განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002622032
საქმე №1ბ/1366-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ--–-----–-------------–---–ის მიმართ - დაბადებულის 1------–-–------------------–ს, პ/ნ 3----------, ნასამართლობის არ მქონის, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის: მცხეთა სოფელი წილკანში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.------–-------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით შ--–----------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი) წელი;
შ--–----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვლა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 29 ივლისიდან - 2018 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით;
შ--–----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 28 ივლისის, საღამოს საათებში და ამავე წლის 29 ივლისის დილის საათებში, თ---–--–--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შ--–----------–---–მა ფიზიკური ძალადობა განახორციელა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ლ---------–-----–---–ის მიმართ, კერძოდ, ფეხები დაარტყა წვივებისა და ტანის ქვედა მიდამოებში, ასევე მუშტები - მარჯვენა მხრის, კისრისა და მუცლის არეში, რითაც ლ--------–-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------ემ რომელმაც მოითხოვა ცვლილების შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენში და მსჯავრდებულ შ--–----------–---–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი კატეგორიის ძალადობრივი დანაშაული, დაზარალებული მისი ოჯახის წევრია და სასამართლო მაქსიმალურად უნდა ეცოდოს დამნაშავის დაზარალებულისგან დისტანცირებას. მსჯავრდებულის თავისუფლებაში დატოვება ქმნის მომეტებულ საფრთხეს, რომ მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მისთვის და მსჯავრდებულმა კვლავ განახორციელოს ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა შ--–----------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. შ--–----------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, მოქ. ლ--------–-----–---–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე - ზემო მესამედში აღენიშნებოდა დაზიანება-სისხლნაჟღენთის სახით, აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს 2018 წლის 28-29 ივლისს, დაზარალებულ ლ--------–-----–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმე ბ--------–-----–---–ის გამოკითხვის ოქმებითა და ბრალდებულ შ--–----------–---–ის დაკავების ოქმით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ შ--–----------–---–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე, შ--–----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს სასამართლოს წინაშე კანონით განსაზღვრული შეღავათების გამოყენებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის მასალებით არ არის დადგენილი და ისე განუსაზღვრა მას, სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ შ--–----------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის დამძიმების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
შ--–----------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი;
შ--–----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვლოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 29 ივლისიდან - 2018 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი;
შ--–----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები: ერთი ცალი ლაზერული დსიკი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი