განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3ბ/125-18
საქმე № 330310017001841626
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი: ლიანა გელაშვილი
აპელანტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - ნ-----–---------- (ტ------–---------ის კანონიერი წარმომადგენელი)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება
1.1 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე 3/1843-17 სრულად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება უსაფუძვლობის გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 15 დეკემბრის N---- ბრძანება და დაევალა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ-----–----------ს ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1 ნ-----–----------, ასევე, ტ------–---------ი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები. აღნიშნული მოწმობების თანახმად, მათ დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს ქ. თბილისი, ვ----------------------------------------–------------. ტ------–---------ი არის ნ-----–----------ს შვილი. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 23.06.2016წ. N---------------- გადაწყვეტილების საფუძველზე ნ-----–---------ს დაუდგინდა მარტოხელა მშობლის სტატუსი ტ------–---------თან დაკავშირებით.
2.2. ხ------------------- (დაბ.1---------წ., რეგისტრირებული თბილისი, ი------------------------------------------), ფ--------------------- (დაბ. 0---------წ., რეგისტრირებული სოხუმი, ს------–-----–---------–--------------------------------------------------------–-------------) და ა-------–---------–-- (დაბ.0---------წ, რეგისტრირებული გულრიფში, ს-----–--–----–--------–--------------------------------------------------------–-------------) 2017 წლის 09 იანვარს სანოტარო ბიუროში განაცხადეს და დაადასტურეს, რომ ნ-----–---------- 2008 წლიდან დღემდე შვილთან -ტ------–---------თან ერთად ცხოვრობს უძრავ ქონებაში მდებარე: თბილისი, ი------------------------------------------------------------------------–-------------). განცხადება შედგენილია და მასზე ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებულია სანოტარო წესით.
2.3. 2012 წლის 07 მარტის მოსარჩელე ნ-------–---------მა განცხადებით მიმართა მოპასუხე- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, სადაც მიუთითა, რომ იყო დევნილი, ომში დაღუპული მებრძოლის შვილი და რეალურად ცხოვრობდა ვ-----------------–--–---------------------------ში. მან მოითხოვა გადამისამართება ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2013 წლის 09 ივლისს მოსარჩელე ნ-----–---------მა კვლავ მიმართა მოპასუხეს განცხადებით ფაქტობრივ მისამართზე რეგისტრაციის მოთხოვნით. გადამისამართების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნები ადმინისტრაციულ ორგანოში შესწავლილი არ ყოფილა, მათზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საქმეში დაცული მასალებით არ დასტურდება.
2.4. სს ,,თელასის’’ მიერ საქმეში წარმოდგენილ ბრუნვის ისტორიით ირკვევა, რომ აბონენტის ნ------–---------ის ნომერია 4------, მისამართზე ი-–----------------------------------------------------------, მრიცხველის დადგმის თარიღია 3---------წ. საქმეში დაცულია ასევე სს ,,თელასის’’ შპს ,,თბილსერვის ჯგუფისა’’ და შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ‘’ ერთობლივი ქვითრები, 2016 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით აბონენტი ნ-----–---------- N4------, მის: თბილისი, ი-–-------------------------------------. მოცემული აბონენტის ბრუნვის ისტორიისა და ქვითრების თანახმად, წარმოდგენილი ჩვენებები ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისში, ი----------------------------------------------------------------–--------–- მოსარჩელე ნ-----–---------- მოიხმარდა ელექტროენერგიას 2012 წლიდან.
2.5. საქმეში წარმოდგენილი იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის ანკეტის მიხედვით მოსარჩელის დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილს) წარმოადგენს თბილისი, ი-–-----------------------------------–------------, ხოლო ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს ი--------------------------------------------------–-------------.
2.6. მოსარჩელემ 2013 წლის 14 ნოემბერს შეავსო განაცხადი, სადაც ოჯახის წევრად მიუთითა შვილი ტ------–---------ი, ხოლო ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად - ქ. თბილისში, ი--------------------------------------------------------------------------–---------, განაცხადის მიხედვით შევსებული ინფორმაციით მოსარჩელეს მიენიჭა 8 ქულა.
2.7. ნ-----–----------ს მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტების გადამოწმების მიზნით, 2015 წლის 22 აგვისტოს მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა - ქ. თბილისში, ი-------------------------------------------------------------------------–--------–-, მათ მიერ შედგა მონიტორინგის ფორმა, მოსარჩელემ გასაუბრებისას განმარტა, რომ იგი ცხოვრობს შვილთან ერთად ამ მისამართზე 2011 წლიდან, 1995-2010 წლებში ცხოვრობდა თბილისში, ს---------–-------------ში დედასთან ერთად. დაზუსტების ჯგუფის დასკვნით მის 2 სულიანი ოჯახის ერთი თვის შემოსავალი შეადგენს 240 ლარს, ოჯახის სოციალურად დაუცველთა ბაზაში მინიჭებული აქვს 64830 ქულა, განმცხადებლის ინფორმაციით განაცხადში მითითებულ პირებს არანაირი საკუთრება არ გააჩნიათ, ფოტო-მასალა გადაღებულია განმცხადებლის ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზე, სოც.ამონაწერში გაკეთებულია ს---------–--------------ში 2012 წელს, ხოლო განმცხადებლის ინფორმაციით ს---------–--------------ში ცხოვრობს 2011 წლიდან. სოციალურის მომზადების და ცხოვრების წლები არ ემთხვევა ერთმანეთს, მონიტორინგის ჯგუფს ეჭვი აქვს, რომ განმცხადებელი ცხოვრობს დედასთან და ძმასთან ერთად ს---------–--------------ში, რადგან კ---------დან დედამ გამოაცილა განმცხადებელი და განმცხადებლის შვილი.
2016 წლის 5 სექტემბერს კვლავ გადამოწმდა მოსარჩელე, რომლის საფუძველზეც შედგა დაზუსტების ჯგუფის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ აპლიკანტის განმარტებით ამ ფართში ცხოვრობდა 1994 წლიდან გვერდით კორპუსში N---------- ოჯახი ფლობს 2002 წლიდან. აპლიკანტი დაოჯახდა 2011 წელს და მას შემდეგ რაც შვილი შეეძინა ცხოვრობდა კ----------------------ში 2013 წლამდე. 2013 წლიდან ცხოვრობს დედასთან და ძმასთან ერთად. პერიოდულად უწევს ცხოვრება N---ში. შემოსავალი 790 ლარი. სოც. ბაზაში ფიქსირდება ამავე მისამართზე დედასთან და ძმასთან ერთად 64830 ქულით. არის მარტოხელა დედა. მამა მ---------–---------ი გარდაიცვალა აფხაზეთის ომში საბრძოლო მოქმედებების დროს 1992 წელს. ყოფილ მეუღლესთან იცხოვრა მხოლოდ 3 თვე. ყოფილი მეუღლე დ---------------–---–- დაოჯახებიდან სამ თვეში მოხვდა საპყრობილეში.
2.8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 05 დეკემბრის N--- ოქმის მიხედვით კომისიამ განიხილა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ. თბილისში, ყველაზე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 10 ნგრევადი ობიექტიდან დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი. კომისიის წევრებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ნგრევადი და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტებისა და აღნიშნულ ობიექტებში დამისამართებული და/ან ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების შესახებ, მათ შორის იყო ქ. თბილისი, ჭ-----------------------------------------–---------------.
2.9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2017 წლის 06 თებერვალს მოსარჩელე ნ-----–---------ს აცნობა, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განიხილა ქ. თბილისში, ი----------------------------------------------------------------–--------–-, როგორც ნგრევად ობიექტში, მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელის ოჯახს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ეთქვა უარი აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრების და დამისამართების გამო. მოსარჩელეს ასევე ეცნობა, რომ აღნიშნულის შესახებ 2016 წლის 15 დეკემბერს გამოიცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის N---- ბრძანება, რომელიც 2016 წლის 27 დეკემბერს N0------------- წერილით გაეგზავნა მოსარჩელეს მისამართზე ქ. თბილისი, ჭ--------------------------------.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 15 დეკემბრის N---- ბრძანების თანახმად, ქალაქ თბილისში არსებული პროექტის ფარგლებში, ი-–------------------------–------------------------ში რეგისტრაციის არ ქონისა და ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო, ნ-----–----------ს ოჯახს, ამ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.10 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 15 დეკემბრის №---- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველის ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
2.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეების მოთხოვნას ასევე წარმოადგენს დაევალოს მოპასუხეს-საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ნ-----–----------ს და მისი ოჯახის წევრის ტ------–---------ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
2.12. სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. ამავე კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. მითითებული კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ნ------–---------ს და ტ------–---------ს აქვთ იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილის სტატუსი. შესაბამისად, მათზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
2.13 სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე, რომელიც არეგულირებს დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
აღნიშნული წესის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის (15.12.2016) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. ხოლო მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტების შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე კომისიის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი ამ ბრძანების მე-4 პუნქტით დამტკიცებული N6 დანართის შესაბამისად-,,გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნების გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნული ბრძანების N7 დანართით დამტკიცებულ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის ძირითადი ფუნქციაა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესის ორგანიზება და წარმართვა ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის’’ შესაბამისად, ასევე დევნილთა სხვა საჭიროებების შესწავლა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მის კომპეტენციაში შედის საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის N127 განკარგულებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმისა’’ და წესის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესის ორგანიზება, დევნილთა საცხოვრებელი ფართის მიღების ან საცხოვრებელი ფართის შესყიდვის ან იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან/და აშენებულ შენობებში დევნილი ოჯახების განსახლების, ან დევნილი ოჯახისათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე, ასევე საცხოვრებელი სახლები/ბინების შეძენის მიზნით აღებული იპოთეკური სესხის დაფარვისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის თაობაზე, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით.
2.14. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლით კომისიის სხდომისათვის, განსახილველი საკითხების მომზადებას უზრუნველყოფს დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია კომისიის სხდომაზე წარადგინოს საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი და მასალა, ამასთან დეპარტამენტი ვალდებულია წარმოუდგინოს კომისიას დეპარტამენტის წინადადებები და პოზიცია, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით კომისია უფლებამოსილია: ა)მიიღოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე დევნილთა განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება; ბ)მოიწონოს ან მისცეს უარყოფითი შეფასება განხილულ საკითხს; გ)არასაკმარისად ცნოს განხილული საკითხის ირგვლივ გაწეული საქმიანობა/ არასრულყოფილად მიიჩნიოს საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალა და დოკუმენტაცია; დ)ცნობად მიიღოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაცია; ე)განუხილველად დატოვოს სხდომაზე წარდგენილი საკითხი; ვ)გადადოს საკითხის განხილვა; ზ)დამატებით მოსამზადებლად დააბრუნოს განსახილველად წარდგენილი საკითხი.
ამავე წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია წარედგინება მინისტრს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს. ხოლო მე-5 პუნქტის საფუძველზე მინისტრი უფლებამოსილია, გააუქმოს კომისიის მიერ მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებები.
მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი იღებს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ კომისიის გადაწყვეტილებას წინასწარ დადგენილი სავალდებულო ხასიათი აქვს, რასაც ადასტურებს დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტიც. კომისიის გადაწყვეტილებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მინისტრის გადაწყვეტილებაზე, თუმცა ის უნდა გახდეს მინისტრის მიერ შეფასების საგანი და არა გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი და უპირობო საფუძველი. თავის მხრივ, კომისიაც გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტაციისა და მასალის საფუძველზე, თუმცა ისიც უფლებამოსილია საკითხი მიიჩნიოს არასრულყოფილად შესწავლილად და დააბრუნოს დამატებითი განხილვისათვის.
2.15. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 05 დეკემბრის N--- ოქმის მიხედვით კომისიამ განიხილა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ. თბილისში, ყველაზე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 10 ნგრევადი ობიექტიდან დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი. კომისიის წევრებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ნგრევადი და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტებისა და აღნიშნულ ობიექტებში დამისამართებული და/ან ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების შესახებ, მათ შორის იყო ქ. თბილისი, ჭ-----------------------------------------–---------------. კომისიამ განიხილა ნგრევად ობიექტ-,------------------–------------–--- მცხოვრები ოჯახებიდან ნ-----–----------ს განაცხადიც. დადგენილია, რომ კომისიის მიერ მასთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ იქნა განცხადებაში მითითებული ფაქტების გადამოწმების მიზნით, მონიტორინგის ჯგუფის დასკვნები, კერძოდ ჩატარებული მონიტორინგის ჯგუფს ეჭვი აქვს, რომ განმცხადებელი ცხოვრობს დედასთან და ძმასთან ერთად ს---------–--------------ში, რადგან კ---------დან დედამ გამოაცილა განმცხადებელი და განმცხადებლის შვილი. სასამართლომ ჩათვალა, რომ მცირე პერიოდებით სხვაგან სტუმრად წასვლა არ გამორიცხავს კონკრეტულ მისამართზე ცხოვრებას, მით უფრო, როდესაც ნ-----–---------- არის მარტოხელა დედა, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ხოლო მის ოჯახს (დედა), რომელიც ცხოვრობს მასთან ახლოს, შეუძლია დახმარება გაუწიოს შვილის აღზრდაში.
თელასის აბონენტის ბრუნვის ისტორიის ამონაწერისა და საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ნ-----–---------- კომუნალური გადასახდელის გადამხდელად (აბონენტი 4------) აღირიცხა 2012 წლის 30 იანვრიდან ქ. თბილისი, ჭ-----------------------------------------–---------------, წარმოდგენილი ჩვენებები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე სწორედ ამ მისამართზე იხდის კომუნალურ გადასახადებს. საქმეში წარმოდგენილ იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის ანკეტაში თავად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებს, რომ მოსარჩელის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ი-------------------------------------------------–-------------. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის დამისამართება აღნიშნულ საცხოვრებელ ადგილზე არ მომხდარა, სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეში წარმოდგენილ 2012 წლის 07 მარტისა და 2013 წლის 09 ივლისის წერილებზე, სადაც მოსარჩელე ნ-----–---------- მიუთითებს, რომ იგი არის დევნილი, ომში დაღუპული მებრძოლის შვილი, მარტოხელა დედა, რომელიც რეალურად ცხოვრობდა ვ-----------------–--–---------------------------ში და ითხოვს გადამისამართებას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, წარმოდგენილ წერილებზე მოპასუხეს დასაბუთებული პასუხი არ გაუცია, დაუსაბუთებელია დამისამართების მოთხოვნაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხის მიერ მითითებული მტკიცებულებები, სხვა დამატებითი მტკიცებულებების მოძიების გარეშე, არ ქმნიდა მოსარჩელეთა მიერ მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების მტკიცების საკმარის საფუძველს. საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ფაქტის დადგენას, რაც გამოიხატება აღნიშნულ მისამართზე ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრებით. მითითებული გარემოება კი შესაძლებელია დადასტურდეს გადასახადის გადახდის ქვითრებით, მეზობლების გამოკითხვით და სხვა მსგავსი მტკიცებულებების ერთობლიობით. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ შემოწმებისას მოსარჩელე ბინაში არ იმყოფებოდა და დედამ გამოაცილა თავისი ბინიდან ვერ დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ ისინი არ ცხოვრობენ აღნიშნულ მისამართზე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელშიც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი- უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. კანონმდებლობა კი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილება მიიღოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვეს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების მიღებისას სრულყოფილად დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.
სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია. სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - დევნილის მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომელსაც მოუწია იმ მძიმე ვითარების საკუთარ თავზე გადატანა, რაც ცნობილ მოვლენებს მოჰყვა, არის უპირატესი და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია, რამეთუ არ მოხდეს მისი უფლებების დარღვევა და არ გულისხმობდეს მხოლოდდამხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
2.16. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 15 დეკემბრის N---- გადაწყვეტილება და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ-----–----------ს ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით.
3.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ფაქტობრივი თვალსაზრისით და ის არგუმენტები, რომელიც სასამართლოს მოჰყავს გადაწყვეტილების საფუძვლად, მათი აზრით, მოკლებულია სანდოობას და დამაჯერებლობას. აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი იძლევა შესაძლებლობას, რომ სასამართლომ ბათილად ცნოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილება, შეფასებისა და მოქმედების თავისუფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, რაც მან ჯეროვნად ვერ გამოიყენა და რის შესახებ გადაწყვეტილებასაც ვერ მიიღებს სასამართლო, სანამ ადმინისტრაციული ორგანო ჯეროვნად არ გამოიკვლევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.” აპელანტს მიაჩნია, რომ სამინისტროს მიერ სადაო საკითხის თაობაზე ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებით დადგენილი წესის სრული დაცვით. სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათლად ჩანს, დისკრეაციული უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყველა იმ გარემოებებისა დამტკიცებულებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, რაც წარმოდგენილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და სამინისტროს მიერ არ ყოფილა უგულებელყოფილი არც ერთი გარემოება თუ წარმოდგენილი მტკიცებულება, რაზეც პირველი ინსტანციის სასამართლო საუბრობს თავის გადაწყვეტილებაში.
პირველ ყოვლისა, აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ემყარება ორი სახის მტკიცებულებას. პირველი ეს გახლავთ მოწმეთა ნოტარიალურად დამოწმებული ჩვენება და მეორეს მხრივ კომუნალური გადახდის ქვითრები. ორივე მათგანს სასამართლო უპირობოდ იზიარებს და არ ასაბუთებს, რატომ მიაჩნია ისინი სარწმუნოდ და დამაჯერებლად, მაშინ, როცა საქმეში არსებობს მათი გამაბათილებელი სხვა მტკიცებულება. კერძოდ: მონიტორინგის მასალა და თავად მოსარჩელეს მიერ გაკეთებული განმარტება, რომ მონიტორინგის პერიოდში ის აღნიშნულ ბინაში არ ცხოვრობდა, თუმცა ეს ახსნა იმ გარემოებით, რომ აღნიშნულ ბინაში სამომავლოდ აპირებდა რემონტის ჩატარებას, ამიტომაც ჰქონდა ბინა დაცლილი. აღნიშნული გარემოება წინაარმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან. ცალკე შეფასების საგანია კომუნალური გადახდის ქვითრები, რომელიც ნამდვილად არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მივიჩნიოთ, რომ აღნიშნულ ბინაში, სადაც სიმბოლური თანხის გადახდა ხორციელდებოდა მოხმარებული ელექტროენერგიის, თუ სხვ. კომუნალური მომსახურების, ამ ფართში მოსარჩელეთა ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელ მტკიცებულებად.
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადაო საკითხთან დაკავშირებით.
აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ შემთხვევაში გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა ის. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას თითქოს სამინისტრომ აქტი გამოსცა საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და შეფასების გარეშე, მაშინ, როდესაც სამინისტრომ შეისწავლა მოსარჩელეს ოჯახის საკითხი და საკითხთან დაკავშირებული ყველა დეტალი.
სასამართლო არასწორად მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რომლის თანახმად - თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, ხოლო არსებული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ამიტომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ და საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქმევათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად.
სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. როგორც ცნობილია, მმართველობის ორგანოების კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების ფარგლებს ქმნის ის ნორმატიული აქტი, რომლის აღსრულებასაც ეს ქმედება ისახავს მიზნად. სამართლის ნორმა ორი ნაწილისგან შედგება: ნორმის ამოქმედების წინაპირობები და სამართლებრივი შედეგები. დღეის მდგომარეობთ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმისა“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების (რომელიც ნორმატიული ხასიათისაა) პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუ-ნველყოფის წესის“ შესაბამისად, რომელიც ადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღებისა და მათი განხილვის წესს. აღნიშნული წესის შესაბამისად რეგულირდება ასევე დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები. თითოეული დევნილი ოჯახის განაცხადის შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების საფუძველზე. შეფასების შედეგად თითოეულ დევნილ ოჯახს, ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, ენიჭება შესაბამისი ქულა. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად და იმ დევნილ ოჯახს, რომელიც სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
დადგენილი წესის შესაბამისად, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილება ახდენს, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის, მოპოვებული მონაცემების საფუძველზე, თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების მეშვეობით.
ამავე დროს, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მცხოვრებ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებისას სასამართლო ხშირად იყენებს დევნილთა საცხოვრებლით დაკამაყოფილების დადგენილ წესს, კერძოდ 2013 წლის 9 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის N320–ე ბრძანებას, რომელიც ნორმატიული ხასიათისაა, თუმცა არ საუბრობს და იგნორირებას უკეთებს საერთოდ ამ ნორმატიურლი აქტის შექმნის უმთავრეს მიზანსა და დანიშნულებაზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ ნორმატიული აქტის შექმნის უმთავრესი დანიშნულება, დევნილებში, ყველაზე უფრო მეტად შეჭივრებული კატეგორიის გამოვლენა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა წარმოადგენს. არც ამ ნორმის ამოქმედებამდე და არც მის გარეშე, სახელმწიფო არ თავისუფლდება დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულებისგან, მაგრამ სწორედ იმ სავალალო რეალობის გათვალისწინებით, რაც ძირითადად სახელმწიფოს მწირი შესაძლებლობით არის განპირობებული, უამრავი დევნილი რჩება საცხოვრებელი ფართის გარეშე. შესაბამისად, ამ ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისი პროცედურების დაცვა და შესრულება, რომელიც სავალდებულოა ყველასთვის, როგორც სახელმწიფოს ასევე თითოეული დევნილისთვის, იძლევა შესაძლებლობას შედარებით სამართლიან გარემოში მოხდეს დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება.
უსაფუძვლოა სასამართლოს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, თითქოს კომისიამ თავი აარიდა საქმის სრულყოფილ გამოკვლევას, მოახდინა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების იგნორირება და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. ვინაიდან თითოეული დევნილი ოჯახის განაცხადის შეფასება. ხორციელდება სამინისტროს მიერ მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების საფუძველზე.
საკითხის განხილვის დროს კომისიას წარედგინა აღნიშნულ ობიექტებთან დაკავშირებით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნები და 2013 წლის 9 აგვისტოს N 320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილი მოხელეების მიერ აღნიშნულ ობიექტებში ჩატარებული გადამოწმების შედეგად შედგენილი მონიტორინგის მასალა. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების მე-4 მუხლის, მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და შესაბამისი კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს ნგრევადი ობიექტებიდან მხოლოდ იქ მცხოვრებ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში დევნილები ექვემდებარებიან საკითხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტით დადგენლ წესს- კრიტერიუმების შესაბამისად ქულების გათვალისწინებით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ მოსარჩელე და მისი შვილი არ ცხოვრობდნენ მითითებულ ობიექტში, მათ ამ ეტაპზე უარი ეთქვათ საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, ხოლო ის პირები, რომლებიც მონიტორინგის შედეგად რეალურად ცხოვრობდნენ მოცემულ ფართში, დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით სამინისტროს მიერ.
შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელეს მოთხოვნა აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების და დადგენილი წესის შესაბამისად. დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა სამინისტროს უფლებამოსილებას წარმოადგენს და ის ამ უფლებამოსილებას ანხორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს. ცალკე აღებული რომელიმე ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება დაუშვებელია. ამავე დროს საჯარო ინტერესების გათვალისწინებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისთვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს საჯარო ინტერესებისთვის მიყენებულ სიკეთეს, გამოყენებულ უნდა იქნას პირის კანონიერი უფლებისთვის ყველაზე ნაკლები ზიანის მიმყენებელი საშუალება. არჩეულმა ღონისძიებამ არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, ანუ მიზნის მიღწევის საშუალება უნდა შეესაბამებოდეს მიზანს.
ამავე დროს, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტების შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით. ის ემსახურება კონკრეტულ შემთხვევაში სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს კანონის ნორმის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გადაწყვეტილებით. სამინისტრო აცნობიერებს, თუ რა მიზნის მისაღწევად აქვს მინიჭებული ეს უფლებამოსილება, რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა გაითვალისწინოს და შესაბამისად ამ გარემოებების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას. რაც თავისთავად მოხდა სამინისტროს მიერ კონკრეტულ შემთხვევაში.
მინისტრის N320-ე ბრძანებით განსაზღვრულია, როგორც დევნილთა - აპლიკანტთა ვალდებულება, შეავსოს და სწორად მიაწოდოს ინფორმაცია საკითხების შემსწავლელ კომისიას, ასევე სამინისტროს ფუნქცია მოვალეობა - სწორად შეისწავლოს და შესაბამისი შეფასების მიცემის შემდეგ გადაწყვიტოს დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი. აღმიშნული ნორმატიული აქტი, თავისთავად გამორიცხავს რომელიმე დევნილისთვის რაიმე უპირატესობის მინიჭებას და სხვა დევნილებთან შედარებით პრიორიტეტულ მდგომარეობაში ჩაყენებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტის მოსაზრებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, არ არის ფაქტობრივად და იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, ამიტომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ და საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქმევა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.4. ნ-----–----------, ასევე, ტ------–---------ი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები. აღნიშნული მოწმობების თანახმად, მათ დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს ქ. თბილისი, ვ----------------------------------------–------------. ტ------–---------ი არის ნ-----–----------ს შვილი. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 23.06.2016წ. N---------------- გადაწყვეტილების საფუძველზე ნ-----–---------ს დაუდგინდა მარტოხელა მშობლის სტატუსი ტ------–---------თან დაკავშირებით.
4.5. ხ------------------- (დაბ.1---------წ.,რეგისტრირებული თ---–---------------------------------------------), ფ-------------------- (დაბ. 0---------წ., რეგისტრირებული სოხუმი, ს------–-----–---------–--------------------------------------------------------–-------------) და ა-------–---------–-- (დაბ.0---------წ, რეგისტრირებული გულრიფში, ს-----–--–----–--------–--------------------------------------------------------–-------------) 2017 წლის 09 იანვარს სანოტარო ბიუროში განაცხადეს და დაადასტურეს, რომ ნ-----–---------- 2008 წლიდან დღემდე შვილთან -ტ------–---------თან ერთად ცხოვრობს უძრავ ქონებაში მდებარე: თბილისი, ი------------------------------------------------------------------------–-------------). განცხადება შედგენილია და მასზე ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებულია სანოტარო წესით.
4.6. 2012 წლის 07 მარტის მოსარჩელე ნ-------–---------მა განცხადებით მიმართა მოპასუხე- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, სადაც მიუთითა, რომ იყო დევნილი, ომში დაღუპული მებრძოლის შვილი და რეალურად ცხოვრობდა ვ-----------------–--–---------------------------ში. მან მოითხოვა გადამისამართება ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2013 წლის 09 ივლისს მოსარჩელე ნ-----–---------მა კვლავ მიმართა მოპასუხეს განცხადებით ფაქტობრივ მისამართზე რეგისტრაციის მოთხოვნით. გადამისამართების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნები ადმინისტრაციულ ორგანოში შესწავლილი არ ყოფილა, მათზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საქმეში დაცული მასალებით არ დასტურდება.
4.7. სს ,,თელასის’’ მიერ საქმეში წარმოდგენილ ბრუნვის ისტორიით ირკვევა, რომ აბონენტის ნ------–---------ის ნომერია 4------, მისამართზე ი-–---------------------------------------------------------, მრიცხველის დადგმის თარიღია 3---------წ. საქმეში დაცულია ასევე სს ,,თელასის’’ შპს ,,თბილსერვის ჯგუფისა’’ და შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ‘’ ერთობლივი ქვითრები, 2016 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით აბონენტი ნ-----–---------- N4------, მის: თბილისი, ი-–-------------------------------------. მოცემული აბონენტის ბრუნვის ისტორიისა და ქვითრების თანახმად, წარმოდგენილი ჩვენებები ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისში, ი----------------------------------------------------------------–--------–- მოსარჩელე ნ-----–---------- მოიხმარდა ელექტროენერგიას 2012 წლიდან.
4.8. საქმეში წარმოდგენილი იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის ანკეტის მიხედვით მოსარჩელის დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილს) წარმოადგენს თბილისი, ი-–-----------------------------------–------------, ხოლო ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს ი--------------------------------------------------–-------------.
4.9. მოსარჩელემ 2013 წლის 14 ნოემბერს შეავსო განაცხადი, სადაც ოჯახის წევრად მიუთითა შვილი ტ------–---------ი, ხოლო ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად - ქ. თბილისში, ი--------------------------------------------------------------------------–---------, განაცხადის მიხედვით შევსებული ინფორმაციით მოსარჩელეს მიენიჭა 8 ქულა.
4.10. ნ-----–----------ს მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტების გადამოწმების მიზნით, 2015 წლის 22 აგვისტოს მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა - ქ. თბილისში, ი-------------------------------------------------------------------------–--------–-, მათ მიერ შედგა მონიტორინგის ფორმა, მოსარჩელემ გასაუბრებისას განმარტა, რომ იგი ცხოვრობს შვილთან ერთად ამ მისამართზე 2011 წლიდან, 1995-2010 წლებში ცხოვრობდა თბილისში, ს---------–-------------ში დედასთან ერთად. დაზუსტების ჯგუფის დასკვნით მის 2 სულიანი ოჯახის ერთი თვის შემოსავალი შეადგენს 240 ლარს, ოჯახის სოციალურად დაუცველთა ბაზაში მინიჭებული აქვს 64830 ქულა, განმცხადებლის ინფორმაციით განაცხადში მითითებულ პირებს არანაირი საკუთრება არ გააჩნიათ, ფოტო-მასალა გადაღებულია განმცხადებლის ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზე, სოც.ამონაწერში გაკეთებულია ს---------–--------------ში 2012 წელს, ხოლო განმცხადებლის ინფორმაციით ს---------–--------------ში ცხოვრობს 2011 წლიდან. სოციალურის მომზადების და ცხოვრების წლები არ ემთხვევა ერთმანეთს, მონიტორინგის ჯგუფს ეჭვი აქვს, რომ განმცხადებელი ცხოვრობს დედასთან და ძმასთან ერთად ს---------–--------------ში, რადგან კ---------დან დედამ გამოაცილა განმცხადებელი და განმცხადებლის შვილი.
2016 წლის 5 სექტემბერს კვლავ გადამოწმდა მოსარჩელე, რომლის საფუძველზეც შედგა დაზუსტების ჯგუფის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ აპლიკანტის განმარტებით ამ ფართში ცხოვრობდა 1994 წლიდან გვერდით კორპუსში N---------- ოჯახი ფლობს 2002 წლიდან. აპლიკანტი დაოჯახდა 2011 წელს და მას შემდეგ რაც შვილი შეეძინა ცხოვრობდა კ----------------------ში 2013 წლამდე. 2013 წლიდან ცხოვრობს დედასთან და ძმასთან ერთად. პერიოდულად უწევს ცხოვრება N---ში. შემოსავალი 790 ლარი. სოც.ბაზაში ფიქსირდება ამავე მისამართზე დედასთან და ძმასთან ერთად 64830 ქულით. არის მარტოხელა დედა. მამა მ---------–---------ი გარდაიცვალა აფხაზეთის ომში საბრძოლო მოქმედებების დროს 1992 წელს. ყოფილ მეუღლესთან იცხოვრა მხოლოდ 3 თვე. ყოფილი მეუღლე დ---------------–---–- დაოჯახებიდან სამ თვეში მოხვდა საპყრობილეში.
4.11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 05 დეკემბრის N--- ოქმის მიხედვით კომისიამ განიხილა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ. თბილისში, ყველაზე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 10 ნგრევადი ობიექტიდან დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი. კომისიის წევრებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ნგრევადი და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტებისა და აღნიშნულ ობიექტებში დამისამართებული და/ან ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების შესახებ, მათ შორის იყო ქ. თბილისი, ჭ-----------------------------------------–---------------.
4.12. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2017 წლის 06 თებერვალს მოსარჩელე ნ-----–---------ს აცნობა, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განიხილა ქ. თბილისში, ი-----------------------------------------------------------------–--------–-, როგორც ნგრევად ობიექტში, მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელის ოჯახს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ეთქვა უარი აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრების და დამისამართების გამო. მოსარჩელეს ასევე ეცნობა, რომ აღნიშნულის შესახებ 2016 წლის 15 დეკემბერს გამოიცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის N---- ბრძანება, რომელიც 2016 წლის 27 დეკემბერს N0------------- წერილით გაეგზავნა მოსარჩელეს მისამართზე ქ. თბილისი, ჭ--------------------------------.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 15 დეკემბრის N---- ბრძანების თანახმად, ქალაქ თბილისში არსებული პროექტის ფარგლებში, ი-–------------------------–------------------------ში რეგისტრაციის არ ქონისა და ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო, ნ-----–----------ს ოჯახს, ამ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
სამართლებრივი დასაბუთება
4.13. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.14. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს გასაჩივრებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 15 დეკემბრის №---- ბრძანების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. აღნიშნული ბრძანებით ქალაქ თბილისში არსებული პროექტის ფარგლებში, ი-–------------------------–------------------------ში რეგისტრაციის არ ქონისა და ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო, ნ-----–----------ს ოჯახს, ამ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
4.15. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. მითითებული კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე.
4.16. ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
დადგენილია, რომ ნ-----–---------ს და ტ------–---------ს აქვთ იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილის სტატუსი. შესაბამისად, მათზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
4.17. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომელიც არეგულირებს დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას. აღნიშნული წესის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის (15.12.2016) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. ხოლო მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტების შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე კომისიის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი ამ ბრძანების მე-4 პუნქტით დამტკიცებული N6 დანართის შესაბამისად- ,,გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნების გათვალისწინებით.
4.18. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლით კომისიის სხდომისათვის, განსახილველი საკითხების მომზადებას უზრუნველყოფს დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია კომისიის სხდომაზე წარადგინოს საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი და მასალა, ამასთან დეპარტამენტი ვალდებულია წარმოუდგინოს კომისიას დეპარტამენტის წინადადებები და პოზიცია, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით კომისია უფლებამოსილია: ა)მიიღოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე დევნილთა განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება; ბ)მოიწონოს ან მისცეს უარყოფითი შეფასება განხილულ საკითხს; გ)არასაკმარისად ცნოს განხილული საკითხის ირგვლივ გაწეული საქმიანობა/ არასრულყოფილად მიიჩნიოს საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალა და დოკუმენტაცია; დ)ცნობად მიიღოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაცია; ე)განუხილველად დატოვოს სხდომაზე წარდგენილი საკითხი; ვ)გადადოს საკითხის განხილვა; ზ)დამატებით მოსამზადებლად დააბრუნოს განსახილველად წარდგენილი საკითხი.
ამავე წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია წარედგინება მინისტრს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ხოლო მე-5 პუნქტის საფუძველზე მინისტრი უფლებამოსილია, გააუქმოს კომისიის მიერ მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებები.
4.19. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი იღებს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ კომისიის გადაწყვეტილებას წინასწარ დადგენილი სავალდებულო ხასიათი აქვს, რასაც ადასტურებს დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტიც. კომისიის გადაწყვეტილებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მინისტრის გადაწყვეტილებაზე, თუმცა ის უნდა გახდეს მინისტრის მიერ შეფასების საგანი და არა გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი და უპირობო საფუძველი. თავის მხრივ, კომისიაც გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტაციისა და მასალის საფუძველზე, თუმცა ისიც უფლებამოსილია საკითხი მიიჩნიოს არასრულყოფილად შესწავლილად და დააბრუნოს დამატებითი განხილვისათვის.
4.20. დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 05 დეკემბრის N--- ოქმის მიხედვით კომისიამ განიხილა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ. თბილისში, ყველაზე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 10 ნგრევადი ობიექტიდან დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი. კომისიის წევრებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ნგრევადი და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტებისა და აღნიშნულ ობიექტებში დამისამართებული და/ან ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების შესახებ, მათ შორის იყო ქ. თბილისი, ჭ-----------------------------------------–---------------. კომისიამ განიხილა ნგრევად ობიექტ-,------------------–------------–--- მცხოვრები ოჯახებიდან ნ-----–----------ს განაცხადიც. დადგენილია, რომ კომისიის მიერ მასთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ იქნა განცხადებაში მითითებული ფაქტების გადამოწმების მიზნით, მონიტორინგის ჯგუფის დასკვნები, კერძოდ ჩატარებული მონიტორინგის ჯგუფს ეჭვი აქვს, რომ განმცხადებელი ცხოვრობს დედასთან და ძმასთან ერთად ს---------–--------------ში, რადგან კ---------დან დედამ გამოაცილა განმცხადებელი და განმცხადებლის შვილი. სასამართლომ ჩათვალა, რომ მცირე პერიოდებით სხვაგან სტუმრად წასვლა არ გამორიცხავს კონკრეტულ მისამართზე ცხოვრებას, მით უფრო, როდესაც ნ-----–---------- არის მარტოხელა დედა, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ხოლო მის ოჯახს (დედა), რომელიც ცხოვრობს მასთან ახლოს, შეუძლია დახმარება გაუწიოს შვილის აღზრდაში.
4.21. თელასის აბონენტის ბრუნვის ისტორიის ამონაწერისა და საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ-----–---------- კომუნალური გადასახდელის გადამხდელად (აბონენტი 4------) აღირიცხა 2012 წლის 30 იანვრიდან მისამართზე: ქ. თბილისი, ჭ-----------------------------------------–---------------. საქმეში წარმოდგენილი ჩვენებები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე სწორედ ამ მისამართზე იხდის კომუნალურ გადასახადებს. საქმეში წარმოდგენილ იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის ანკეტაში თავად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებს, რომ მოსარჩელის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ი-------------------------------------------------–-------------. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის დამისამართება აღნიშნულ საცხოვრებელ ადგილზე არ მომხდარა, სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეში წარმოდგენილ 2012 წლის 07 მარტისა და 2013 წლის 09 ივლისის წერილებზე, სადაც მოსარჩელე ნ-----–---------- მიუთითებს, რომ იგი არის დევნილი, ომში დაღუპული მებრძოლის შვილი, მარტოხელა დედა, რომელიც რეალურად ცხოვრობდა ვ-----------------–--–---------------------------ში და ითხოვს გადამისამართებას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, წარმოდგენილ წერილებზე მოპასუხეს დასაბუთებული პასუხი არ გაუცია, დაუსაბუთებელია დამისამართების მოთხოვნაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
4.22. საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს მოსარჩელის ცხოვრების ფაქტის დადგენას სადავო მისამართზე, რაც გამოიხატება აღნიშნულ მისამართზე ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრებით. მითითებული გარემოება კი შესაძლებელია დადასტურდეს გადასახადის გადახდის ქვითრებით, მეზობლების გამოკითხვით და სხვა მსგავსი მტკიცებულებების ერთობლიობით. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ შემოწმებისას მოსარჩელე ბინაში არ იმყოფებოდა და დედამ გამოაცილა თავისი ბინიდან ვერ დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ ისინი არ ცხოვრობენ აღნიშნულ მისამართზე.
ამდენად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების მიღებისას სრულყოფილად დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.
4.20. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ვინაიდან გასაჩივრებული ბრძანება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელეთა კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების და შეფასების გარეშე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევა, რის გამოც სარჩელი სწორად იქნა დაკმაყოფილებული ნაწილობრივ, და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სწორად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 15 დეკემბრის N---- გადაწყვეტილება, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონის „სახელწმწიფო ბაჟის შესახებ“ მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე