განაჩენი

სისხლის სამართლის 13.11.2018
საქმის ნომერი
010141318700068599
ინსტანცია
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700068599

საქმე №1აგ/582-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე

მოსამართლეები: მაია თეთრაული

ნათია ბარბაქაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ--------–-----ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ივნისის განაჩენით:

 

ჯ--------–-----ე (დაბადებული 07.09.1987წელს. პირადი ნომერი 0----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ჯ--------–-----ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

2018 წლის 29 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ჯ--------–-----ემ და მოითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №1/13/732) საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ივნისის განაჩენის გადასინჯვა და ნასამართლობის მოხსნა.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ჯ--------–-----ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ,,მარიხუანის“ განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებულ ჯ--------–-----ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ივნისის განაჩენით მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, რაც გათვალისწინებული იყო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით აღსრულებული არ არის (იხ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 7 ნოემბრის #77720 მომართვა) და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები. ამდენად კანონი, რომლის საფუძველზეც ჯ--------–-----ეს დაედო მსჯავრი, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, რის გამოც სახეზეა ჯ--------–-----ის სასჯელისგან და სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძველი.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მასში მითითებული უფლებების ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს გამამტყუნებელი განაჩენი. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ჯ--------–-----ის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღარაა დასჯადი, მისი სისხლისსმართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებასთან ერთად სახეზეა მისთვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საფუძველიც.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ჯ--------–-----ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს. ჯ--------–-----ე უნდა განთავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელისგან და სისხლისსმართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ასევე უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ჯ--------–-----ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

ჯ--------–-----ე განთავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, 1000 (ათასი) ლარის ოდენობით დანიშნული სასჯელისგან და აღუდგეს ამავე განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყონებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: მ. თეთრაული

 

ნ. ბარბაქაძე