განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.11.2018
საქმის ნომერი
330310018002706767
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საარჩევნო ურთიერთობებიდან გამომდინარე
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310018002706767 (3ბ/2931-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე

მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი

მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

წარმომადგენელი - მ-----–--------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - №03 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისია

წარმომადგენლები - ა--------------ე, პ-------–----–-----, ს--–---------–----–---–ი

 

მესამე პირები - 1) მიხეილ ანთაძე, 2) დავით ბაქრაძე, 3) ვახტანგ გაბუნია, 4) გრიგოლ ვაშაძე, 5) შალვა ნათელაშვილი, 6) ზვიად მეხატიშვილი, 7) გიორგი ლილუაშვილი, 8) აკაკი ასათიანი, 9) კახა კუკავა, 10) ოთარ მეუნარგია, 11) ირაკლი გორგაძე, 12) დავით უსუფაშვილი, 13) ზვიადი ბაღდავაძე, 14) მიხეილ სალუაშვილი, 15) ზვიად იაშვილი, 16) თამარი ცხორაგაული, 17) გელა ხუციშვილი, 18) ზურაბ ჯაფარიძე, 19) ლევანი ჩხეიძე, 20) სალომე ზურაბიშვილი, 21) ბესარიონ თედიაშვილი, 22) გიორგი ანდრიაძე, 23) კახაბერ ჭიჭინაძე, 24) ვლადიმერ ნონიკაშვილი, 25) თეიმურაზ შაშიაშვილი, 26) №03 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის №29 საუბნო საარჩევნო კომისია.

 

დავის საგანი - 1. №03 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №64/2018 განკარგულების ბათილად ცნობა №29 საუბნო საარჩევნო კომისიის ნაწილში; 2. დაევალოს №03 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა №29 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც მოხდება ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა და მათი ბათილად მიჩნევის მართებულობის შესწავლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 01 აგვისტოს №01/08/02 განკარგულების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 95-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები დაინიშნა 2018 წლის 28 ოქტომბერს.

 

2.2. 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე №3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის №29 საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1338, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 8. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობამ ყველა სახის ამომრჩეველთა სიაში 12:00 საათისათვის შეადგინა 166, ხოლო 17:00 საათისათვის - 576. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) შეადგინა - 724. მიღებული საარჩევნო ბიულეტენის რაოდენობაა 1250. ამომრჩეველთა ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად: მიხეილ ანთაძე - 0, დავით ბაქრაძე - 32, ვახტანგ გაბუნია - 0, გრიგოლ ვაშაძე - 154 ხმა, შალვა ნათელაშვილი - 18 ხმა, ზვიად მეხატიშვილი - 0 ხმა, გიორგი ლილუაშვილი - 0 ხმა, აკაკი ასათიანი - 0 ხმა, კახა კუკავა - 15 ხმა, ოთარ მეუნარგია - 0 ხმა, ირაკლი გორგაძე - 1 ხმა, დავით უსუფაშვილი - ნ73 ხმა, ზვიადი ბაღდავაძე - 0 ხმა, მიხეილ სალუაშვილი - 1 ხმა, ზვიად იაშვილი - 0 ხმა, თამარი ცხორაგაული - 2 ხმა, გელა ხუციშვილი - 1 ხმა, ზურაბ ჯაფარიძე - 58 ხმა, ლევანი ჩხეიძე - 0 ხმა, სალომე ზურაბიშვილი - 296 ხმა, ბესარიონ თედიაშვილი - 1 ხმა, გიორგი ანდრიაძე - 12 ხმა, კახაბერ ჭიჭინაძე - 2 ხმა, ვლადიმერ ნონიკაშვილი - 1 ხმა, თეიმურაზ შაშიაშვილი - 1 ხმა. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა - 56.

 

2.3. 2018 წლის 30 ოქტომბერს ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა მ-----–--------მ საჩივრით მიმართა №03 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა №03 საბურთალოს საარჩევნო ოლქის №29 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა, ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა და მათი ბათილად მიჩნევის მართებულობის შესწავლა და კომისიის წევრებისთვის შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ №03 საბურთალოს საარჩევნო ოლქის №29 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში ფიქსირდება ბათილი ბიულეტენების დიდი რაოდენობა, კერძოდ 56 ბიულეტენი მიჩნეულ იქნა ბათილად. მისივე განმარტებით, ამავე ოქმში ფიქსირდება კომისიის ერთ-ერთი წევრის თ-------------ის განსხვავებული აზრი. კომისიის წევრი უთითებს, რომ ბათილად იქნა მიჩნეული ისეთი ბიულეტენები, რომლებშიც ფიქსირდება ამომრჩევლის ნება.

 

2.4. №03 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №64/2018 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (წარმომადგენელი - მ-----–--------) საჩივარი უსაფუძვლობის გამო. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ როგორც №29 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, 2018 წლის 28 ოქტომბერს ბიულეტენების დათვლისას, უბანზე აღმოჩნდა 56 ბათილი ბიულეტენი. აქედან 7 ბიულეტენთან დაკავშირებით, მთვლელთაგან თ-------------ის მოსაზრებით 5 ბიულეტენი იყო №5 კანდიდატის სასარგებლოდ. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ კომისიამ ხმათა უმრავლესობით ეს 7 ბიულეტენი ბათილად მიიჩნია.

 

2.5. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 01 ნოემბრის №29 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მადონა მიქიაშვილის ახსნა-განმარტების თანახმად, „ბიულეტენების დათვლისას უბანზე აღმოჩნდა 56 ბათილი ბიულეტენი, აქედან 7 ბიულეტენთან დაკავშირებით, რომელთაგან 5 ბიულეტენი იყო ვაშაძის „სასარგებლოდ“, ნაციონალური მოძრაობის კომისიის წევრს თ-------------ეს ჰქონდა პრეტენზია. კომისიამ ხმათა უმრავლესობით შვიდივე ბიულეტენი ბათილად მიიჩნია“.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის, ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და მოახდინოს თავის დარღვეული უფლებისა თუ კანონით გარანტირებული უფლების დაცვა. კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია ასახავს დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ღირებულებებს. კონვენციაში გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები გარანტირებული და დაცულია ,,ეფექტური პოლიტიკური დემოკრატიის“ განხორციელებით (კონვენციის პრეამბულა). აქედან გამომდინარე, არჩევითი დემოკრატიული და წარმომადგენლობითი საკანონმდებლო ორგანოების ადეკვატური და სამართლიანი მექანიზმის ფუნქციონირება იძენს უაღრესად დიდ მნიშვნელობას. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია ასახავს დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ღირებულებებს. 1-ლი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი ითვალისწინებს თავისუფალი არჩევნების უფლებას, კერძოდ: ,,მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას გონივრული ხანგამოშვებით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას’’. არჩევნებში მონაწილეობის უფლება იმავდროულად წარმოადგენს დემოკრატიის ერთ-ერთ ძირითად საყრდენს, თავისუფალ არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის უფლება არის ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს სუვერენიტეტის გარანტი და ეს მეტად მნიშვნელოვანი უფლება, მონაპოვარი ადამიანისა დაცული და გარანტირებული იყოს. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 78-ე მუხლი ადგენს საარჩევნო დავებსა და მოსარჩელეთა წრეს. მითითებული მუხლის მე-20 პუნქტის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ან მის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში სარჩელი აღძრულია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის - ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, რომელიც ითხოვს №03 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №64/2018 განკარგულების ბათილად ცნობას №29 საუბნო საარჩევნო კომისიის ნაწილში, რისი მოთხოვნის უფლებამოსილება ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე მოსარჩელეს გააჩნია, მოცემულ შემთხვევაში მიღებული აქტის კანონიერების შემოწმება სასამართლოს მიერ განსახილველ საკითხს წარმოადგენს, რის გამოც სასამართლომ არსებითად უნდა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება სასარჩელო განცხადების მოთხოვნასთან მიმართებაში.

 

2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. ამდენად, №03 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №64/2018 განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსისა’’ და სადავო საკითხის მომწესრიგებელ სხვა კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან. საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის №03 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის N64/2018 განკარგულებას, მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა №29 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის, ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლისა და მათი ბათილად მიჩნევის მართებულობის შესწავლის თაობაზე. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში განკარგულება სადავო არ გამხდარა (აღნიშნული მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დაადასტურა სასამართლო სხდომაზეც), ამიტომ სასამართლო განკარგულების კანონიერებაზე იმსჯელებს მხოლოდ გასაჩივრებულ ნაწილში.

 

2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს - მერის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო. საოლქო საარჩევნო კომისიას ქმნის ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები. საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ფინანსების ხარჯვისათვის პასუხისმგებელი არიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს არჩევნებისათვის გამოყოფილი ფინანსების ნებისმიერ კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გახსნილი ანგარიშიდან ხარჯვის უფლება. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 26-ე მუხლით განსაზღვრულია ის უფლებამოსილებანი, რასაც ახორციელებს საუბნო საარჩევნო კომისია, კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისია: ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას; ბ) ამოწმებს ამომრჩეველთა სიების სისწორეს, განიხილავს სიებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს და შეცდომებისა თუ უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში არა უგვიანეს მომდევნო დღისა მიმართავს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას სიებში ცვლილების შეტანის წინადადებით; გ) ამომრჩეველთა განცხადებებისა და განაცხადების საფუძველზე ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას; დ) ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში, რის თაობაზედაც დგება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი; დ1) საჭიროების შემთხვევაში, არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა ადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორები ოქმს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობისას; ე) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი; ვ) ამომრჩევლებს ურიგებს ამომრჩევლის ბარათებს; ზ) პასუხისმგებელია საარჩევნო უბანში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის გამოფენისთვის, იმ ადგილის სათანადოდ მომზადებისთვის, სადაც იმართება კენჭისყრა და ბიულეტენების დათვლა; უზრუნველყოფს საარჩევნო უბანში წესრიგის დაცვას; თ) კენჭისყრის დღეს განიხილავს საარჩევნო პროცესთან და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას; ი) უზრუნველყოფს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას კენჭისყრის დღეს და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის; კ) აუქმებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეჩერების, ჩაკეტვის შემდეგ შენობის გახსნის, კენჭისყრის გაგრძელების შესახებ; ლ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ამდენად, საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა.

 

2.9. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ თავის მხრივ ადგენს კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის არსს, კერძოდ, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შემაჯამებელ ოქმს და ამ კანონით დადგენილი წესით დამოწმებულ მის ასლს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვს. მე-3 პუნქტის თანახმად, აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. ასეთი შემაჯამებელი ოქმის ბათილობის საკითხს განიხილავს ზემდგომი საარჩევნო კომისია. შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით. მე-4 პუნქტის თანახმად, თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“. საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შესწორების ოქმს. შესწორების ოქმს დაესმება საარჩევნო კომისიის ბეჭედი, გატარდება ჩანაწერთა წიგნში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელში შეტანილი მონაცემიც შესწორდა. მე-5 პუნქტის თანახმად, თითოეული სახის შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები) ინომრება ინდივიდუალური ნომრით, რომელიც არ შეიძლება მეორდებოდეს. მე-6 პუნქტის თანახმად, შემაჯამებელი ოქმები ზუსტად აღირიცხება. მათ დაბეჭდვას უზრუნველყოფს ცესკო. ოქმები იბეჭდება ცესკოს მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით. მათი დაბეჭდვის დაკვეთის შემსრულებელი პირადად აგებს პასუხს, რომ დაბეჭდილი და ცესკოსთვის გადაცემული ოქმების რაოდენობა ზუსტად შეესაბამებოდეს დაკვეთილი ოქმების რაოდენობას, რომ მასთან არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ოქმები. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ადგენს კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის წესს და განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რაც უნდა იქნეს შეტანილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, კერძოდ, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა მონაცემის დადგენისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი არსებული მონაცემების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. ოქმი დამოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. მე-7 პუნქტის თანახმად, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) საარჩევნო ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც აღნიშნულ ოქმს საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან ერთად გადასცემს ცესკოს. ამდენად, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, თავისი არსით, წარმოადგენს არჩევნების შედეგების ამსახველ ძირითად, ფუნდამენტურ და მნიშვნელოვან დოკუმენტს. შესაბამისად, იმისათვის, რომ მას გააჩნდეს იურიდიული ძალა (ლეგიტიმაცია) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ადგენს არაერთ დამცავ მექანიზმს - შემაჯამებელი ოქმები ზუსტად აღირიცხება, იბეჭდება ცესკოს მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით, ინომრება ინდივიდუალური ნომრით, რათა არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ოქმები. კანონმდებლობა ასევე სავალდებულოდ მიიჩნევს წევრების ხელმოწერას კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმზე და ადგენს, რომ ოქმი უნდა დამოწმდეს საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი №03 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №64/2018 განკარგულება №29 საუბნო საარჩევნო კომისიის ნაწილში და დაევალოს №03 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა №29 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც მოხდება ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა და მათი ბათილად მიჩნევის მართებულობის შესწავლა. მოსარჩელე აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საოლქო კომისიამ განიხილა №29 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახსნა- განმარტება, რომლითაც დადასტურდა, რომ 7 ბიულეტენი იყო სადავო და მათგან 5 ბიულეტენზე კომისიის ერთ-ერთ წევრს მიაჩნდა, რომ ხმა მიცემული იყო პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატისთვის, სიითი ნომრით 5, გრიგოლ ვაშაძისათვის. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კომისიამ ხმათა უმრავლესობით ბათილად მიიჩნია შვიდივე ბიულეტენი. მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ საოლქო საარჩევნო კომისია დაკმაყოფილდა მხოლოდ №29 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახსნა-განმარტებით და მიუხედავად იმისა, რომ ოქმზე ფიქსირდებოდა განსხვავებული აზრი, საოლქო კომისიამ არ გამოიკვლია საკითხი სათანადოდ, არ გახსნა ბათილი ბიულეტენების შეკვრა, არ შეისწავლა ბიულეტენთა ბათილად მიჩნევის მართებულობა და დაეყრდნო მხოლოდ უმრავლესობის მოსაზრებას. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საოლქო კომისიამ არ შეასრულა თავისი პირდაპირი ვალდებულება შეისწავლოს ქვემდგომი კომისიის გადაწყვეტილებათა შესაბამისობა კანონთან.

 

2.10. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები). თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულ პირთა შეცვლას (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას), არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას) და ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისიამ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე. ხოლო ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთანავე, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას. ასეთივე დანაწესი გათვალისწინებულია საარჩევნო კოდექსის 71-ე მუხლითაც, კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს. იმავე კანონის 69-ე მუხლი ითვალისწინებს საუბნო საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის წესს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის და მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები, ცალკე - ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა. მე-5 პუნქტის თანახმად კი, ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას. აღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს №45/2018 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციაზე“, რომლის თანახმად საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების დასრულების შემდეგ კომისია განიხილავს და კენჭისყრით წყვეტს საეჭვოდ მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობის საკითხს. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (არანაკლებ 4 ხმა). ხმების თანაბრობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. ნამდვილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენს კომისიის თავმჯდომარე დებს ნამდვილი ბიულეტენების დასტაში (საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმის მიხედვით), ხოლო ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენს − ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტაში. საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს, დაითვალონ: ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები; თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმები. მოცემულ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ №29 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა არის 56. ამასთან, ამავე შემაჯამებელ ოქმზე, კომისიის ერთ-ერთი წევრის - თ-------------ის მიერ გაკეთებულია შემდეგი შინაარსის ჩანაწერი: ,,ვთვლი, რომ 7 ბიულეტენი გაბათილდა, სადაც გარკვევით იყო გამოხატული ამომრჩევლის ნება, მათ შორის 5 ნაც. მოძრაობიდან’’. სადავოს არ წარმოადგენს ასევე ის ფაქტიც, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხი კენჭისყრით გადაწყვიტა საუბნო საარჩევნო კომისიამ და ხმათა უმრავლესობით შვიდივე ბიულეტენი ბათილად მიიჩნია, რისი სისწორეც გამყარებული იქნა 2018 წლის 04 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე ბათილი ბიულეტენების გამოკვლევის საფუძველზე. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან ოქმზე ფიქსირდებოდა განსხვავებული აზრი, ამიტომ საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებული იყო გაეხსნა ბათილი ბიულეტენების შეკვრა და ისე შეესწავლა ბიულეტენთა ბათილად მიჩნევის მართებულობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არსებობდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახსნა-განმარტება და ასევე კანონით დადგენილი წესით ჩატარებული კენჭისყრის შედეგები, რომლითაც ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება შვიდივე ბიულეტენის ბათილად მიჩნევის თაობაზე. ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, არ წარმოადგენს არჩევნების შედეგებზე არსებითი გავლენის მქონე ფაქტებს. სასამართლომ მიუთითა, რომ კანონმდებელმა საქართველოს საარჩევნო კოდექსის არა ნებისმიერი სახის დარღვევა, არამედ მისი უხეშად დარღვევა მიიჩნია იმის საფუძვლად, რომ გაბათილდეს ან ხელახლა გადაითვალოს კენჭისყრის შედეგები. კანონის უხეშად დარღვევის ლეგალურ განმარტებას საქართველოს საარჩევნო კოდექსი არ იძლევა, თუმცა სასამართლოს აზრით, ნორმის სისტემური განმარტებიდან გამომდინარე, კანონმდებელი ამ ტერმინში მოიაზრებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის ნორმათა ისეთ არსებით, მასშტაბურ და სისტემურ დარღვევას, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესზე, კენჭისყრის ან არჩევნების შედეგებზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გასაჩივრებულ ნაწილში) გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი პროცედურული ნორმების ისეთ არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც სადავო საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა №03 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №64/2018 განკარგულების (№29 საუბნო საარჩევნო კომისიის ნაწილში) ბათილად ცნობის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნა №03 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე №29 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის, ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლისა და მათი ბათილად მიჩნევის მართებულობის შესწავლის თაობაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასმართლომ 04.11.2018 გადაწყვეტილებაში უნდა დაედგინა და არასწორად არ დაადგინა, რომ 03 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისია დაკმაყოფილდა მხოლოდ 29-ე საუბნო კომისიის თავჯდომარის ახსნა-განმარტებით. მიუხედავად იმისა, რომ ოქმზე ფიქსირდება განსხვავებული აზრი, საოლქო კომისიამ არ გამოიკვლია საკითხი სათანადოდ, არ გახსნა ბათილი ბიულეტენების შეკვრა, არ შეისწავლა ბიულეტენთა ბათილად მიჩნევის მართებულობა და შესაბამისად დაეყრდნო მხოლოდ უმრავლესობის მოსაზრებას. ამდენად, საოლქო კომისიამ არ შეასრულა თავისი პირდაპირი ვალდებულება შეისწავლოს ქვემდგომი კომისიის გადაწყვეტილებათა შესაბამისობა კანონთან.

 

3.2. აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასმართლოს 04.11.2018 გადაწყვეტილებაში უნდა დაედგინა და არასწორად არ დაადგინა, რომ საბურთალოს 03 საოლქო საარჩევნო კომისიამ არასათანადოდ გამოიკვლია სადაო საკითხი. კერძოდ, მის მიერ არ მოხდა 29-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარისგან სადავო ბათილ ბიულეტენებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება, საოლქო კომისია საერთოდ არ გასაუბრებია 29-ე საუბნო კომისიის წევრს თ-------------ეს. საოლქო საარჩევნო კომისიას არ გაუხსნია ბათილი ბიულეტენების შეკვრა, რათა სათანადოდ გამოეკვლია სადაო საკითხი და შეემოწმებინა რამდენად დასაბუთებულია კომისიის წევრის განსხვავებული აზრი ბათილ ბიულეტენებთან დაკავშირებით.

 

3.3. აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით, ხოლო ამავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია და გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული და სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული და განმარტებული კანონი. ამასთან, საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, როდესაც მთელ საქართველოში ერთიანად ხდება ნამდვილი ბიულეტენების დაანგარიშება, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რამდენი ბიულეტენი (შესაბამისად რამდენად მართებულად) იქნა მიჩნეული ბათილად. იმდენად, რამდენადაც კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 69-ე მუხლი ითვალისწინებს საუბნო საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის წესს. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის ადგენს ბიულეტენთა ბათილად მიჩნევის საფუძვლებს, განსახილველი დავის ფარგლებში სადაო ბიულეტენთა ბათილად მიჩნების საფუძველი გახდა აღნიშნული ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზეზი, კერძოდ, დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა. იმავე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის და მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები, ცალკე – ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული.“ საეჭვოდ მიჩნეული ბიულეტენების შეფასების პროცედურა გათვალისწინებული 69-ე მუხლის მე-5 ნაწილით: „ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი - ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას.“ ამდენად, საეჭვო ბიულეტენთა ნამდვილობის საკითხი წყდება კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, შესაბამისად კომისიის იმ წევრს, რომელსაც აქვს სხვა წევრებისგან განსხვავებული აზრი, არ შეუძლია დაძლიოს სხვა წევრთა პოზიცია, თუნდაც მართებულ პოზიციის დაფიქსირებისას.

 

3.4. საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთანავე, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას. ასეთივე დანაწესი გათვალისწინებულია კოდექსის 71 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებში: 5. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი. 6. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს. აპელანტის მითითებით, განსხვავებული აზრის დაფიქსირება ოქმში არ წარმოადგენს მხოლოდ ფორმალურ დანაწესს. იგი აძლევს კომისიის შესაბამის წევრს შესაძლებლობას დააფიქსიროს საკუთარი განსხვავებული პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არ იქნა გაზიარებული კომისიის სხვა წევრთა მიერ და შესაბამისად არ აისახა საბოლოო შედეგში. განსახილველ შემთხვევაში, კომისიის წევრი თ-------------ე პირდაპირ აღნიშნავს, რომ არასწორად იქნა მიჩნეული ბათილად ბიულეტენები, რომლებშიც ფიქსირდებოდა ამომრჩევლის ნება. საარჩევნო კოდექსი ასეთ შემთხვევაში ითვალისწინებს საკითხის (ბიულეტენთა ბათილობა) უმრავლესობით გადაწყვეტას, რაც გამორიცხავს კომისიის ერთი წევრის შესაძლებლობას დაიცვას საკუთარი, თუნდაც მართებული პოზიცია. აღნიშნული განსხვავებული აზრით კომისიის წევრი აწვდიდა ინფორმაციას ზემდგომ კომისიას, რომ მის მიერ ხელახლა, სათანადოდ მომხდარიყო ბათილი ბიულეტენების შეფასება. ამდენად ასეთი განსხვავებული აზრის შეუსაბამოდ დიდი რაოდენობის ბათილი ბიულეტენების არსებობის შემთხვევაში კომისიის მიერ დაკმაყოფილება მხოლოდ საუბნო კომისიის თავჯდომარის ახსნა-განმარტებით არ წარმოადგენს საჩივრის სათანადო გამოკვლევას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი არეგულირებს ადმინისტრაციული წარმოების დროს საქმის გარემოებების გამოკვლევის საკითხს და პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მეორე ნაწილის დანაწესის მიხედვით კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. აპელანტის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი - №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 1 ნოემბრის №64/2018 განკარგულება გამოცემულია ყოველგვარი გამოკვლვის გარეშე, საოლქო კომისია დაეყრდნო მხოლოს №29 საუბნო კომისიის თავჯდომარის ახსნა-განმარტებას, რომლებშიც არაფერია ნათქვამი სადაო ბიულეტენების თაობაზე (რა გახდა მათი ბათილობის საფუძველი). საოლქო კომისია არ გასაუბრებია საუბნო კომისიის იმ წევრს, რომელმაც ოქმში მიუთითა განსხვავებული აზრი და არც სხვა რომელიმე პირს, ვინც იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე. მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ გამოიკვლია თავად სადაო ბიულეტენები და არ გახსნა მათი შეკვრა, აღნიშნული წარმოადგენდა ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 4 ნოემბრის სხდომაზე გაიხიარა მოსარჩელის პოზიცია, მიიჩნია რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არ იყო საკითხი სათანადოდ გამოკვლეული და შესაბამისად გახსნა ბათილი ბიულეტენების შეკვრა (მოხდა მათი ბათილობის საფუძვლების შესწავლას სასამართლოს მიერ). ამასთან, აპელანტის განმარტებით, ვინაიდან სასამართლომ საკუთარი მოქმედებით, ბათილი ბიულეტენების გახსნით დაადასტურა, რომ საბურთალოს №03 საოლქო კომისიის მიერ არ იყო საკითხი სათანადოდ გამოკვლეული, გაუგებარია, რატომ არ იქნა სარჩელი დაკმაყოფილებული. მით უფრო გაუგებარია სასამართლოს პოზიცია სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

3.5. აპელანტის განმარტებით, რაც შეეხება ინვიდიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს, სზაკ-ის 60(1) მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევას წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამდენად, აპელანტს მიაჩინია, რომ არსებობს გადაწყვეტილებების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 01 აგვისტოს №01/08/02 განკარგულების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 95-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები დაინიშნა 2018 წლის 28 ოქტომბერს.

 

4.3. 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე №3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის №29 საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1338, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 8. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობამ ყველა სახის ამომრჩეველთა სიაში 12:00 საათისათვის შეადგინა 166, ხოლო 17:00 საათისათვის - 576. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) შეადგინა - 724. მიღებული საარჩევნო ბიულეტენის რაოდენობაა 1250. ამომრჩეველთა ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად: მიხეილ ანთაძე - 0, დავით ბაქრაძე - 32, ვახტანგ გაბუნია - 0, გრიგოლ ვაშაძე - 154 ხმა, შალვა ნათელაშვილი - 18 ხმა, ზვიად მეხატიშვილი - 0 ხმა, გიორგი ლილუაშვილი - 0 ხმა, აკაკი ასათიანი - 0 ხმა, კახა კუკავა - 15 ხმა, ოთარ მეუნარგია - 0 ხმა, ირაკლი გორგაძე - 1 ხმა, დავით უსუფაშვილი - ნ73 ხმა, ზვიადი ბაღდავაძე - 0 ხმა, მიხეილ სალუაშვილი - 1 ხმა, ზვიად იაშვილი - 0 ხმა, თამარი ცხორაგაული - 2 ხმა, გელა ხუციშვილი - 1 ხმა, ზურაბ ჯაფარიძე - 58 ხმა, ლევანი ჩხეიძე - 0 ხმა, სალომე ზურაბიშვილი - 296 ხმა, ბესარიონ თედიაშვილი - 1 ხმა, გიორგი ანდრიაძე - 12 ხმა, კახაბერ ჭიჭინაძე - 2 ხმა, ვლადიმერ ნონიკაშვილი - 1 ხმა, თეიმურაზ შაშიაშვილი - 1 ხმა. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა - 56.

 

4.4. 2018 წლის 30 ოქტომბერს ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა მ-----–--------მ საჩივრით მიმართა №03 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა №03 საბურთალოს საარჩევნო ოლქის №29 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა, ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა და მათი ბათილად მიჩნევის მართებულობის შესწავლა და კომისიის წევრებისთვის შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ №03 საბურთალოს საარჩევნო ოლქის №29 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში ფიქსირდება ბათილი ბიულეტენების დიდი რაოდენობა, კერძოდ 56 ბიულეტენი მიჩნეულ იქნა ბათილად. მისივე განმარტებით, ამავე ოქმში ფიქსირდება კომისიის ერთ-ერთი წევრის თ-------------ის განსხვავებული აზრი. კომისიის წევრი უთითებს, რომ ბათილად იქნა მიჩნეული ისეთი ბიულეტენები, რომლებშიც ფიქსირდება ამომრჩევლის ნება.

 

4.5. №03 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №64/2018 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (წარმომადგენელი - მ-----–--------) საჩივარი უსაფუძვლობის გამო. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ როგორც №29 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, 2018 წლის 28 ოქტომბერს ბიულეტენების დათვლისას, უბანზე აღმოჩნდა 56 ბათილი ბიულეტენი. აქედან 7 ბიულეტენთან დაკავშირებით, მთვლელთაგან თ-------------ის მოსაზრებით 5 ბიულეტენი იყო №5 კანდიდატის სასარგებლოდ. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ კომისიამ ხმათა უმრავლესობით ეს 7 ბიულეტენი ბათილად მიიჩნია.

 

4.6. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 01 ნოემბრის №29 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მადონა მიქიაშვილის ახსნა-განმარტების თანახმად, „ბიულეტენების დათვლისას უბანზე აღმოჩნდა 56 ბათილი ბიულეტენი, აქედან 7 ბიულეტენთან დაკავშირებით, რომელთაგან 5 ბიულეტენი იყო ვაშაძის „სასარგებლოდ“, ნაციონალური მოძრაობის კომისიის წევრს თ-------------ეს ჰქონდა პრეტენზია. კომისიამ ხმათა უმრავლესობით შვიდივე ბიულეტენი ბათილად მიიჩნია“.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.7. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.8. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.

 

4.11. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის, ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და მოახდინოს თავის დარღვეული უფლებისა თუ კანონით გარანტირებული უფლების დაცვა. კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია ასახავს დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ღირებულებებს. კონვენციაში გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები გარანტირებული და დაცულია ,,ეფექტური პოლიტიკური დემოკრატიის“ განხორციელებით (კონვენციის პრეამბულა). აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, არჩევითი დემოკრატიული და წარმომადგენლობითი საკანონმდებლო ორგანოების ადეკვატური და სამართლიანი მექანიზმის ფუნქციონირება იძენს უაღრესად დიდ მნიშვნელობას. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია ასახავს დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ღირებულებებს. 1-ლი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი ითვალისწინებს თავისუფალი არჩევნების უფლებას, კერძოდ: ,,მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას გონივრული ხანგამოშვებით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას’’. არჩევნებში მონაწილეობის უფლება იმავდროულად წარმოადგენს დემოკრატიის ერთ-ერთ ძირითად საყრდენს, თავისუფალ არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის უფლება არის ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს სუვერენიტეტის გარანტი და ეს მეტად მნიშვნელოვანი უფლება, მონაპოვარი ადამიანისა დაცული და გარანტირებული იყოს.

 

4.12. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს - მერის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო. საოლქო საარჩევნო კომისიას ქმნის ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები. საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ფინანსების ხარჯვისათვის პასუხისმგებელი არიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს არჩევნებისათვის გამოყოფილი ფინანსების ნებისმიერ კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გახსნილი ანგარიშიდან ხარჯვის უფლება. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 26-ე მუხლით განსაზღვრულია ის უფლებამოსილებანი, რასაც ახორციელებს საუბნო საარჩევნო კომისია, კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისია: ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას; ბ) ამოწმებს ამომრჩეველთა სიების სისწორეს, განიხილავს სიებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს და შეცდომებისა თუ უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში არა უგვიანეს მომდევნო დღისა მიმართავს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას სიებში ცვლილების შეტანის წინადადებით; გ) ამომრჩეველთა განცხადებებისა და განაცხადების საფუძველზე ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას; დ) ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში, რის თაობაზედაც დგება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი; დ1) საჭიროების შემთხვევაში, არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა ადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორები ოქმს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობისას; ე) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი; ვ) ამომრჩევლებს ურიგებს ამომრჩევლის ბარათებს; ზ) პასუხისმგებელია საარჩევნო უბანში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის გამოფენისთვის, იმ ადგილის სათანადოდ მომზადებისთვის, სადაც იმართება კენჭისყრა და ბიულეტენების დათვლა; უზრუნველყოფს საარჩევნო უბანში წესრიგის დაცვას; თ) კენჭისყრის დღეს განიხილავს საარჩევნო პროცესთან და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას; ი) უზრუნველყოფს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას კენჭისყრის დღეს და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის; კ) აუქმებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეჩერების, ჩაკეტვის შემდეგ შენობის გახსნის, კენჭისყრის გაგრძელების შესახებ; ლ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ამდენად, საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა.

 

4.13. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ თავის მხრივ ადგენს კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის არსს, კერძოდ, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შემაჯამებელ ოქმს და ამ კანონით დადგენილი წესით დამოწმებულ მის ასლს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვს. მე-3 პუნქტის თანახმად, აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. ასეთი შემაჯამებელი ოქმის ბათილობის საკითხს განიხილავს ზემდგომი საარჩევნო კომისია. შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით. მე-4 პუნქტის თანახმად, თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“. საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შესწორების ოქმს. შესწორების ოქმს დაესმება საარჩევნო კომისიის ბეჭედი, გატარდება ჩანაწერთა წიგნში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელში შეტანილი მონაცემიც შესწორდა. მე-5 პუნქტის თანახმად, თითოეული სახის შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები) ინომრება ინდივიდუალური ნომრით, რომელიც არ შეიძლება მეორდებოდეს. მე-6 პუნქტის თანახმად, შემაჯამებელი ოქმები ზუსტად აღირიცხება. მათ დაბეჭდვას უზრუნველყოფს ცესკო. ოქმები იბეჭდება ცესკოს მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით. მათი დაბეჭდვის დაკვეთის შემსრულებელი პირადად აგებს პასუხს, რომ დაბეჭდილი და ცესკოსთვის გადაცემული ოქმების რაოდენობა ზუსტად შეესაბამებოდეს დაკვეთილი ოქმების რაოდენობას, რომ მასთან არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ოქმები. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ადგენს კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის წესს და განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რაც უნდა იქნეს შეტანილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, კერძოდ, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა მონაცემის დადგენისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი არსებული მონაცემების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. ოქმი დამოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. მე-7 პუნქტის თანახმად, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) საარჩევნო ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც აღნიშნულ ოქმს საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან ერთად გადასცემს ცესკოს. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, თავისი არსით, წარმოადგენს არჩევნების შედეგების ამსახველ ძირითად, ფუნდამენტურ და მნიშვნელოვან დოკუმენტს. შესაბამისად, იმისათვის, რომ მას გააჩნდეს იურიდიული ძალა (ლეგიტიმაცია) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ადგენს არაერთ დამცავ მექანიზმს - შემაჯამებელი ოქმები ზუსტად აღირიცხება, იბეჭდება ცესკოს მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით, ინომრება ინდივიდუალური ნომრით, რათა არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ოქმები. კანონმდებლობა ასევე სავალდებულოდ მიიჩნევს წევრების ხელმოწერას კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმზე და ადგენს, რომ ოქმი უნდა დამოწმდეს საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი №03 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №64/2018 განკარგულება №29 საუბნო საარჩევნო კომისიის ნაწილში და დაევალოს №03 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა №29 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც მოხდება ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა და მათი ბათილად მიჩნევის მართებულობის შესწავლა. მოსარჩელე აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საოლქო კომისიამ განიხილა №29 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახსნა- განმარტება, რომლითაც დადასტურდა, რომ 7 ბიულეტენი იყო სადავო და მათგან 5 ბიულეტენზე კომისიის ერთ-ერთ წევრს მიაჩნდა, რომ ხმა მიცემული იყო პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატისთვის, სიითი ნომრით 5, გრიგოლ ვაშაძისათვის. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კომისიამ ხმათა უმრავლესობით ბათილად მიიჩნია შვიდივე ბიულეტენი. მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ საოლქო საარჩევნო კომისია დაკმაყოფილდა მხოლოდ №29 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახსნა-განმარტებით და მიუხედავად იმისა, რომ ოქმზე ფიქსირდებოდა განსხვავებული აზრი, საოლქო კომისიამ არ გამოიკვლია საკითხი სათანადოდ, არ გახსნა ბათილი ბიულეტენების შეკვრა, არ შეისწავლა ბიულეტენთა ბათილად მიჩნევის მართებულობა და დაეყრდნო მხოლოდ უმრავლესობის მოსაზრებას. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საოლქო კომისიამ არ შეასრულა თავისი პირდაპირი ვალდებულება შეისწავლოს ქვემდგომი კომისიის გადაწყვეტილებათა შესაბამისობა კანონთან.

 

4.14. საქალაქო სასამართლომ ამ შემთხვევაშიც მართებულად მიუთითა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები). თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულ პირთა შეცვლას (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას), არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას) და ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისიამ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე. ხოლო ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთანავე, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას. ასეთივე დანაწესი გათვალისწინებულია საარჩევნო კოდექსის 71-ე მუხლითაც, კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს. იმავე კანონის 69-ე მუხლი ითვალისწინებს საუბნო საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის წესს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის და მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები, ცალკე - ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა. მე-5 პუნქტის თანახმად კი, ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას. აღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს №45/2018 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციაზე“, რომლის თანახმად საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების დასრულების შემდეგ კომისია განიხილავს და კენჭისყრით წყვეტს საეჭვოდ მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობის საკითხს. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (არანაკლებ 4 ხმა). ხმების თანაბრობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. ნამდვილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენს კომისიის თავმჯდომარე დებს ნამდვილი ბიულეტენების დასტაში (საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმის მიხედვით), ხოლო ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენს − ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტაში. საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს, დაითვალონ: ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები; თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმები. მოცემულ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ №29 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა არის 56. ამასთან, ამავე შემაჯამებელ ოქმზე, კომისიის ერთ-ერთი წევრის - თ-------------ის მიერ გაკეთებულია შემდეგი შინაარსის ჩანაწერი: ,,ვთვლი, რომ 7 ბიულეტენი გაბათილდა, სადაც გარკვევით იყო გამოხატული ამომრჩევლის ნება, მათ შორის 5 ნაც. მოძრაობიდან’’. სადავოს არ წარმოადგენს ასევე ის ფაქტიც, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხი კენჭისყრით გადაწყვიტა საუბნო საარჩევნო კომისიამ და ხმათა უმრავლესობით შვიდივე ბიულეტენი ბათილად მიიჩნია, რისი სისწორეც გამყარებული იქნა 2018 წლის 04 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე ბათილი ბიულეტენების გამოკვლევის საფუძველზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან ოქმზე ფიქსირდებოდა განსხვავებული აზრი, ამიტომ საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებული იყო გაეხსნა ბათილი ბიულეტენების შეკვრა და ისე შეესწავლა ბიულეტენთა ბათილად მიჩნევის მართებულობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არსებობდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახსნა-განმარტება და ასევე კანონით დადგენილი წესით ჩატარებული კენჭისყრის შედეგები, რომლითაც ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება შვიდივე ბიულეტენის ბათილად მიჩნევის თაობაზე. ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი არ წარმოადგენს არჩევნების შედეგებზე არსებითი გავლენის მქონე ფაქტებს. საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ კანონმდებელმა საქართველოს საარჩევნო კოდექსის არა ნებისმიერი სახის დარღვევა, არამედ მხოლოდ მისი უხეშად დარღვევა მიიჩნია იმის საფუძვლად, რომ გაბათილდეს ან ხელახლა გადაითვალოს კენჭისყრის შედეგები. კანონის უხეშად დარღვევის ლეგალურ განმარტებას საქართველოს საარჩევნო კოდექსი არ იძლევა, თუმცა სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ნორმის სისტემური განმარტებიდან გამომდინარე, კანონმდებელი ამ ტერმინში მოიაზრებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის ნორმათა ისეთ არსებით, მასშტაბურ და სისტემურ დარღვევას, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესზე, კენჭისყრის ან არჩევნების შედეგებზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ, როგორც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, იგი თვითონაც ესწრებოდა საქალაქო სასამართლოში ბათილად ცნობილი ბიულეტენების გადათვლის და შემოწმების პროცესს, რა დროსაც არ აღმოჩნდა არცერთი ისეთი ბიულეტენი, რომლის ბათილად ცნობაც უკანონოდ მოახდინა საუბნო საარჩევნო კომისიამ. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა აპელანტის მოთხოვნა საარჩევნო კომისიამ ხელახლა გადაითვალოს ბათილი ბიულეტენები, ვინაიდან ასეთი ბიულეტენები თავად შეამოწმა საქალაქო სასამართლომ მხარეთა თანდასწრებით და აპელანტიც არ უარყოფს, რომ ასეთი შემოწმების დროს ბათილ ბიულეტენებში არ აღმოჩნდა არცერთი ისეთი ბიულეტენი, რომელიც შეიძლება ცალსახად მიჩნეული ყოფილიყო ნამდვილ ბიულეტენად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 77-ე და 78-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება

 

თავმჯდომარე მერაბ ლომიძე

 

მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი

 

მირანდა ერემაძე