მიმწოდებელს, რომლისგანაც ქონება უნდა მიიღოს, რის შემდეგაც, ლიზინგის გამცემი მიმწოდებლისაგან იძენს ამ ქონებას და სარგებლობაში გადასცემს ლიზინგის მიმღებს.
ლიზინგის მიმღები ქონებით სარგებლობისათვის იხდის საზღაურს-ქირას.
ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ლიზინგის მიმღებს, შესაძლებელია, ჰქონდეს ქონების შეძენის უფლებაც.
ამრიგად, ლიზინგის ხელშეკრულების საგანი არის ქონება, ჩვეულებრივ - ნივთი და ლიზინგის მიმღების ძირითადი ინტერესი ამ ქონებით სარგებლობა და სარგებლობისათვის ქირის გადახდაა. სწორედ, ამიტომ, ზოგიერთ ქვეყანაში ამ ხელშეკრულებას “ფინანსური ლიზინგის” ხელშეკრულებას უწოდებენ, რითაც ლიზინგსა და ქირავნობას შორის განსხვავებას უსვამენ ხაზს.
ამისგან განსხვავებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სესხი, ჩვეულებრივ, სასყიდლიანია და მას საპროცენტო სარგებელი ერიცხება.
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებიდან დგინდება, რომ მომჩივანს, შპს „მ-----“-სგან ავტომობილი სარგებლობაში კი არ მიუღია და მისი ქირავნობის საზღაურს კი არ იხდიდა, არამედ მან ფული ისესხა ავტომანქანის შესაძენად, რაც შპს „მ-----მ“ თავად გადაურიცხა გამყიდველს (ზურაბ ჭითანავას) და სწორედ, ამ თანხის დაბრუნების ვალდებულება იკისრა მოპასუხემ დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად.
ამ მსჯელობას ადასტურებს, თავად ხელშეკრულების 1-ლი პუნქტი (მნიშვნელოვანი პირობები), სადაც ლიზინგის თანხა განმარტებულია კრედიტად, ხოლო გრაფიკის მიხედვით, ც---- სა-------ას უნდა გადაეხადა არა ქირა ქონებით სარგებლობისათვის, არამედ - სატრანსპორტო საშუალების გამოსყიდვის საფასური, მასზედ დარიცხული პროცენტით (ს.ფ.6-7), ხოლო თანხის გადახდის ვალდებულების არაჯეროვანის შესრულებისათვის ჯარიმა (პირგასამტეხლო).
პალატის აზრით, ამგვარი ხელშეკრულება, შინაარსობრივად, უფრო ახლოს დგას გამოსყიდვასთან, თუმცა გამოსყიდვისაგან მას განასხვავებს ის, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლის თანახმად, გამოსყიდვა გამყიდველის უფლებაა და არა ვალდებულება და მისი განხორციელება მისსავე ნებაზეა დამოკიდებული.
იგივე წესია დადგენილი ლიზინგის შემთხვევაშიც, კერძოდ, ლიზინგის მიმღებს შეიძლება, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ჰქონდეს ლიზინგის საგნის შესყიდვის უფლება და არა ვალდებულება.
ნივთის შესყიდვის ვალდებულების დაკისრება ლიზინგის ხელშეკრულების, როგორც ქირავნობის ხელშეკრულებიდან ნაწარმოები უფლების არსს ეწინააღმდეგება.
ამგვარად, ნათელია, რომ, სინამდვილეში, მომჩივანს ქირა კი არ უნდა გადაეხადა, არამედ - ანუიტეტური მეთოდით, ე.ი. პერიოდულად, თანაბარი გადახდებით სესხი უნდა დაეფარა, რაც მითითებულია კიდეც ხელშეკრულების მე-4 პუნქტში (ს.ფ.6).
საყურადღებოა, რომ ეს მეთოდი, ძირითადად, გამოიყენება, სწორედ სასესხო ვალდებულებების დასაფარად და არა გადასახდელი ქირის ოდენობის განსასაზღვრად.
ამრიგად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი, 2017 წლის 24 იანვრის “ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება” და მასში ცვლილების შეტანის თაობაზე 2017 წლის 08 მაისის ხელშეკრულება, რეალურად უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაა, რაც ნიშნავს, რომ განმცხადებელს სასამართლოსათვის ლიზინგის ხელშეკრულება არ წარუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092 მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, განცხადებაში ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე აღნიშნული უნდა იყოს წაყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება.
ვინაიდან, შპს „მ-----ს“ განცხადებაზე თანდართული მტკიცებულება - 2017 წლის 24 იანვრის ხელშეკრულება, ასევე, მასში ცვლილების შეტანის თაობაზე 2017 წლის 08 მაისის ხელშეკრულება, არ წარმოდგენს ლიზინგის ხელშეკრულებას და თავისი შინაარსით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაა, პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა, სათანადო მტკიცებულების (ლიზინგის ხელშეკრულება) წარუდგენლობის გამო, ვერ დაასაბუთა, რომ არსებობდა ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე ბრძანების გამოცემის წინაპირობა.
იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო სწორ შეფასებას მისცემდა მოთხოვნის საფუძვლად წარდგენილ მტკიცებულებას, შეეძლო 3094 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უარი ეთქვა განცხადების მიღებაზე ან ამავე კოდექსის 187.2 ნაწილის შესაბამისად, განუხილველად დაეტოვებია განცხადება, რაც არ განუხორციელებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ბრძანება დაუსაბუთებელია. პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, არასწორად გამოიყენა და განმარტა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია.
შესაბამისად, ც---- სა-------ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 372-ე, 385-386-ე, 393-394-ე, 187.2-ე მუხლების შესაბამისად უნდა გაუქმდეს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის გასაჩივრებული ბრძანება და ც---- სა-------ას მიმართ, შპს ,,მ-----ს” განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე, როგორც დაუშვებელი უნდა დარჩეს განუხილველად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც---- სა-------ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 ივნისის ბრძანება, რომლითაც შპს ,,მ-----ს” განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ დაკმაყოფილდა და შპს ,,მ-----ს” (ს/ნ 4--------) დაუბრუნდა, ლიზინგის საგანი - ც---- სა-------ას მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება - M------- B--- E350, V-- კოდი W----------------, გამოშვების წელი 2007, ძრავის მოცულობა 3500, ფერი თეთრი, რეგისტრაციის ნომერი D---------
3. შპს ,,მ-----ს” განცხადება, ც---- სა-------ას მიმართ, ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე, დარჩეს განუხილველად;
4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
5. განჩინება არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე